სისუფთავე დაავადებებისგან გვიცავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სისუფთავე დაავადებებისგან გვიცავს

მედიცინის მამა მათი წერისას მხოლოდ ერთი ძირითადი პრინციპით ხელმძღვანელობდა - სისუფთავე ადამიანს დაავადებებისგან იცავს და სწრაფად გამოჯანმრთელებაშიც ეხმარებაო. სიჯანსაღის შესანარჩუნებლად ჰიპოკრატე სუფთა სხეულზე არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა სუფთა ჰაერს, წყალსა და ნიადაგს.

პირველყოფილი სისუფთავე გამოქვაბულში

ჰიგიენის წესები ადამიანმა ჯერ კიდევ თავისი ისტორიის გარიჟრაჟზე აითვისა, მას შემდეგ, რაც შრომისა და ნადირობისთვის აუცილებელი ხელსაწყო-იარაღები შექმნა. ამ იარაღებმა საზრდოს მოპოვება გააადვილა. ჭარბი საკვების შესანახად კი აუცილებელი იყო სათანადო პირობები, რათა იგი მალე გაფუჭებისგან დაეცვათ. სწორედ მაშინ დაიწყო ჩვენმა წინაპარმა იმაზე იფიქრი, როგორ მოეწყო უფრო კომფორტულად თავისი საარსებო გარემო, დაეცვა წყალი, ნიადაგი, საკვები, რათა თავი უფრო მშვიდად და იმედიანად ეგრძნო.

მონათმფლობელური ხანა

მონათმფლობელურმა წყობილებამ წარმოშვა ხელოსნობა, განსაზღვრა შრომის სპეციალიზაცია, რამაც უფრო მეტად შეუწყო ხელი ჰიგიენის განვითარებას. ამ მხრივაც, როგორც ყველა სხვა სფეროში, განსაკუთრებით მდიდარი გამოცდილება ჰქონდათ ძველი სამყაროს ქვეყნებს: ეგვიპტეს, ჩინეთს, რომსა და საბერძნეთს.

ეგვიპტე

ეგვიპტეში ცხელი კლიმატის გამო საკვები სწრაფად ფუჭდებოდა, რაც ხელს უწყობდა ჰელმინთოზების, ნაწლავების, კანისა და თვალის ინფექციათა ეპიდემიებს. აუცილებელი გახდა სათანადო ღონისძიებათა გატარება ხალხის დასაცავად. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1500 წელს ეგვიპტეში გაჩნდა პირველი ნიადაგის სარწყავი დრენაჟული სისტემა, შეიქმნა წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები დიდი ქალაქებისა და შენობებისთვის. ჰიგიენის საუკეთესო მცოდნეებად ქურუმები მიიჩნეოდნენ, რომელთაც საკმაოდ დიდ გავლენა ჰქონდათ ხალხზე. ისინი დიასახლისებს საკვების მოხმარების, მომზადებისა და შენახვის წესებს ასწავლიდნენ. უპირველეს ყოვლისა კი საკუთარი სხეულის მოვლის ცოდნა იყო საჭირო. სწორედ დაავადებებისგან თავის დასაცავად იქნა შემუშავებული ეგვიპტური ბალზამირებისა და მუმიფიკაციის ცნობილი მეთოდები. ფარაონთა ქვეყანაში ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ ავადმყოფის სამოსს წვავდნენ და გამოჯანმრთელებისას მისთვის ახალი მიჰქონდათ. ნაავადმყოფარი გამოჯანმრთელებიდან მხოლოდ მე-7 დღეს ბრუნდებოდა შინ, მანამდე კი თმას იჭრიდა და საგულდაგულოდ იბანდა ტანს. ებრაელთა წინამძღოლი მოსე თავის ხალხს რელიგიურ კანონებთან ერთად ჰიგიენის წესებსაც უდგენდა, რაც ითვალისწინებდა წყლისა და ნიადაგის დაბინძურებისგან დაცვას, რაციონალურ კვებას და ქცევას საომარი მოქმედებისას.

ჩინეთი

ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი ათასი წლის წინათ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ სწორ კვებას, საკვების დამუშავებას, სხეულის მოვლას, მასაჟს, წყლის პროცედურებს, მზის აბაზანებსა და სამკურნალო ტანვარჯიშს. ცხოვრების ნორმალური პირობების შესანარჩუნებლად არსებობდა სამელიორაციო სისტემები. ძველ ჩინეთში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პრობლემა იყო ჭაობების ამოშრობა, რადგან სწორედ ისინი მიაჩნდათ მრავალი უბედურების სათავედ.


სისუფთავის 7 წესი

ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული იყო სისუფთავის ტრაქტატი, რომელიც 7 ძირითად მცნებას მოიცავდა:

1. “სუფთა ხელები” - გულისხმობდა ხელების ხშირ ბანას, აგრეთვე იმას, რომ ხელი არ უნდა გეხლო არაფერი ზედმეტისთვის, აქვე იგულისხმებოდა შემოსავლის განსაზღვრული ნაწილის (მეათედის, მეორმოცედის) მიცემა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა;

2. “სუფთა ყურები” - ითვალისწინებდა ყურების რეგულარულ წმენდას, აგრეთვე იმას, რომ არ უნდა გესმინა შეშინებული, გაბოროტებული და დაბნეული ადამიანებისთვის, დაგეცვა ყურები ჭორებისგან, არაფრის მომცემი საუბრებისა და ბილწსიტყვაობისგან;

3. “სუფთა თვალები” - იგულისხმებოდა თვალების ამობანა ყოველ დილით წყაროს წყლით, აგრეთვე მათი დაცვა შურის, ბოროტებისა და სიძულვილისგან;

4. “სუფთა პირი” - გულისხმობდა პირის ღრუსა და კბილების სისუფთავეს, აგრეთვე უაზრო, უსაფუძვლო საუბრებისა და ბილწსიტყვაობისთვის თავის არიდებას;

5. “სუფთა სხეული და ტანსაცმელი” - გულისხმობდა, რომ სხეული და ტანსაცმელი მუდამ სუფთა უნდა გქონოდა;

6. “სუფთა თავი” - ითვალისწინებდა თმის მოვლას, აგრეთვე - გონებიდან ყველაფერი ზედმეტის, მათ შორის - ნეგატიური და ბოროტი აზრების განდევნას. არ შეიძლებოდა საკუთარი თავის შებრალება.

7. “სუფთა სული და გული” - ითვალისწინებდა სულიერი განცდების არსებობას, მათ გააზრებას და იმას, რომ არ შეიძლებოდა მათი იგნორირება: “თუ გსურთ, იყოთ სუფთა და ჯანმრთელი, გიყვარდეთ და არაფერი ითხოვოთ სანაცვლოდ, რადგან სიყვარული თავისთავად დიდი ბედნიერებაა”.

ინდოეთი

ინდოეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3 ათასი წლის წინათ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ გარემოს. სახლებს მდინარეების ახლოს აშენებდნენ. დღემდეა შემორჩენილი იმ პერიოდის საცხოვრებელი ნაგებობები, რომლებშიც საცურაო და დასაბანი აუზებია. დიდ ქალაქებში იყო საკანალიზაციო სისტემები, რომლებითაც უვარგისი, გამოყენებული წყალი ქალაქგარეთ გაედინებოდა.

საბერძნეთი

ელადაში ჰიგიენა განსაკუთრებით მაღალ დონეზე იდგა. ბერძნები ჯანმრთელობის ქალღმერთ ჰიგიასაც კი ეთაყვანებოდნენ, რომელიც, მათი წარმოდგენით, ზრუნავდა დაავადებათა აღსაკვეთად და ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. სწორედ მის სახელს უკავშირდება მედიცინის დარგის სახელწოდება - ჰიგიენა. ძველ საბერძნეთში ხორციელდებოდა სისტემური ჰიგიენური კონტროლი, რომელსაც სანიტარიული პოლიცია ახორციელებდა. ის აკონტროლებდა საკვებს, წყალსატევებს, წყალგამყვან და საკანალიზაციო არხებს. ინფექციური დაავადებების საწინააღმდეგოდ ტარდებოდა ჰაერისა და შენობების დეზინფექცია არომატული ნივთიერებებით.

რომი

ჰიგიენა მაღალ დონეზე იყო განვითარებული რომის იმპერიაშიც, რადგან, რომაელების აზრით, რომის იმპერიის ძლიერებას სისუფთავე და ჯანმრთელობა განსაზღვრავდა. გამუდმებით ლაშქრობაში მყოფი ჯარისთვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა პირადი ჰიგიენის დაცვას. რომში ჯერ კიდევ მონათმფლობელური წყობილებისას აშენდა სანიტარიული დანიშნულების ნაგებობები, რომლებიც დღესაც რომაელების სიამაყის საგანს წარმოადგენს. ესენია: წყალგამყვანი და საკანალიზაციო მოწყობილობა, Aqua Marcia, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს ისტორიულ-კულტურულ ძეგლად არის მიჩნეული; უნიკალური მასშტაბების აბანოები - თერმები, სადაც ერთდროულად რამდენიმე ათასი ადამიანი ბანაობდა; თერმების ტერიტორიაზევე იყო სავარჯიშოდ, დასასვენებლად და საკვების მისაღებად განკუთვნილი ადგილები. საბერძნეთის მსგავსად, რომშიც არსებობდა სანიტარიული სამსახური, რომელიც თვალყურს ადევნებდა საკვების ხარისხს ბაზარზე, მშენებლობის ხარისხს, ნარჩენებისა და ნაგვისაგან ტერიტორიების დასუფთავებას.

საქართველო

სხეულის სისუფთავეს საქართველოშიც უხსოვარი დროიდან დიდი ყურადღება ექცეოდა. ამ კუთხით ჩვენი წინაპრები ტოლს არ უდებდნენ უდიდესი ცივილიზაციის ქვეყნებს. ამას მოწმობს არმაზის ხეობაში ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე ათასწლეულში აშენებული აბანოები. აქ წყალი გავარვარებულ თიხაზე დასხმით თბებოდა და, როგორც თანამედროვე აბანოებში, ზევიდან მოედინებოდა. თუ ანტიკურ ქვეყნებში აბანოთი მხოლოდ შეძლებული ფენა სარგებლობდა, წყალუხვ საქართველოში ეს დაბალ სოციალურ საფეხურზე მდგომი ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი გახლდათ.