რატომ აქვთ პატარებს "სუსტი" ბრონქები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ აქვთ პატარებს "სუსტი" ბრონქები

- სასუნთქი სისტემის ვირუსული ინფექცია მცირე ასაკის ბავშვებში, წესისამებრ, მწვავე ბრონქიტით ვლინდება. 5-6 თვის ჩვილები ყველაზე ხშირად წვრილი ბრონქების - ბრონქიოლების ანთებით ავადდებიან. მწვავე ბრონქიოლიტი უმთავრესად ორ წლამდე აღინიშნება. მწვავე ბრონქიოლიტი სასუნთქი სისტემის მწვავე ანთებითი დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს ბრონქიოლებისა და წვრილი ბრონქების გენერალიზებული ობსტრუქციული დაზიანება. ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა სასუნთქი გზების ობსტრუქცია განსაზღვრეს როგორც სასუნთქი გზების შევიწროება ან ოკლუზია (დახშობა), რომელიც შეიძლება იყოს ბრონქის სანათურში ექსუდატის დაგროვების, ლორწოვანი გარსის შეშუპების, კედლის შესქელების, კუნთების სისუსტის, ფილტვის რესტრაქციის ძალის შემცირების, სასუნთქი გზების კომპრესიის შედეგი.

- რით აიხსნება ჩვილებში ავადობის უფრო მაღალი მაჩვენებელი?

- ამის მიზეზია სასუნთქი სისტემის დამახასიათებელი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებანი, რომლებიც ხელს უწყობს სასუნთქი გზების დაზიანებას და მწვავე ვირუსული ინფექციის მძიმე ობსტრუქციული სინდრომით მიმდინარეობას, თუმცა ობსტრუქციული სინდრომის განვითარება მხოლოდ ამით რომ ავხსნათ, გაუგებარი იქნება, რატომ არ უყალიბდება იგი ყველა ბავშვს ნებისმიერი ვირუსული ინფექციის დროს. საქმე ის არის, რომ არსებობს დაავადების განვითარების ხელშემწყობი ფაქტორებიც. ესენია: ხელოვნური კვება, ალერგიული დიათეზი, პარატროფია (დიდი წონის ჩვილი), თანდაყოლილი ფაქტორები.

- რომელი ვირუსი იწვევს მწვავე ბრონქიოლიტს?

- ასიდან 50-60 შემთხვევაში გამომწვევია რესპირაციულ-სინციტიური (რს) ვირუსი, შედარებით იშვიათად - ციტომეგალოვირუსი, ქლამიდია. რს ვირუსის ეპიდემიის ტალღა, ჩვეულებრივ, ოქტომბრიდან ივნისამდე გრძელდება. ეპიდემიის დროს ავადდება ადრეული ასაკის ბავშვების 20-29%. ოჯახში, წესისამებრ, ინფექციის წყაროა უფროსი ბავშვი, რომელსაც რს ინფექციის დროს მხოლოდ ცხვირიდან გამონადენი და ხველა უვითარდება.

- როგორ ვლინდება დაავადება ადრეული ასაკის ბავშვებში?

- დაავადება იწყება ცხვირიდან გამონადენით - რინიტის ან ნაზოფარინგიტის (ყელის სიწითლე და ცხვირიდან გამონადენი) სიმპტომებით, შემდეგ ნელ-ნელა ან სწრაფად პროგრესირებს ხველა და ქოშინი. სუნთქვის სიხშირე წუთში 60-70-ს აღწევს, ამოსუნთქვა ძნელდება, სუნთქვაში მონაწილეობს დამხმარე კუნთები, რაც ნეკნთაშუა არეების, ლავიწზედა და ლავიწქვეშა ფოსოების ჩაზნექით, ნესტოების ბერვით გამოიხატება. აღინიშნება სიფითრე, ცხვირ-ტუჩის არის სილურჯე, იშვიათად - გენერალიზებული ციანოზი. ხველა მშრალია, სპაზმური, სუნთქვა - ხმაურიანი. სუნთქვის უკმარისობის პროგრესირებასთან ერთად იმატებს მოუსვენრობა. დამახასიათებელია მაჯისცემის აჩქარება, გულის ტონების მოყრუება. დაავადების სიმძიმე სუნთქვის უკმარისობით არის განპირობებული. ბავშვი მძიმე ავადმყოფობის შთაბეჭდილებას ახდენს, თუმცა კლინიკურ სურათში ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები არ დომინირებს. ტემპერატურა ასიდან 50 შემთხვევაში სუბფებრილურია, 15-20 შემთხვევაში - ნორმალური. ადენოვირუსული ინფექციის დროს სიცხე 6-8 დღე გრძელდება, რს ინფექციისა და პარაგრიპის დროს - 2-3 დღე.

- როდის უნდა მიმართონ მშობლებმა ექიმს?

- მწვავე ბრონქიოლიტის მიმდინარეობა უმეტესად კეთილსაიმედოა. ობსტრუქციული სინდრომი 1-2 დღე გრძედლება, შემდეგ კი სუსტდება და მე-7-10 დღისთვის სავსებით ქრება. ადენოვირუსული ინფექციის დროს ობსტრუქციული სინდრომის გაქრობა ტემპერატურის დაცემას ემთხვევა. მიუხედავად ამისა, ხმაურიანი სუნთქვის, სპაზმური ხველის შემჩნევისთანავე აუცილებელია ბავშვი ექიმმა ნახოს. მწვავე ბრონქიოლიტი ძალზე იშვიათად რთულდება, მაგრამ გამორიცხული არ არის მეორეული გართულება. ავადმყოფისთვის კრიტიკულია პირველი 2-3 დღე, როდესაც გამოხატულია ობსტრუქციული ხველა, სუნთქვის რიტმის დარღვევა (დისპნოე) სუნთქვის პერიოდული შეწყვეტით (აპნოეთი). ამ დროს პატარა პაციენტი შეიძლება დაიღუპოს კიდეც.

- როგორ ავიცილოთ თავიდან ასეთი დასასრული?

- დაავადების პირველი ნიშნების შემჩნევისთანავე მიმართეთ პედიატრს. მკურნალობა პაციენტის ასაკისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით ტარდება სტაციონარში ან ამბულატორიულად, შინ. დროული და მართებული მკურნალობის შემთხვევაში მდგომარეობა 3 დღის შემდეგ უმჯობესდება, თუმცა არ არის გამორიცხული, პროცესმა გაცილებით მეტხანს, 2-3 კვირასაც კი გასტანოს. ეს დამოკიდებულია ორგანიზმის ზოგად იმუნურ მდგომარეობაზე, თანმხლებ დაავადებებზე, ბავშვის კვებაზე, ასაკზე (რაც უფრო პატარაა პაციენტი, მით უფრო მძიმედ მიმდინარეობს დაავადება). უწინარეს ყოვლისა, საჭიროა სუნთქვის უკმარისობის კორექცია. სახლის პირობებში ეს გულისხმობს სუფთა ჰაერის (საჭიროებისას - ჟანგბადის ბალიშით) მიწოდებას, საწოლის თავი ოდნავ წამოწეული უნდა იყოს. პატარას აძლევენ დიდი რაოდენობით სითხეს, დედის რძეს, ნახველის გამათხიერებელ საშუალებებს, უკეთებენ ინჰალაციებს, აძლევენ სიმპტომურ - ხველის საწინააღმდეგო საშუალებებს, ანტიჰისტამინურ პრეპარატებს. ანტიბიოტიკი მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც ბავშვი 6 თვემდე ასაკისაა, აქვს მძიმე პრემორბიდული ფონი (სამშობიარო ტრავმა, დღენაკლულობა, წონის დეფიციტი) და სავარაუდოა ბაქტერიული ინფექციის თანდართვა. მწვავე ბრონქიოლიტის სპეციფიკური მკურნალობა არ არსებობს. ინიშნება დამზოგველი რეჟიმი და დიეტა. თუ პატარა ჭამაზე უარს ამბობს, ნუ დააძალებთ. საკვები მიეცით ხშირად და მცირე ულუფებით, ტემპერატურული რეაქციის პერიოდში - სიცხის დამწევ საშუალებებთან ერთად უხვად სითხეც. ვინაიდან ობსტრუქციის მთავარი შედეგი ფილტვის ვენტილაციის დარღვევა და ჟანგბადის ნაკლებობაა, მკურნალობის ძირითადი პრინციპია ოპტიმალური ოქსიგენოთერაპია, ამიტომ ჟანგბადის მიწოდება სველი წესით აუცილებელია ობსტრუქციული სინდრომის გაქრობამდე. მკურნალობის საკმაოდ ეფექტური მეთოდია აეროზოლოთერაპია - ინჰალაციით ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიწოდება, მუკოლიზური (ნახველის გამათხელებელი) და ბრონქოლიზური საშუალებების მიცემა.


- ბავშვთა ასაკში არცთუ იშვიათად გვხვდება ბრონქული ობსტრუქციით მიმდინარე დაავადება - ასთმა. რა განსხვავებაა მწვავე რესპირატორული დაავადების ფონზე განვითარებულ ობსტუქციულ ბრონქიტსა და ასთმას შორის?

- ზოგიერთი ვირუსული ინფექცია ჩვილ ბავშვებში ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთებას იწვევს. შედეგად ბრონქის სანათური ვიწროვდება, პატარას უძნელდება ამოსუნთქვა. ასაკის მატებასა და ბრონქების დიამეტრის ზრდასთან ერთად ინფექციები, თუმცაღა კვლავ იწვევს ბრონქიტს, ბრონქების გამტარობაზე მნიშვნელოვან გავლენას ვეღარ ახდენს. ალერგიული ბავშვების შემთხვევაში იგივე ხდება, მაგრამ ისინი ინარჩუნებენ ბრონქების მომეტებულ მგრძნობელობას (ჰიპერრეაქტიულობას), რაც პრაქტიკულად ყოველი ახალი ინფექციის დროს ბრონქოსპაზმის განვითარებას განაპირობებს. გარდა ამისა, ობსტრუქციული შეტევა შეიძლება განვითარდეს ჩასუნთქული აეროალერგენის პასუხად. სწორედ ეს არის ბრონქული ასთმა. მეორე განსხვავება ის არის, რომ ასთმით დაავადებულთა ბრონქების ლორწოვან გარსში ანთებითი ცვლილებები მაშინაც კი მიმდინარეობს, როდესაც შეტევა არ აღინიშნება. ამიტომაც არის აუცილებელი ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა არა მარტო შეტევის პერიოდში, არამედ რემისიების განმავლობაშიც. ამჟამად ასეთი პრეპარატები არსებობს და მათი გამოყენება ხანგრძლივი მკურნალობის რეჟიმში ასთმასთან ბრძოლის საფუძვლად უნდა იქცეს. სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, როგორც აღვნიშნეთ, ბრონქების ობსტრუქციული დაავადებები დამახასიათებელია, მაგრამ ასთმით ყველა მათგანი როდი ავადდება. რისკის ჯგუფში შედიან:

  • ალერგიული წინასწარგანწყობის მქონე ბავშვები (რისკის ფაქტორებია ალერგიული მშობლები, კანის ალერგიული გამოვლინებები, კანის დადებითი ალერგიული სინჯი ან სისხლში იმუნოგლობულინის მაღალი დონე);
  • ბავშვები, რომელთაც ობსტრუქციული დაავადებები ტემპერატურული რეაქციის გარეშე უვითარდებათ (ეს არაინფექციური ალერგენის არსებობაზე მეტყველებს);
  • ბავშვები, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ სამი და მეტი ობსტრუქციული ეპიზოდი.

სამ წელზე უფროსი ასაკის ყველა ბავშვს ობსტრუქციული გამოვლინების შემთხვევაში ბრონქული ასთმის დიაგნოზი უნდა დაესვას.

- როგორ მიმდინარეობს ასთმის შეტევა, რაზე უნდა გაამახვილოს მშობელმა ყურადღება?

- ჩვეულებრივ, შეტევა უეცრად იწყება, სუნთქვა ხშირდება, ჭირს ამოსუნთქვა. ბავშვი იძულებით მჯდომარე პოზას იღებს და ზედაპირულად სუნთქავს. მსტვენი ამოსუნთქვა ზოგჯერ შორ მანძილზეც ისმის, ზოგჯერ კი მხოლოდ პირთან ყურის მიტანისას. ვინაიდან ამოსუნთქვა გაძნელებულია, ჰაერი ფილტვებში გროვდება, ამის გამო გულმკერდი ფართოვდება. თუ ხელს დაადებთ, ამოსუნთქვისას რხევებს შეიგრძნობთ. შეტევა რამდენიმე წუთიდან საათამდე გრძელდება, არცთუ იშვიათად ის თავისთავად გაივლის, მაგრამ ეს არ იძლევა საფუძველს, გულხელდაკრეფილი ველოდოთ მის დასასრულს ან გამოვიყენოთ  არატრადიციული სამედიცინო მეთოდები. მოხრჩობის შეგრძნება, რომელიც ბავშვს შეტევის დროს აქვს, მეტად მტანჯველია. შიში და დაძაბულობა ყოველწამიერად იმატებს, რაც, თავის მხრივ, აძლიერებს ბრონქოსპაზმს. მძიმე შემთხვევაში საჭიროა ინტენსიური თერაპია. შეტევათა შორის პერიოდი განსხვავებულია. ზოგიერთს ამ დროს არავითარი ცვლილება არ აღენიშნება, ზოგს კი სუნთქვის ფუნქცია შესამჩნევად აქვს შეზღუდული.

- როგორ ავიცილოთ თავიდან შეტევა, თუ ეს საერთოდ შესაძლებელია?

- შეტევის პრევენცია მკურნალობის მთავარი ამოცანაა. ამისთვის, გარდა მედიკამენტური თერაპიისა, მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებები: შეძლებისდაგვარად მოარიდეთ ბავშვი ალერგენებთან (პირველ რიგში - ოთახის მტვერთან) კონტაქტს. აიღეთ ხალიჩები, რბილი ავეჯი (უკიდურეს შემთხვევაში იმ ოთახში მაინც, სადაც პატარას სძინავს). გააჩუქეთ ან საიმედოდ გადამალეთ რბილი სათამაშოები, წიგნები შემინულ თაროებზე დააწყვეთ, ხშირად მოუსვით მტვერსასრუტი, ოთახები სველი წესით დაალაგეთ. ნუ დაუდებთ ბავშვს ბუმბულის ბალიშს, ბამბისა ან პარალონისა ჯობს. შინაურ ცხოველებსა და ფრინველებთან განშორება ძნელია, მაგრამ აუცილებელი. ასევე ნუ გააჩერებთ სახლში ყვავილებსა და ქოთნის მცენარეებს. უარი თქვით სიგარეტზე. ასთმით დაავადებული ბავშვისთვის აუცილებელია სუფთა ჰაერზე რაც შეიძლება მეტი ხნით ყოფნა და სეირნობა. მეტად მიშვნელოვანია გაკაჟება - ის რესპირატორული ინფექციების განვითარების ალბათობას ამცირებს. სასუნთქი სისტემისთვის მეტად სასარგებლოა სპეციალური სამკურნალო ფიზკულტურა, სუნთქვითი ვარჯიშები. გირჩევთ, დაისვენოთ ბავშვთან ერთად მაღალმთიან კურორტებზე. ზღვის დონიდან 1500-2000მ სიმაღლეზე პრაქტიკულად არ არის ალერგენები, რომლებსაც შეტევის პროვოცირება შეუძლია. დროული და მართებული მკურნალობა, ცხოვრების ჯანსაღი წესი და ჯანსაღი (ნაკლებალერგიული) კვება ასთმით დაავადებული ბავშვის მდგომარეობის სტაბილიზაციას უზრუნველყოფს. ამ შემთხვევაში, თუნდაც შეტევების მთლიანად აღკვეთა ვერ მოხერხდეს, ისინი იშვიათდება და უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. გირჩევთ, ბრონქული ობსტრუქციის პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოთ ექიმს, რათა იოლად დაამარცხოთ დაავადება და გართულებები თავიდან აიცილოთ.