ჭარბწონიანი ჩვილი

გვესაუბრება პედიატრი მაკა მაისურაძე.
- რატომ მიიჩნეოდა წინათ სიმსუქნე ბავშვის ჯანრთელობის კრიტერიუმად?
- ძველად, როცა საკვების მოპოვება უფრო მეტად ჭირდა, ვიდრე დღეს, სიმსუქნე სიმაძღრის, უზრუნველყოფილი ცხოვრების გამოხატულებად ითვლებოდა. თავის გადასარჩენად საჭირო იყო “შავი დღისთვის” ცხიმის დაგროვება, ამიტომ სიმსუქნე უპირატესობად მიიჩნეოდა.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში პროდუქტის კვებითი ღირებულება ცხიმიანობით იზომებოდა. დღესდღეობით, როცა ბავშვის გამოკვება პრობლემა აღარ არის, კვებითი სტერეოტიპი უნდა გადაიხედოს. ბავშვი მაძღარი და ჯანმრთელი რომ იყოს, საჭიროა კვებისადმი სწორი დამოკიდებულება.
- რას ნიშნავს პარატროფია?
- პარატროფია იგივე სიმსუქნეა, მაგრამ ამ ტერმინს მხოლოდ სამ წლამდე ასაკის ბავშვებთან მიმართებით ვიყენებთ. პარატროფიულ, ჭარბად ნაკვებ ბავშვებს ხშირად აქვთ დამახასიათებელი აღნაგობა: მოკლე კისერი, განიერი გულმკერდი, ვიწრო მხრები, სხეულის მრგვალი ფორმები. ბავშვი ჩასუქებულია, ნაკვები, მაგრამ ფერმკრთალი, კანის ელასტიკურობა და კუნთების ტონუსი დაქვეითებული აქვს, მუცლის, წელის, გულმკერდის, დუნდულების მიდამოს კანქვეშა შრეში აღენიშნება ზედმეტი ცხიმოვანი ჩანართები.
განასხვავებენ პარატროფიის სამ ხარისხს:
I ხარისხი - სხეულის მასა ნორმაზე 10-20%-ით ზედმეტია;
II ხარისხი - 25-35%-ით ზედმეტი;
III ხარისხი - 40-50%-ით ზედმეტი.
პარატროფიის განვითარებას ხელს უწყობს ენდოკრინული დარღვევები, კვების დეფექტი - პატარა ან მეტისმეტად ბევრს ჭამს, ან არაბალანსირებულად იკვებება.
- რით არის საშიში პარატროფია?
- პარატროფიული ბავშვი მიდრეკილია ალერგიული, ენდოკრინული დაავადებებისადმი, ნივთიერებათა ცვლის დარღვევისადმი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიებისადმი. ატოპიური დერმატიტი, დიათეზი, დიაბეტი, რაქიტი, რკინადეფიციტური ანემია, ასთმა, პანკრეატიტი, დისფერმენტოზი, შეკრულობა მათთვის უცხო არ არის. სასუნთქი სისტემის ვირუსული დაავადებები უფრო მძიმედ გადააქვთ, ვიდრე ნორმოტროფიულ ბავშვებს. მსუბუქად მიმდინარე დაავადებასაც კი შეუძლია გამოიწვიოს ცხვირის, ტრაქეის ან ბრონქების ქსოვილის შეშუპება. ყველაზე უსიამოვნო კი ის არის, რომ სიცოცხლის პირველ თვეებში არსებული ჭარბი წონა 35 წლის შემდეგ სიმსუქნის განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.
- რას გულისხმობს ბალანსირებული კვება?
- ბალანსირებული კვება გულისხმობს საკვები ინგრედიენტების: ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების, - სწორ თანაფარდობას.
ნახშირწყლების სიჭარბე
- თუ ბავშვი უპირატესობას ანიჭებს ცომეულს, ნაკლებად მიირთმევს ცილოვან და მცენარეულ საკვებს, უყვარს რძიანი ფაფები, ტკბილი წვენები, კარტოფილი, ბანანი, მურაბა, ნამცხვრები - ამას პირდაპირ მიჰყავს დაავადებისკენ, რომელსაც ძველად პირდაპირ “ცომეულის დაავადებას” უწოდებდნენ.
ნახშირწყლების სიჭარბე იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტული სისტემის განლევას, იმატებს ინსულინის გამოყოფა, რაც, თავის მხრივ, ზრდის მოთხოვნას ნახშირწყლებზე. წარმოიშობა მანკიერი წრე. გარდა ამისა, ნახშირწყლებისგან წარმოქმნილი ცხიმი ორგანიზმში აკავებს სითხეს. ბავშვი შეშუპებისადმია მიდრეკილი.
რაციონში ბოსტნეულის, ხორცის ნაკლებობა იწვევს მინერალური ცვლის დარღვევასა და ავიტამინოზს. A, D, E, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს მივყავართ ანემიისკენ, რაქიტისკენ, იმუნიტეტის დაქვეითებისკენ, ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევისკენ.
ცილების სიჭარბე ვითარდება, თუ ბავშვმა გვიან დაიწყო ხილისა და ბოსტნეულის მიღება, დღეში რამდენჯერმე მიირთმევს ხაჭოს, კვერცხის გულსა და ხორცს. ცილების სიჭარბის გამო ირღვევა საჭმლის მონელება, ჩვილს აწუხებს შეკრულობა, იზრდება დატვირთვა თირკმელებზე, ღვიძლზე, კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობა იწვევს რკინის ათვისების დარღვევას და რკინადეფიციტურ ანემიას.
ზედმეტი წონა ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებშიც აღინიშნება. ასეა, როდესაც იმის შიშით, რომ ჩვილი მშიერი არ დარჩეს, დედა ყოველ ნახევარ საათში ერთხელ აწოვებს ძუძუს. ჩვილის პატარა კუჭი წინა ულუფისგან დაცლას ვერ ასწრებს, რომ იღებს ახალს. კუჭის კედლები იჭიმება, პატარა ეჩვევა ჭარბ კვებას. ასეთი რამ რომ არ მოხდეს, კვებათა შორის ინტერვალი 1,5 საათზე ნაკლები არ უნდა იყოს.
კუჭი არც ხელოვნური კვების დროს უნდა მიაჩვიოთ ზედმეტ ულუფას, თუმცა ამ შემთხვევაში კვებათა შორის ინტერვალი 2-3 საათი მაინც უნდა იყოს. ნარევის მომზადებისას მკაცრად უნდა დავიცვათ ინსტრუქცია. მითითებულზე მეტი ფხვნილის გამოყენება არ შეიძლება - ნორმები ასაკის მიხედვითაა გამოთვლილი.
ჭარბი ულუფის მიღების თავიდან ასაცილებლად სწორად უნდა შევარჩიოთ საწოვარა, მისი ნახვრეტის ზომა. თუ ბოთლიდან საკვები თავისუფლად გადმოედინება და ბავშვი დატვირთვის გარეშე იღებს საკვებს, ის დანაყრებას ვერ გრძნობს, ჭარბი ულუფა კი კუჭ-ნაწლავს დატვირთვით მუშაობას აიძულებს. იდეალურ შემთხვევაში საწოვარას იმ ზომის ნახვრეტი უნდა ჰქონდეს, რომ ბოთლის დაყირავებისას წვეთები გულის პულსაციის შესატყვისი სიჩქარით წამოვიდეს.
გარდა ამისა, არსებობს წესები, რომელთა დაცვა ყველასათვის რეკომენდებულია:
- დამატებითი საკვების მიცემა დაიწყეთ ექიმის რეკომენდაციით და მხოლოდ მითითებულ ასაკში;
- თუ ჩვილს აქვს ასაკთან შედარებით ზედმეტი წონა, დამატებითი კვება დაიწყეთ ბოსტნეულით - ის გაცილებით ნაკლებკალორიულია, ვიდრე დედის რძე ან ადაპტირებული ნარევი;
- ფაფა მოამზადეთ ბოსტნეულის ნახარშზე და მიეცით დღეში ერთხელ, არა უმეტეს 130-150 გრამისა;
- უფრო კალორიული საკვები მიეცით დღის პირველ ნახევარში.
ზოგიერთ მშობელს ჰგონია, ფაფა და ბოსტნეულის პიურე ბავშვს არ ანაყრებს, ამიტომ უფრო მეტს აჭმევს ხაჭოს, კვერცხს, ხორცს, ეს კი ცილოვანი საკვების სიჭარბეს იწვევს.
თუ პატარა ჭარბი წონისკენაა მიდრეკილი, ნუ აიძულებთ, ულუფა ბოლომდე შეჭამოს. თუ თეფშზე რამდენიმე ლუკმა დარჩა, ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ბავშვი არ დანაყრებულა; ნუ მიაჩვევთ მას საკვების მარაგის დაგროვებას, დაიხსომეთ, ბავშვი ჭამს იმდენს, რამდენსაც ორგანიზმი სთხოვს.