ვემზადებით სკოლისთვის - ერთად დავძლიოთ "სასკოლო შოკი"
- სწავლის დაწყებისწინა კრიტიკული პერიოდი რამდენიმე ფაქტორს უკავშირდება. ჯერ ერთი, პატარებს გაცილებით ადრე უხდებათ ადგომა. მეორე - რა სასიხარულოც უნდა იყოს მონატრებულ თანაკლასელებთან შეხვედრა, სწავლის დაწყება არავის უხარია. პირველ ხანებში სირთულეს წარმოადგენს სრული მოდუნების რეჟიმიდან ორგანიზებულზე გადასვლა, მასთან ხელახალი შეგუებაც. ზაფხულობით მშობლები მაინცდამაინც არ ზრუნავენ დღის რეჟიმის დაცვაზე - ამ პერიოდში ხომ დასვენება, განტვირთვა, გაკაჟებაა მთავარი, მაგრამ არდადეგები მთავრდება და ემოციებით აღსავსე დღეების შემდეგ მკაცრ რეჟიმთან ხელახლა შეგუება ჭირს. მშობლებმა, უმჯობესია, გაითვალისწინონ: რაც უფრო ადრე ჩააყენებენ ბავშვს ადრინდელ რეჟიმში, მით უფრო სწრაფად გაივლის ეს კრიტიკული პერიოდი. სასურველია, ამისთვის სწავლის დაწყებამდე ორი კვირით ადრე დაიწყოთ ზრუნვა და არა სწავლის დაწყების წინა დღეს. ადაპტაცია მალე ჩაივლის, თუ სასკოლო ნივთების შესაძენად ბავშვთან ერთად წახვალთ. ახალი წიგნების, რვეულების, კალმების შეძენა მას გაახარებს. გადააქციეთ ეს მიმზიდველ ღონისძიებად და მიეცით ბავშვს საშუალება, თავი ამ ღონისძიების სრულუფლებიან წევრად იგრძნოს. პირველკლასელებს წინასწარ უნდა ესაუბროთ იმის შესახებ, რას გააკეთებენ სკოლაში. ადაპტაციური პერიოდის გადატანა გაგიადვილდებათ, თუ პატარებს მოუწყობთ “არდადეგებთან გამოსამშვიდობებელ დღეს” - მთელი ოჯახი გადით ქალაქგარეთ, ნიშნად იმისა, რომ დასრულდა უზრუნველი ხანა და სწავლა იწყება. თუ სწავლის დაწყებას თანდათან შეაჩვევთ ბავშვს, სასწავლო წელი იმედგაცრუებისა და გარდასულ დღეებზე დარდის, სინანულის გარეშე დაიწყება.
- კიდევ რისი გათვალისწინება მართებთ პირველკლასელთა მშობლებს?
- ბავშვს სკოლაში მიყვანამდე უნდა შეუმოწმოთ ფსიქოლოგიური მზაობა, რაც, თავის მხრივ, ითვალისწინებს: სოციალურ, ემოციურ და ინტელექტუალურ სიმწიფეს. სოციალური სიმწიფე გულისხმობს თანატოლებთან ურთიერთობის სურვილს, მასწავლებლის მითითებების, მოსწავლის მოვალეობათა შესრულებას. ემოციური სიმწიფე ვლინდება ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით გამოხატულ რეაქციებში. დაბოლოს, ინტელექტუალური სიმწიფე - ეს გახლავთ ყურადღების კონცენტრირების უნარი, მოვლენათა შორის კავშირის დადგენა, ლოგიკური მეხსიერება. სასურველია, ბავშვს სკოლის, კითხვის, აზროვნების, მეტყველებისა და ანგარიშისადმი პოზიტიური დამოკიდებულება ჰქონდეს, სურდეს სწავლა, შეეძლოს თანატოლებთან კომუნიკაცია. მნიშვნელოვანია, სკოლისთვის მომზადების პროცესი სპეციალური თვალსაჩინო მასალებით, თამაშ-მეცადინეობებით, კუბიკებით, ცხრილებითა და ჩხირებით წარიმართოს.
- როგორ მივხვდეთ, მზადაა თუ არა აკადემიურად ბავშვი სკოლისთვის?
- სასურველია, მას შეეძლოს საუბარი წაკითხულ მოთხრობაზე, შეეძლოს ათამდე თვლა, კარგად ჰქონდეს განვითარებული წვრილი მოტორიკა, რასაც შეიძლება მივაღწიოთ ხატვით, ძერწვით, კონსტრუირებით. უნდა შეეძლოს ყურადღებით ჯდომა და სხვების საუბრის მოსმენა. მეხსიერების განვითარებაში დიდად გვეხმარება ლექსები და სიმღერები.
- ყველაზე მეტად რა ასაკის ბავშვებს უჭირთ სასწავლო წლის დაწყებასთან შეგუება?
- პირველკლასელებს და მეხუთეკლასელებს, რადგან ორივე შემთხვევაში ხდება “მოზრდილის” ცხოვრებისეულ რეჟიმზე გადართვა. სასკოლო შოკიც ყველაზე მეტად სწორედ ამ ასაკშია მოსალოდნელი.
- მშობლები შვილებს ხშირად ახსენებენ სასწავლო წლის მოახლოებას. გამართლებულია თუ არა ეს?
- ყოველთვის არა. თუ ბავშვს წამდაუწუმ შევახსენებთ მოსალოდნელ სირთულეებს, ამით მხოლოდ ფსიქოლოგიურ ტრავმას მივაყენებთ. ამ დროს უნდა ვიხელმძღვანელოთ ბავშვის ფსიქოტიპით: თუ ის ინერტულია, შეხსენება ზედმეტი არ იქნება, ადვილად აღგზნებად ბავშვებთან კი ამ თემით აპელირება არ ღირს, რადგან შესაძლოა მათში უსაფუძვლო განგაში გამოიწვიოს.
- სასკოლო სამზადისზე საუბრისას უნდა ვახსენოთ სასწავლო წლის დასაწყისში ბავშვის მომატებული აღგზნებადობა, ყველაფრის გაპროტესტების სურვილი, რაც ორგანიზმში მიმდინარე ფიზიოლოგიური ძვრებით აიხსნება. მათი გათვალისწინებით, როგორ დავუგეგმოთ მოსწავლეს ოპტიმალურად დღის რეჟიმი?
- პირველი - აუცილებლად უნდა გამოვნახოთ დასვენებისა და თამაშის დრო. მეორე - ნუ დააძალებთ ბავშვს სკოლიდან დაბრუნებისთანავე გაკვეთილების მომზადებას, თუმცა ამ დროს არც ტელეგადაცემების ყურება და კომპიუტერთან თამაშია რეკომენდებული. სასწავლო პროცესი საკმაოდ დიდი დატვირთვაა ორგანიზმისთვის, კერძოდ, ნერვული სისტემისთვის, ამიტომ მას ყოველგვარი ინფორმაციისგან დასვენების საშუალება უნდა მივცეთ, საამისოდ კი ყველაზე კარგია გასეირნება, სპორტული ან ჩვეულებრივი თამაშები.
- თუ პირველკლასელი დამატებით რომელიმე წრეზე დადის ან საგანში მეცადინეობს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ჯანმრთელობას, რათა არ გამოგეპაროთ გადაღლის პირველი ნიშნები.
- პატარამ ყოველთვის უნდა იგრძნოს თქვენი თანადგომა, მაშინაც კი, თუ სწავლაში დიდ წარმატებებს ვერ აღწევს.
- სკოლაში წასვლის შემდეგ უფრო დიდი ნდობა გამოუცხადეთ, “ჰკითხეთ რჩევა”, რათა იგრძნოს, რომ პატივს სცემენ და იმავეთი უპასუხოს უფროსებსაც.
- მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის რაციონალური ურთიერთობის მოსაგვარებლად, ეცადეთ, ყოველთვის იპოვოთ ოქროს შუალედი, არასოდეს თქვათ შვილზე ცუდი მასწავლებელთან და პირიქით. დასჯის შემდეგ ყოველთვის ეცადეთ, შვილს მშვიდად და არგუმენტირებულად აუხსნათ მასწავლებლის შენიშვნის საფუძველი.
- როგორ ამოვიცნოთ სასკოლო შოკი?
- მისი პირველი სიგნალია ღამის კოშმარები, ძილში ბოდვა, ძილის რეჟიმის დარღვევა, ხშირია კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ყაბზობა, თავისა და მუცლის ტკივილი, სხეულის ტემპერატურის არამოტივირებული ცვლილებანი, სუბფებრილიტეტი 37,2-37,4-ის ფარგლებში. თუ ბავშვს ასეთი რამ შეამჩნიეთ, უმჯობესია, ერთი დღე შინ დატოვოთ, გაართოთ, გამოაძინოთ, კარგად დაასვენოთ. გარდა ამისა, კიდევ ერთხელ გადაავლეთ თვალი მის სასკოლო რეჟიმს - შესაძლოა, მისი შეცვლა გახდეს საჭირო.
სამახსოვრო მოსწავლეთა მშობლებს
1. არასდროს შეადაროთ თქვენი შვილი სხვას, მით უფრო - მისი თანდასწრებით, ეცადეთ, იგი ყოველთვის საკუთარ თავსვე შეადაროთ და ასე დაანახოთ განსხვავება კარგსა და ცუდს შორის.
2. თუ რამით უკმაყოფილო ხართ, პროტესტი გამოხატეთ თავად საქციელის და არა პიროვნების მიმართ, მაგალითად: მე ვერ ვიტან სიზარმაცეს, ძალიან ცუდია უპასუხისმგებლობა, - და არა: რა ზარმაცი ხარ, როგორი უპასუხისმგებლო, - და სხვა.
3. ძლიერ ემოციურ პირველკლასელს პირველ ხანებში შეიძლება გაატანოთ საყვარელი სათამაშო, რასაკვირველია, მასწავლებლის თანხმობით და იმ პირობით, რომ მხოლოდ დასვენებაზე ითამაშებს.
4. ეცადეთ, ყოველთვის საყვარელ და მზრუნველ მშობლებად დარჩეთ, მასწავლებლები მას სკოლაშიც ეყოფა.
5. გაითვალისწინეთ, რომ სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება პატარას ცნობიერებაში თვითშეფასების კრიტერიუმები. 6-9 წლამდე სკოლაში კარგად სწავლა მეტად მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს, როგორი წარმატებული, საკუთარ თავში დარწმუნებული იქნება პიროვნება მომავალში.
საუბრის დასასრულს კი მინდა გავიხსენო ცნობილი ფსიქოლოგის ჰარისონის სიტყვები: “ჩვენ იმდენად გვიტაცებს საკუთარი შვილების განათლება, რომ ზოგჯერ გვავიწყდება განათლების მთავარი არსი - ბედნიერი ცხოვრების შექმნა, რადგან სწორედ ბედნიერი ცხოვრებაა ის, რაც მთელი გულითა და სულით გვსურს ყველა მშობელს”.