ბავშვის გრძნობები და ემოციები
ემოციების შესახებ
ბავშვები ემოციების განცდასა და გამოხატვას სიცოცხლის პირველივე დღეებიდან იწყებენ, თუმცა მათ გაცნობიერებას მოგვიანებით, მხოლოდ 7 წლის ასაკიდან ახერხებენ. მოდი გავარკვიოთ, რა არის ემოცია. უბრალო ემოცია მარტივი განცდაა (მაგალითად, გემრიელი ან, პირიქით, უსიამოვნო, მწარე გემოს შეგრძნება). როცა ასეთი განცდა ძალიან ძლიერია, მას აფექტს უწოდებენ. აფექტის დროს ყველა სხვა განცდა უკანა პლანზე გადადის, თითქოს ქრება. მაგალითად, ძლიერი შიშის დროს ადამიანი ვერ გრძნობს ტკივილს, სიცივეს ან შიმშილს. არსებობს აგრეთვე ხასიათი, განწყობილება. ეს საერთო ემოციური ფონია, საერთო მდგომარეობა. როცა განწყობილება ცუდია, სასიხარულო მოვლენაც კი ვერ გამოიწვევს მძაფრი სიხარულის გრძნობას. გრძნობა უფრო რთული განცდაა, რომელიც არ არის დამოკიდებული არც გარეგნობაზე და არც ხასიათზე. მაგალითად, სიხარულის გრძნობას ადამიანი ინარჩუნებს როგორც უსიამოვნო მოვლენების, ისე განსაკუთრებული სიხარულის დროს. ბავშვის ემოციები სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაგვარია. ყველაზე პატარებში თავს იჩენს უმარტივესი რეაქციები კვებით გამღიზიანებელზე, სიცივესა და შიმშილზე. მოზრდილ ადამიანს აქვს ხასიათი, გრძნობები, რომლებიც გააზრებულია და მთლიანობაში გასაგებია თვით ამ პიროვნებისთვის. არსებობს აგრეთვე უმიზეზო განცდები, რომლებსაც მოზრდილი ადამიანი ვერაფერს უხერხებს. აქ შეიძლება ვილაპარაკოთ ემოციურ აშლილობაზე, ნევროზსა და სხვა მდგომარეობაზე, რომლებიც უკვე სპეციალურ ჩარევას მოითხოვს. მთელი ბავშვობის განმავლობაში ინტენსიურად ვითარდება ემოციური სფერო. ჩვენი, მშობლების, ყურადღება მიმართულია იქით, რომ შევამჩნიოთ და აღვნუსხოთ ახალი მოქმედებები, რომლებიც ისწავლა ჩვენმა პატარამ, მაგრამ არ გვაღელვებს, რომ მან განიცადა რაღაც ახალი გრძნობა ან გადაიტანა აფექტი, მაგალითად, პირველად გაუმკლავდა ტკივილს, პირველად არ იტირა, როცა აწყენინეს. გვსიამოვნებს, როცა ბავშვი მხიარულია და არ გვინდა, მისი სიხარული სხვისმა ტკივილმა გააუფერულოს. სწორია თუ არა ეს? ძნელი სათქმელია. ადამიანის ევოლუციის მთავარი მონაპოვარი ხომ სწორედ განვითარებული, ფაქიზი და მკვეთრად რეაგირებადი ემოციური სფეროა. მეორე მხრივ, ბავშვი ხომ გამუდმებით ეუფლება და ივითარებს ემოციებს. ეს განვითარება არც მოზრდილ ასაკში წყდება. ყოველი დღე ამდიდრებს ადამიანის განცდათა დიაპაზონს, ხვეწს მის გრძნობებს.
გრძნობების შესახებ
შესაძლებელია თუ არა გრძნობების აღზრდა? შესაძლოა, ადამიანს ვასწავლოთ რაიმეს კეთება, მაგრამ როგორ უნდა ვასწავლოთ მას სიხარული ან დარდი, როგორ უნდა ვასწავლოთ განცდა? ზოგიერთ ადამიანზე ამბობენ, რომ ის `სქელკანიანია~ და ამით მის ერთგვარ ემოციურ სიჩლუნგესა და სიცივეს გულისხმობენ. შესაძლოა, ადამიანი მძაფრად განიცდიდეს რამეს, მაგრამ არ ამჟღავნებდეს თავის ემოციებს. ზოგიერთი კი, პირიქით, მხურვალედ გამოხატავს სიხარულსა თუ მწუხარებას. შესაძლოა ეს მისი გამძაფრებული გრძნობების გამოხატულება იყოს, ანდა პირიქით - ხშირად ადამიანი ვერაფერს გრძნობს და გარეგანი გამოვლინების მეშვეობით თითქოს ერთგვარად ასტიმულირებს არარსებულ განცდებს. მოზარდ ასაკში ინტენსიურად ვითარდება გრძნობათა სფერო, რაც მხოლოდ სქესობრივ მომწიფებას როდი უკავშირდება. მომწიფების ასაკში მოზარდები ხშირად ერთად იკრიბებიან, ხმამაღლა იცინიან, ხმამაღლა ლაპარაკობენ, ხმამაღლა ჩხუბობენ. ეს იმიტომ, რომ ამ ასაკში მგრძნობიარობის განვითარება გარეგან საყრდენს მოითხოვს. სიხარულის მხურვალე გამოხატვა ამძაფრებს სუსტ გრძნობას, ხმამაღლა ჩხუბი კი არარსებული სიბრაზის გამოწვევას უწყობს ხელს. როცა შინაგანი სამყარო ჯერ ჩამოუყალიბებელია, ადვილია, გარეგან გამოვლინებებს დაეყრდნო. არა მარტო ადვილი, არამედ აუცილებელიც. სწორედ ამიტომ სჭირდება მოზარდს კომპანია. ემოცია გადამდებია: თუკი ირგვლივ ყველა იცინის, ადვილი შესაძლებელია, ეს განწყობა შენც გადმოგედოს, მერე კი მართლაც იგრძნობ მხიარულებას. მოზარდები სწავლობენ განცდას, ესე იგი მათ სჭირდებათ ამხანაგები, მეგობრები, თანატოლები, რათა თავიანთ გრძნობებში ადვილად გაერკვნენ. მშობლებს ხშირად აღიზიანებთ, როცა ბავშვი უყურებს მძაფრსიუჟეტიან ფილმებს, უსმენს ხმამაღალ მუსიკას და არ კითხულობს სერიოზულ წიგნებს. ეს თავისთავად პრობლემაა, მაგრამ ამის გამო ბავშვს არ უნდა გავუბრაზდეთ. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ ასაკში გრძნობები ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია, ამიტომ მიილტვის მოზარდი იმისკენ, რაც მისთვის გასაგებია. აკრძალვა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ნაცვლად ამისა, ჯობს ვესაუბროთ მას უფრო სერიოზულ თემებზე, მივაწოდოთ საინტერესო წიგნი ან ვურჩიოთ უფრო სერიოზული ფილმის ნახვა.
ტირილიც სასარგებლოა
კონკრეტული მიზეზით გამოწვეული ტირილი სასარგებლოა, იმ გაგებით, რომ ბუნებრივად იძლევა ემოციებისგან გათავისუფლების საშუალებას. სწორედ ამ გზით იცავს თავს ადამიანი ძლიერი განცდისგან, ამიტომ დიდი უბედურების დროს ტირილს გვირჩევენ. ბავშვები ხშირად რომ ტირიან, ბუნებრივია. მათ უჭირთ საკუთარ ემოციებთან გამკლავება და ტირილის მეშვეობით თავისუფლდებიან მოჭარბებული გრძნობებისა და განცდებისგან. თუ ბავშვი დიდხანს ტირის, უნდა მივეფეროთ, დავამშვიდოთ, ყურადღება გადავატანინოთ და ასე ნელ-ნელა გავარიდოთ მძიმე განცდას.