საშვილოსნოსგარე ორსულობა: მიზეზები და მკურნალობის საშუალებები

ამ პათოლოგიურ მდგომარეობაზე სასაუბროდ გინეკოლოგიური კლინიკის ექიმ გინეკოლოგს ირინა ჯაჯანიძეს ვეწვიეთ.
- ქალბატონო ირინა, რა არის საშვილოსნოსგარე ორსულობა?
- საშვილოსნოსგარე ორსულობა მძიმე პათოლოგიური მოვლენაა. ეს არის განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაცია და განვითარება საშვილოსნოს ღრუს გარეთ. განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარება საშვილოსნოს ღრუს გარეთ მეტად სახიფათოა. საშვილოსნოსგარე ორსულობა შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა ადგილას: ფალოპის მილში, საკვერცხეში, მუცლის ღრუში, საშვილოსნოს რუდიმენტულ რქასა და საშვილოსნოს ყელში. ორსულობა შესაძლოა ერთდროულად ორივე ფალოპის მილშიც მიმდინარეობდეს, თუმცა ასეთი რამ იშვიათია. აღწერილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საშვილოსნოსგარე ორსულობის გამო ორივე მილი ამოუკვეთიათ, მაგრამ საშვილოსნოსგარე ორსულობა მესამედ განვითარებულა წინა ოპერაციების დროს დატოვებულ მილის ნაწილში.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
- რისი ბრალია საშვილოსნოსგარე ორსულობა?
- საშვილოსნოსგარე ორსულობის ხელშემწყობი ფაქტორებია:
* ფალოპის მილის პათოგენური მიკრობებით გამოწვეული ანთება;
* ხელოვნური აბორტები;
* ინფანტილიზმი;
* სიმსივნური წარმონაქმნები ფალოპის მილში, რაც მილის სანათურის ნაწილობრივ დახშობას იწვევს;
* ნერვულ-ენდოკრინული მოშლილობა;
* ხშირი აბსცესი, საშვილოსნოს ანთებითი დაავადებები და სხვა.
ანთებითი პროცესის შედეგად ფალოპის მილში ვითარდება ღრმა პათოლოგიური ცვლილებები: მილის სანათური ვიწროვდება, მილის ფიზიოლოგიური პერისტალტიკა სუსტდება ან სავსებით ითრგუნება, მილის სანათურში ჩიხები და ჯიბეები ყალიბდება, ფალოპის მილის ეპითელიუმი და კუნთოვანი სისტემა დესტრუქციულ ცვლილებებს განიცდის... ინფანტილიზმის შემთხვევაში საშვილოსნოსგარე ორსულობას ფალოპის მილის კუნთების განუვითარებლობა უწყობს ხელს. საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარებისთვის მნიშვნელობა აქვს კვერცხუჯრედის გარეთ მიგრაციას. დიდ მანძილზე მიგრაციის დროს კვერცხუჯრედმა შესაძლოა ვერ მიაღწიოს ფალოპის მილს და სხვა ორგანოს ქსოვილს მიემაგროს. საშვილოსნოსგარე ორსულობა შესაძლოა გამოწვეული იყოს თვით კვერცხუჯრედის განვითარების ანომალიითაც. როგორც აღვნიშნე, ფალოპის მილის პერისტალტიკის დაქვეითება შესაძლოა ნერვულ-ენდოკრინულმა მოშლილობამაც გამოიწვიოს. ენდოკრინული და ვეგეტატიური ნერვული სისტემები ყველა შინაგანი ორგანოს ფუნქციებს განაგებს, მათ შორის - სასქესო ორგანოებისასაც. კვერცხსავალი მილების პერისტალტიკა ენდოკრინული ჯირკვლებისა და ვეგეტატიური ნერვული სისტემის ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან კავშირში რეგულირდება, ამიტომ ნერვულ-ენდოკრინული რეგულაციის მოშლა გამოიწვევს ფალოპის მილის პერისტალტიკის დაქვეითებას, რაც, თავის მხრივ, საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარებას განაპირობებს. საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარებას ხელს უწყობს ნერვული სისტემის ძლიერი გადაღლა და ფსიქიკური სტრესიც.
- რაკი შესაძლოა, საშვილოსნოსგარე ორსულობა სხვადასხვა ადგილას განვითარდეს, ალბათ კლინიკური გამოვლინებაც სხვადასხვანაირი იქნება. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს პათოლოგიური მდგომარეობა არ გამოგვეპაროს?
- ექტოპიური ანუ საშვილოსნოსგარე ორსულობა იწვევს ყველა იმ სუბიექტურ და ობიექტურ ცვლილებას, რომელიც კი ნორმალური ორსულობისას აღინიშნება. კერძოდ:
* მენსტრუაციის შეწყვეტას;
* გულისრევას და ღებინებას;
* უმადობას, მიზეზობას და განწყობის შეცვლას;
* სარძევე ჯირკვლებიდან ხსენის გადმოსვლას და სხვა.
საინტერესოა ისიც, რომ გარეორსულობის დროს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსი ისეთსავე დეციდუალურ გარდაქმნას განიცდის, როგორსაც ნორმალური ორსულობის დროს. საშვილოსნოსგარე ორსულობის განვითარება ჩანასახის ჩანერგვის ადგილზეა დამოკიდებული.
ფალოპის მილში ორსულობა დიდხანს არ გრძელდება, უმეტესად მალევე წყდება. საქმე ის არის, რომ ფალოპის მილის კუნთები სუსტი და თხელია, მზარდი ჩანასახის ზეწოლას ვერ უძლებს და იხევა. ფალოპის მილის დაზიანება იწვევს სისხლდენას და მუცლის ღრუში სისხლის ჩაღვრას. სისხლდენა შესაძლოა ისეთი ძლიერი იყოს, რომ ქალი მწვავე ანემიით დაიღუპოს. შინაგანი სისხლდენის ინტენსივობა დაზიანების ზომას შეესატყვისება, რაც, თავის მხრივ, ორსულობის ვადაზეა დამოკიდებული. მილი უმეტესად ორსულობის V-VI კვირას იხევა, ზოგჯერ - უფრო გვიანაც. სხვა შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ფალოპის მილის ამპულურ ნაწილში ჩაიზარდა, შესაძლოა ტუბარული აბორტი განვითარდეს. ფალოპის მილი იკუმშება, მაგრამ ამ დროს მისი კუმშვა ანტიპერისტალტიკურია და შედეგად კვერცხუჯრედი მუცლის ღრუში გამოიდევნება. მუცლის ღრუში მოხვედრილი კვერცხუჯრედი უმეტესად იღუპება. ამ დროს სისხლდენა ისეთივეა, როგორიც საშვილოსნოდან თვითნებური აბორტის შემთხვევაში. სისხლი მუცლის ღრუში ამ დროსაც იღვრება, თუმცა უფრო ნაკლები, ვიდრე მილის გახევის დროს. იშვიათად კვერცხსავალიდან გამოძევებული, მუცლის ღრუში მოხვედრილი კვერცხუჯრედი რომელიმე ორგანოს მიემაგრება და მუცლის ღრუში მეორეულად ვითარდება საშვილოსნოსგარე ორსულობა. თუ კვერცხუჯრედი საკვერცხეზეა მიმაგრებული, ის უფრო მეტხანს (2-4 თვემდე) ვითარდება, მაგრამ საბოლოოდ მაინც იღუპება. ამ დროს ირღვევა საკვერცხის პარენქიმა და იწყება სისხლდენა, რომელიც ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე ფალოპის მილის დაზიანების დროს. მუცლის ღრუს ორსულობამ, პირველადი იქნება ის თუ მეორეული, ყოველთვის შესაძლოა მეტხანს გასტანოს, ვინაიდან თავისუფალ მუცლის ღრუში კვერცხუჯრედის განვითარებისთვის მეტი ადგილია. განაყოფიერებული კვერცხუჯრედი უმეტესად მცირე მენჯის რომელიმე ორგანოზე მაგრდება. ნაწლავთა პერისტალტიკის გამო განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები არც აქ არის. როცა ორსულობა მუცლის ღრუშია განვითარებული, მოსალოდნელია მიმაგრების ადგილთან კვერცხის კავშირის დარღვევა, რის გამოც კვერცხუჯრედი იღუპება და შინაგანი სისხლდენა იწყება. თუნდაც ქალმა მუცლის ღრუში ორსულობა ბოლომდე მიიტანოს, ნაყოფი მაინც ვერ დაიბადება, დაიღუპება. შესაძლოა, კალციუმის მარილების დაგროვების გამო გაქვავდეს კიდეც. ზოგჯერ ქალი ასეთ გაქვავებულ ნაყოფს მრავალი წლის განმავლობაში ატარებს მუცლით.