როგორ შევუწყოთ ხელი ორსულობის მიღებას - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევუწყოთ ხელი ორსულობის მიღებას - „რეპროდუქციული ჯანმრთელობა“

რა ფაქტორები ახდენენ გავლენას განაყოფიერების პროცესზე, როგორ შევუწყოთ ხელი ორსულობის მიღებას, რა არის მართებული და მცდარი განაყოფიერების პროცესებთან დაკავშირებით, შევეხებით შვილოსნობისა და ბევრ სხვა საინტერესო საკითხს. რუბრიკას უძღვება ლალი ფხალაძე, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგი, „იოსებ ჟორდანიას სახ. რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი – ხელმძღვანელი პროფ. არჩილ ხომასურიძე“ კლინიკური დირექტორი.

– როგორ მიმდინარეობს განაყოფიერების პროცესი და ორსულობის მიღება?

– ორსულობა დგება ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების – კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შერწყმის შედეგად. კვერცხუჯრედი გარშემორტყმულია ჟელეს მსგავსი ნივთიერებით, რომელსაც მბრწყინავი გარსი – „ზონა პელლუციდა“ ჰქვია. მას თავის მხრივ გარს აკრავს უჯრედების თხელი ფენა – სხივური გვირგვინი – „ცორონა რადიატა“. როდესაც სპერმატოზოიდები ხვდებიან კვერცხუჯრედს, ქიმიური რეაქციების წყალობით გარსი ირღვევა და მხოლოდ ერთი სპერმატოზოიდი ახერხებს მასში შეღწევას. სპერმატოზოიდი და კვერცხუჯრედი შეიცავს 23-23 ქრომოსომას. მათი შერწყმის შემდეგ განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში – ზიგოტაში – უკვე 46 ქრომოსომაა, ანუ როგორც დედის, ასევე მამის გენეტიკური ინფორმაცია. მომდევნო დღეების განმავლობაში განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იყოფა ორ, ოთხ, რვა, თექვსმეტ და ა.შ. უჯრედად. ჯერ წარმოიქმნება „მორულა“, უჯრედებში სითხის დაგროვების შემდეგ ის გადაიქცევა „ბლასტოცისტად“. განაყოფიერებიდან დაახლოებით 5-7 დღის შემდეგ ხდება ბლასტოცისტის ჩანერგვა საშვილოსნოს შიგნითა გარსში – იმპლანტაცია ენდომეტრიუმში და დგება ორსულობა, რაც დაახლოებით 280 დღე ანუ 40 კვირა გრძელდება.

– როდის დგება ორსულობა და რამდენი დღეა ფერტილური მენსტრუაციული ციკლის განმავლობაში?

– დაორსულება ხდება ოვულაციის დროს, რაც დაახლოებით მენსტრუაციული ციკლის შუა პერიოდს ემთხვევა. ოვულაციის დღეები შეიძლება იყოს ცვალებადი. რადგან სპერმატოზოიდების სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 48 საათია (მაქსიმუმ 7 დღე), ხოლო კვერცხუჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა – 24 საათი (სულ მცირე 6-8 სააათი), ფერტილური პერიოდი საშუალოდ შეიძლება 3-4 დღე გაგრძელდეს. 28-დღიანი მენსტრუაციული ციკლის შემთხვევაში ეს პერიოდი ემთხვევა მე-12, 13, 14, 15 დღეს. მაგალითად, თუ ოვულაცია მე-14 დღეს ხდება, ორსულობა შეიძლება დადგეს მე-9 დღიდან 15 დღემდე პერიოდში სქესობრივი ურთიერთობის ფონზე.

ზოგადად, „ფერტილური პერიოდი“ მენსტრუაციული ციკლის ფაზაა, როდესაც დაორსულების შანსი ყველაზე მაღალია.

– ახდენს თუ არა გავლენას სქესობრივი კავშირის დრო და ინტენსივობა განაყოფიერების პროცესზე და როგორ შეიძლება გავზარდოთ დაორსულების შანსი?

– ორსულობის ალბათობა რომ გაიზარდოს, უმჯობესია წყვილს სქესობრივი კავშირი ჰქონდეს ზუსტად ოვულაციიის წინ, რადგან სპერმატოზოიდების სიცოცხლის ხანგრძლივობა ეაკულაციის შემდეგ აღემატება ოვულირებული კვერცხუჯრედების სიცოცხლის ხანგრძლივობას.

არსებობს მოსაზრება, რომ ოვულაციამდე სქესობრივი კავშირისგან ხანგრძლივი თავშეკავება, იგივე აბსტინენცია, აუმჯობესებს ფერტილობას, ანუ შვილოსნობის უნარს. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. მართალია, აბსტინენციამ შეიძლება უმნიშვნელოდ გაზარდოს სპერმატოზოიდების რაოდენობა, მაგრამ ხანგრძლივმა თავშეკავებამ, პირიქით, შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს სპერმატოზოიდების ხარისხზე, რადგან სპერმულ სითხეში იზრდება ხანდაზმული სპერმატოზოიდების რაოდენობა.

ორსულობის შანსების გასაზრდელად წყვილებისათვის ოპტიმალურად ითვლება სქესობრივი კავშირი ოვულაციის პერიოდში 36-48-საათიანი ინტერვალებით.

– ყოველთვის დგება თუ არა ორსულობა, როდესაც ჯანმრთელ წყვილს სქესობრივი კავშირი აქვს ოვულაციის დღეებში?

– ასეთ შემთხვევაში, ერთი ციკლის განმავლობაში დაორსულების ალბათობა მხოლოდ 15-25%-ია. მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ წყვილის ნორმალური რეპროდუქციული ფუნქციისა და რეგულარული სქესობრივი ცხოვრების მიუხედავად, ოვულატორული ციკლების 75-80%-ში არ დგება ორსულობა.

– რა გავლენას ახდენს ასაკი დაორსულების შესაძლებლობაზე?

– ასაკის მატებასთან ერთად შვილოსნობის უნარი ქვეითდება. ეს განსაკუთრებით ქალებს ეხებათ. ძირითადი მიზეზი არის ასაკის მატებასთან ერთად კვერცხუჯრედების რაოდენობის შემცირება და ხარისხის დაქვეითება. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სხვადასხვა დაავადებების – ენდომეტრიოზის, საშვილოსნოს პათოლოგიების სიხშირეც, რაც ასევე უარყოფითად მოქმედებს შვილოსნობის ფუნქციაზე.

მაგალითად, 25 წლის ახალგაზრდა ჯანმრთელი ქალის დაორსულობა თუ ხდება 2-3 თვის განმავლობაში, 35 წლისა და მეტი ასაკის ფერტილურ ქალებს ორსულობის მისაღწევად 6 თვე და მეტი შეიძლება დასჭირდეთ.

რაც შეეხება მამაკაცებს, მათი შვილოსნობის უნარი ასაკის მატებასთან ერთად მცირედ ქვეითდება, 60 წლის შემდეგ კი მნიშვნელოვნად.

ცნობილია, რომ მშობლების ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ბავშვთა გენეტიკური პათოლოგიების განვითარების რისკი. თუმცა, ეს ზოგადი თვალსაზრისია. ჩვეულებრივ, უფროსი ასაკის მშობლებს ჯანმრთელი შვილები ჰყავთ.

– აუცილებელია თუ არა ორგაზმის არსებობა ორსულობის მისაღწევად?

– არსებობს მოსაზრება, რომ ქალებთან ორგაზმის არარსებობა უარყოფითად მოქმედებს შვილოსნობაზე. ეს არის „მითი“, ორსულობა არაა დაკავშირებული სექსუალურ სიამოვნებასთან. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ორსულობა დგება ხელოვნური განაყოფიერების შემდეგაც.

– ახდენს თუ არა სხეულის წონა გავლენას დაორსულების პროცესზე, კერძოდ, მოქმედებს თუ არა უარყოფითად სიმსუქნე შვილოსნობაზე?

– სხეულის წონა გარკვეულწილად მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე, რადგან სხეულის მცირე და ჭარბი წონა შეიძლება ასოცირდებოდეს ჰორმონულ დისბალანსთან. არსებობს სხეულის კრიტიკული წონა, რაც აუცილებელია შვილოსნობისათვის. ცნობილი ფაქტია, რომ გოგონები და ქალები, რომლებიც ე.წ. დიეტების ფონზე სწრაფად კარგავენ სხეულის წონას და აქვთ მასის დეფიციტი, ანუ როდესაც მასის ინდექსი 18-ზე ნაკლები აქვთ, უწყდებათ მენსტრუაცია.

ისიც ცხადია, რომ ძალიან გამხდარ და მსუქან ქალებს ხშირად არ აღენიშნებათ რეპროდუქციული ფუნქციის რაიმე დარღვევა და ჰყავთ შვილები.

სიმსუქნე, რომელიც გამოწვეულია ჭარბი კალორიების მიღებით, არ იწვევს უშვილობას. მაგრამ ხშირად სიმსუქნე ასოცირდება ისეთ დაავადებებთან, როგორებიცაა პოლიცისტური საკვერცხეების სინდრომი, სხვადასხვა ჰორმონული დისფუნქცია – ინსულინის სეკრეციის დარღვევა, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რაც უარყოფითად მოქმედებს ოვულაციაზე.

– რა ითვლება სხეულის ნორმალურ წონად და როგორ გამოვთვალოთ მასის ინდექსი?

– მასის ინდექსი – BMI გამოითვლება შემდეგნაირად: სხეულის წონა კილოგრამებში იყოფა სიმაღლის კვადრატზე მეტრებში. რეპროდუქციულ ასაკში მასის ინდექსის ნორმული მაჩვენებელია 19-25. როდესაც მასის ინდექსი 19-ზე ნაკლებია, ეს მიუთითებს წონის დეფიციტზე, ხოლო როდესაც 26 და მეტია, საქმე გვაქვს ჭარბ წონასთან...

– როგორ მოქმედებს სტრესი რეპროდუქციულ ფუნქციაზე?

– სტრესი, უარყოფითი ემოციები არ არის უშვილობის გამომწვევი დამოუკიდებელი მიზეზი. თუმცა, ზოგიერთი თანხვედრი პათოლოგიის დროს, მაგალითად, ნერვული ანორექსიის შემთხვევაში (ადამიანი შეგნებულად ამბობს უარს საკვების მიღებაზე, რაც მის ფსიქიკაზე უარყოფითად აისახება) ხდება ჰორმონული ცვლილებები და ირღვევა ოვულაცია. სტრესის ფონზე ჭარბად გამოიყოფა სხვადასხვა ჰორმონები – პროლაქტინი და კორტიზოლი, რაც თავისთავად უარყოფითად მოქმედებს ოვულაციაზე.

სტრესი უშვილობის თანმხლები მნიშვნელოვანი მდგომარეობაა, რასაც ყოველთვის სჭირდება სათანადო მართვა.

ცნობილია, რომ დადებითი ემოციები, ფიზიკური ვარჯიში, სტრესიდან ყურადღების გადატანა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს შვილოსნობის ფუნქციას. ხშირი შემთხვევაა, როდესაც უშვილო ოჯახში ბავშვის აყვანის შემდეგ ქალი მალე თვითონვე ორსულდება.

– მოქმედებს თუ არა კვების თავისებურებები ჩასახვაზე და რაიმე ზოგადი ან კონკრეტული რეკომენდაცია თუ არსებობს ამ თვალსაზრისით ორსულობის წინ?

– ზოგადად, ჯანსაღი კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განაყოფიერებისა და ჩასახვის პროცესებსა და ორსულობის მიმდინარეობაზე. თანამედროვე ადამიანებს ხშირად აღენიშნებათ სხვადასხვა მიკროელემენტისა და ვიტამინების დეფიციტი. ეს განპირობებულია არაჯანსაღი და არასრულფასოვანი კვებით და უარყოფითად აისახება ჯანმრთელობის მდგომრეობაზე.

ცნობილია, რომ ნაყოფის ნერვული ღეროს დახურვა სრულდება ჩასახვიდან 28-ე დღეს. ამ პერიოდში დედის ორგანიზმში ფოლიუმის მჟავას დეფიციტი დაკავშირებულია ნაყოფის ნერვული ღეროს დეფექტებისა და სხვა თანდაყოლილი ანომალიების განვითარების მომატებულ რისკთან. ამიტომ აქტუალურია, რომ რეპროდუქციული ასაკის ქალმა ჯანსაღი საკვების საშუალებით მიიღოს ყველა საჭირო ნივთიერება. ჩასახვამდე სულ მცირე ორი თვით ადრე კი ქალმა აუცილებელია მიიღოს ფოლიუმის მჟავა, რაც უნდა გაგრძელდეს ორსულობის 12 კვირამდე და შემდეგაც, რადგან ნაყოფის ნერვული სისტემის განვითარების გარდა, ფოლიუმის მჟავა სისხლწარმოქმნის პროცესშიც მონაწილეობს.

მულტივიტამინების პროფილაქტიკის მიზნით მიღება კი, დღევანდელი ეკოლოგიის პირობებში, სულ უფრო აქტუალური ხდება.