რამოდენიმე შეკითხვა პოლივიტამინების შესახებ
.
-
სწორად შევარჩიოთ ვიტამინების საჭირო კომპლექსი
პოლივიტამინის შერჩევისას ორიენტაცია ჩამონათვალზე უნდა აიღოთ - რაც უფრო მეტ ვიტამინს შეიცავს კომპლექსი, მით უკეთესია. ხშირად სავაჭრო სახელწოდება შემადგენლობაზე თვითონვე მეტყველებს. მაგალითად, თუ მინაწერი ასე იწყება: "ჰექსა" - ეს იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 6 ვიტამინი გარანტირებული გაქვთ, "დეკა" - ერთი აბიდან 10 ვიტამინს მიიღებთ. ყოველი შემთხვევისთვის გაითვალისწინეთ, რომ ამჟამად სულ 13 ვიტამინია ცნობილი.
პოლივიტამინები მიკროელემენტებსაც შეიცავს. ზოგიერთი ფირმის პოლივიტამინურ პრეპარატში მიკროელემენტთა განსაკუთრებით დიდი სპექტრია წარმოდგენილი. რამდენად აუცილებელია ორგანიზმისთვის ვანადიუმისა და მოლიბდენის მიკროდოზები, ამ საკითხზე გამოკვლევა არავის ჩაუტარებია, მაგრამ ცნობილია, რას იწვევს კალციუმის, თუთიის, მაგნიუმის, იოდის, რკინისა და სპილენძის დეფიციტი. ასე რომ, თუ პრეპარატი ვიტამინებთან ერთად ამ ელემენტებსაც შეიცავს, ის სასარგებლოა და აუცილებლად შეიძინეთ.
თანამედროვე ადამიანის კვებითი რაციონი იმდენად სახეცვლილია, რომ მრავალი სპეციალისტის აზრით, პოლივიტამინებისა და საკვები დანამატების გარეშე ორგანიზმი ჯანმრთელობას ვერ შეინარჩუნებს. შესაბამისად, პოლივიტამინების თემა მეტად აქტუალურია. ბევრი იწერება ვიტამინებისა და მინერალების შესახებ. ამგვარ მოსაზრებასაც კი მოისმენთ: აღნიშნული ნივთიერებები ერთმანეთთან შეუთავსებელია და ყველაფრის ერთ აბში მოქცევას ვიტამინების ცალკ-ცალკე მიღება სჯობსო. ვიტამინები და მინერალები ნამდვილად ურთიერთქმედებს, თუმცა ეს ურთიერთქმედება არა მხოლოდ ორგანიზმში მათი შეწოვისას, არამედ, საზოგადოდ, ნივთიერებათა ცვლის პროცესშიც მიმდინარეობს.
ბოლოდროინდელი გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ვიტამინების შეთვისება კომპლექსში მიკროელემენტების შემცველობაზე არ არის დამოკიდებული. რამდენადმე განსხვავებული ვითარებაა საკუთრივ მიკრო- და მაკროელემენტებთან მიმართებით. მათი არევა შესაძლოა ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს. ცნობილია, რომ-
- ვიტამინი B6 აძლიერებს მაგნიუმის შეთვისებას;
- D ვიტამინი აუმჯობესებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას;
- რკინისა და ქრომის უკეთ შეწოვისთვის აუცილებელია C ვიტამინის თანაობა;
- სპილენძი ზრდის რკინის მარგებლობას;
- E ვიტამინის ანტიოქსიდანტურ (ანტიდამჟანგავ) ეფექტს მიკროელემენტი სელენი აძლიერებს;
- თუთია მანგანუმთან ერთად უჯრედებს დაზიანებისგან იცავს.
თუ ყველა დასახელებული კომპონენტები ერთ აბში იქნება თავმოყრილი, ეს მხოლოდ სარგებლობას მოგვიტანს.
ისიც უნდა ითქვას, რომ მინერალები ერთგვარ კონკურენციას უწევენ არა მხოლოდ ერთმანეთს, ვიტამინებსაც. მაგალითად,
- კალციუმი - რკინის შეთვისებას ამცირებს;
- თუთია კი სპილენძის შეთვისებას ამცირებს;
- რკინისა და კალციუმის შეთვისებას ამცირებს;
- C ვიტამინის მაღალმა დონემ შესაძლოა სპილენძის დეფიციტი გამოიწვიოს.
ამიტომ მიკროელემენტ-ანტაგონისტების მიღებას სპეციალისტები დღის განსხვავებულ პერიოდში გვირჩევენ.
გარდა ამისა, უამრავი მინერალის შემცველი პოლივიტამინის ერთი აბის ნაცვლად ორი ან სამი განსხვავებული შედგენილობის აბის მიღება უფრო მართებული და რაციონალურია. საბედნიეროდ, ასეთი კომპლექსები დღეს მრავლად გამოდის და არჩევანიც ფართოა.
-
როდისაა მარგებელი
პოლივიტამინების მარგებლობა არა კომპონენტების ოდენობაზე, არამედ ორგანიზმის მოთხოვნილებაზეა დამოკიდებული. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მინერალების შემცველი პოლივიტამინური კომპლექსები ყველას არ სჭირდება. ვიტამინებისა და მიკროელემენტების სამკურნალო ეფექტი მათი ნაკლებობისას ვლინდება. ვიტამინების ჭარბი ოდენობა ორგანიზმიდან შარდთან ერთად გამოიდევნება. რაც შეეხება მიკროელემენტებს, ისინი გროვდება (აკუმულირდება), მათი სიჭარბე კი დეფიციტზე არანაკლებ მავნებელია.
ასე რომ, მიკროელემენტების მიღებამდე სასურველია ჩატარდეს გამოკვლევა და განისაზღვროს ორგანიზმში მათი შემცველობა. ამ თვალსაზრისით სისხლის ანალიზზე ინფორმაციულია თმის გამოკვლევა. თმა ყველაზე მდიდარ ინფორმაციას იძლევა მიკროელემენტების შემცველობასა და თანაფარდობაზე.
შესაძლოა, ჩატარდეს ანალიზი ორგანიზმში ვიტამინების შემცველობაზეც, თუმცა ეს ნაკლებმნიშვნელოვანია, ვინაიდან ვიტამინების დაგროვება არ ხდება. საშიშია მხოლოდ A და D ვიტამინების სიჭარბე. ყოველივე ამის გამო ვიტამინოთერაპია გართულებათა თვალსაზრისით ნაკლებპრობლემურია.
-
პროფილაქტიკა
პროფილაქტიკის მიზნით პოლივიტამინების გამოყენებისას მთავარია დოზირების დაცვა - დოზა დღეღამურ მოთხოვნილებას არ უნდა აჭარბებდეს. როგორ განვსაზღვროთ დღეღამური დოზა? ეს ინფორმაცია, წესისამებრ, პრეპარატებს აქვს დართული.
პოლივიტამინები შეგიძლიათ არ მიიღოთ, თუ კარგად იკვებებით, ანუ თუ თქვენი რაციონი და კვების რეჟიმი წელიწადის თითოეულ პერიოდში რაციონალურად არის დაბალანსებული, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადოთ, ამას ძნელად თუ მიაღწევთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ჩვენი საკვები არასრულფასოვანია, ცალკეული ეკოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე, ბევრად ნაკლებ ვიტამინებსა და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს, ვიდრე წინათ. გარდა ამისა, თერმული დამუშავებისა თუ სხვადასხვა პირობებში შენახვისას პროდუქტებში არსებული ვიტამინებისა და მინერალური ნივთიერებების ოდენობა მცირდება (მეცნიერული გამოკვლევებით დამტკიცებულია, რომ მაცივარში შენახვისას სურსათი სამ დღეში C ვიტამინის დაახლოებით 30%-ს კარგავს). ასე რომ, პოლივიტამინების მიღება ნამდვილად წაგადგებათ და შეიძლება ითქვას, აუცილებელიც არის.
რეკომენდებულია წელიწადში ერთ-ორთვიანი ორი კურსის ჩატარება. ისიც გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია თანამედროვე პრეპარატების შეძენა, რომლებშიც მიკროელემენტები დადებითი და უარყოფითი ურთიერთქმედების შესაბამისად რამდენიმე აბშია გადანაწილებული (ამ პრეპარატებით სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩატარებისას დღის სხვადასხვა პერიოდში ორი ან სამი აბის მიღება მოგიწევთ).
-
კითხვები, რომლებიც ყველაზე ხშირად ჩნდება პოლივიტამინების მიღებასთან დაკავშირებით:
- წელიწადის რომელ დროს სჯობს ვიტამინების მიღება?
- ზამთარში და გაზაფხულზე პროფილაქტიკის მიზნით პოლივიტამინების კურსი აუცილებელია. უფრო მეტიც - შუალედებში დღეში 50-75 მგ ასკორბინის მჟავა მაინც უნდა მიიღოთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, C ვიტამინი პროდუქტის შენახვისა და დამუშავებისას სწრაფად იშლება, შესაბამისად, ის ბევრის ორგანიზმს აკლია. მისი ნაკლებობა ასკილის ნაყენის რეგულარული სმითაც შეგიძლიათ შეივსოთ.
- როდის სჯობს პოლივიტამინური პრეპარატის დალევა - უზმოზე თუ საჭმლის მიღებისას?
- საკვები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს ვიტამინების ფიზიოლოგიურ შეთვისებას, ამიტომაც პოლივიტამინური კომპლექსების მიღება ჭამის დროს სჯობს, წყალიც საკმარისი რაოდენობით უნდა დააყოლოთ. თუ ერთაბიანი პრეპარატი გაქვთ შერჩეული, მისი მიღება დღის პირველ ნახევარში, ყველაზე ნოყიერი კვებისას გიჯობთ. დღეს ფართოდ არის გავრცელებული ნელა ხსნადი ვიტამინები, რომელთა გადამუშავებასა და შეთვისებას 8-12 საათი სჭირდება. მათ გარკვეული უპირატესობა აქვს: შემადგენელი კომპონენტები ნაკლებად ურთიერთქმედებს, მაქსიმალურად შეითვისება და გამოიყენება ორგანიზმის მიერ.
- პოლივიტამინური პრეპარატის აბი ხშირად დიდი ზომისაა. შეიძლება მისი დაღეჭვა თუ მთელი უნდა გადავყლაპოთ?
- მიღების წესი, წესისამებრ, პრეპარატის ინსტრუქციაშია მითითებული. თუ პოლივიტამინს არ აქვს მინაწერი "საღეჭი", მაშინ აბი თუ კაფსულა მთელი, დაუღეჭავად და დაუნაწევრებლად უნდა გადაყლა-პოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტამინების ნაწილი შესაძლოა პირის ღრუსა და კუჭში დაიშალოს.
- იწვევს თუ არა პოლივიტამინები ალერგიას?
- პოლივიტამინები მსოფლიოს ყველა ქვეყანაში თითქმის ერთი და იმავე ტექნოლოგიით მზადდება. სინთეზური ვიტამინების სტრუქტურა და თვისებები, პრაქტიკულად, ხილსა და ბოსტნეულში ბუნებრივად შემავალი ვიტამინების იდენტურია. მწარმოებლის მთავარი ამოცანაა, ეფექტურად და რაციონალურად შეფუთოს აბში ვიტამინების ნაკრები. ევროპის უდიდესი ფარმაცევტული კომპანიები ცდილობენ, აბის შიგნით მართებული პოზიციით განათავსონ ცალკეული ვიტამინები. ეს საჭიროა, რათა ორგანიზმმა კომპონენტები მაქსიმალურად სრულყოფილად შეითვისოს. სხვადასხვა ფირმის პროდუქცია განსხვავებულია არა მხოლოდ შეფუთვით, არამედ გემოთიც.
პოლივიტამინური პრეპარატები, ისევე როგორც განსაზღვრული საკვები, ზოგიერთ ადამიანში ალერგიულ რეაქციას იწვევს, თუმცა ალერგიის მიზეზი ვიტამინები და მინერალები კი არ არის, არამედ გემოს გასაუმჯობესებელი დანამატები, გარსები და სხვა დამატებითი კომპონენტები. დღეს ბევრი უჩივის ჰიპოვიტამინოზს - ვიტამინების ნაკლებობას, რომელსაც მკვეთრად გამოხატული კლინიკური დარღვევები არ ახასიათებს, მაგრამ საგრძნობლად აქვეითებს იმუნიტეტს (ორგანიზმის სენშეუვალობას), გონებრივი და ფიზიკური შრომის უნარს, ასუსტებს ორგანიზმს, ხელს უწყობს ქრონიკულ დაავადებათა გამწვავებას. მაგალითად, თიამინის (B1 ვიტამინის) ასკორბინის მჟავასა (C ვიტამინის) და პირიდოქსინის (B6 ვიტამინის) ნაკლებობისას გაღიზიანებადობა და თავის ტკივილები აღინიშნება. კანის სიმშრალე და თმის სისუსტე ხშირად A და B2 ვიტამინების ნაკლებობის შედეგია. ამრიგად, პოლივიტამინები (ოღონდ, რასაკვირველია, სათანადო დოზით) ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის სასარგებლოა.