რა იწვევს რაქიტს და როგორ ვებრძოლოთ მას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს რაქიტს და როგორ ვებრძოლოთ მას

 

ამგვარი განვითარება ბუნებრივად მიაჩნდათ. ითვლება, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ამა თუ იმ ხარისხით არ ჰქონდეს გამოხატული რაქიტის მოქმედება. რაქიტით ყველაზე ხშირად ჩრდილოეთის ხალხები ავადმყოფობენ. რაქიტს სოციალურ დაავადებას უწოდებენ, რადგან უმეტესად იმ ბავშვებს ემართებათ, რომლებიც სიღარიბის გამო ვერ იღებენ აუცილებელი ვიტამინებითა და მიკროელემენტებით მდიდარ საკვებს. რისი ბრალია ჩვენს პირობებში რაქიტის განვითარება, როგორ ვლინდება იგი და რა ვიღონოთ მის თავიდან ასაცილებლად, ამის შესახებ გვესაუბრება “ავერსის” კლინიკათა ქსელის ექიმი პედიატრი მაია მაყაშვილი.

- ქალბატონო მაია, რა იწვევს ახალშობილებში რაქიტს?

- რაქიტი არის ჩვილი და ადრეული ასაკის ბავშვთა დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნისა და მინერალიზაციის დარღვევა D ვიტამინის დეფიციტით გამოწვეული კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მოშლის გამო. საბოლოოდ ვითარდება ოსტეომალაცია - პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც გამოიხატება ძვლის დემინერალიზაციითა და დარბილებით, რასაც, თავის მხრივ, ზრდის შეფერხებამდე მივყავართ. ახალშობილებში რაქიტის განვითარების ძირითადი რისკფაქტორებია:

 

  • დედის მცირე ასაკი;
  • დედის არაბალანსირებული, არაადეკვატური კვება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
  • დღენაკლულობა;
  • სიცოცხლის პირველი 3 თვის განმავლობაში წონის ჭარბი ნამატი;
  • ხელოვნური კვება;
  • ჰიპოდინამია (ბავშვის გახვევა ან აკვანში ჩაკვრა);
  • დიარეა;
  • ბავშვის დაბადება შემოდგომაზე ან ზამთარში (არასაკმარისი ინსოლაციის გამო).

- რა ნიშნებით ვლინდება ახალშობილებში რაქიტი?

- რაქიტის პირველი ნიშნები თავს იჩენს 1-2 თვის ასაკიდან, დღენაკლულ ბავშვებში კი შედარებით ადრე. რაქიტს ახასიათებს ცვლილებები ნერვული, ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემების მხრივ. დედამ, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციოს:

  • მოუსვენრობას;
  • აღგზნებადობას;
  • კრთომებს;
  • ძილის დარღვევას;
  • მადის დაქვეითებას;
  • ოფლიანობას, უფრო მეტად - თავის თმიან ნაწილზე. ამ დროს ბავშვი განუწყვეტლივ უხახუნებს კეფას ბალიშს, რაც თმის ცვენას იწვევს.

თუ ამ სიმპტომებს ერთვის კუნთთა ჰიპოტონია, ყაბზობა და დიდი ყიფლიბანდის კიდეების დარბილება, სვამენ D-ვიტამინდეფიციტური რაქიტის (მსუბუქი ფორმის) დიაგნოზს.

- რა შეიძლება გამოიწვიოს რაქიტმა?

- რაქიტის საწყის სტადიაზე D ვიტამინის მიღება, რაციონალური დაბალანსებული კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, მასაჟი და რეაბილიტაცია სწრაფად და ეფექტურად აღმოფხვრის ამ დაავადებისთვის დამახასიათებელ ყველა სიმპტომს. თუ არ ვუმკურნალეთ, დაავადება შესაძლოა დამძიმდეს. თავს იჩენს ემოციური ლაბილურობა, მკვეთრი ოფლიანობა, ზოგადი ადინამია. კალციუმისა და ფორსფორის ცვლის დარღვევას ოსტეომალაციამდე და ოსტეოპოროზამდე მივყავართ. ჩვილებში ყალიბდება კრანიოტაბესი - თავის ქალას ძვლები რბილდება, თხემზე ბორცვები ჩნდება, კბილების ამოჭრა დაგვიანებული და გაძნელებულია, თანკბილვა - დარღვეული, დიდი ყიფლიბანდი გვიან (დაახლოებით 2 წლის ასაკში) იხურება. კუნთოვანი სისტემის მხრივ გამოხატულია ჰიპოტონია, ბაყაყისებური მუცელი, სისხლის მხრივ ყურადღებას იპყრობს ანემია, ბიოქიმიური ანალიზი კალციუმისა და ფოსფორის დონის დაქვეითებას ავლენს. რაქიტს უკავშირდება ასევე ბავშვთა ასაკის ტეტანია - სპაზმოფილია, კრუნჩხვებისადმი მიდრეკილება, რომლის პათოგენეზში მნიშვნელოვან როლს ასრულებს კალციუმისა და D ვიტამინის ცვლისა და შეწოვის პროცესების დარღვევა.

- რა გზით შეიძლება რაქიტის პროფილაქტიკა?

- რაქიტის პროფილაქტიკა ბავშვის დაბადებამდე უნდა დავიწყოთ. ორსული უნდა იკვებებოდეს სრულყოფილად ბალანსირებულად, იმის გათვალისწინებით, რომ მისი სადღეღამისო მოთხოვნა D ვიტამინზე შეადგენს 400 სე-ს. რაქიტის პერინატალური პროფილაქტიკა ბავშვის სიცოცხლის პირველი დღეებიდან იწყება. განსაკუთრებული როლი ენიჭება ძუძუთი კვებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას, საკმარის ინსოლაციას (ოღონდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ 6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის მზის პირდაპირი სხივები საშიშია - შესაძლოა, დაიწვან.). დედის რძეში D ვიტამინის შემცველობა დაბალია - 5-136 სე/ლ, მაშინ როცა ახალშობილებისა და ჩვილების სადღეღამისო მოთხოვნა 200-400 სე-ია, ამიტომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ჩვილებს არასაკმარისი ინსოლაციის პირობებში D ვიტამინის დეფიციტის რისკი ემუქრებათ და ამ ვიტამინის დამატებით მიღება სჭირდებათ. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ბავშვებს რაქიტის მძიმე ფორმები არ უვითარდებათ. D ვიტამინის საპროფილაქტიკო დოზაა 200-400 სე. მას აძლევენ ბუნებრივ კვებაზე მყოფ ყველა ჩვილს, ასევე - ხელოვნურ კვებაზე მყოფ ჩვილებსაც, თუ ისინი იღებენ არაადაპტირებულ საკვებს (ადაპტირებული საკვები გამდიდრებულია D ვიტამინის სადღეღამისო დოზით - 400 სე/ლ ულუფაში). საპროფილაქტიკო დოზა დროულ ახალშობილს ენიშნება მეორე თვიდან, ხოლო დღენაკლულს - მეორე კვირიდან. ზამთრის თვეებში D ვიტამინით სპეციფიკური პროფილაქტიკა უპირობოდ აუცილებელია, თუმცა არც გაზაფხულზე და ზაფხულშია ზედმეტი. როგორც ითქვა, დედის რძეში ეს ვიტამინი საკმარისი რაოდენობით არ არის. გასათვალისწინებელია მეძუძური დედის არაბალანსირებული კვებაც. ამიტომ პროფილაქტიკა საჭიროა ზაფხულის თვეებშიც, განსაკუთრებით - თუ ბავშვი დღენაკლულია. D ვიტამინით პროფილაქტიკა რეკომენდებულია სიცოცხლის პირველი 2 წლის განმავლობაში.

- რა მოხდება, თუ D ვიტამინის დოზას გადავაჭარბეთ?

- D ჰიპერვიტამინოზი საკმაოდ მძიმე კლინიკურ სურათს იწვევს. ყურადღებას იპყრობს:

  • კუნთთა სისუსტე;
  • ანორექსია;
  • ღებინება;
  • ტაქიკარდია;
  • ძილის დარღვევა;
  • გაღიზიანებადობა;
  • ოფლიანობა;
  • დიარეისა და ყაბზობის მონაცვლეობა;
  • წონის მატების შეჩერება.

დიაგნოსტიკა ხდება სისხლსა და შარდში კალციუმის დონის განსაზღვრით (წესისამებრ, მომატებულია). ასეთ დროს აუცილებელია ექიმის კონსულტაცია.

- მიზანშეწონილია თუ არა ბავშვებისთვის ვიტამინების მიცემა პროფილაქტიკის მიზნით? როდის ინიშნება პოლივიტამინები?

- ვიტამინების უკონტროლო მიღებამ შესაძლოა მიგვიყვანოს ორგანიზმის ინტოქსიკაციამდე, ჰიპერვიტამინოზამდე. პოლივიტამინების დანიშვნის საკითხი მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. საზოგადოდ, მათი მიცემა აუცილებელია ავადმყოფობის შემდგომ პერიოდში, დიარეის შემდეგ, გაზაფხულზე, ასევე - აქტიური ზრდის პერიოდშიც.

- რას ურჩევდით ახალშობილთა მშობლებს?

- ხშირად მიაკითხონ პედიატრს, რათა მან რეგულარულად ადევნოს თვალი პატარას  ფსიქომოტორულ განვითარებას, და დაიცვან ბავშვის მოვლის პრინციპები:

  • ცხოვრების ჯანსაღი წესი - გაკაჟება, მზის აბაზანები;
  • ბალანსირებული კვება - ძუძუთი კვება 2 წლამდე, დამატებითი კვების დროული დაწყება, კალციუმითა და ვიტამინებით მდიდარი საკვების მიცემა.

ნუ დაალევინებენ ბავშვებს გაზიან სასმელებს - მათში არის კოფეინი, რომელიც ძვლებს კალციუმით აღარიბებს. რაქიტი თავისთავად არ არის ფატალური დაავადება და ადეკვატური მკურნალობის პირობებში სავსებით იკურნება, ხოლო D ვიტამინით დროული პროფილაქტიკა მის განვითარებასაც აგაცილებთ თავიდან.