სწორად სუნთქვა და მისი მეთოდიკები

ფილტვისმიერი სუნთქვისგან განსხვავებით, ფილტვის ვენტილაცია (გარეგანი სუნთქვა) გარემოსა (ატმოსფეროს) და ალვეოლებს შორის ჰაერის გაცვლა-გამოცვლაა. ვენტილაციის მექანიზმს საფუძვლად უდევს სუნთქვითი აქტი, რომელიც ჩასუნთქვისა და ამოსუნთქვისგან შედგება. ის გულმკერდის ყაფაზის რიტმული მოძრაობით - გაფართოებითა და შეკუმშვით (აწევა-დაშვებით) ხორციელდება. ჩასუნთქვისას სასუნთქი კუნთები აქტიურად მუშაობენ. ეს სუნთქვის აქტიური ფაზაა, რომელიც ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსულ იმპულსებს მოჰყვება. გულმკერდის ყაფაზის გაფართოებას გულმკერდის ღრუსა და ფილტვის მოცულობის მომატება მოჰყვება. ამ დროს ალვეოლური წნევა იკლებს, ამიტომ ატმოსფეროს ჰაერი ალვეოლებში შედის. ცნობილია, რომ ჩასუნთქულ ჰაერში შემავალი ჟანგბადი უზრუნველყოფს ორგანიზმში მიმდინარე სასიცოცხლო მნიშვნელობის ჟანგვით პროცესებს. ამოსუნთქვა ხდება პასიურად, სასუნთქი კუნთების მოდუნებისა და გულმკერდის ყაფაზის დაშვების შედეგად. ალვეოლების ელასტიკური ქსოვილი, რომელიც ჩასუნთქვისას დაჭიმული იყო, ამოსუნთქვისას ეშვება. ამ დროს ალვეოლებში ჰაერის წნევა ატმოსფეროს წნევას სჭარბობს და ჰაერი გარეთ გამოდის. ჩასუნთქვა-ამოსუნთქვისას ფილტვის გაჭიმვის სხვადასხვა დონე, ისევე როგორც სასუნთქი კუნთების დაჭიმვისა და შეკუმშვისა, რეფლექტორულად მოქმედებს სუნთქვის რიტმზე.
როგორ ვისუნთქოთ სწორად
უპირველეს ყოვლისა, უნდა ვისუნთქოთ ცხვირით! შესუნთქული ჰაერი ცხვირის ღრუში:
- თბება (ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცივ ამინდში);
- ტენიანდება (მშრალ ჰაერს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსი ატენიანებს);
- განიცდის ერთგვარ ფილტრაციას - იწმინდება მიკრობებისგან, მტვრისა და სხვა ნაწილაკებისგან (ეს ფილტვებს დაბინძურებისგან იცავს);
- ცხვირით სუნთქვის დროს ვენტილაციას განიცდის ცხვირის ქოანები და დანამატი წიაღები.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ამგვარად, ცხვირის ღრუს რთული სისტემა უზრუნველყოფს შესუნთქული ჰაერის მაქსიმალურ დამუშავებას სასუნთქ გზებში მოხვედრამდე. ამოსუნთქვისას ცხვირის ღრუს რეცეპტორული აპარატის მექანიკური გაღიზიანება გავლენას ახდენს სუნთქვისა და სისხლში აირთა რეგულაციაზე. ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისას სწრაფად იცვლება აირთა შემადგენლობა სისხლში. ცვლილებას განიცდის ჟანგბადის ოდენობის რეგულაციაც. მაგალითად, თუ ჯანმრთელ ბავშვებს სულ ათიოდე წუთით გავუთიშავთ ცხვირით სუნთქვას, მერვე წუთიდან მოყოლებული, სისხლის ჟანგბადით გაჯერება საგრძნობლად შემცირდება; საკმარისია, ბავშვი კვლავ ცხვირით სუნთქვაზე გადაერთოს, რომ შესაბამისი მაჩვენებლები თანდათანობით ნორმას დაუბრუნდება. აქვე უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ცხვირით სუნთქვით შეუძლებელია ფილტვების ვენტილაციის ზღვრული სიდიდეების მიღწევა ინტენსიური ფიზიკური მუშაობისას, ამიტომაც ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, ასევე სპორტული ვარჯიშების უმრავლესობის შესრულების დროს აუცილებელია ღრმა და ხშირი სუნთქვა პირით. ცხვირით სუნთქვის გაძნელება აიხსნება ზემო სასუნთქი გზების, მათ შორის ცხვირის ღრუს, ანატომიის (აგებულების) თავისებურებებით. სასუნთქი სისტემა წარმოადგენს საკმაოდ რთულ მილს, რომელსაც ცხვირში, ხორხსა და ბრონქებში ბუნებრივი შევიწროებები აქვს. შესაბამისად, ამ რთულ მილში ჰაერის ნაკადის გადასაადგილებლად გაცილებით მეტი ენერგია იხარჯება, ვიდრე პირით სუნთქვისას.
პირით სუნთქვა
ცხვირით სუნთქვის დარღვევა ფიზიკური განვითარებისა და, საზოგადოდ, ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევას იწვევს. უპირველეს ყოვლისა, ირღვევა აირთა ცვლა (სისხლში ჟანგბადის რაოდენობა 25-30%-ით იკლებს). მცირდება ფილტვებში მოხვედრილი ჰაერის მოცულობაც, გულმკერდის ღრუსა და ზემო სასუნთქ გზებში შეგუბებით მოვლენებს ეყრება საფუძველი, დეფორმაციას განიცდის გულმკერდის ყაფაზი, იზრდება გაციებისა და სხვა დაავადებათა განვითარების რისკი. პირით სუნთქვა აფერხებს ადამიანის ზოგად ფიზიკურ განვითარებას, იწვევს:
- სისხლის მიმოქცევის დარღვევას (ჰიპერტონიას, შეგუბებით მოვლენებს ქალას ღრუში, მეხსიერების დარღვევას და სხვა);
- სისხლის შემადგენლობის ცვლილებას (ჰემოგლობინის, შაქრისა და კალციუმის დაქვეითებას, მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევას და სხვა).
ნერვული სისტემის მოშლილობა ხელს უწყობს:
- შუა და შიგნითა ყურის დაავადებათა განვითარებას, სმენის დაქვეითებასა და სხვა დარღვევებს;
- მხედველობის დარღვევას, თვალის დაავადებათა განვითარებას;
- საჭმლის მომნელებელი სისტემისა და სხვა შინაგან ორგანოთა ფუნქციის დარღვევას;
- ყნოსვის დაქვეითებას;
- მეტყველების განვითარება-ჩამოყალიბების შეფერხებას.
ცხვირით სუნთქვის გაძნელებისას ღრმა მორფოფუნქციური ცვლილებები ვითარდება ძვალკუნთოვანი აპარატის მხრივაც. მაგალითად, ცხვირის ძგიდის გამრუდებისა და ქვედა ყბის ძვლის დეფორმაციის შემთხვევაში არასწორად ვითარდება მაგარი სასა და კბილები, მუდმივად პირით სუნთქვა იწვევს სახის კუნთების არასწორ განვითარება-ფორმირებას, კერძოდ, ქვედა ტუჩის დაკიდებას, ცხვირ-ტუჩის ნაკეცების გადასწორებას, დამახასიათებელი მიმიკისა და ეგრეთ წოდებული გამოწეული სახის ჩამოყალიბებას. ამოსუნთქვა შეიძლება როგორც ცხვირით, ასევე პირით. ძილის დროს ხვრინვა არასწორი სუნთქვის - პირით სუნთქვის - მანიშნებელია. ამ დროს რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვას პერიოდულად მოსდევს სუნთქვის შეკავება 30-60 წამით, ზოგჯერ უფრო მეტი ხნითაც. ასეთი ადამიანის ტვინი ღამით საკმარისი ოდენობის ჟანგბადს ვერ იღებს და, შესაბამისად, ცუდად ისვენებს. ეს არის აპნოე (ბერძნული სიტყვაა და სუნთქვის შეჩერებას ნიშნავს).