ორსულობა და ვენების ვარიკოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულობა და ვენების ვარიკოზი

ამაში რომ დავრწმუნდეთ, საკმარისია თვალი გადავავლოთ მონაცემებს: ქალების დაახლოებით 30%-ს ვენების ვარიკოზული გაგანიერება აქვს, ამათგან 80% კი ამ პრობლემას სწორედ ორსულობის დროს ეჯახება. ამ საკითხებზე სასაუბროდ ექიმ გინეკოლოგს დავით ქერქაძეს მივმართეთ.

  • ბატონო დავით, რა ხდება ორსულობისას სისხლის მიმოქცევის სისტემაში და რით არის იგი საშიში ვენური სისხლის მიმოქცევისთვის?

ორსულობის დროს ვენების დაავადებას საკმაოდ ბევრი ხელშემწყობი ფაქტორი აქვს. მოდი, დავყოთ ისინი ორ ჯგუფად: მიზეზებად, რომლებზეც გავლენას ვერ მოვახდენთ და მიზეზებად, რომელთა კორექტირება ჩვენს ხელთაა.

ორსულობა ხელსაყრელ პირობებს ქმნის ვენების ვარიკოზული გაგანიერებისთვის. 9 თვის განმავლობაში ქალმა დაახლოებით 10 კგ უნდა მოიმატოს. აქედან ბავშვის წონაზე მოდის არა უმეტეს 4 კგ-ისა. დანარჩენი უმეტესად სითხეა, 6 ლიტრი წყალი კი მძიმე ტვირთია. იმისთვის, რომ მუცლად მყოფი ნაყოფი უზრუნველყოფილ იქნეს აუცილებელი საკვები ნივთიერებებითა და ჟანგბადით, ორსულის ორგანიზმში მოცირკულირე სისხლის რაოდენობა 20-35%-ით იმატებს. მზარდი საშვილოსნო აწვება მუცლის ღრუს ვენებს, რომლებიც სისხლს სხეულის ქვედა ნაწილებიდან - ფეხებიდან და მცირე მენჯის ღრუს ორგანოებიდან კრებს. ეს იწვევს იმას, რომ ისედაც მიჭყლეტილ ქვედა ღრუ ვენაში აღწევს გაცილებით მეტი სისხლი, რაც მას უფრო მეტად ტვირთავს და სხეულის ქვედა ნაწილებში შეგუბებას აძლიერებს. ხშირად სწორედ ამ პერიოდში იწყება ვენების ვარიკოზული გაგანიერება.

ორსულობისას მიმდინარე ჰორმონული გარდაქმნები არც შემაერთებელ ქსოვილს უვლის გვერდს, ხდის მას ნაკლებელასტიკურსა და ადვილად წელვადს. ვენები და სარქვლები კი სწორედ მისგან შედგება. იოლი მისახვედრია, რომ ეს სტრუქტურები დუნდება და იწელება, წნევას ვეღარ ეწინააღმდგება, ეს უკანასკნელიც ყოველ კვირა იმატებს. ვენები განივრდება, შესამჩნევი ხდება შეშუპება, ტკივილი, კრუნჩხვა, ფეხებში სიმძიმის შეგრძნება.

ახლა გადავიდეთ ვენების დაავადების მიზეზთა მეორე ჯგუფზე - იმათზე, რომლებიც ჩვენს ზემოქმედებას ექვემდებარება. პირველ ადგილზე დგას წონის მატება, რაც ხშირად სცდება ნორმის ზღვარს. არადა ყოველი ზედმეტი კილოგრამი ხომ დამატებით ზეწოლას ახდენს ვენებზე, რომლებიც ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ისედაც შევიწროებულია. მომდევნოა ნაკლები ფიზიკური აქტიურობა, დიდხანს დგომა ან ჯდომა. ამ შემთხვევაში პრობლემას ის აღრმავებს, რომ ფეხის კუნთები არ მუშაობს და ვენების კედლებს შეკუმშვას აღარ აიძულებს.

ალბათ გაგიგონიათ, რომ ფეხიფეხგადადებული ჯდომა რეკომენდებული არ არის. მიგაჩნიათ, რომ ეს ცრუ შეხედულებაა? ცდებით. ასეთ მდგომარეობაში ხდება ზეწოლა მუხლქვეშა ვენებზე, რაც ხელს უშლის მუხლის სისხლძარღვების დაცლას. ვენის კედლებისა და სარქვლების მოდუნებისთვის დამატებითი პირობაა ნებისმიერი სახის გადახურება.

  • რა საფრთხეს უქადის ვენების ვარიკოზული გაგანიერება დედასა და ბავშვს?

პლაცენტის აცლის თავიდან ასაცილებლად და სრულფასოვანი ნივთიერებათა ცვლის შესანარჩუნებლად დედის სისხლსა და ნაყოფის სისხლის შემდედებელ სისტემაში იმატებს ისეთი ფაქტორების კონცენტრაცია, რომლებიც მათ სისხლდენისაგან იცავს. მომატებულია სისხლის შემდედებელი უნარი და, შესაბამისად, თრომბების წარმოქმნისადმი განწყობაც. ორსულობის დროს განვითარებული ვენური შეგუბება უფრო მეტად ზრდის ქვედა კიდურებისა და მენჯის ვენებში თრომბების წარმოქმნისა და ზედაპირული ვენების ანთების (თრომბოფლებიტის) რისკს.

თრომბების წარმოქმნა შესაძლოა იქცეს მძიმე გართულების - ფილტვის არტერიის თომბოემბოლიის - მიზეზად, რაც საფრთხეს უქმნის დედისა და ბავშვის სიცოცხლეს. მშობიარობიდან 6 კვირის განმავლობაში, განსაკუთრებით - საკეისრო კვეთის ან დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის შემთხვევაში, თრომბოზის განვითარების რისკი მაღალი რჩება, ამიტომ აუცილებელია გართულების აქტიური პროფილაქტიკა, განსაკუთრებით - უკვე არსებული რისკის ფაქტორების შემთხვევაში.

ხანდაზმული ვარიკოზის დროს ირღვევა ვენის ირგვლივი ქსოვილების კვება: წარმოიქმნება ტროფიკული წყლულები, ვითარდება შეშუპება და კანის ჰიპერპიგმენტაცია, მკვრივდება კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი.

  • როგორ მოვიქცეთ პრობლემის თავიდან ასაცილებლად?

ვენების პროფილაქტიკა დაიწყეთ ოჯახური ანამნეზის შეკრებით: იკითხეთ, ხომ არ ჰქონდა ან აქვს დედას ან ბებიას ვარიკოზი. დადებითი პასუხის შემთხვევაში გაარკვიეთ, რა ასაკში იჩინა მან თავი ან როგორ მკურნალობდნენ. თუ დედათქვენს ეს დაავადება ორსულობის დროს განუვითარდა, თუ განწყობილი ხართ ამ პათოლოგიისადმი, თქვენ მორალურად უნდა მოემზადოთ ამისთვის, ზედმიწევნით მისდიოთ ექიმის რჩევებს და არ მიეცეთ პანიკას, თუ პრობლემები თავიდან მაინც ვერ აიცილეთ. თუ თქვენს ოჯახში ვარიკოზი არავის ჰქონია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოდუნების უფლება გაქვთ. მემკვიდრეობა არ არის დაავადების განვითარების მთავარი ფაქტორი. ვინაიდან მზარდ საშვილოსნოსა და ჰორმონულ ფონს ვერაფერს ვუზამთ, აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ იმ მიზეზებზე, რომლებიც ხელს უწყობს ვენური უკმარისობის განვითარებას.

იმისთვის, რომ ქვედა კიდურებში წნევა და შეშუპება შემცირდეს, ექიმები გვირჩევენ, ვაკონტროლოთ დღე-ღამეში მიღებული სითხის ოდენობა: ის არ უნდა აღემატებოდეს 2 ლიტრს. ამაში შედის წვნიანი კერძები და ხილიც. 2 ლიტრზე მეტი სითხის მიღების შემთხვევაში ორგანიზმი მის გამოყოფას ვერ ასწრებს და ვითარდება შეშუპება. ამავე დროს, არც 1 ლიტრზე ნაკლების მიღებაა რეკომენდებული, რადგან სანაყოფე სითხე მუდმივ განახლებას მოითხოვს.

ფეხებს დიდ დახმარებას უწევს კომპრესიული ტანსაცმელი, რომელიც არეგულირებს ფეხებზე ქვემოდან ზემოთ ზეწოლას და ხელს უწყობს სისხლისა და ლიმფის მიმოქცევას. ექიმები დაჟინებით მოვითხოვთ, ორსულობის ბოლო თვეში, რამდენადაც შესაძლებელია, ორსულმა შეინარჩუნოს ფიზიკური აქტიურობა. მაგრამ პრობლემის მოხსნა მოძრაობის რეჟიმის დაცვითაც ყოველთვის ვერ ხერხდება. მაშ, როგორ მოვიქცეთ? უნდა შევამციროთ ქვედა კიდურების ვარიკოზის რისკი. ყველა ორსულს ვურჩევთ, ყურადღება მიაქციონ სისხლძარღვებს და ვენური უკმარისობის პირველი ნიშნების გაჩენისთანავე მიმართონ ფლებოლოგს, ხოლო შემდგომ, ორსულობის ბოლომდე, იყვნენ მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

ვარიკოზულად გაგანიერებული ვენების ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებაა სამედიცინო კომპრესიული კოლჰოტებისა და წინდების ტარება. ფლებოლოგი საჭირო ზომისა და მოდელის შერჩევაში დაგეხმარებათ, გასწავლით მისი გამოყენების წესებს. ორსულობის მე-20 კვირის შემდეგ სპეციალური კოლგოტების ტარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


  • მაგრამ თუ ვარიკოზმა უკვე იჩინა თავი?..

ამ შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა, მიმართული ორსულის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და მშობიარობისა და ლოგინობის პერიოდში შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად. ინიშნება ვენოტონიკები - ვენურ კედელზე მოქმედი პრეპარატები, რომლებიც ზრდის ვენის კედლის ტონუსს (დეტრალექსი, ვენორუტინი, ანტისტაქსი, ტროკსერუტინი), კრემები, გელები, მალამოები, რომლებიც შეიცავს მატონიზებელ საშუალებებს და ჰეპარინს - ნივთიერებას, რომელიც ზრდის ვენურ ტონუსს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამცირებს შეშუპებას, ტკივილსა და სიმძიმის შეგრძნებას.

დასავლეთის ქვეყნებში ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია დედათა სიკვდილიანობის ძირითად მიზეზს წარმოადგენს. თრომბულ გართულებათა პროფილაქტიკისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს არაფრაქციული და დაბალმოლეკულური ჰეპარინი, კუმარინის მსგავსი პრეპარატები და ასპირინი. ორსულებში ამ მხრივ არჩევის პრეპარატია ჰეპარინი, ვინაიდან ის, პერორალური ანტიკოაგულანტებისგან განსხვავებით, არ გადის პლაცენტურ ბარიერს, შესაბამისად, არ იწვევს ნაყოფის განვითარების მანკებსა და სისხლდენას.

უკანასკნელ წლებში ხშირად იყენებენ დაბალმოლეკულურ ჰეპარინს, რომელიც ეფექტითა და უსაფრთხოებით არ ჩამოუვარდება ჩვეულებრივ ჰეპარინს და მასთან შედარებით რიგი უპირატესობაც კი აქვს. რაც შეეხება კუმარინის მსგავს პრეპარატებს (ვარფარინი), ისინი გადიან პლაცენტურ ბარიერს და შესაძლოა გამოიწვიონ განვითარების მანკები (ცხვირის ჰიპოპლაზია პირველ ტრიმესტრში და ცნს-ის ცვლილებები ნებისმიერ ვადაზე), აგრეთვე ნაყოფის სისხლდენა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მოქმედება მშობიარობის პერიოდში - ტრავმის შემთხვევაში ის შესაძლოა ახალშობილის სისხლდენის მიზეზად იქცეს.

  • როგორ მკურნალობენ მეძუძურ დედებს?

ჩვეულებრივი, ასევე დაბალმოლეკულური ჰეპარინი დედის რძეში არ გადადის, ამიტომ ის მეძუძურ დედასაც შეიძლება დაენიშნოს. ასევე ნებადართულია მეძუძური დედის მკურნალობა ვარფარინით - ის არ ავლენს ახალშობილებში ანტიკოაგულაციურ ეფექტს. რანდომიზებულმა კვლევამ ცხადყო, რომ ასპირინის მცირე დოზით (60-150 მგ დღეში) გამოყენება უსაფრთხოა როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვისაც ორსულობის მე-2 და მე-3 ტრიმესტრებში, ხოლო ასპირინის უფრო დიდი დოზების, ასევე პირველ ტრიმესტრში მისი გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

გეგმური მანიპულაციები - სკლეროთერაპია, ლაზერული პროცედურები და ოპერაციები - ორსულობის დროს არ ტარდება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მათი ჩატარება აუცილებელია ქალის გადასარჩენად.

  • დაბოლოს, რას ურჩევდით ორსულებს?

  1. ერიდეთ დიდხანს ჯდომას და დგომას. თუ თქვენი საქმიანობა დიდხანს ჯდომას მოითხოვს, ყოველი საათის შემდეგ ადექით და გაიარ-გამოიარეთ. კარგია კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა.
  2. რეგულარული სეირნობა თქვენთვის ნორმად უნდა იქცეს. ისეირნეთ დღეში არანაკლებ 2 საათისა.
  3. ნუ დაჯდებით დაბალ სკამზე, ნუ გადაიდებთ ფეხს ფეხზე - ეს ართულებს სისხლის დინებას.
  4. წოლისას, თუ ამის საშუალება გაქვთ, ფეხები ზემოთ შემოაწყვეთ. ღამით ფეხებქვეშ ამოიდეთ ბალიში. ეს უზრუნველყოფს სისხლის კარგ ცირკულაციას.
  5. აკონტროლეთ წონა და მისი ნამატი, ივარჯიშეთ, იცურეთ, მისდიეთ იოგას. რეგულარული ვარჯიში წვივის კუნთებს აიძულებს, საჭირო რეჟიმით იმუშაონ. ინტენსიურ დატვირთვას - სირბილს, ჩოგბურთს და ა.შ. - ერიდეთ, გადადეთ ისინი სამომავლოდ და მათ ნაცვლად მსუბუქ ვარჯიშს მიჰყავით ხელი.
  6. ერიდეთ მძიმე საგნების აწევას. ორსულობისას მაქსიმუმ 2 კგ-ის აწევაა ნებადართული.
  7. რეგულარულად მიიღეთ ფეხების გრილი შხაპი. წყლის ჭავლი გაატარეთ ტერფიდან ბარძაყისკენ ვენის გასწვრივ - ეს გაზრდის მათ სიმტკიცესა და ტონუსს. ამის საპირისპიროდ, თბილი აბაზანა ხელს უწყობს ვენების მოდუნებას და აღრმავებს სისხლის შეგუბებას.
  8. სასარგებლოა ცურვა. ერიდეთ გადახურებას - ცხელ აბაზანას, მზეს. მაღალ ტემპერატურაზე ვენების შემაერთებელი ქსოვილი ეშვება, ვენები დამყოლი ხდება და იოლად იწელება.
  9. ერიდეთ გაუწყლოებასაც. სიცხეში უხვად მიიღეთ სითხე.
  10. ატარეთ მოხერხებული ფეხსაცმელი, - არა უმეტეს 3-4 სმ სიმაღლის ქუსლზე, - და თავისუფალი ტანსაცმელი, განსაკუთრებით - საცვლები, წინდები და კოლჰოტები.

ვარიკოზული სინდრომი სასურველია ალაგდეს მოსალოდნელ ორსულობამდე 6-12 თვით ადრე.

გამოცდილი ფლებოლოგები ვარიკოზულ დაავადებას თავიდან აგაცილებენ. ეს დაგეხმარებათ, მშვიდად მიიყვანოთ ბოლომდე ორსულობა და იმშობიაროთ.

შეასრულეთ რამდენიმე მარტივი ვარჯიშიც:

  • ჯდომისას მოზიდეთ ტერფები თქვენსკენ, შემდეგ კი გაზიდეთ თქვენგან;
  • დგომისას რამდენიმეჯერ აიწიეთ ფეხის წვერებზე;
  • რამდენიმეჯერ ჩაჯექით;
  • ტერფი აბრუნეთ ჯერ ერთ, შემდეგ მეორე მხარეს.

ეს ვარჯიშები შეგიძლიათ შეასრულოთ ნებისმიერ დროს. ისინი სისხლის დინების აღდგენაში დაგეხმარებათ.

თუ თავი იჩინა წვის შეგრძნებამ, ტკივილმა, ვენის გასწვრივ კანი გაწითლდა, ფეხები ძლიერ შეშუპდა, მოიმატა სხეულის ტემპერატურამ, სასწრაფოდ მიმართეთ სპეციალისტს. შესაძლოა, ეს თრომბოფლებიტის ნიშანი იყოს, ეს დაავადება კი საფუძვლიან მკურნალობას მოითხოვს.

დაუშვებელია რომელიმე პრეპარატის მიღება ნაცნობ-მეგობრების რჩევით, რადგან მრავალი მათგანი ორსულთათვის უკუნაჩვენებია.