სჭირდება თუ არა ბავშვს კომპიუტერი
სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის საჭიროა ურთიერთობა არა მექანიზმებთან, არამედ ნამდვილ საგნებთან და, რაც მთავარია, ადამიანებთან. მისთვის აუცილებელია ემოციური სფეროს სისავსე, განცდა და თანაგანცდა, გრძნობა და თანაგრძნობა.
თანამედროვე მშობლებს ძალიან ეშინიათ, რაიმე ისეთი არ გამორჩეთ, რაც ბავშვის გონებრივ განვითარებას წაადგება, მაგრამ ხშირად ავიწყდებათ, რომ სკოლამდელი ასაკი მგრძნობელობითი სფეროს განვითარების ეტაპია და არა ლოგიკისა. მშობლები ხშირად წინ უსწრებენ ბუნებას და მომწიფების სტადიაში მყოფ გონებას მონაცემებითა და ტერმინებით ტენიან, რეალურად კი ბავშვს საშუალებას არ აძლევენ, გაიზარდოს, გაიაზროს, ეძიოს და შექმნას.
ეგებ გაგიკვირდეთ, მაგრამ, არსებული სტერეოტიპების საპირისპიროდ, ამ ასაკში გონებრივი განვითარება სულაც არ არის მთავარი. მთავარი ემოციური განვითარებაა. ახლა უნდა ჩაიყაროს ზნეობრივი საძირკველი. აბა, დაფიქრდით - გინდათ, თქვენი შვილისგან დიდი მეცნიერი, მაგრამ გულცივი და ცინიკური პიროვნება დადგეს? რასაკვირველია, იკითხავთ: რა შუაშია აქ კომპიუტერი?
საქმე ისაა, რომ მექანიზმებით ემოციური სფეროს განვითარება შეუძლებელია. ბავშვმა უნდა შეიცნოს ადამიანი და გარე სამყარო, იყოს ცოცხალი ენერგიის სივრცეში და არა შეისწავლოს მექანიზმები, თუნდაც ძალიან პროგრესული. გაიხსენეთ ცნობილი ექსპერიმენტის შედეგები - ბავშვის გადარჩენისთვის ჭამა და მოვლა საკმარისი არ აღმოჩნდა, აუცილებელი იყო ემოციური ურთიერთობაც.
გონებრივი განვითარება არსად გაგვექცევა, მაგრამ ის რამეს უნდა ეფუძნებოდეს. ემოციური სფერო კი სკოლამდელი ასაკის შემდეგ იხურება და ამ პერიოდში მიღებული დანაკლისის შევსება ძალიან ძნელია. სამწუხაროდ, მშობლებს შესაძლოა არც კი გაუჩნდეთ ამის სურვილი, რადგან ხელს აძლევთ შინ პატარა გულგრილი რობოტის ყოლა, რომელმაც ყველაფერი იცის.
ვინ არის პირველი?
აღმოჩნდა, რომ ბავშვის ხასიათზე გავლენას ახდენს არა მარტო მემკვიდრეობა, არამედ მისი ამქვეყნად მოვლინების დროც. მიიჩნევა, რომ უფროსი ბავშვები ლიდერები არიან. უფრო სწორად, ისინი უნებლიეთ ხდებიან ლიდერები - მათ უწევთ “ორთქლმავლის” როლის შესრულება პატარებთან.
უფროსი შვილები ადრე იზრდებიან. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ ისინი უფრო მეტად ცდილობენ მშობლების ღირებულებათა შენარჩუნებას ოჯახში. ისინი სერიოზულები არიან და აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა, სურთ იყვნენ საუკეთესონი და გეზს იღებენ პირადი წარმატებებისა და მიღწევებისაკენ. მათგან შესანიშნავი ლიდერები დგებიან.
შუათანა ბავშვები დიპლომატობის კანდიდატები არიან. მათ ბავშვობიდანვე ორ ცეცხლს შუა წვა და შეუპოვარ უფროსებსა და განებივრებულ უმცროსებს შორის ურთიერთობის დაბალანსება უწევთ. ისინი არიან მომთმენნი, საღად მოაზროვნენი, მიზანსწრაფულნი, კონტაქტურნი. ეს თვისებები მომავალში კარგი კარიერის საწინდარია. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ შუათანა ბავშვს ხშირად აკლია უფროსების ყურადღება, რაც შესაძლოა თვითშეფასების დაქვეითების მიზეზად იქცეს. ზოგჯერ აკლია მატერიალური თუ ემოციური მხარდაჭერაც, ამიტომ შუათანა ბავშვმა შესაძლოა თანადგომა ოჯახის გარეთ ეძებოს.
უმცროსები ყველას უყვარს, ყველა ანებივრებს. მშობლები მათგან ნაკლებს ითხოვენ, თვალს ხუჭავენ მათ პატარ-პატარა ცელქობასა და ნაკლზე. უმცროსები სიამოვნებით იღებენ უფროსთაგან მზრუნველობას და ამის მოთხოვნილება შესაძლოა მთელი სიცოცხლე გაჰყვეთ. თუმცა, იმავდროულად, არ ურიგდებიან სუსტის პოზიციას, ილტვიან, დაეწიონ და გაუსწრონ უფროსებს და ამის წყალობით ხშირად ოჯახში ყველაზე წარმატებულნი ხდებიან.