ადენოვირუსული ინფექცია
გვესაუბრება შპს "ბავშვთა ინფექციური კლინიკის" ინფექციონისტი მაკა შარაშენიძე.
-
რა დაავადებაა და რამდენად არის გავრცელებული ადენოვირუსული ინფექცია?
- ადენოვირუსული ინფექცია მწვავე რესპირატორულ-ვირუსული დაავადებაა, რომელიც მიმდინარეობს ტემპერატურის მომატებით, ზედა სასუნთქი გზების დაზიანებით, კონიუნქტივიტით (თვალის ლორწოვანი გარსის ანთებით), პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდებით.
შეიძლება გამოიწვიოს ეპიდემიური კერატოკონიუნქტივიტი, მწვავე დიარეა და ენცეფალომიელიტი. სიკვდილი ძალზე იშვიათია. დადგენილია, რომ ბავშვებში ადენოვირუსული ინფექციის წილად ზედა სასუნთქი გზების მწვავე დაავადებათა 12-21% მოდის.
-
როგორ ხდება ინფიცირება?
- ამ დაავადების გამომწვევი სხვა ვირუსებზე უკეთ უძლებს გარემო პირობებს. ინფექციის წყაროა ავადმყოფი ან ვირუსმატარებელი ადამიანი. ვირუსის აღმოჩენა შეიძლება ყელიდან აღებულ ნაცხში დაავადების 25-ე დღემდე. ვირუსს შეუძლია ნაწლავებში გამრავლებაც, ამიტომ არც ინფექციის ალიმენტური გზით გადაცემაა გამორიცხული.
ჩვილებში ადენოვირუსი არცთუ იშვიათად იწვევს პნევმონიას (ფილტვების ანთებას). მასვე მიიჩნევენ დამნაშავედ (უშუალო მიზეზად ან მაპროვოცირებელ ფაქტორად) ყივანახველის მსგავსი სინდრომის, მეზენტერიული (მუცლის ღრუში არსებული წვრილი ნაწლავების) ლიმფადენიტის, ნაწლავთა ინვაგინაციის (ჩაჭედვის) და სხვა სინდრომების განვითარებაში. ვირუსი ორგანიზმში ზედა სასუნთქი გზების, თვალისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსებიდან იჭრება.
-
როგორ ვლინდება დაავადება?
- საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 2-7 დღეა. დაავადება იწყება მწვავედ, მაგრამ სიმპტომები არა ერთბაშად, არამედ თანამიმდევრობით მჟღავნდება. ტემპერატურა 2-3 დღის განმავლობაში აღწევს 38-39 გრადუსს, იშვიათად - 40-ს.
ამ დროს ზომიერად არის გამოხატული ინტოქსიკაციის ზოგადი ნიშნები: სისუსტე, უმადობა, თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, იშვიათად - კუნთებისა და სახსრების ტკივილი.
მეტ-ნაკლებად შესამჩნევია სხვადასხვა ინტენსივობის ცვლილებები ზედა სასუნთქ გზებში, ყელში, ნუშურებში, კონიუნქტივაში, იშვიათად - კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ცხვირიდან პირველივე დღიდან მოედინება დაავადებისთვის დამახასიათებელი უხვი სეროზული გამონადენი, რომელმაც შემდგომ შესაძლოა სეროზულ-ჩირქოვანი ხასიათი მიიღოს. ცხვირით სუნთქვა გაძნელებულია, ყელის გასინჯვისას შეინიშნება ნუშურების, სასის რკალების ზომიერი ჰიპერემია (სიწითლე) და შეშუპება. დამახასიათებელია ხახის უკანა კედლის სიწითლე და გადიდებული ფოლიკულები. ვითარდება ფოლიკულური, გრანულოვანი ფარინგიტი, სასის შეშუპებულ კედლებზე ჩნდება მოთეთრო ნადები და შესქელებული ლორწო.
ხველა დაავადების პირველივე დღიდან პროდუქტიულია და განსაკუთრებით შემაწუხებელია ადრეული ასაკის ბავშვებისთვის. ფილტებში მოისმინება მშრალი ან სველი გაფანტული ხიხინი.
ყველაზე მეტად დამახასიათებელია თვალის ლორწოვანი გარსის დაზიანება - კონიუნქტივიტი, რომელიც ზოგჯერ დაავადების პირველივე დღიდან არის გამოხატული, ზოგჯერ კი მოგვიანებით, მე-3-5 დღეს იჩენს თავს. პროცესში ერთვება ჯერ ერთი, შემდეგ მეორე თვალი. ბავშვები უჩივიან წვას, უცხო სხეულის შეგრძნებას. ქუთუთო ჰიპერემიული და შეშუპებულია, თვალი ნახევრად ღიაა. ზოგჯერ კონიუნქტივაზე ჩნდება მკვრივი მორუხო-მოთეთრო აპკისებრი ნადები სკლერებში სისხლჩაქცევებით.
დიფტერიისგან განსხვავებით, აპკი არასდროს არ სცილდება კონიუნქტივის საზღვრებს. კონიუნქტივიტი ადენოვირუსული ინფექციის გავრცელებული და დამახასიათებელი სიმპტომია. მას ადენოვირუსული ინფექციის "სავიზიტო ბარათსაც" კი უწოდებენ. სახის შეშუპება, ქუთუთოების შეშუპება, სეროზულ-ჩიქროვანი გამონადენი თვალიდან, უხვი გამონადენი ცხვირიდან საყრდენი სიმპტომებია დაავადების დიაგნოსტიკისთვის.
-
დამახასიათებელი ნიშნების გარეშე ადენოვირუსული ინფექცია სასუნთქი გზების სხვა ინფექციებისგან ძნელი გასარჩევია. როგორ სვამენ დიაგნოზს?
- დიაგნოზზე დაბეჯითებით ლაპარაკი შეიძლება მხოლოდ გამოხატული კლინიკური ფორმების დროს, რომლებიც უმთავრესად ფარინგოკონიუნქტივიტისა და კერატოკონიუნქტივიტის ეპიდემიურ აფეთქებებს ეხება. სხვა შემთხვევებში დიაგნოზის დასმა ორგანიზმიდან ადენოვირუსის გამოყოფის გარეშე ძნელია. ვირუსის გამოყოფა ხდება უჯრედულ კულტურებში. მასალას იღებენ თვალიდან, ხახიდან, განავლიდან. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება იმუნური ანალიზი, ანტისხეულების კვლევის იფა (იმუნოფერმენტული) მეთოდი.
-
მოითხოვს თუ არა ადენოვირუსული ინფექცია სპეციფიკურ მკურნალობას?
- სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს. დაავადების მძიმე ფორმების დროს საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, სიმპტომური მკურნალობა, რეკომენდებულია თვალის წვეთების გამოყენება 2-3 დღის განმავლობაში. ანტიბიოტიკები ნაჩვენებია მეორეული ფლორით გართულებისას, როგორებიცაა სტრეპტოკოკური ტონზილიტი, პნევმონია, სინუსიტი, ასევე - დეინტოქსიკაციის მიზნით ინტრავენური გადასხმების დროს. საჭიროა კვების შესაბამისი რეჟიმი - სრულფასოვანი კვება, პოლივიტამინები.
იმისათვის, რომ მომვლელისთვის დაავადებულთან კონტაქტი უსაფრთხო იყოს, გირჩევთ, ყოველი მანიპულაციის ჩატარების შემდეგ (თვალის დამუშავება, პირის ღრუს დამუშავება და ა.შ.) ხელები საპნით დაიბანოთ. ასევე ხშირად გამოუცვალეთ ავადმყოფს თეთრეული, ბალიშისპირი, პირსახოცი. ნუ ისარგებლებთ ავადმყოფის პირადი ნივთებით. დაიცავით უსაფრთხოების ზომები - ან, უბრალოდ, ჰიგიენა.