რა აღელვებთ ქალებს ორსულობისას

ამ შეგრძნებათა ინტენსივობა გარკვეულწილად იმაზეა დამოკიდებული, როგორ აღიქვამს ქალი ორსულობას - როგორც ბედნიერებას თუ როგორც შემაწუხებელ მოვლენას.გულისრევა და ღებინებაგულისრევა და ღებინება ორსულობის მეექვსე-მერვე კვირას იწყება და საშუალოდ მეთოთხმეტე-მეთექვსმეტე კვირამდე გასტანს. ზოგს გულისრევა მხოლოდ დილაობით აწუხებს, ზოგს კი მთელი დღე. ამ სიმპტომს ჰორმონული ფონის ცვლილებას უკავშირებენ. გულისრევის შესამსუბუქებლად იკვებეთ მცირე ულუფებით. ერიდეთ ნოყიერ და ტკბილ საკვებს. ხშირი ან შეუპოვარი ღებინების შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
გულძმარვა
გულძმარვა შესაძლოა ორსულობის ბოლომდე გაწუხებდეთ. მის შესამსუბუქებლად იკვებეთ მცირე ულუფებით, ერიდეთ ცხარე, ტკბილ, ტომატიან, შებოლილ პროდუქტს. შემაწუხებელი გულძმარვისას შეგიძლიათ ექიმთან შეთანხმებით მიიღოთ გულძმარვის საწინააღმდეგო პრეპარატი.
შარდვის გახშირება
ორსულობის პირველი სამი თვისა და ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ქალები შარდვის გახშირებას უჩივიან. ეს ჰორმონული ცვლილებებისა და შარდის ბუშტზე ნაყოფის ზეწოლის ბრალია. იზრდება საშარდე გზების (შარდის ბუშტისა და შარდსადენის) ინფექციის განვითარების ალბათობაც. ამის თავიდან ასაცილებლად უხვად უნდა სვათ სითხე და შეზღუდოთ სუფრის მარილის მოხმარება.
ადვილად დაღლა და ქოშინი
ადვილად დაღლა და ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას ორსულობის პირველ 12-15 კვირას ახასიათებს. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად ეცადეთ ხშირად დაისვენოთ, ხოლო დასაძინებლად უფრო ადრე დაწვეთ. ძლიერი სისუსტე შესაძლოა ანემიის გამოვლინება იყოს, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ყაბზობა
ყაბზობას მრავალი მიზეზი აქვს: ჰორმონული ცვლილებები, ნაწლავებზე გადიდებული საშვილოსნოს ზეწოლა და მონელებული მასების დინების შეფერხება, ანემიის გამო რკინის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა... ყაბზობის თავიდან ასაცილებლად სვით დღეში 6-8 ჭიქა წყალი, უზმოზე მიირთვით მაწონი, ცოცხალი ხილი (შავქლიავი, ყურძენი, გარგარი, ლეღვი, ბანანი) და ბოსტნეული. ზამთარში იმავე მიზნით შეგიძლიათ მიირთვათ შავქლიავის, ლეღვისა და გარგარის ჩირი. შემაწუხებელი ყაბზობისას აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მკერდის მგრძნობიარობის მომატება და ტკივილი
მკერდის მგრძნობიარობის მომატება და ტკივილი ორსულობის დასაწყისში იჩენს თავს და პირველი ტრიმესტრის მიწურულს გაივლის. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად ატარეთ კომფორტული (არა ვიწრო) ბიუსტჰალტერი.
კანის ქავილი
კანის ქავილს ორსულთა 20% უჩივის. მუცელზე კანის ქავილი კანის გაჭიმვით არის გამოწვეული, ხელისგულებისა და ფეხისგულების ქავილს ჰორმონული ცვლილებები იწვევს, ხოლო მესამე ტრიმესტრში მთელი ტანის ქავილი შესაძლოა ნაღვლის ბუშტზე საშვილოსნოს ზეწოლით გამოწვეული ნაღვლის შეგუბების შედეგი იყოს. მიზეზის გასარკვევად უმჯობესია ექიმს მიმართოთ.
წელის ტკივილი
წელის ტკივილი მოგვიანებით იჩენს თავს და გამოწვეულია ხერხემლის ზომაზე მეტი დატვირთვით, რასაც მუცლისა და მკერდის ზომისა და წონის მატება იწვევს. ამ სიმპტომის შესამსუბუქებლად ხშირად წამოწექით. შესანიშნავი იქნება, თუ ორთოპედიულ ლეიბს გამოიყენებთ.
წვივის კუნთების ტკივილი და კრუნჩხვა
წვივის კუნთების ტკივილი და კრუნჩხვა, იგივე კრამპი, გამოწვეულია ქვედა კიდურებზე ჭარბი წონის ზეწოლით, სისხლის შედედების უნარის მომატებით, დედის ორგანიზმში კალციუმის შემცველობის კლებით. ამ სიმპტომების შესამსუბუქებლად საჭიროა ხშირი დასვენება, წოლისას და ჯდომისას ფეხების მცირე სიმაღლეზე შემოწყობა, სიარული, მსუბუქი მასაჟი, საჭიროების შემთხვევაში - მკურნალობა.
ვენების ვარიკოზული გაგანიერება
ვენების ვარიკოზული გაგანიერება უმთავრესად ქვედა კიდურებზე ვითარდება და ბარძაყის ვენებზე საშვილოსნოს ზეწოლით არის გამოწვეული. ორსულობისას სისხლძარღვების გაფართოებას ზოგიერთი ჰორმონიც იწვევს. ბავშვის დაბადების შემდეგ ვენების გაგანიერება უმეტესად გაივლის. ვენების ვარიკოზული გაგანიერების გამოვლინებაა ჰემოროიდული კვანძები ანუ ბუასილი, რომელიც შესაძლოა ყაბზობის ან სამშობიარო ჭინთვების გამო დამძიმდეს. დაავადების თავიდან აცილება შესაძლებელია სპეციალური ბანდაჟის ან ქამრის ტარებით, ნაწლავთა მოქმედების მოწესრიგებით. ერიდეთ დიდხანს დგომას და ჯდომას. ხშირად ისეირნეთ, ხშირად წამოწექით დასასვენებლად.
შეშუპება
კოჭის მიდამოს შეშუპებაც ქვედა კიდურთა ვენების დატვირთვის შედეგია. შეშუპების შემცირება შესაძლებელია წოლისა და ჯდომისას ფეხების მცირე სიმაღლეზე შემოწყობით, სპეციალური ელასტიკური წინდებისა და ბანდაჟის ტარებით, სუფრის მარილის მოხმარების შემცირებით.
ემოციური ლაბილურობა
ქალი ორსულობისას ჩვეულებრივზე მგრძნობიარეა, უფრო მძაფრად განიცდის დადებითსა თუ უარყოფით მოვლენებს და წვრილმანებიც კი აღიზიანებს. ძვირფასო ქალებო, გახსოვდეთ, რომ ბავშვს დედისგან უკლებლივ გადაეცემა როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ემოციები, თქვენი ნერვიულობა მასაც აყენებს ზიანს, ამიტომ ეცადეთ, არ გაღიზიანდეთ.