აქცენტს ვიტამინებზე ვაკეთებთ
.
"მყავს წლისა და 2 თვის შვილი. ვკვებავთ სრულფასოვნად, ასაკის შესაბამისად, მაგრამ კბილები არასწორად, არათანაბრად ამოსდის, ზოგიერთი - დიდი ხნის დაგვიანებით, ერთდროულად რამდენიმე. ვიტამინები ხომ არ მივცეთ? კონკრეტულად რომელს გვირჩევთ?"
თავდაპირველად დავიწყებთ იმით, რომ ვიტამინები და მინერალები განსაკუთრებით სჭირდება ბავშვის მოზარდ ორგანიზმს, განურჩევლად იმისა, როგორ იკვებება - ბუნებრივად თუ ხელოვნურად. ზოგჯერ ბავშვს რომელიმე ერთი ვიტამინი სჭირდება, ზოგჯერ - პოლივიტამინები. ამის გარკვევაში, თქვენი ჩივილების გათვალისწინებით, ბავშვის პირადი პედიატრი დაგეხმარებათ.
ახლა რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას.
-
კბილები ამოსვლას აგვიანებს
თუ პატარას ხელისგულები და ფეხისგულები მუდამ ნოტიო აქვს და, საზოგადოდ, ადვილად ოფლიანდება, ეს D ვიტამინის დეფიციტზე მიუთითებს, რასაც საბოლოოდ რაქიტამდე მივყავართ. ეს მდგომარეობა 3 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება. D ვიტამინს შეიცავს ზღვის თევზების ღვიძლი, კვერცხის გული, წითელი და შავი ხიზილალა. მაშინაც კი, როდესაც ეს პროდუქტები ბავშვის რაციონში შედის, არ შეგვიძლია დაბეჯითებით ვამტკიცოთ, რომ მას დ ვიტამინის დამატებით მიღება არ სჭირდება. D ვიტამინის ფორმას და დოზას, ბავშვის ასაკისა და მდგომარეობის გათვალისწინებით, თქვენი პედიატრი შეგირჩევთ.
-
ბავშვი ადვილად იღლება
პატარას სულ ეძინება, უსასრულოდ ავადმყოფობს, დიდხანს არ უხორცდება ნაკაწრები, არ ურჩება სტომატიტი. ეს C ვიტამინის ნაკლებობაზე მიუთითებს. პატარას ყოველდღიური რაციონი გაამდიდრეთ C ვიტამინის შემცველი პროდუქტებით: ციტრუსის ახალგამოწურული წვენით, ასკილის ნაყენით, შავი მოცხარის, ჟოლოს მურაბით. ურიგო არ იქნება C ვიტამინის დრაჟეს დამატებაც.
-
თვალებს სიბნელესთან შეჩვევა უჭირთ
თუ ბავშვს, ამასთან ერთად, გაუფუჭდა მადა, გაუმწვავდა დიათეზი (ატოპიური დერმატიტი), კანი გამოუშრა, პირის კუთხეები დაუსკდა, ესე იგი მას არ ჰყოფნის A ვიტამინი. საკვებით მისი დეფიციტის შევსებაში დაგეხმარებათ თევზის, საქონლის, ფრინველის ღვიძლი, სტაფილო, ისპანახი, წითელი ტკბილი წიწაკა, ოხრახუში, მჟაუნა, გარგარი. აუცილებელია A ვიტამინის მზა ფორმით მიღებაც.
-
პატარა გაღიზიანებულია
დღისით თვალს არ ხუჭავს, მოუსვენრად სძინავს ღამით... თუ მას ცოტა ხნის წინ ანტიბიოტიკებით მკურნალობდნენ, B6 ვიტამინის დეფიციტი უნდა ვივარაუდოთ. ამ ვიტამინით მდიდარია სიმინდი, ბარდა, კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ძროხის, ხბოს, ქათმის ხორცი, კვერცხი. აუცილებელია დამატებით B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის მიღება.
-
აუცილებელი პოლივიტამინები
მზა პოლივიტამინების კომპლექსი შეიცავს მზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელ მიკროელემენტებსა და მინერალებს, ამდენად, აქტიური ზრდისა და განვითარების, ორგანოთა ფორმირების პერიოდში მათი მიღება საჭიროა, მაგრამ ისინი აუცილებლად თქვენმა პედიატრმა უნდა შეგირჩიოთ ბავშვის ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებისთვის ზრუნვა მანამდე უნდა დავიწყოთ, სანამ ყველა სარძევე კბილი ამოვა. ზედა ყბაზე ამოსული ყველა კბილი (გარდა იმისა, რომელსაც მწკრივში ბოლო ადგილი უკავია) უნდა ეხებოდეს ქვედა ყბის კბილებს, ხოლო ეშვები და წინა, საჭრელი კბილები ოდნავ წინ იყოს წამოწეული და ერთ მესამედზე ფარავდეს ქვედა საჭრელებს. თუმცა ნორმად ითვლება ისიც, როცა ზედა და ქვედა საჭრელები თავისუფალი ზედაპირით ეხება ერთმანეთს.
თქვენს შვილს სხვაგვარი თანკბილვა აქვს? აჩვენეთ ბავშვთა ორთოდონტს, რათა მიზეზი გაირკვეს და გადაწყდეს, როდის და როგორ ჯობს მისი გასწორება. არასწორი თანკბილვა უარყოფითად მოქმედებს მეტყველებაზე, არცთუ იშვიათად - ჯანმრთელობასა და გონებრივ განვითარებაზეც.
-
მემკვიდრეობითი ფაქტორი
ასიდან 30-35 შემთხვევაში არასწორ თანკბილვას ბავშვი დედისგან ან მამისგან მემკვიდრეობით იღებს. მაგალითად, ძალიან დიდი, მსხვილი კბილები პატარა თავის ქალაზე იწვევს ზედდებას და კბილების გამრუდებას; მათი ერთმანეთზე ზედდება, გადაჯვარედინება ხელს უწყობს კარიესს, რასაც ღრძილების დაზიანება მოჰყვება. მოკლე ლაგამი კი წინ წამოსწევს თავის ქალას, დააშორებს წინა საჭრელ კბილებს; მათ შორის ჩნდება ნაპრალი, რომელიც ხელს უშლის შიშინა და სისინა ბგერების წარმოთქმას. საკმარისია, ლაგამი ჩაიჭრას, რომ ყველაფერი ნორმას უბრუნდება.
-
მატყუარას ბრალია
თუ ბავშვი დიდხანს წოვს მატყუარას, ჩამოყალიბდება ღია თანკბილვა. ამ დროს ზედა წინა საჭრელები თახვის კბილებივით წინ არის გამოშვერილი, ხოლო ზედა და ქვედა საჭრელ კბილებს შორის წარმოიქმნება სივრცე. იგი ხელს უშლის პატარას ღეჭვასა და მეტყველებაში, პირიდან უცვივა საკვების ნამცეცები...
გადაწყვიტეთ, პატარას მატყუარას წოვა მიატოვებინოთ? კეთილი. მაგრამ იგი, რაკი წოვას არის მიჩვეული, იწყებს ცერა თითის, ენის ან ქვედა ტუჩის წუწვნას, იკბენს ლოყის შიდა ზედაპირს... თანკბილვაზე ეს ჩვევებიც უარყოფით გავლენას ახდენს. ამ მავნე ჩვევის დასაძლევად ბავშვი ნევროლოგს აჩვენეთ.
-
ღეჭვა ეზარება
თუ პატარა უარს ამბობს მყარ, მაგარ საკვებზე და მხოლოდ ფაფისებრი კონსისტენციისას ითხოვს, მის ნებას ნუ დაჰყვებით - ყბა-სახის აპარატის განვითარება ამის გამოც შეიძლება შეფერხდეს. თანკბილვის დარღვევას ერთვის მეტყველების დარღვევა, ბავშვს უჭირს თანხმოვნების წარმოთქმა. გირჩევთ, ბავშვი თანდათან მიაჩვიოთ ღეჭვას. ამისთვის შესთავაზეთ ვაშლი, სტაფილო - ცხადია, ნაჭრებად და არა გახეხილი. აუხსენით: "შენ უკვე დიდი ხარ!" - და სტაფილოს ან ვაშლის ნაჭერი ხელში დააჭერინეთ.
-
სუნთქავს პირით
თუ ბავშვი ხშირი გაციების, ადენოიდების ან ცხვირით სუნთქვის გაძნელების გამო იძულებულია, პირით ისუნთქოს, ანდა ძილში მოზრდილივით ხვრინავს, გირჩევთ, იგი ყელ-ყურის ექიმს აჩვენოთ, სუნთქვის დამაბრკოლებელი მიზეზი მოიცილოთ, მერე კი ორთოდონტს ეწვიოთ - ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო ირღვევა სახის ძვლების ფორმირება, ქვედა ყბისა და ყბა-სახის აპარატის განვითარება.
ნებისმიერი პრობლემა თქვენს პედიატრთან ერთად უნდა მოაგვაროთ. გარდა ამისა, გირჩევთ, ყურადღებით შეარჩიოთ ბავშვის ყოველდღიური რაციონი, გაითვალისწინოთ მისი ასაკი, დროულად გადაიყვანოთ თხევადიდან ფაფისებურ, მერე კი მყარ საკვებზე. მიეცით პატარას საშუალება, თავისი ხელით მიირთვას კერძი. სწორად შეურჩიეთ ჭურჭელი, რათა ტრავმებსა და უსიამოვნო სიურპრიზებს გადაურჩეთ...