ჩვილი გოგონას ჰიგიენა
ისინი ბარიერივით ეღობება წინ ინფექციათა გამომწვევ მიკრობებს, რითაც ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის ჩამოყალიბებასა და ნორმალურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს. პატარებს თავდაცვის ფიზიოლოგიური მექანიზმები განუვითარებელი აქვთ, მათი იმუნური სისტემა მხოლოდ და მხოლოდ ფორმირების პროცესშია და ორგანიზმის დაცვაში არცთუ ისე დიდ როლს ასრულებს, ასე რომ, სასქესო ორგანოთა ინფექციის თავიდან ასაცილებლად გოგონები ადრეული ასაკიდანვე უნდა მივაჩვიოთ ამ ორგანოების ჰიგიენას. გვესაუბრება ნეონატოლოგი მედეა სიჭინავა:
- ჰიგიენა ახალშობილის ყოველდღიური ცხოვრების აუცილებელი ნაწილია. განსხვავდება თუ არა ერთმანეთისგან გოგონასა და ვაჟის ჰიგიენური მანიპულაციები?
- პაწიას დაბადებას თან ახლავს მდგომარეობა, რომელსაც ექიმები ჰორმონულ კრიზს ვუწოდებთ. გოგონებს უჯირჯვდებათ სარძევე ჯირკვლები და უჩნდებათ გამონადენი საშოდან. გამონადენი ზოგჯერ სისხლიანია (სულ რამდენიმე წვეთი), ზოგჯერ - უფერული. ჰორმონული კრიზი არავითარ პათოლოგიას არ უკავშირდება, ამიტომ საშიშიც არ გახლავთ. პირიქით, საქმე საგანგაშოდ სწორედ მაშინ არის, როდესაც ახალშობილ გოგონას ჩამოთვლილი ნიშნები არ აღენიშნება. გამონადენის არარსებობა საქალწულე აპკის შეხორცებაზე მეტყველებს. ამ შემთხვევაში ბავშვთა გინეკოლოგის კონსულტაციაა საჭირო. სარძევე ჯირკვლების გაჯირჯვებას მკურნალობა არ სჭირდება. ჯირკვალს ხელს ნუ ახლებთ და შიგთავსს ნუ გამოადენთ. მხოლოდ თბილი საფენები დაადეთ და მსუბუქად გადაახვიეთ.
- როდესაც დედა ინფიცირებულია, დიდია ალბათობა, სამშობიარო გზებში გავლისას ახალშობილიც დაინფიცირდეს...
- მართლაც ხშირია შემთხვევა, როდესაც ახალშობილის საშოში დედის ორგანიზმიდან სასქესო ინფექციათა გამომწვევი მიკრობები ხვდება. 3 თვის ასაკში, პირველი აცრის წინ, ჩვილს აუცილებლად უტარებენ ლაბორატორიულ გამოკვლევას. შარდში ლეიკოციტების მომატება საშოში მიმდინარე ანთებითი პროცესის სიგნალს წარმოადგენს. ანთების მიზეზი შეიძლება იყოს ჰიგიენის წესების დარღვევა (საშოში განავლოვანი მასების მოხვედრა) და გადატანილი ვირუსული ინფექცია (გოგონებს ზემოთა სასუნთქი გზების ინფექციების შემდეგ საშოში ხშირად უვითარდებათ ანთებითი პროცესი). ამ დროს საშოდან გამონადენი 3-5 დღის შემდეგ თავისთავად შეწყდება. თუ ასე არ მოხდა, კონსულტაციისთვის ექიმს უნდა მივმართოთ.
- შესაძლოა თუ არა, ჩვილს ინფექცია დედისგან ან მამისგან ყოფით პირობებში გადაედოს? რამდენად მიზანშეწონილია, პატარას მშობლებთან ერთად ეძინოს?
- ძუძუზე მყოფ ჩვილს დედა ღამით თავის საწოლში გადმოიწვენს ხოლმე. რა თქმა უნდა, ასე უფრო მოხერხებულია: პატარა მოთხოვნისთანავე იღებს რძეს, დედას კი შეუძლია, შუალედში გამოიძინოს. თუმცა ინფიცირების საშიშროება მართლა არსებობს, ამიტომ გირჩევთ, ჩვილს თავისი საფენი დაუფინოთ, რათა მშობლების ზეწარს არ შეეხოს. მით უმეტეს აუცილებელია ეს ზაფხულში, როდესაც ბავშვს შილიფად აცვია. განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა დედ-მამას ანთებითი დაავადებები, უცხო ფლორა პატარას კარგს არაფერს მოუტანს. ასე რომ, შეაჩვიეთ პატარა თავის საწოლში ძილს.
- იცვლება თუ არა გოგონას საშოსა და საშვილოსნოს მიკროფლორა და რაზეა ეს დამოკიდებული?
- საშვილოსნოს ბუნებრივი მიკროფლორის ჩამოყალიბება რთული პროცესია. იგი დამოკიდებულია ჰორმონული სისტემისა და იმუნური თავისებურებების ურთიერთქმედებაზე და ასაკის კვალდაკვალ იცვლება.
ახალშობილი გოგონას საშვილოსნო სტერილურია.
12 საათის შემდეგ მის ლორწოვანზე სახლდებიან ბაქტერიები ლაქტობაცილები, რომლებიც შლიან ლორწოვანის გლიკოგენს. წარმოიქმნება რძემჟავა, რომელიც საშვილოსნოში მჟავა გარემოს ფორმირებას განაპირობებს და მას უცხო მიკროორგანიზმებისგან იცავს.
სიცოცხლის მეოცე დღიდან დედისეული ჰორმონები (პროგესტერონი, ესტროგენი), რომლებიც ვაგინალური ეპითელიუმის გლიკოგენით გაჯერებას უზრუნველყოფს, ახალშობილის ორგანიზმს ტოვებს. ლაქტობაქტერიები ქრებიან. საშვილოსნოს გარემო სუსტი ტუტე ან ნეიტრალური ხდება. იქ კოკები და ბაცილები სახლდებიან.
9 წლის ასაკიდან გოგონას ორგანიზმში ძლიერდება ესტროგენების სეკრეცია, საშვილოსნოს ლორწოვან გარსში მწიფდება, გროვდება გლიკოგენი, 10 წლიდან კი იქ ლაქტობაქტერიების "დასახლება" იწყება, რასაც საშვილოსნოს გარემოს (PH) მჟავიანობისკენ გადახრა მოჰყვება.
12-14 წლის ასაკში, გარდატეხის პერიოდის პიკზე, იმატებს ესტროგენების სტიმულაცია, ლაქტობაქტერიები ინტენსიურად მრავლდება და საშვილოსნოს გარემო მჟავა ხდება. სწორედ ამით აიხსნება, რომ 10 წლის ასაკიდან ვულვოვაგინიტების - ანთებითი დაავადებების - სიხშირე 30-40%-ით მცირდება.
- რამე საფრთხეს ხომ არ უქადის ჩვილს პამპერსი? თუ ასეა, როგორ დავიცვათ გოგონა მისგან?
- დღეს უპამპერსოდ ჩვილის გაზრდა წარმოუდგენელია, მაგრამ ნამდვილად არსებობს საფრთხე, პატარა სათბურის ეფექტის მსხვერპლად იქცეს. მისი შედეგია კანის სიწითლე. თუმცა კანის შეწითლება ყოველთვის სველი პამპერსის ბრალი როდია. ის შესაძლოა საკვების მიმართ ალერგიამაც გამოიწვიოს. დიფერენცირება ადვილია: თუ შორისთან ერთად ლოყების ან ხელების კანიც გაწითლდა, ეს ალერგიაა. არსებობს ანტიალერგიული საცხები, რომლებიც ამ სიწითლეს აალაგებს. თუ მალამომ ბავშვს არ უშველა, სიწითლეს საშოდან გამონადენიც დაერთო და ბავშვიც მოუსვენრობს, გირჩევთ, კონსულტაციისთვის ბავშვთა გინეკოლოგს მიმართოთ - გამორიცხული არ არის, დედის ინფექციას ან პამპერსით გამოწვეულ დერმატიტს საშვილოსნოს ანთების პროვოცირება მოეხდინა.
აგენტ-პროვოკატორის როლი შეიძლება შეასრულოს ასევე ჰელმინთოზმა - ჭიებით ინვაზიამ. ის მაშინ უნდა ვიეჭვოთ, როდესაც ოჯახში ძაღლი ჰყავთ. ინვაზიის თავიდან ასაცილებლად:
- ნუ მისცემთ პატარას ნებას, იატაკზე იხოხოს;
- სათამაშოდ ისეთი ადგილი გამოუყავით, რომელსაც შინაური ცხოველები არ ეკარებიან;
- დააკვირდით პატარას საქციელს. თუ ის მოუსვენრობს, ხშირად იკიდებს ხელს შორისის მიდამოში, მოკეცილი ჯდება ფეხზე და ქანაობს - ეს იმაზე მიუთითებს, რომ მას შორისის მიდამო ექავება.
პედიატრის კონსულტაცია ამ შემთხვევაშიც საჭიროა.
- რას უნდა ველოდოთ, თუ ანთებითი პროცესი გახანგრძლივდა?
- ასეთ დროს მოსალოდნელია მცირე ბაგეების შეხორცება. გოგონას სასქესო ორგანოების ლორწოვანი ვერ უძლებს ხანგრძლივ გაღიზიანებას, მით უმეტეს - ჭუჭყიანი პამპერსით. მცირე ბაგეების ლორწოვან გარსზე ჩნდება მიკრონაპრალები. ბაგეები იწყებს შეხორცებას და სასქესო ნაპრალი იხურება. დედებს ვურჩევ:
- პატარა გოგონებს ხშირად დაუთვალიერონ სასქესო ორგანოები, რათა უსიამოვნების მაუწყებელი ნიშნები არ გამოეპაროთ;
- დროულად გამოუცვალონ პამპერსი ჩვილს;
- პატარა გულმოდგინედ ჩაბანონ წყლით;
- ფაქიზად, მაგრამ საგულდაგულოდ გამშრალების შემდეგ გარეთა მცირე ბაგეებისა და შორისის მიდამო კრემით ან საბავშვო ზეთით დაამუშაონ;
- ნუ მიაყრიან საბავშვო პუდრს - იგი ლორწოვანს აშრობს და ტრავმას აყენებს;
- სიწითლის შემჩნევისთანავე ბავშვს შორისის მიდამოში წაუსვან თუთიის შემცველი მალამო.
- როგორია ჰიგიენის წესები?
- გოგონა ადრეული ასაკიდანვე უნდა შევაჩვიოთ ჰიგიენის დაცვას. გარეთა სასქესო ორგანოები, შორისის მიდამო ბავშვს მუდამ სუფთა და მშრალი უნდა ჰქონდეს. უნდა ვარიდოთ როგორც გადახურებას, ისე გადაცივებას, გამოვუყოთ საკუთარი საპონი, ღრუბელი, პირსახოცი. ბავშვის თეთრეული და ტანსაცმელი ცალკე გავრეცხოთ. უფროსების საცვლებთან ერთად მათი რეცხვა დაუშვებელია. სასქესო ორგანოების ჩასაბანად მხოლოდ გამდინარე წყალი უნდა გამოვიყენოთ. არამც და არამც არ შეიძლება მათი ჩაბანა აბაზანაში ან თასში ჩაგროვილი წყლით. ამასთანავე, წყალი გადადუღებული უნდა იყოს. გარეთა სასქესო ორგანოები უნდა ჩავბანოთ ყოველი პამპერსის გამოცვლის შემდეგ და ძილის წინ. ეს აუცილებელია, რათა საშო განავლოვანი მასებით არ დაბინძურდეს. პამპერსის გამოცვლის შემდეგ დედამ ან მომვლელმა ჯერ თვითონ უნდა დაიბანონ ხელები საპნით, შემდეგ კი გოგონა ჩაბანონ. ჩაბანა ხდება მუცლის ქვემო ნაწილიდან, წინიდან უკანა ტანისკენ.
- ბევრი წყალს დეზინფექციისთვის კალიუმის პერმანგანატის ხსნარს უმატებს...
- ჩასაბანად მხოლოდ და მხოლოდ სუფთა წყლის გამოყენებას გირჩევთ. სოდა, მარგანცოვკა და სხვა სადეზინფექციო საშუალებები ლორწოვან გარსს აღიზიანებს. ერთი წლიდან სქესობრივ მომწიფებამდე (მენსტრუაციის დაწყებამდე) კი შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ ბავშვის ან სპეციალური ჰიგიენური საპონი, რომელიც გოგონებისთვის არის განკუთვნილი. ჰიგიენის განსაკუთრებული წესები უნდა დაიცვას მოზარდმა მენსტრუაციის დროს. ამ პერიოდში გარეთა სასქესო ორგანოების ჩაბანა დღეში 2-3-ჯერ მაინც არის საჭირო. ამასთანავე, აუცილებელია მკერდისა და იღლიების ჰიგიენური დამუშავება. გოგონას პატარაობიდანვე უნდა შევასწავლოთ სასქესო ორგანოების მოვლა. ავუხსნათ, რომ შორისის მიდამო ფრთხილად უნდა ჩაიბანოს თბილი წყლით წინიდან უკანა ტანისკენ რბილი, ერთჯერადი ხელსახოცით, რათა სწორი ნაწლავის შიგთავსმა საშო არ დააბინძუროს. ასევე უნდა ვასწავლოთ გოგონას სწორი ნაწლავისა და შარდის ბუშტის დროულად დაცლა - გადავსებული ორგანოების საშვილოსნოზე ზეწოლა მისი მდებარეობის შეცვლას იწვევს.
მენსტრუაციის პერიოდში გოგონებმა თავი უნდა შეიკავონ ფიზიკური დატვირთვისგან, მით უმეტეს, თუ ციკლი ტკივილით მიმდინარეობს. გოგონას მოხერხებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი უნდა ეცვას, რათა სისხლის მიმოქცევა არ შეფერხდეს და სასქესო ორგანოები არ გაღიზიანდეს.
განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ სასქესო ინფექციების პროფილაქტიკას. ეს დაავადებები ბავშვს, ჩვეულებრივ, ინფიცირებული დედისგან გადაედება, თუ ის შვილთან ერთად წევს ლოგინში ან ჰიგიენური პროცედურების წინ ხელები კარგად არ დაიბანა. სახიფათოა საერთო პირსახოცით, ღრუბლით სარგებლობა. გოგონამ ყოველდღე უნდა გამოიცვალოს საცვლები. თუ მოზარდს გაუჩნდა უსიამოვნო შეგრძნება, წვა, ქავილი, სიწითლე შორისის ან გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში, მან ამის შესახებ დროულად, მორიდების გარეშე უნდა შეატყობინოს დედას - მდგომარეობა რომ არ გართულდეს, საჭიროა ექიმის, გინეკოლოგის კონსულტაცია.