სისხლის მიმოქცევა
.
-
სისხლძარღვები
ადამიანის სისხლის მიმოქცევა სამი სახის სისხლძარღვთა: არტერიების, ვენებისა და კაპილარების - საშუალებით ხორციელდება.
- არტერიებს სისხლი გულიდან გამოაქვთ;
- ვენების მეშვეობით სისხლი კვლავ გულს უბრუნდება;
- უწვრილესი სისხლძარღვების - კაპილარების წყალობით საკვები ნივთიერებები და ჟანგბადი თითოეულ უჯრედამდე აღწევს.
-
- არტერიები
არტერიის კედელი სამი: შიგნითა, შუა და გარეთა - გარსისგან შედგება.
- შიგნითა გარსი ენდოთელიუმი და ელასტიკური მემბრანაა;
- შუა - სპირალურად დახვეული გლუვი კუნთოვანი უჯრედები, რომელთა შორისაც ელასტიკური და კოლაგენური ბოჭკოებია მოთავსებული;
- გარეთა გარსი კი ფაშარი შემაერთებელი ქსოვილია.
რაც უფრო მეტად სცილდება არტერია გულს, მით უფრო მცირდება მისი სანათური. სწორედ ელასტიკური და კუნთოვანი ქსოვილი სძენს სისხლძარღვთა სანათურს ორგანიზმის მოთხოვნათა შესაბამისად შევიწროება-გაფართოების უნარს.
-
- ვენები
ვენების კედლები, ისევე, როგორც არტერიისა, სამგარსიანია, მაგრამ იმავე კალიბრის არტერიებთან შედარებით ოდნავ თხელია. ამავე დროს მათი კუნთოვანი და შიგნითა ელასტიკური გარსი, არტერიებისგან განსხვავებით, სუსტად არის განვითარებული. გარეთა გარსი საერთოდ არ შეიცავს ელასტიკურ ბოჭკოებს, რის გამოც გადაჭრილი ვენის სანათური ყოველთვის დაჩუტულია. ვენების უმრავლესობა აღჭურვილია სარქვლებით, რომლებიც წინააღმდეგობას უწევს სისხლის ნაკადის უკუდენას.
-
- კაპილარები
კაპილარების კედელი თხელია და მხოლოდ ორი ფენისგან შედგება, თუმცა, მიკროსკოპული ზომის მიუხედავად, მათ არტერიებზე არანაკლები შევიწროება-გაფართოების უნარი აქვთ.
-
სისხლძარღვთა ჯგუფები
შენებისა და ფუნქციური დანიშნულების მიხედვით ორგანიზმის ყველა სისხლძარღვი სამ ჯგუფად შეიძლება დაიყოს:
- გულიდან გამომტანი და მიმტანი - აორტა, ფილტვის არტერია, ღრუ და ფილტვის ვენები.
- მაგისტრალური - მათი საშუალებით სისხლი მთელ ორგანიზმში ნაწილდება. ასეთებია მსხვილი და საშუალო კუნთოვანი ტიპის ექსტრაორგანული (ორგანოს გარეთა) არტერიები და ვენები.
- ორგანოთა სისხლძარღვები, რომლებიც სისხლსა და ქსოვილებს შორის ნივთიერებათა ცვლას უზრუნველყოფენ. ეს ინტრაორგანული (ორგანოთა შიდა) არტერიები, ვენები და კაპილარებია.
-
სხეულის მთავარი არტერიები
სხეულის ყოველი ნაწილი მარაგდება ერთი მსხვილი არტერიული ღეროთი, რომელიც შემდგომ იტოტება და უწვრილეს კაპილარებად იქცევა. მაგალითად,
- ტანს აორტა ამარაგებს,
- თავსა და კისერს - საერთო საძილე არტერია,
- ზედა კიდურებს - ლავიწქვეშა არტერია,
- ქვედა კიდურებს - თეძოს გარეთა არტერია, რომელიც შემდგომ ბარძაყის არტერიაში გადადის.
გულმკერდისა და მუცლის ღრუში არტერიები წვრილ ტოტებად იყოფა.
ყოველ ორგანოში მისი თანამოსახელე არტერიით შედის და უმეტესად ასევე თანამოსახელე ვენის საშუალებით გამოდის სისხლი, რომელიც ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით გასამდიდრებლად ისევ უკან - გულში ბრუნდება.
არტერიების განლაგება მეტად კანონზომიერია:
გულისა და კისრის მიდამოში ისინი ხერხემლის წინა კედელზე მდებარეობენ;
ზურგსა და კეფაზე მსხვილი სისხლძარღვები არ არის;
კიდურებზე ისინი განლაგებულნი არიან მომხრელ ზედაპირებთან - დაცულ ადგილებში;
ზოგიერთ უბანში არტერიები მოთავსებულია ზედაპირულად და მათ მხოლოდ კანი, კანქვეშა ქსოვილები და ფასციები ფარავს. ასეთ ადგილებში შესაძლებელია არტერიების მიჭერა ძვალთან, პულსის შეგრძნება და აგრეთვე სისხლის შეჩერების მიზნით მათზე რაიმე საგნის ან ხელის დაჭერა.
-
სისხლის წნევა
სისხლის წნევა სისხლძარღვთა კედელზე ზეწოლის შედეგად წარმოიქმნება. არტერიებიდან კაპილარებსა და ვენებში სისხლის გადასვლისას იგი თანდათან მცირდება, რადგან გულის მიერ შექმნილი წნევის ძალა გზადაგზა არსებულ წინააღმდეგობათა გადასალახავად იხარჯება.
არტერიულ წნევას ორი ფაქტორი განსაზღვრავს: არტერიებში გადასული სისხლის მოცულობა (წუთმოცულობა) და სისხლძარღვთა წინააღმდეგობა. წუთმოცულობა სისხლის ის რაოდენობაა, რომელსაც გული ერთი წუთის განმავლობაში გადაისვრის სისხლძარღვებში. მისი გაზრდისას არტერიული წნევა იმატებს, ხოლო შემცირებისას ეცემა.
სხეულის სხვადასხვა ნაწილში წნევა სხვადასხვაა. იგი ყველაზე მაღალია აორტაში - 130-150 მმ ვწყ სვ. სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში სისხლის დინების საერთო წინააღმდეგობა 5-6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე დიდში, შესაბამისად, ფილტვის არტერიაში წნევა 5-6-ჯერ ნაკლებია, ვიდრე აორტაში - 20-30 მმ. მსხვილ და საშუალო არტერიებში წნევა 10%-ით, ხოლო არტერიოლებსა და კაპილარებში 85%-ით იკლებს. არტერიულ წნევას ორი - სისტოლური (ზედა) და დიასტოლური (ქვედა) - მაჩვენებელი აქვს. სისტოლურს უწოდებენ გულის მარცხენა პარკუჭიდან სისხლის გადასროლის მომენტში შექმნილ წნევას, დიასტოლური კი უპირატესად პერიფერიული სისხლძარღვების წინააღმდეგობით არის განპირობებული. არტერიული წნევა ოპტიმალურია, როდესაც ზედა მაჩვენებელი 100-120მმ, ხოლო ქვედა - 70-80 მმ-ია.
-
დიდი და მცირე წრეები
მიმოქცევისას სისხლი საკმაოდ რთულ გზას გადის. მთავარი სატრანსპორტო ფუნქციის განხორციელებისას იგი სისხლის მიმოქცევის ორ ჩაკეტილ - დიდსა და მცირე - წრეში გაივლის, სადაც იგი ჰემოდინამიკის კანონების თანახმად მოძრაობს. მას ორი ძალა განსაზღვრავს:
- წნევა, რომლითაც მოძრაობს სითხე მაღალი არიდან დაბალისკენ - ხელს უწყობს სისხლის მოძრაობას,
- წინააღმდეგობა, რომელსაც სისხლს სისხლძარღვთა კედლებთან ხახუნი და საკუთარი სიბლანტე უქმნის - ეწინააღმდეგება სისხლის მოძრაობას.
სისხლის მოძრაობას სისხლძარღვებში უშუალოდ განსაზღვრავს გულის მუშაობა. პარკუჭების შეკუმშვის დროს სისხლი წნევით გამოედინება გულიდან აორტასა და ფილტვის არტერიაში. სისხლის შემდგომი მოძრაობა და გულში დაბრუნება განპირობებულია იმით, რომ სისხლის წნევა მსხვილ არტერიებში ჭარბობს წვრილ არტერიებსა და კაპილარებში არსებულ წნევას და ამგვარად სისხლის მოძრაობის მიმართულებით იქმნება წნევათა სხვაობა, რომელიც განაპირობებს სისხლის მოძრაობას - იგი მაღალი წნევის არიდან დაბალი წნევის არისკენ გადაადგილდება.
-
- სისხლის მიმოქცევის დიდი წრე
სისხლის მიმოქცევის დიდი წრე იწყება გულის მარცხენა პარკუჭიდან, მოიცავს აორტას, მისგან გამოსულ არტერიებს, არტერიოლებს, კაპილარებსა და მთელი სხეულის ვენებს. მთავრდება ღრუ ვენებით, რომლებიც მარჯვენა წინაგულში ჩაედინება.
-
- სისხლის მიმოქცევის მცირე წრე
მცირე წრე იწყება მარჯვენა პარკუჭიდან, მოიცავს ფილტვის არტერიებს მისი ტოტებითურთ, ფილტვის არტერიოლებს, კაპილარებს, ვენებს და მთავრდება ფილტვის ვენებით მარცხენა წინაგულში.
დიდი წრის დამატებაა სისხლის მიმოქცევის მესამე წრე - გულის წრე, რომელიც ემსახურება თვით გულს. იგი იწყება აორტიდან გამომავალი გვირგვინოვანი არტერიებით და მთავრდება გულის ვენებით, რომლებიც მარჯვენა წინაგულს ერთვიან.
-
როგორ იცვლება სისხლძარღვის სანათური
სისხლძარღვის სანათურის ცვლილებას დიდი ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს, ზოგჯერ სასიცოცხლოც კი. ყოველივე ეს დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის - გულის მუშაობაზე, სისხლძარღვთა ტონუსზე, მოცირკულირე სისხლის რაოდენობასა და მის სიბლანტეზე.
სისხლის წნევა ცვლადი ფიზიოლოგიური მაჩვენებელია, რომელიც მკვეთრად იმატებს გულის მუშაობის გაძლიერების ხარჯზე, ფიზიკური დატვირთვისას, ემოციის დროს თუ სტრესულ სიტუაციაში, რაც მეტად საზიანოა, ამიტომ ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას, მის მუდმივობას და სხეულის მოთხოვნისამებრ ცვლას მეტად რთული აპარატი არეგულირებს. ეს ყოველივე სისხლის მიმოქცევის ორი ტიპის: ნერვული (რეფლექსური) და ჰუმორული (სისხლისმიერი) მექანიზმებით ხორციელდება.
-
ნერვული რეგულაცია
ნერვულ რეგულაციას ახორციელებს შემდეგი სტრუქტურები:
- აფერენტული (ცენტრისკენა);
- ცენტრალური (თავის ტვინი);
- ეფერენტული (ცენტრიდანული).
აფერენტულ სტრუქტურას თვით სისხლძარღვთა კედლებში განლაგებული ბარო- და ქემორეცეპტორები ქმნის. ბარორეცეპტორები სისხლძარღვთა კედელზე სისხლის წნევის ცვლილებისას ღიზიანდება, ქემორეცეპტორები კი სისხლის შემადგენლობის ცვლილებაზე რეაგირებს - სისხლში ნახშირორჟანგის, ნიკოტინისა და სხვა მავნე ნივთიერებათა კონცენტრაციის ზრდისას აღიგზნება. ბარო- და ქემორეცეპტორები ყველა ორგანოს სისხლძარღვებშია.
განსაკუთრებული ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს აორტის რკალში და საძილე არტერიის განტოტვის ადგილას თავმოყრილ ბარორეცეპტორებს. ისინი სისხლის წნევის უმნიშვნელო ცვლილებასაც კი აღნუსხავენ და ამით სისხლის მიმოქცევის რეგულაციაში ფასდაუდებელი წვლილი შეაქვთ.
ცენტრალური სტრუქტურა: ქემო- და ბარორეცეპტორების მიერ აღქმული გაღიზიანება სისხლძარღვთა ნერვების მეშვეობით ცენტრალურ ნერვულ სისტემას, მოგრძო ტვინში არსებულ სისხლის მიმოქცევის მარეგულირებელ ცენტრებს მიეწოდება.
ეფერენტული სტრუქტურა: უმაღლეს ნერვულ ინსტანციაში მიღებული გადაწყვეტილება სისხლძარღვებს ორი სახის: გამაფართოებელი და შემავიწროებელი - ნერვების საშუალებით მიეწოდება, რომლებიც შესაბამისად ვიწროვდება და ფართოვდება.
-
ჰუმორული (სისხლისმიერი) რეგულაცია
ქემო- და ბარორეცეპტორების გარდა სისხლძარღვთა კედლები კიდევ ორი სახის: ალფა და ბეტა რეცეპტორებით არის აღჭურვილი. ისინი თავად სისხლში მოცირკულირე ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებზე, ჰორმონებზე, ნივთიერებათა ცვლის პროდუქტებზე რეაგირებენ და ასევე ცვლიან სისხლძარღვთა სანათურს. ალფა და ბეტა რეცეპტორების გაღიზიანების შემდეგ სისხლძარღვთა რეაგირების მიხედვით განირჩევა გამაფართოებელი და შემავიწროებელი მედიატორი ნაერთები.
სისხლძარღვთა შემავიწროებელი ნივთიერებებია:
- ადრენალინი,
- ნორადრენალინი,
- ვაზოპრესინი,
- სეროტონინი,
- ანგიოტენზინ II,
- რენინი.
სისხლძარღვთა გამაფართოებელი ნივთიერებებია:
- აცეტილქოლინი,
- ჰისტამინი,
- კინინები,
- მეტაბოლიზმის ზოგიერთი პროდუქტი.