ვემზადებით სკოლისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვემზადებით სკოლისთვის

მიუხედავად ამისა, ვერ ვიტყვით, რომ გიოს კითხვა უყვარს. არც ბრწყინვალე მოსწავლეა - საშუალოდ სწავლობს. რაც მთავარია, ბიჭს სულაც არ უყვარს სკოლაში სიარული. მას არც მეგობარი ჰყავს და მასწავლებლისაც ეშინია. ზოგჯერ, დილაობით, სკოლაში წასვლის წინ, ტირის კიდეც. დედისთვის გაუგებარი ამ პრობლემების გამო ბავშვი ფსიქოლოგთან მიიყვანეს. კონსულტაციის დროს გაირკვა, რომ დედის ურთიერთობა შვილთან "ზედამხედველობითა და კონტროლით" შემოიფარგლება. დედა წარმატებული თანამშრომელია, სამსახურის საქმეებს ხშირად შინაც აგრძელებს. გიო დაბადებიდანვე ხშირად ავადმყოფობდა, თანატოლებთანაც იშვიათად თამაშობდა, ამიტომ მორცხვ პიროვნებად ჩამოყალიბდა, მას ახალი ადამიანებისა და სიტუაციების შიში აქვს. ფსიქოლოგის კითხვას იმის თაობაზე, რა უყვარს ბიჭს, დედამ გულწრფელად უპასუხა, რომ ამაზე სერიოზულად არასოდეს დაფიქრებულა. ბოლოს მაინც გაირკვა, რომ ბიჭს მარკები ჰყვარებია. სურდა კიდეც მათი შეგროვება, მაგრამ დედამ მისი წამოწყება არ მოიწონა და მისწრაფებაც უმალვე გაქრა. კითხვებზე, სჯის თუ არა დედა ბიჭს და აქვთ თუ არა მათ კონფლიქტები, დედამ აღშფოთებით უპასუხა, რომ ეს შეუძლებელია - შვილი მას ყოველთვის უსიტყვოდ ემორჩილება.

ამბავი მეორე: გიოს კლასში სწავლობს ანა. ანას მშობლები ხშირად ატარებენ უქმეებს შვილთან ერთად და ქალაქგარეთაც ერთად დადიან. ანა ფიზიკურად კარგად განვითარებული და აქტიური ბავშვია. მას უფროსების დახმარებაც შეუძლია და თანატოლების აყოლიებაც. ამავე დროს ანა არასოდეს არღვევს წესებს - თუ დარწმუნდა, რომ წესების დაცვა აუცილებელია, განუხრელად იცავს მათ. მიუხედავად მცირე ასაკისა, ანა საკმაოდ კრიტიკული პიროვნებაა - როცა უფროსის საქციელი არ მოსწონს, თავს უფლებას აძლევს, თავისი პოზიცია გამოხატოს. ასეთ დროს ანა მზადაა, "ცუდადაც" კი მოიქცეს. მაგალითად, გოგონა ხუთი წლის იყო, როცა მასწავლებელს ეზოში ყოფნა დაეზარა და გადაწყვიტა, ბავშვები დროზე ადრე დაებრუნებინა ოთახში. გაბრაზებული ანა პროტესტის ნიშნად ხეზე აძვრა და მანამდე არ ჩამოვიდა, სანამ სადილის დრო არ დადგა. ანა ბევრ შეკითხვას სვამს, უყვარს კამათი, ზოგჯერ ჯიუტობს კიდეც. დროდადრო დედასაც ეკამათება. მოთმინებიდან გამოსული დედა მას მსუბუქად შემოარტყამს ხოლმე ხელს და სჯის - დივანზე სვამს და გარკვეული ხნის განმავლობაში ადგომის უფლებას არ აძლევს. ანას შეუძლია საოჯახო საქმეებში დახმარება, ველოსიპედის ტარება, კალათბურთის თამაში, თუმცა ექვსი წლისთვის კითხვა ჯერ კიდევ არ იცოდა. მას სკოლისთვის საგანგებოდ არავინ ამზადებდა. მიუხედავად ამისა, მან უცებ აითვისა ყველაფერი და დღეს გიოზე უკეთ სწავლობს. ბავშვებს შორის განსხვავება ის არის, რომ ანა სკოლაში თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს და გაკვეთილებსაც ორჯერ სწრაფად ამზადებს.

რა არის მნიშვნელოვანი?

ამ ორი ბავშვიდან რომელია სკოლისთვის უფრო უკეთ მომზადებული, აშკარაა, მაგრამ რატომ არის ასე? მოდი, სხვა კითხვაც დავსვათ - გიო უფრო უკეთ რომ სწავლობდეს, ვიდრე ანა, იქნებოდა თუ არა ის უფრო წარმატებული პიროვნება? ალბათ არა. პიროვნების წარმატების საზომი ხომ მისივე კმაყოფილება და სხვა ადამიანებთან ურთიერთობაა. სწავლაში წარმატება არაფერია, თუ ბავშვი მარტოსულია თანატოლთა შორის. ობიექტურად თუ ვიმსჯელებთ, არაფერია უცნაური იმაში, რომ ანა წარმატებული პიროვნებაა, გიო კი - არა. ეს უცნაური მხოლოდ მას შეიძლება მოეჩვენოს, ვისაც მიაჩნია, რომ სკოლისთვის მზაობა წერა-კითხვისა და ანგარიშის ცოდნას გულისხმობს. ასე კი, სამწუხაროდ, ბევრს მიაჩნია. სინამდვილეში მთავარი სულ სხვა რამაა.

ბავშვის თვალით

რა ხდება, როცა ბავშვი სკოლაში მიდის? როგორ აღიქვამს ის არსებულ რეალობას? პირველ რიგში, ბავშვი საკმაო ხნის განმავლობაში უნდა იჯდეს მერხთან. ეს პატარასთვის სერიოზული გამოცდაა და ამ გამოცდას სწორედ ანას მსგავსი ბავშვები აბარებენ წარმატებით. ბავშვის სულიერი მდგომარეობა დამოკიდებულია მის ფიზიკურ სტატუსზე. აქტიური, ძლიერი და ამის გამო საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ბავშვი უკეთ იტანს გაკვეთილზე მერხთან ჯდომას. ეს სულაც არ არის პარადოქსი. აბა დაფიქრდით, ვინ იტანს შიმშილს უკეთ - ის, ვინც მუდამ მშიერია თუ ის, ვინც კარგადაა ნაკვები? პასუხი აშკარაა. ფიზიკურად პასიური ბავშვები შესვენებაზე ხშირად სხედან მერხთან, ხოლო ანას მსგავსნი ქარივით დაქრიან, რათა ორმოცწუთიანი უმოძრაობა აინაზღაურონ. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ისაა, რომ პატარა ბავშვს ურთიერთობა უწევს სხვა, მისთვის მანამდე უცნობ ბავშვებსა და ასევე უცნობ მასწავლებლებთან. ამასთან, მასწავლებელს შეუძლია ბევრი რამ აუკრძალოს, დაუსვას კითხვები, რომლებსაც ბავშვმა უნდა უპასუხოს, თანაც მისი პასუხები სათანადოდ ფასდება!


რატომ არ არის გიო წარმატებული?

ის არ არის მიჩვეული მოულოდნელობებს. სკოლაში წასვლამდე ის არავითარ პრობლემას არ შეჯახებია; არ შეჯახებია მომენტს, როცა მისი ქმედება უცხო ადამიანს უნდა შეეფასებინა. ბიჭი არც თანატოლთა კოლექტივში ყოფნასაა მიჩვეული. გიო არასოდეს დაუსჯიათ, ის კონფლიქტურ სიტუაციაში არ მოხვედრილა. სკოლაში კი სასჯელისა და კამათის გარეშე შეუძლებელია. რატომ გრძნობს ანა თავს კლასში კომფორტულად? ის მიჩვეულია მოულოდნელობებსა და სირთულეებს, არ უჭირს უცხო ხალხთან ურთიერთობა, თავისუფლად ამყარებს კონტაქტს უფროსებთან და ბავშვების კოლექტივშიც კარგად გრძნობს თავს. ანას არ აშინებს არც სიახლე, არც წარუმატებლობა. ის ფსიქოლოგიურად საკმაოდ მყარი პიროვნებაა. რასაკვირველია, ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზე რაღაც ნამდვილადაა დამოკიდებული, მაგრამ არა ყველაფერი. სკოლისთვის პატარას მომზადებას საფუძველი დედა-შვილის ურთიერთობით ეყრება. სკოლისთვის ბავშვის მომზადება ნიშნავს მის სწორად აღზრდას, თანაც დაბადებიდანვე. სწორად აღზრდილი და ფიზიკურად სათანადოდ მომზადებული ბავშვი ყოველთვის მზად არის სკოლისთვის, მაშინაც კი, როცა წერა-კითხვა არ იცის.

სამახსოვრო მშობლებისთვის

როგორი ურთიერთობა უნდა გვქონდეს პატარასთან?

  • წააქეზეთ ბავშვის ფიზიკური აქტიურობა, დაბრკოლებათა გადალახვის სურვილი, ნუ დაუშლით ხეზე ასვლას, სრიალს და ველოსიპედის ტარებას.
  • წააქეზეთ ბავშვის სურვილი, ითამაშოს სხვა ბავშვებთან, იყოს კოლექტივში იმ შემთხვევაშიც კი, თუ, თქვენი თვალთახედვით, ეს კოლექტივი იდეალური არ არის.
  • ნუ გამიჯნავთ ბავშვს თქვენი ცხოვრებისგან, მოუყევით თქვენი სამსახურის შესახებ, მიიღეთ მისი დახმარება და თქვენც დაეხმარეთ, შეძლებისდაგვარად ატარეთ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე.
  • ესაუბრეთ შვილს სხვადასხვა თემაზე, განიხილეთ მასთან ერთად ფილმები, წიგნი, მოუყევით მცენარეებსა და ცხოველებზე, საფუძვლიანად უპასუხეთ მის ყველა კითხვას.
  • ნუ დაუკავშირებთ ბავშვისადმი თქვენს დამოკიდებულებას მის აკადემიურ წარმატებებს; აგრძნობინეთ, რომ ორიანისა და ათიანის შემთხვევაში ის თანაბრად ძვირფასია თქვენთვის.
  • ნუ მოარიდებთ ბავშვს კონფლიქტს, წარუმატებლობას; უმჯობესია, მათი გადალახვა ასწავლოთ.
  • შთააგონეთ ბავშვს, რომ მოსწავლის სტატუსი საპატიოა და პატივისცემას იმსახურებს.

ადრეული ასაკიდან მოიწონეთ ბავშვის დამოუკიდებლობა და გატაცებები. ადამიანი მაშინ ვითარდება სრულყოფილად, როცა საყვარელი საქმითაა დაკავებული.

წარმატების საწინდარი

ჩვენი ორი გმირის სასკოლო გარემოსთან ადაპტაციის ისტორიის გათვალისწინებით, შეგვიძლია სათანადო დასკვნები გამოვიტანოთ:

1. ბავშვი მუდმივად უნდა მონაწილეობდეს თამაშებში ბავშვებთან ერთად. რაც უფრო რთული იქნება თამაში, მით უკეთესია. განსაკუთრებით სასარგებლოა მოძრავი თამაშები და როლური თამაშები გარკვეული წესებით. ისინი ბავშვს წესებისადმი მორჩილების ჩვევას გამოუმუშავებენ. ამავე დროს ბავშვი შეიგრძნობს საბავშვო კოლექტივის მომხიბლაობას, იგრძნობს, რა კარგია თამაში და მეგობრობა.

2. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ მოულოდნელობებს არ შეუშინდეს; ავუხსნათ, რომ რთული სიტუაციიდან გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება. ფიზიკური აქტიურობა პატარას წინააღმდეგობების გადალახვაში ეხმარება და საკუთარი თავის რწმენას განუმტკიცებს. ასე რომ, გაცილებით მნიშვნელოვანია, ოთხი წლის ასაკში ბავშვს ველოსიპედის ტარება ვასწავლოთ, ვიდრე კითხვა.

3. უფრო უკეთეს პოზიციაში აღმოჩნდება ბავშვი, რომელსაც მოძრავი თამაშები უყვარს. ფიზიკური აქტიურობის ჩვევა ბავშვს საშუალებას აძლევს, სკოლის ნეგატიური გავლენა შესვენების დროს თამაშით, სირბილით მოიხსნას. ამ ჩვევის გარეშე ბავშვის ნორმალური განვითარება ძნელი წარმოსადგენია.

4. ბავშვისთვის სასარგებლოა მოზრდილებთან ურთიერთობა და მათ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა. სკოლაში აუცილებელი იქნება მუდმივი კონტაქტი მასწავლებელთან, ეს კი უცხო მოზრდილი ადამიანია. თუ მშობლები მკვეთრად მიჯნავენ თავიანთ ცხოვრებას ბავშვის ცხოვრებისგან და პატარას მხოლოდ "აღმზრდელობით თემებზე" ესაუბრებიან, ისინი ბავშვს ადვილად ტრავმირებად პიროვნებად გადააქცევენ. უფროსებთან ურთიერთობა პატარა ბავშვს, ყველაფერთან ერთად, საკუთარი აზრების გასაგებად და ლოგიკურად ჩამოყალიბებას ასწავლის.

5. ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უნარი, მოახდინოს გონების კონცენტრირება და, სულ ცოტა, თხუთმეტი წუთის განმავლობაში აკეთოს ერთი საქმე ისე, რომ შედეგი მიიღოს, სამუშაო დაასრულოს. შესანიშნავია, თუ სამი-ოთხი წლის ბავშვს შეუძლია მარტივ საოჯახო საქმეებში დახმარება, მაგალითად, მაგიდაზე ხელსახოცებისა და კოვზების დაწყობა.

6. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ მისდამი დედის დამოკიდებულება სწავლის შედეგებით არ არის განსაზღვრული. თუ დედა აშკარად უკავშირებს ბავშვის მიმართ დამოკიდებულებას სწავლის შედეგებს, პატარა ბავშვი დაკარგავს "ფსიქოლოგიური მდგრადობის ღუზას", რაც მას წარუმატებლობის ნორმალურად აღქმაში უნდა დაეხმაროს.

7. წააქეზეთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა. მას სურს, უფრო და უფრო მეტი იცოდეს, უფრო უნარიანი გახდეს. თუ დიდისთვის საინტერესოა პატარასთან საუბარი, თუ საუბრის თემები მრავალფეროვანია, თუ დედა-შვილი ერთად კითხულობს, უყურებს ფილმებს ან განიხილავს ნანახსა და წაკითხულს, ყველაფერი რიგზე იქნება.

8. აუცილებელია წიგნებისადმი დადებითი დამოკიდებულების დემონსტრირება. კარგია, როცა ბავშვი ხედავს, რომ დედა და მამა კითხულობენ და მასაც ხშირად უკითხავენ. თავად კითხვის ტექნიკას სულაც არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.