როგორ მივიღოთ მაქსიმალური სიამოვნება და ლამაზი ნამზეური
.
-
რჩევები გარუჯვის მოყვარულთათვის
პირველ დღეებში, სჯობს, ქოლგის ქვეშ გაირუჯოთ. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემის წასმა. ყოველ ასეთ საშუალებას აქვს ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის კოეფიციენტი, რომელიც აბრევიატურა SPF-ით და ციფრებით აღინიშნება. რაც უფრო მაღალია ეს კოეფიციენტი, მით მეტხანს იქნება დაცული თქვენი კანი.
როდესაც ადაპტაციას გაივლით, მზისგან დამცავი კრემი შეგიძლიათ გასარუჯით შეცვალოთ. ის კანს კვებავს და ატენიანებს, რისი მეოხებითაც უფრო ხარისხიან ნამზეურს მიიღებთ.
გარუჯვისთვის საუკეთესოა დრო დილის 11 საათამდე და საღამოს 17 საათიდან. პლაჟზე გასვლის წინ ტანი არც საპნით დაიბანოთ და არც ლოსიონით გაიწმინდოთ - ამგვარად კანის დამცავ საფარველს დაარღვევთ. არასოდეს მიიღოთ მზის აბაზანები სველი ტანით - წყლის წვეთები შემკრები ლინზის ფუნქციას ასრულებს და მზის გამოსხივებას აძლიერებს.
სიცხეში ორგანიზმის გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად თან ატარეთ წყალი (ოღონდ არა ტკბილი - ის უფრო მეტად მოგაწყურებთ). წყურვილს ნუ მოიკლავთ ცივი გამაგრილებელი ან ალკოჰოლური სასმლით. ჩანთას სასუსნავით ნუ გაივსებთ - მხედველობაში გქონდეთ, რომ მზეზე სურსათი ადვილად ფუჭდება და შესაძლოა, მოიწამლოთ.
განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ქარიან ამინდში - ქარი კანს აგრილებს და შესაძლოა, დამწვრობა გამოგეპაროთ. ღრუბლიანი ამინდიც მეტად ვერაგია, რადგანაც ღრუბლიდან ჩვენამდე მზის გამოსხივების 80% აღწევს. გარუჯვისას აუცილებლად დაიფარეთ თავი და თვალები.
თუ დაწოლილი ირუჯებით, თავი ოდნავ წამოსწიეთ. გარუჯვისას ნუ დაიძინებთ, ნურც წიგნს იკითხავთ. კანის მზისგან დასაცავად და დასარბილებლად ნუ გამოიყენებთ მინერალურ ცხიმს - ვაზელინს, გლიცერინს. ამან შესაძლოა კანის დამწვრობა გამოიწვიოს. გარუჯვის წინ ტუჩებზე წაისვით უფერული ჰიგიენური პომადა. ნუ გაიკეთებთ მაკიაჟს - ჯერ ერთი, ერთი საათის შემდეგ მისგან აღარაფერი დარჩება, მეორეც, მზის სხივების ზემო-ქმედებით კოსმეტიკურ საშუალებებში შესაძლოა დაიწყოს ქიმიური რეაქცია, რომელიც კანს დაგიზიანებთ.
რაც უფრო მეტხანს დაყოფთ მზისგულზე, მით მეტია ალბათობა, დაიწვათ. ძლიერი დამწვრობისას კანი იქერცლება, ბუშტუკებით იფარება და წყლულდება, ვეღარ ასრულებს დამცავ ფუნქციას, ეშვება, იხორკლება და ნაოჭდება, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევაში კი წყდება თერმორეგულაცია, რაც მზის დაკვრას იწვევს. მზის დაკვრისას იმატებს სხეულის ტემპერატურა, ვითარდება შემცივნება, კუნთებში ტეხის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ხშირდება გულისცემა და სუნთქვა, ზოგჯერ - ღებინება და ძლიერი ოფლდენა.
-
როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს?
მზედაკრული უნდა დავაწვინოთ სიგრილეში, ჩრდილში, მოვუშილიფოთ მკერდი და კისერი, მივცეთ ცივი სასმელი, თავზე დავადოთ სველი პირსახოცი ან ყინული.
-
მზისგან დამცავი საშუალებები
მზისგან დამცავი კრემი ტანზე შინიდან გასვლის წინ უნდა წაისვათ. თუ დაგავიწყდათ, ეს პლაჟზეც შეგიძლიათ გააკეთოთ. ბანაობისას კრემს წყალი ჩამორეცხავს, ამიტომ ამოსვლის შემდეგაც უნდა გადაისვათ, პლაჟიდან დაბრუნების შემდეგ კი მიიღეთ შხაპი და წაისვით გარუჯვის შემდგომ სახმარი კრემი, რომელსაც დამატენიანებელი და მკვებავი ეფექტი აქვს - ის კანს დამატებით დაიცავს გარუჯვის მავნე შედეგისგან. მზისგან დამცავი და გარუჯვის შემდგომ სახმარი კრემები სწორად რომ შეარჩიოთ, ზუსტად უნდა იცოდეთ თქვენი კანის ტიპი. შესაძლოა, ამისთვის ექიმ კოსმეტოლოგთან ვიზიტიც კი დაგჭირდეთ.
-
რა ჩავიცვათ ზღვაზე
სიცხეში ყველაფერს სჯობს ჩაიცვათ ნატურალური (ბამბისა და აბრეშუმის) ქსოვილის ტანსაცმელი. დიდი მნიშვნელობა აქვს ფეხსაცმელსაც. რეზინის ქოშებიდან ფეხი შეიძლება ამოგისრიალდეთ, ხოლო პლასტმასისა და ლითონის დეტალები კანს აღიზიანებს. სპორტული ფეხსაცმელი, რა თქმა უნდა, ძალიან მოხერხებულია, მაგრამ ზაფხულის ცხელი სეზონისათვის სავსებით გამოუსადეგარი გახლავთ.