სასქესო ორგანოთა ინფექციები ქალებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასქესო ორგანოთა ინფექციები ქალებში

მოგვიანებით გაირკვა, რომ სქესობრივი გზით კიდევ არაერთი დაავადება გადაედება. ამ სნეულებებს საერთო სახელი - სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები, შემოკლებით - სგგი (უცხოენოვან ლიტერატურაში - STI, Sexually Transmitted Infections) უწოდეს. მათ შესახებ მეან-გინეკოლოგი ალეკო დიაკონიძე გვესაუბრება.

- ბატონო ალეკო, სქესობრივი გზით გადამდები რომელი ინფექციებია გავრცელებული დღეს ყველაზე მეტად?

- ამჟამად ცნობილია სქესობრივი გზით გადამდები 30-ზე მეტი ინფექცია. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია: ქლამიდიოზი, გონორეა, მარტივი ჰერპესი, აივ/შიდსი, ადამიანის პაპილომავირუსი, სიფილისი (ათაშანგი), ტრიქომონიაზი, ბოქვენის ტილი. ყველა მათგანს აქვს სხვადასხვა ხარისხით გამოხატული სიმპტომატიკა: ტკივილი, ცხელება, გამონადენი სასქესო ორგანოებიდან, გამონაყარი, ქავილი და სხვა.

- როგორ ხდება დასნებოვნება?

- დასნებოვნება შესაძლებელია როგორც ვაგინალური (საშოში), ასევე ორალური (პირის ღრუში) და ანალური (უკანა ტანში განხორციელებული) სქესობრივი აქტის დროს, ხანდახან - აქტის გარეშეც, მხოლოდ სასქესო ორგანოებზე შეხებით.

სგგი-ს ზოგიერთი გამომწვევი ცოცხლობს არა მარტო სასქესო გზებში, არამედ პირის ღრუში, უკანა ტანში, თვალში... ასე რომ, ინფიცირების ალბათობა აქვს ყველას, ვინც კი სქესობრივ ცხოვრებას ეწევა.

სგგი არ გადაედება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შემთხვევითი კონტაქტით, მაგალითად, შეხებით, ხელის ჩამორთმევით, ტრანსპორტის სახელურზე ხელის მოკიდებით, ასევე - საერთო აბანოთი თუ აუზით სარგებლობისას, საერთო ჭურჭლის გამოყენებით. შესაძლებელია სგგი-ს გადაცემა დაავადებული დედისგან ნაყოფზე როგორც ორსულობის, ასევე მშობიარობის (სასქესო გზების გავლის) - და ძუძუთი კვების დროს.

- რას უჩივის დაავადებული?

- სგგი-ს სხვადასხვა სიმპტომები აქვს. ამასთანავე, მათი უმეტესობა ქალებსა და მამაკაცებში სხვადასხვანაირად ვლინდება. ქალებში ინფექციის ნიშნებია:

  • პათოლოგიური გამონადენი საშოდან ან ურეთრიდან ან უსიამოვნო სუნი;
  • ქავილი ან წვის შეგრძნება სასქესო ბაგეებისა და საშოს მიდამოში;
  • წყლულები, ბუშტუკები და სხვა სახის გამონაყარი საშოს ირგვლივ, შორისის მიდამოში ან სხეულის სხვა ნაწილებზე;
  • ტკივილი სქესობრივი აქტის დროს ან მოშარდვისას;
  • ტკივილი მუცლის ქვედა არეში.

შედარებით იშვიათია:

  • კონდილომები გენიტალიების ან ანუსის მიდამოში;
  • მძაფრსუნიანი გამონადენი საშოდან ან ურეთრიდან;
  • მტკივნეული დეფეკაცია.

ზოგჯერ სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები სხვა ინფექციების მსგავსი ზოგადი სიმპტომებით ვლინდება: სისუსტით, კუნთების ტკივილით, ქრონიკული დაღლილობით, ცხელებით, შემცივნებით, ყელის ტკივილით, ღებინებით, ნაწლავთა აშლილობითა და უმადობით, - ზოგჯერ კი უსიმპტომოდაც მიმდინარეობს, განსაკუთრებით ქალებში.

ასე რომ, თუ თქვენს პარტნიორს აქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექცია, თავადაც შეიძლება ინფიცირებული იყოთ, განურჩევლად იმისა, გაქვთ თუ არა დაავადების ნიშნები.

გაგაცნობთ ყველაზე მეტად გავრცელებული სქესობრივი ინფექციების სიმპტომებს, რომლებიც მათ ამოცნობაში დაგეხმარებათ. ტრიქომონიაზს ახასიათებს ყვითელი, სუნიანი გამონადენი, წვა და ქავილი სასქესო ორგანოების მიდამოში, წვა შარდვის დროს და ხშირი შარდვა, გაღიზიანებადობა, მტკივნეული სქესობრივი აქტი, წელის ტკივილი. ასეთი სიმპტომატიკა ქალებში გვხვდება. მამაკაცებს უმეტესად არაფერი აწუხებთ. იშვიათად აქვთ გამონადენი სასქესო ასოდან, უჩნდებათ წვის შეგრძნება შარდვისას და მოშარდვის ხშირი მოთხოვნილება.

ქლამიდიოზის სიმპტომები, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან ერთი-სამი კვირის განმავლობაში იჩენს თავს, თუმცა ეს დაავადება უმეტესად აშკარა კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს. გამონადენი მწირია, გამჭვირვალე რძისებრი, და წებოს მოგვაგონებს. ქლამიდიას შეუძლია დააზიანოს არა მარტო შარდსასქესო ორგანოები, არამედ თვალებიც. მისი გამომწვევი აღწევს უჯრედში და მას, უხეშად რომ ვთქვათ, შიგნიდან ღრღნის. დაზიანებული უჯრედის ადგილას ლორწოვან გარსზე ნაწიბურები ჩნდება.

თუ ქლამიდიას არ ვუმკურნალეთ, ის შიგნითა სასქესო ორგანოებზეც გავრცელდება და გამოიწვევს მუცლის ქვედა ნაწილისა და წელის ტკივილს, მტკივნეულ შარდვასა და ცხელებას. როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში ქლამიდია ხშირად იწვევს უშვილობას. ქლამიდიოზით დაავადებულ ქალებში ხშირია ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა. სამშობიარო გზების გავლისას ნაყოფი შესაძლოა დაინფიცირდეს. ინფექცია ხშირად აზიანებს ნაყოფის თვალებს. გოგონები ხშირად თანდაყოლილი ქლამიდიოზით იბადებიან.

ადამიანის პაპილომავირუსული (აპვ) ინფექცია კარგა ხანს კეთილთვისებიან დაავადებად მიიჩნეოდა. დღეს ის ყველაზე მეტად გავრცელებულ სგგი-დ ითვლება. აპვ-ინფექცია უფრო მეტად არის გავრცელებული, ვიდრე ყველა დანარჩენი სგგი ერთად. აპვ-ინფექციის შემთხვევათა უმრავლესობა უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დაბალი რისკის ჯგუფში პაპილომავირუსი იწვევს მახვილწვერა კონდილომას, მაღალი რისკის ჯგუფში კი ის საშვილოსნოს ყელის დისპლაზიასთან, საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და სასქესო ასოს კიბოსთან ასოცირდება.

ინფექციის ძირითადი გამოვლინება ასეთია: დაავადებულს სასქესო მიდამოების არეში მეჭეჭები უჩნდება. თუ მეჭეჭები მხოლოდ საშოშია, მათ მხოლოდ ექიმი აღმოაჩენს შესაბამისი გასინჯვის შედეგად. კონდილომები ზოგჯერ ბრტყელია, ნაკლებად შესამჩნევი, ზოგჯერ იზრდება, მრავლდება და თანდათან ყვავილოვანი კომბოსტოს მსგავს შესახედაობას იღებს.

პაპილომავირუსი გადაეცემა არა მარტო სქესობრივი გზით, არამედ პირსახოცისა და თეთრეულის მეშვეობითაც. მახვილწვერა კონდილომა უმეტესად უმტკივნეულოა, არც არავითარ უსიამოვნო შეგრძნებას არ იწვევს, მაგრამ გამორიცხული არ არის, დაწყლულდეს და მეორეულად დაინფიცირდეს. ამ შემთხვევაში თავს იჩენს ტკივილი, ქავილი და არასასიამოვნო სუნი. შარდსადენი მილის მახვილწვერა კონდილომამ შესაძლოა გამოიწვიოს საშარდე გზების ნაწილობრივი, ზოგჯერ კი სრული ობსტრუქცია (დახშობა).

გონორეის სიმპტომებმა ინფიცირებიდან რამდენიმე საათშიც შეიძლება იჩინოს თავი და მოგვიანებითაც, 2-10 დღის განმავლობაში, თუმცა გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც სიმპტომები საერთოდ არ არის გამოხატული. ქალებში ის ხშირად ვლინდება შარდვის თანმხლები წვის შეგრძნებით და საშოდან ჩირქოვანი გამონადენით.

ქრონიკული გონორეა იწვევს საშვილოსნოს დანამატების (საკვერცხეებისა და საშვილოსნოს ყელის) ანთებას და საბოლოოდ შესაძლოა უშვილობამდეც კი მიგვიყვანოს. ჰერპესი მჟღავნდება მტკივნეული წყლულებითა და ბუშტუკოვანი გამონაყარით გარეთა სასქესო ორგანოების ან სწორი ნაწლავის (ანუსის) გარშემო.


ეს წყლულები თანდათან სკდება და მტკივნეულ იარებს ტოვებს. ახასიათებს ტკივილი და წვა, განსაკუთრებით - მოშარდვის, სასქესო ორგანოების ჰიგიენური პროცედურის ჩატარების შემდეგ, სიარულის დროს. ტკივილი თან სდევს ასევე სქესობრივ კონტაქტს. ამასთანავე, დაუცველი სქესობრივი კავშირი საფრთხეს უქმნის პარტნიორს, რადგან ვირუსი გადაედება სქესობრივი კონტაქტის დროს.

წყლულები ჩნდება ინფიცირებიდან რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ. მათ გაჩენას ზოგჯერ წინ უძღვის ან თან ერთვის თავის ტკივილი, სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მატება. წყლულები და უსიამოვნო შეგრძნებები 1-2 კვირაში გაივლის, მაგრამ ვირუსი ორგანიზმში რჩება და მისი დამცველობითი ძალების შესუსტებისთანავე დაავადება ხელახლა მწვავდება.

ჰერპესის ვირუსი, საზოგადოდ, გადაედება გამონაყარსა და ლორწოვან გარსთან კონტაქტის გზით, ანუ კოცნისა და სქესობრივი კავშირის შედეგად. გადადება შესაძლებელია გამონაყარის არარსებობის დროსაც, განსაკუთრებით - როცა ადამიანი აივ-ინფიცირებულია.

სიფილისის გამომწვევი, სქესობრივი კონტაქტის ტიპიდან გამომდინარე, შეიძლება მოხვდეს პირის ღრუში, სასქესო ორგანოებში, უკანა ტანში... ინფიცირების მომენტიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ მკრთალი ტრეპონემის შეჭრის ადგილას - სასქესო ორგანოებზე ან სხვაგან - წარმოიქმნება მაგარი შანკრი - პატარა, მრგვალი, უმტკივნეულო, მაგარფუძიანი წარმონაქმნი, რომელიც ძალიან საშიშია, რადგან მასში ბუდობს უამრავი სპიროქეტა - სიფილისის გამომწვევი მიკროორგანიზმი. შანკრის წარმოქმნას თან სდევს ახლომდებარე ლიმფური კვანძების გადიდება. წყლულის გაჩენის მომენტიდან ადამიანი გადამდებია, სანამ არ იმკურნალებს. პირველ წყლულს მოჰყვება სხვადასხვა ზომისა და ფორმის მრავლობითი გამონაყარი, განსაკუთრებით - ხელისგულებსა და ფეხისგულებზე, ლორწოვანზე, მაღალი ცხელება, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ყურების შუილი. წყლულები ძლიერ გადამდებია.

ათაშანგის მეორე სტადია, ჩვეულებრივ, ინფიცირებიდან ექვსი თვის განმავლობაში ვითარდება. ამ პერიოდში შინაგანი ორგანოები და ნერვული სისტემა არ ზიანდება.

გვიანი სიფილისი, რომელიც ინფიცირებიდან ათი წლისა და მეტი ხნის შემდეგაც შეიძლება ჩამოყალიბდეს, არანამკურნალევი სიფილისის ასიდან 25 შემთხვევაში ვითარდება. ამ სტადიაში დაავადების მიმდინარეობა კიდევ უფრო რთულდება. ჩნდება ხორკლისმაგვარი წარმონაქმნები, ვითარდება ნეიროსიფილისი, რომელიც პროგრესირებს და ზურგის ტვინის ღრმა ცვლილებებს იწვევს. ზიანდება გულ-სისხლძარღვთა სისტემაც.

თუ მკურნალობა დროულად დაიწყო, ადამიანი სავსებით იკურნება. სიფილისი შეიძლება გადაედოს დედისგან ნაყოფს ორსულობის დროს. თუ ორსულობის პირველი ნახევრისთვის შესაბამისი მკურნალობა არ ჩატარდა, ბავშვი უმეტესად უკვე დაავადებული იბადება. ეს თანდაყოლილი სიფილისია.

გენიტალური კანდიდოზისთვის დამახასიათებელია ვულვის კანისა და საშოს კარიბჭის ლორწოვანი გარსის შეწითლება. ვულვის კანზე წარმოიქმნება ჯერ ვეზიკულები (მცირე ზომის ბუშტუკები), შემდეგ კი ეროზიები, რომლებიც ერთმანეთს უერთდება და ქერქით იფარება. ამას თან სდევს საშოს ქავილი და წვა, თეთრად შლა ხაჭოსებრი უსუნო გამონადენით. მძიმე შემთხვევებში გამონადენი მწვანეა.

- რა გართულება შეიძლება მოჰყვეს სგგი-ს?

- დაავადება შეიძლება გადაიზარდოს ქრონიკულ სტადიაში, რაც გაართულებს მის გამოვლენასა და მკურნალობას; ინფექცია შეიძლება გავრცელდეს მენჯის ღრუს ორგანოებზე და გამოიწვიოს ანთებითი დაავადებები; სგგი შეიძლება იქცეს უნაყოფობის, თვითნებითი აბორტის, საშვილოსნოსგარე ორსულობის ძირითად მიზეზად; არანამკურნალევი სგგი სასქესო სისტემის სიმსივნური დაავადებების წინაპირობაა.

- როგორ ხდება სგგი-ს დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

- დიაგნოზის დასაზუსტებლად იღებენ და იკვლევენ ნაცხს დაზიანებული ადგილიდან, მაგალითად, წყლულიდან, საშოდან, საშვილოსნოს ყელიდან. გარდა ამისა, კეთდება სისხლისა და შარდის ანალიზები. ტარდება ქალის გინეკოლოგიური გასინჯვა, სარკეებში გენიტალიების დათვალიერება.

დიაგნოზი აუცილებლად უნდა ეცნობოს სქესობრივ პარტნიორს, რათა მანაც მიმართოს დერმატოვენეროლოგს.

თუ სათანადო მკურნალობა არ ჩატარდა, სგგი მიმდინარეობს ხანგრძლივად და ტალღისებურად, ხშირად - გარეგნული ნიშნების გარეშე. არც ერთი სგგი თავისთავად არ იკურნება, ესე იგი სპეციალური მკურნალობის გარეშე ადამიანი ვერ გამოჯანმრთელდება. რაც უფრო ადრე მიმართავს ინფიცირებული ექიმს, მით უფრო ადვილად განიკურნება და, რაც მთავარია, მით უფრო ადვილად აიცილებს თავიდან გართულებებს.

სგგი-ის მკურნალობა გამომწვევზეა დამოკიდებული. ვირუსებით გამოწვეული დაავადებების - აივ/შიდსის, ადამიანის პაპილომავირუსის, ჰერპესის - მკურნალობა ფაქტობრივად შეუძლებელია. შეგვიძლია, მხოლოდ ვაკონტროლოთ ეს დაავადებები. ბაქტერიებითა და პარაზიტებით გამოწვეულ ინფექციებს - ქლამიდიას, გონორეას, სიფილისს, ტრიქომონიაზს, ბოქვენის ტილს - კი მკურნალობენ ანტიბიოტიკებითა და ადგილობრივი სააპლიკაციო საშუალებებით (მაგალითად, ბოქვენის ტილს - სპეციალური შამპუნით).

- როგორ დავიცვათ თავი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან?

- გახსოვდეთ: სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან თავის დაცვის ერთადერთი საიმედო გზა უსაფრთხო სექსია. ერიდეთ შემთხვევით სქესობრივ კავშირებს:

  • ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება თვითკონტროლს ადუნებს და ხელს უწყობს სგგი-ის გავრცელებას.
  • მას, ვისაც ერთზე მეტი სქესობრივი პარტნიორი ჰყავს, უფრო მაღალი აქვს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დასნებოვნების ალბათობა.
  • ისარგებლეთ კონდომით (პრეზერვატივით). 100%-იან გარანტიას, სამწუხაროდ, ვერც ის იძლევა, მაგრამ საგრძნობლად ამცირებს სგგი-ის განვითარების რისკს.
  • დაუცველი, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმ სპეციალისტს.
  • დაავადების შემთხვევაში ორივე სქესობრივმა პარტნიორმა უნდა იმკურნალოს, სხვაგვარად თერაპიას შედეგი არ ექნება.
  • ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას, ნურც ნაცნობ-მეგობრების რჩევით მიიღებთ მედიკამენტებს.
  • მიზანშეწონილია პერიოდული გამოკვლევა სგგი-ზე, მათ შორის - აივ/შიდსზე. ასეთი გამოკვლევების ჩატარება აუცილებელია ქორწინებისა და დაგეგმილი ორსულობის წინ, დაუცველი, შემთხვევითი სქესობრივი კავშირის შემდეგ.
  • დაიბანეთ გენიტალიები სქესობრივი აქტის შემდეგ.
  • ერიდეთ სქესობრივ კონტაქტს მენსტრუაციის დროს.
  • თავი არიდეთ ანალურ სექსს - სწორი ნაწლავი და ანუსი ურიცხვი მიკროორგანიზმით არის მოფენილი!
  • დაიცავით პირადი ჰიგიენა. გყავდეთ ერთი სქესობრივი პარტნიორი.

- როგორ მოვიქცეთ, თუ საეჭვო ნიშნები შევამჩნიეთ?

- თუ თავი იჩინა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციისთვის დამახასიათებელმა რომელიმე ნიშანმა, მაგალითად, გამონადენმა და ძლიერმა ქავილმა საშოს მიდამოში (მით უმეტეს, თუ გამონადენი ხაჭოსებრი, მოყვითალო ან მომწვანოა ან აქვს თევზის ან საფუვრის სუნი), წყლულებმა, ბუშტუკებმა ან სხვა სახის გამონაყარმა საშოს ირგვლივ ან შორისის მიდამოში, ტკივილმა სქესობრივი აქტის ან შარდვის დროს - მაშინვე მიმართეთ ექიმს დიაგნოზის დასაზუსტებლად და დროულად დაიწყეთ მკურნალობა. ასეთი დაავადებების უმრავლესობა დროულ და სწორ მკურნალობას ადვილად ემორჩილება. მნიშვნელოვანია მკურნალობის ბოლომდე მიყვანაც.

სქესობრივი კონტაქტი იკრძალება, ვიდრე მკურნალობას არ დაასრულებთ და დაავადების ყველა ნიშანი არ გაქრება. წინააღმდეგ შემთხვევაში ინფექციას პარტნიორს გადასცემთ, მომავალში კი მისგან ხელახლა დაინფიცირდებით. თუ სქესობრივ კონტაქტს თავს ვერ აარიდებთ, გამოიყენეთ პრეზერვატივი. დაარწმუნეთ პარტნიორი, რომ ექიმთან მისვლა და მკურნალობა აუცილებელია. თუ თქვენ იმკურნალეთ, პარტნიორმა კი არა, შესაძლოა მისგან კვლავ დაინფიცირდეთ.