რაში სჭირდება ბავშვს კომპიუტერი
ამ საოცარ მანქანასთან ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვთა და მოზარდთა კონტაქტს შევეხებით.
პატარები და კომპიუტერი
მშობლებს შეუძლიათ, ეჭვქვეშ დააყენონ ყველაფერი, რაც ბავშვს ბუნებისგან ეძლევა, ამ დროს კი თავს უფლებას არასოდეს მისცემენ, ალმაცერად შეხედონ ტექნოკრატიული რევოლუციის მიღწევათა გამოყენების აუცილებლობას.
აბა, დავფიქრდეთ, რამდენი სტერეოტიპი დაიმსხვრა ძუძუთი კვების ან ბავშვთა ჰიგიენის თაობაზე. თუ ყველაფერი ბუნებრივი უნდა იყოს, რა საჭიროა საწოვარა, ბოთლი, ბოთლების გასათბობი, ჩანთა? რისთვის შეიქმნა? რატომ უნდა ვიზრუნოთ ქოთნისთვის ბავშვის მისაჩვევად, როცა მრეწველობა განუხრელად იღვწის, რათა უფრო მეტად სრულყოს ერთჯერადი საფენები?
გამოდის, რომ მშობელთა დიდი ნაწილი არჩევანს გაცნობიერებულად კი არ აკეთებს, არამედ იმისთვის, რომ “რაც აქვს, უქმად არ დაკარგოს”. თუ რამე უკვე გამოგონებულია, რისთვისღა დავიძაბოთ? თუ არსებობს კომპაქტდისკები, რაში გვჭირდება იავნანა? ანალოგიური შეკითხვა მრავლად დაისმის.
გამოდის, რომ შეიძლება, მშობლის შემცვლელი ნებისმიერ სფეროში ვიპოვოთ?! მოდი, უფრო ლოგიკურად მსჯელობა ვცადოთ.
- ბავშვის აღსაზრდელად ცივილიზაციის მიღწევებით იმიტომ კი არ უნდა ვისარგებლოთ, რომ “ასეა საჭირო”, “ყველა ასე იქცევა”, “სულ ამის რეკლამაა”, არამედ იმიტომ, რომ ობიექტურად და გაცნობიერებულად ვიღებთ გადაწყვეტილებას - “ეს აუცილებელია ჩემი შვილის ნორმალური განვითარებისთვის” და გულწრფელად მიგვაჩნია, რომ ასე ჯობია. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიქცევით სტერეოტიპის მონად, მას ბრმად არ ვემორჩილებით.
მაშ ასე, ბავშვი და კომპიუტერი - როგორც ხედავთ, ჩვენ საკითხის სტრუქტურირება მოვახდინეთ და პრობლემას ასაკობრივ ასპექტში განვიხილავთ. ერთიდან სამ წლამდე ასაკში ჯერ კიდევ ყველაფერი რიგზეა. მშობლების უმრავლესობა, ასე თუ ისე, მაინც ეთანხმება იმ აზრს, რომ პატარებს კომპიუტერი არ სჭირდებათ. თუმცა არსებობენ ისეთი მშობლებიც, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ “ელექტრონული ძიძა” აუცილებელია. როცა პატარას კომპიუტერთან დასვამ, საბავშვო საიტს ან მულტფილმს ჩაურთავ, შეიძლება, საკუთარი პრობლემები მშვიდად მოაგვარო - ბავშვი ხომ “დაბინავებულია”.
ადრეული ბავშვობა ის პერიოდია, როცა ძალიან მნიშვნელოვანია აღქმის განვითარება. სულ ცოტა ხანიც და სწორედ აღქმის უნარზე იქნება დამოკიდებული აზროვნება, გონებრივი შესაძლებლობები, ნებისმიერი შემოქმედებითი და კრეატიული მოქმედება. მთელი ადრეული ბავშვობის განმავლობაში ხდება “სენსორული ეტალონების დაგროვება”. ეს არის ბგერების, სუნების, ვიზუალური ხატების, ტაქტილური შეგრძნებების, მოტორული ხატების ერთობლიობა. აღქმის ყოველი არხი (მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური, კინესთეტიკური და სხვა) თავისი “მონაცემთა ბაზის” ფორმირებას ახდენს. მონაცემთა ბაზის ჩამოყალიბება სწორედ ამ ასაკში ხდება, თუმცა მისი ზემოქმედება შემდეგ მთელი სიცოცხლე გრძელდება. საკითხი მარტივად დგას: რაც ხელს არ უწყობს ბავშვის განვითარებას, ხელს უშლის ამ პროცესს. რას ნიშნავს ეს?
- განვითარებისთვის რეკომენდებულია ნებისმიერი “ნატურალური” ობიექტის მაქსიმალური აღქმა და ტექნოკრატიის მინიმუმი.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, გირჩებით, ჩხირებით თამაში და ასე შემდეგ განვითარების თვალსაზრისით გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ნებისმიერი სათამაშო, რომელიც ტექნიკის საოცრებას წარმოადგენს. როცა სათამაშო ხელმძღვანელობს ბავშვს (ღილაკის დაჭერისას გამოხტება კურდღელი, დაიწყება სიმღერა...), ის ქმედებათა შაბლონებს გვაძლევს, მოძრაობას კი არ ავითარებს - აფერხებს. რაც უფრო მეტია ხელნაკეთი სათამაშო, მით უკეთესი განვითარებისთვის.
- ნებისმიერი საგანი, რომელსაც ბავშვი ეხება, ადამიანის სულით უნდა იყოს გაჟღენთილი, ის უნდა ინახავდეს ცოცხალ ენერგიას და არა დაზგებისა და მექანიზმების შეხების კვალს.
ყველა ბავშვს უყვარს თამაში დედის ქვაბებით, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო ნივთით. ამას პატარები, უპირველეს ყოვლისა, დედის მიბაძვით აკეთებენ. როცა დედა ქვაბებითა და ჯამებით თამაშობს, რატომ უნდა აშენოს ბავშვმა პირამიდა? მეორეც, პატარას სურს, დედის ენერგეტიკის ველში მოხვდეს - პლასტმასის პირამიდას ენერგეტიკული ღირებულება არ გააჩნია, ხოლო საგნები, რომელთაც დედა ყოველთვის განსაკუთრებული სიყვარულით ეხება, მისი ენერგიითაა დამუხტული.
“კი მაგრამ, რა კავშირი აქვს ყოველივე ამასთან კომპიუტერს?” - ლოგიკურ კითხვას დასვამს ჩვენი მკითხველი. ის კავშირი, რომ მრავალი მშობელი ცდილობს, რაც შეიძლება ადრე გააცნოს პატარას “ტექნიკის საოცრება” და კომპიუტერი “ელექტრონულ ძიძად” გადააქციოს, მისი მეშვეობით მოასმენინოს შვილს ზღაპრები, მუსიკა, აჩვენოს სურათები (“ცხოველებს ვაჩვენებთ, ეს ხომ განვითარებას ემსახურება!”).
- აღქმის ყველა არხის განვითარებისთვის აუცილებელია მათი “მონაცემთა ბაზის” შევსება ნამდვილი გემოთი, ფერებით, ფორმებით, სუნით.
მკვეთრი ნარინჯისფერი წრე არ არის ნამდვილი ფორმა და ფერი. ნამდვილია ხის ფოთოლი, ლეკვის დრუნჩი, ქვა და ყვავილი; ნამდვილია ჩიტების ჭიკჭიკი, ბალახის შრიალი, დედის ხმა, მისი სუნთქვა. რაც უფრო მეტი “ნატურალური” მონაცემი მოხვდება “მონაცემთა ბაზაში”, მით უკეთესად განუვითარდება ბავშვს აღქმა, შესაბამისად, ინტელექტი და შემოქმედებითი უნარი და პირიქით - რაც უფრო ღარიბია აღქმა “რეალურის” სფეროში, მით ნაკლებად მუშაობს ტვინი. ვინაიდან ტვინი საკმაოდ სერიოზული აგრეგატია, მას არ შეუძლია “ფუჭი გასროლა”.
პლასტმასის ბურთში შესამეცნებელი არაფერია, მას “ლიმიტი” აქვს. ხის ტოტს კი ლიმიტი არ გააჩნია. მისი შემეცნება უსასრულოდ შეიძლება. რატომ? იმიტომ, რომ ათსანტიმეტრიანი ტოტის ზედაპირზე არის უამრავი ნახეთქი, წერტილი, ნიშანი და არც ერთი მათგანი არ მეორდება!
ცვალებადია სუნიც: ახალმოტეხილ ტოტს სხვანაირი აქვს, ერთი დღისას - სხვანაირი, წყალში ჩადგმულს - კიდევ სხვანაირი. ამ უსასრულო ცვალებადობის, ასეთი მრავალფეროვნების შექმნა მხოლოდ ბუნებას შეუძლია. აქ არის არა ხატის (ეს ელექტრონიკასაც შეუძლია!), არამედ ერთი ხატის შემეცნების მრავალფეროვნება! რაც უფრო ღრმად შეიცნობს ტვინი ერთ ობიექტს, მით უფრო მეტი ნეირონული კავშირი ყალიბდება ტვინში, მით უფრო მძლავრად მუშაობს ინტელექტი. რაც უფრო ხშირად იცვლება კადრი მონიტორზე, მით უფრო სწრაფად ეჩვევა გონება მათ ზედაპირულ, არსში წვდომის გარეშე დამუშავებას.
კომპიუტერი სხვადასხვა სირთულის გამოსახულებას ქმნის, მაგრამ აღქმისა და გონების განვითარებისთვის ეს ყველაფერი ნულია.
ეს იმიტომ, რომ მოცულობითი ობიექტის შექმნის თანამედროვე შესაძლებლობების მიუხედავად, წარმოუდგენელია, ამ თვალსაზრისით ბუნებას გავუწიოთ კონკურენცია, მას დავეწიოთ. ბავშვის აღქმა კი უმთავრესად ემყარება არა ვიზუალურ ხატებს, არამედ მოტორულს - კინეტიკურს. ეს ნიშნავს, რომ ინტელექტის ფაქტობრივად მთელი განვითარება უშუალოდ ამ არხის მუშაობაზეა დამოკიდებული, ვინაიდან მას ემყარება ყველაფერი სხვა. ყოველივე ამის ზემოთ კი დგას ემოციური სფერო, რის გამოც სტრესულ სიტუაციაში პატარა ნორმალურად ვერ ვითარდება.
ამ სიტყვების აზრი ნათელი რომ გახდეს, აღვნიშნავთ, რომ როცა ბავშვი საგანს ხელს ჰკიდებს და მანიპულირებს მისით, ის გაცილებით უკეთეს მხედველობით ხატს იღებს, ვიდრე უბრალო თვალიერებისას. მაშ ასე, მოძრაობითი არხი მარტო სირბილი და ხტუნვა არ გახლავთ (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია!) - ეს არის მოძრავი ობიექტების აღქმა.
ვერც ერთი კომპიუტერი, თუნდაც უმძლავრესი და უთანამედროვეესი, ვერ წარმოქმნის (ვერასოდეს ვერ წარმოქმნის!) ობიექტის მოძრაობას ისე, როგორც ეს ბუნებაშია.
ტექნიკური შესაძლებლობები განუსაზღვრელიც რომ იყოს, გამოსახულება ყოველთვის ორიგინალის ასლად დარჩება. ერთ ცოცხალ ხოჭოზე დაკვირვებაც კი გაცილებით მეტს იძლევა, ვიდრე ყველა “განმავითარებელი პროგრამა” და “სასწავლო დისკი” ერთად აღებული. პრობლემის თავიდათავი ისევ და ისევ ჩვენი ჩვევებია. “ჩემი ნოუთბუქის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, თუ დისკებს არ ვუსმინე, ხომ გადავირევი!” როცა ჩვენს სტერეოტიპებს ვიცავთ ანდა ჩვენთვის რაიმე სხვა ბავშვის განვითარებაზე ძვირფასია, ამ დროს კითხვები საკუთარი თავს უნდა დავუსვათ და არა პატარას.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ უბრალო დოლზე თუნდაც ურიტმოდ დაკვრა ბავშვისთვის მეტს ნიშნავს, ვიდრე ჩვენი დისკების თუნდაც “ოქროს” კოლექცია. ამასთან ერთად, ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი რიტმის გრძნობაცაა. ის ყველა ინდივიდს საკუთარი აქვს და მას მხარდაჭერა, განვითარება სჭირდება.
ბგერის ნებისმიერი ელექტრონული წყაროს მუდმივი მოსმენა არის საუკეთესო გზა, დავასამაროთ მუსიკის მოსმენის ინტუიციური უნარი და რიტმის გრძნობა, რომელიც ყველა ადამიანს მეტ-ნაკლები ხარისხით ბუნებრივად ეძლევა. ბავშვისთვის მთავარი ინსტრუმენტი ადამიანის ხმაა. “მე არ მაქვს ხმა, მუსიკის ნიჭი, არ ვიცი სიმღერა!” - ამბობს ზოგიერთი დედა. ეს არ არის არგუმენტი, ამ შემთხვევაში დედა უნდა განვითარდეს! ეს ხომ ძალიან კარგია - ისწავლო ბავშვთან ერთად და ბავშვისგან! გინახავთ სადმე ორი წლის ბავშვი, რომელსაც საკუთარი სმენისა რცხვენია? ასე რომ, ისწავლეთ მათგან!
ბავშვები სწავლობენ, მილიონობით მოციმციმე არაბუნებრივ გამოსახულებას კი არ უყურონ, არამედ დააკვირდნენ ნამდვილ საგანს. ისინი სწავლობენ, უსმინონ მწერის ფრთების შეუმჩნეველ შრიალს და არა ელექტრონულ ბგერებს. ჭიქა წყალი ნამდვილი ხატია. ფანჯარასთან მჯდარი ბეღურა მთელი უნიკალური ბუნებრივი სისტემაა! უბრალო კიტრიც კი დაუსრულებელი პოტენციალია აღქმის ნებისმიერი არხისათვის.
მიმოიხედეთ ირგვლივ, სამყარო ხომ მშვენიერია! იმისთვის, რომ ბავშვს შემეცნების უნარი ჰქონდეს, სულაც არ არის აუცილებელი ჯუნგლებში მოგზაურობა. საკმარისია, ეზოში ბაბუაწვერას შეხედოთ და მთელი სამყარო თვალწინ გადაგეშლებათ!
“სულაც არ მინდა, მაგრამ რა ვქნა, ჩემი სამუშაო კომპიუტერთან არის დაკავშირებული, მე იძულებული ვარ, შინ ვიმუშაო და პატარაც იქვე დგას, რა ვქნა?” გეცნოთ? ეს დილემა, ალბათ, თქვენც გაწუხებთ. ამ დროს აუცილებელია დროისა და ერთობლივი საქმიანობის ორგანიზება. ჯობს, შინ ნებისმიერი საქმე ვაკეთოთ შვილთან ერთად, მაგრამ კომპიუტერს მაშინ მივუჯდეთ, როცა პატარას სძინავს. უნდა ვეცადოთ, ამ გონიერ მანქანაზე მუშაობას მაშინ შევუდგეთ, როცა სამუშაო გონებაში უკვე ჩამოყალიბებული გვაქვს. თუ შვილის თანდასწრებით კომპიუტერის ჩართვა მაინც მოგვიხდა, მას უნდა ავუხსნათ, რომ ვმუშაობთ, თანაც მუშაობისას რამის დამალვის აუცილებლობა არ არის - ეკრანზე არც ნახატები ჩანს და არც მოძრავი გამოსახულება.