როგორ შევარჩიოთ პოლივიტამინები
დღეს ბევრი უჩივის ვიტამინების ნაკლებობას, რომელსაც მკვეთრად გამოხატული კლინიკური დარღვევები არ ახასიათებს, მაგრამ საგრძნობლად აქვეითებს იმუნიტეტს, გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარს, ასუსტებს ორგანიზმს, ხელს უწყობს ქრონიკულ დაავადებათა გამწვავებას. მაგალითად, თიამინის (B1 ვიტამინის) ასკორბინის მჟავასა (C ვიტამინის) და პირიდოქსინის (B6 ვიტამინის) ნაკლებობისას გაღიზიანებადობა და თავის ტკივილები აღინიშნება. კანის სიმშრალე და თმის სისუსტე ხშირად A და B2 ვიტამინების ნაკლებობის შედეგია. ამრიგად, პოლივიტამინები ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა.
ზამთარში და გაზაფხულზე პროფილაქტიკის მიზნით პოლივიტამინების კურსი აუცილებელია. უფრო მეტიც - შუალედებში დღეში 50-75 მგ ასკორბინის მჟავა მაინც უნდა მიიღოთ. C ვიტამინი პროდუქტის შენახვისა და დამუშავებისას სწრაფად იშლება, შესაბამისად, ის ბევრის ორგანიზმს აკლია. მისი ნაკლებობა ასკილის ნაყენის რეგულარული სმითაც შეგიძლიათ შეივსოთ.
პოლივიტამინური კომპლექსების მიღება ჭამის დროს სჯობს, წყალიც საკმარისი რაოდენობით უნდა დააყოლოთ. თუ ერთაბიანი პრეპარატი გაქვთ შერჩეული, მისი მიღება დღის პირველ ნახევარში, ყველაზე ნოყიერი კვებისას სჯობს. დღეს ფართოდ არის გავრცელებული ნელა ხსნადი ვიტამინები, რომელთა გადამუშავებასა და შეთვისებას 8-12 საათი სჭირდება. მათ გარკვეული უპირატესობა აქვს: შემადგენელი კომპონენტები ნაკლებად ურთიერთქმედებს, მაქსიმალურად შეითვისება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ.
თუ პოლივიტამინს არ აქვს მინაწერი "საღეჭი", მაშინ აბი თუ კაფსულა მთელი, დაუღეჭავად და დაუნაწევრებლად უნდა გადაყლაპოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტამინების ნაწილი შესაძლოა პირის ღრუსა და კუჭში დაიშალოს.
პოლივიტამინის შერჩევისას ორიენტაცია ჩამონათვალზე უნდა აიღოთ - რაც უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს კომპლექსი, მით უკეთესია. ხშირად სავაჭრო სახელწოდება შემადგენლობაზე თვითონვე მეტყველებს. მაგალითად, თუ მინაწერი ასე იწყება: "ჰექსა" - ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 6 ვიტამინი გარანტირებული გაქვთ, "დეკა" - ერთი აბიდან 10 ვიტამინს მიიღებთ. ყოველი შემთხვევისთვის გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად სულ 13 ვიტამინია ცნობილი. პოლივიტამინები მიკროელემენტებსაც შეიცავს. ზოგიერთი ფირმის პოლივიტამინურ პრეპარატში მიკროელემენტთა განსაკუთრებით დიდი სპექტრია წარმოდგენილი. ასე რომ, თუ პრეპარატი ვიტამინებთან ერთად მიკროელემენტებსაც შეიცავს, ის სასარგებლოა და აუცილებლად შეიძინეთ. იხილეთ სტატია "რამოდენიმე შეკითხვა პოლივიტამინების შესახებ"