იმუნიტეტის სიუპრიზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

იმუნიტეტის სიუპრიზები

ამიტომ არის, რომ ზამთრის მიწურულს პატარები უფრო ხშირად ავადმყოფობენ. როგორ მოვახდინოთ ორგანიზმის დამცველობითი ძალების მობილიზება? ამ და სხვა კითხვებზე პედიატრი, ინფექციონისტი ნინო გაბისონია გვიპასუხებს.

- რომელი ორგანოებისგან შედგება იმუნური სისტემა?

- იმუნური სისტემის ორგანოებია:

  • თიმუსი (მკერდუკანა ჯირკვალი) - იგი მუცლადყოფნის პირველი თვის ბოლოს იწყებს ფორმირებას, მდებარეობს მკერდის უკან და გამოიმუშავებს T-ლიმფოციტებს;
  • ელენთა - აქ ხდება ორგანიზმისთვის უცხო ნივთიერებების დაშლა და იმუნოგლობულინების გამომუშავება;
  • ძვლის წითელი ტვინი - გამოიმუშავებს B-ლიმფოციტებს;
  • ლიმფური კვანძები - წინ ეღობება ინფექციას და გამოიმუშავებს იმუნოგლობულინებს.

- რა დანიშნულება აქვს იმუნურ სისტემას?

- იმუნური სისტემის დანიშნულებაა, ამოიცნოს ვირუსები, ბაქტერიები და პარაზიტები, რომლებიც უტევენ ჩვენს ორგანიზმს და ხელი შეუშალოს მათ გავრცელებას. "დამპყრობლების" შემოჭრის შემდეგ ჩვენი ორგანიზმი ნამდვილ ბრძოლის ველად იქცევა. დაუპატიჟებელი სტუმრების წინააღმდეგ გამოდიან განსაკუთრებული უჯრედები - ფაგოციტები. ისინი ქმნიან ინფექციის კერას და მავნე მიკროორგანიზმებს მისი საზღვრებიდან გამოსვლის საშუალებას არ აძლევენ. იმუნოგლობულინები უერთდებიან უცხო ნივთიერებებს და აუვნებლებენ მათ.

"მტერთან" პირველი შეხვედრის შემდეგ ფორმირდება ერთგვარი იმუნოლოგიური მეხსიერება, რომელიც განმეორებითი შეხვედრის დროს მედგარ წინააღმდეგობას უზრუნველყოფს.

- რატომ არის, რომ, მიუხედავად ასეთი ძლიერი დაცვისა, მაინც ვხდებით ავად?

- ბავშვის იმუნური სისტემა მუცლადყოფნის პერიოდში იწყებს ფორმირებას, თუმცა დაბადების მომენტისთვის ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული. მას არ აქვს ისეთი თავდაცვის უნარი, როგორიც მოზრდილის იმუნურ სისტემას. უმთავრესად იმიტომ, რომ ბავშვის ორგანიზმი ბევრ ვერაგ მიკროორგანიზმს არ შეხვედრია. ბავშვის იმუნური სისტემის არასრულყოფილება გამოიხატება იმითაც, რომ იგი ხშირად ებრძვის სრულიად უვნებელ ნივთიერებებს - საკვების ცილებს, უწვრილეს მტვრის ტკიპებს. ასე წარმოიშობა ალერგიული რეაქციები.

- როდის შეიძლება ვთქვათ, რომ ბავშვს დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი?

- იმუნიტეტის სისუსტეზე საუბარი შეიძლება, თუ ბავშვს:

  • წელიწადში ხუთჯერ ემართება ვირუსული დაავადება;
  • აღენიშნება ალერგიული რეაქციები;
  • აქვს დისბიოზი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ქრონიკული დაავადებები;
  • თითქმის მუდამ გადიდებული აქვს კისრისა და იღლიის ლიმფური ჯირკვლები;
  • ვირუსული ინფექციის დროს სიცხე არ უწევს;
  • ადვილად იღლება, ფითრდება, ცოტას თამაშობს.

იმუნური სისტემის პრობლემები აისახება არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ განვითარებაზეც. ხშირად მოავადე ბავშვები სიარულს, ლაპარაკს, კითხვას თანატოლებზე გვიან იწყებენ.

- როგორ გავაძლიეროთ იმუნიტეტი?

- დღეს ტელევიზიით თუ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით უამრავ იმუნიტეტის გამაძლიერებელ საშუალებას უწევენ რეკლამას. მათი შემხედვარე იფიქრებთ, გვეშველა, დავალევინებთ პატარას რომელიმე მათგანს და ყველაფერი მოგვარდებაო. მაგრამ ექიმებმა ვიცით, რომ ამ საშუალებების მიმართ დიდი სიფრთხილეა საჭირო. უმჯობესია, მათი შერჩევა სპეციალისტს მიანდოთ. სამაგიეროდ, არსებობს უფასო, უსაფრთხო, ნაცადი და საყოველთაოდ ხელმისაწვდომი საშუალებები - სუფთა ჰაერზე სეირნობა, გამაკაჟებელი პროცედურები და სახლის სველი წესით რეგულარული დალაგება.

რამდენიმე რჩევა დედებს:

  • ბავშვის დაბადებიდან შეძლებისდაგვარად მალე მოაგვარეთ ძუძუთი კვების საკითხი. დედის რძე ახალშობილს აძლევს დამატებით ანტისხეულებს, რომლებიც ავადმყოფობისგან დამცავ ძლიერ საშუალებად მიიჩნევა.
  • უფრო მეტი ისეირნეთ პატარასთან ერთად. ნუ შეუშინდებით ცუდ ამინდს. სუფთა ჰაერი ბავშვისთვის აუცილებელია. ერთიდან ხუთ წლამდე ასაკის პატარები სუფთა ჰაერზე დღეში 4-5 საათს უნდა ატარებდნენ. ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა ჰაერზე თამაში. ბავშვს ისე ჩააცვით, რომ თავისუფლად იმოძრაოს, არც გაიყინოს და არც გაოფლიანდეს.
  • ტანსაცმლის ან პამპერსის გამოცვლისას ჩვილი რამდენიმე წუთით შიშველი დატოვეთ - ჰაერის აბაზანები აკაჟებს ორგანიზმს. ატარეთ პატარა ცურვაზე, მიაჩვიეთ კონტრასტული წყლის აბაზანებს, ცივი წყლის გადავლებას. არ დაივიწყოთ მასაჟი და დილის ვარჯიში.
  • რეგულარულად დაალაგეთ სახლი სველი წესით, საიმედო, ხარისხიანი გამწმენდი საშუალებებით. ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ტანისამოსის, ფეხსაცმელების, სათამაშოების სისუფთავეს.

- რა საჭიროა სისუფთავისთვის ასეთი ღონისძიებები?


- საქმე ის არის, რომ ბავშვის იმუნური სისტემა დაბადებისთანავე კოლოსალურ დატვირთვას განიცდის: ბაქტერიები, ვაქცინები, ალერგენები, ვირუსები... ცხრა თვე სტერილურ გარემოში მყოფი ახალშობილისთვის იოლი როდია ერთბაშად ამდენ "მტერთან" გამკლავება... ხოლო როცა სახლი მტვრიანია, ოთახში ბევრი ძველი და უსარგებლო ნივთია, ლოგინის თეთრეული ხშირად არ ირეცხება, შემოსასვლელში ყრია ჭუჭყიანი ფეხსაცმელები - მავნე მიკროორგანიზმების რაოდენობა კრიტიკულ დონეს აღწევს და პატარას არასრულყოფილ იმუნურ სისტემას ძალა აღარ შესწევს, წინააღმდეგობა გაუწიოს "მტერს". ბევრი მიკრობი მეტად სიცოცხლისუნარიანია, უძლებს მაღალ და დაბალ ტემპერატურას და გარემოში არათუ რამდენიმე კვირა, ზოგჯერ რამდენიმე თვეც კი ცოცხლობს. მაგალითად, ცემინებისას, ხველისას რაიმე საგანზე მოხვედრილი გრიპის ვირუსი 2 დღე-ღამე ძლებს, მაგრამ სწრაფად იღუპება ქლორის შემცველი გამწმენდი საშუალებების ზემოქმედებით.

ჩვეულებრივი ონკანის წყალი და, მით უმეტეს, მშრალი დალაგება მავნე ბაქტერიებს ვერ სპობს. პედიატრების დაკვირვებით, იმ ოჯახებში, სადაც სისუფთავეა, ბავშვები იშვიათად ავადმყოფობენ.

- ცოტა ხანს სუფთა ჰაერზე სეირნობის საკითხზეც შევჩერდეთ... ნებისმიერ ამინდში შეიძლება თუ არა სეირნობა?

- სუფთა ჰაერზე სეირნობა საუკეთესო საშუალებაა იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ორგანიზმის გასაკაჟებლად, თუმცა ყოველი ასაკისთვის არსებობს შესაბამისი რეკომენდაციები:

დაბადებიდან ერთ წლამდე

ახალგაზრდა დედა მოუთმენლად ელის, როდის წაიყვანს ახალი ეტლით სასეირნოდ თავის პირმშოს. გაითვალისწინეთ, პატარა თანდათან უნდა შეაგუოთ სუფთა ჰაერს. თავდაპირველად ასეირნეთ მხოლოდ 15-20 წუთი. როცა შეამჩნევთ, რომ მას მოსწონს სეირნობას, შეგიძლიათ, 2-3 საათიც დარჩეთ ჰაერზე.

წლამდე ასაკის პატარებს ჰაერზე უმეტესად სძინავთ, ამიტომ შესაბამისადაც უნდა ეცვათ, მით უმეტეს - ზამთარში. კარგია მთლიანი კომბინეზონები ელვაშესაკრავით.

1-დან 3 წლამდე

პატარას უკვე აღარ სძინავს - გულისყურით ათვალიერებს სამყაროს. აღარც ეტლში ჯდომა უნდა - ცდილობს, პირველი ნაბიჯები გადადგას. ამ დროს მას თბილად, მაგრამ მსუბუქად უნდა ჩავაცვათ, რომ თავისუფლად იმოძრაოს. თავზე უმჯობესია შლემი დაახუროთ - იგი არც მოეხდება და საიმედოდაც დაიცავს ყელს ქარისა და სიცივისაგან.

3-დან 7 წლამდე

სკოლამდელი ასაკის ბავშვები სეირნობისას ძალიან აქტიურობენ. მათ აღარ იზიდავთ მშვიდი თამაშები - თოვლის გუნდის გორება ან ნიჩბით თოვლის გადაყრა; ისინი გორაკიდან ჩამოსრიალებას, თოვლის ციხესიმაგრეების აშენებასა და გუნდაობას ამჯობინებენ. საამისოდ მოხერხებულია წყალგაუმტარი, მსუბუქი და თბილი ქურთუკები და შარვლები. ასეთი ფოროვანი მასალისგან შეკერილი სამოსი ჰაერს კარგად ატარებს, ნესტსა და სისველეს კი შიგნით არ უშვებს, ასე რომ, ბავშვი არც სველდება და არც ოფლიანდება.

თუ გგონიათ, რომ პატარას შესცივდა, შეამოწმეთ ცხვირზე, ხელებზე შეხებით. ცივი ცხვირი არ ნიშნავს, რომ პატარას სცივა, მაგრამ თუ კანმა ფერი იცვალა, ხელები გაეყინა, ტუჩები კი გაულურჯდა, გირჩევთ, სახლში წაიყვანოთ.

- ბევრი თავს არიდებს სიცივეში ბავშვის სასეირნოდ წაყვანას - ვირუსებს უფრთხის. როგორ შეიძლება ინფექციური დაავადების თავიდან აცილება?

- სეირნობიდან შინ დაბრუნების შემდეგ ნამდვილად არსებობს ინფიცირების საშიშროება, რაც ქუჩიდან შემოტანილმა ჭუჭყმა შეიძლება გამოიწვიოს. ამისთვის, გირჩევთ, შეასრულოთ შემდეგი მითითებები:

  • შინ დაბრუნებულმა, შემოსასვლელშივე გამოიცვალეთ ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ხელები დაიბანეთ თბილი წყლითა და საპნით, დაბანეთ ბავშვსაც. ნუ ივლით სახლში საგარეო ტანისამოსითა და ფეხსაცმელებით.
  • საგარეო სათამაშოები შეინახეთ ცალკე, სახლისას არ შეურიოთ. დროდადრო გარეცხეთ. გარეცხეთ მათი შესანახი ყუთიც.
  • კვირაში ერთხელ სველი წესით დაალაგეთ სახლი, გაწმინდეთ საგარეო ფეხსაცმელების შესანახი კარადა.
  • გაანიავეთ სახლი დალაგებამდე და დალაგების შემდეგ. სასეირნოდ წასვლის წინ გამოაღეთ ფანჯარა, რომ სახლში სუფთა ჰაერმა იტრიალოს. შინ დაბრუნებული პატარა სუფთა ოთახში უკეთ მოისვენებს და დაიძინებს.

- როდის არ არის სასურველი ბავშვის სასეირნოდ წაყვანა?

- თუ ბავშვი თვემდე ასაკისაა - -10 გრადუსზე ნაკლებ ტემპერატურაზე, ხოლო თუ წლამდე ასაკისაა - -15 გრადუსზე ნაკლებზე.

  • ძლიერი - 15-20მ/წმ და მეტი - ქარის დროს;
  • ძლიერ წვიმასა და თოვაში;
  • როდესაც ჰაერის ტენიანობა 85%-ზე მეტია.

ასეთ ამინდში უმჯობესია სეირნობისგან თავი შევიკავოთ და გამოამინდებას დაველოდოთ.