მოჰყავთ თუ არა ბავშვები წეროებს?
.
დედების უმეტესობა დარწმუნებულია, რომ სექსუალობა არის ცნება მოზრდილთა ცხოვრებიდან. პატარა ბავშვებთან ამ სიტყვას არ შეიძლება რაიმე კავშირი ჰქონდეს. თუმცა სიტყვა "sex" ლათინურად "სქესს" ნიშნავს, ხოლო სქესობრივი განვითარება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც გონებრივი ან ფიზიკური. მშობლები ბავშვის ზრდას აღნიშნავენ კედელზე, ეხმარებიან მას ცოდნისა და უნარების ათვისებაში ასაკის შესაბამისად, მაგრამ ცოტას თუ უფიქრია, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია, თვალყური ვადევნოთ იმ გზას, რომელსაც ადრეული ბავშვური სექსუალობა გაივლის.
მანამდე კი მის შესახებ უფრო მეტი უნდა გავიგოთ. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე 4-5 წლამდე ასაკის ბიჭებსაც და გოგონებსაც კაბები ეცვათ და გრძელი თმა ჰქონდათ. ეს სულაც არ იყო გამართლებული. ბიჭს აუცილებლად უნდა დავეხმაროთ თავისი სქესობრივი კუთვნილების იდენტიფიკაციაში და გავაგებინოთ სხვა ბავშვების სქესიც. ამაში კი, პირველ რიგში, ტანსაცმელი გვეხმარება. ასე რომ, ტრადიცია, ბიჭებს ჩავაცვათ ცისფერი, ხოლო გოგონებს - ვარდისფერი, სულაც არ არის აზრს მოკლებული. ბავშვების სექსუალობაზე თვალის დახუჭვა ან მისი ყოველგვარი გამოვლინების აღკვეთა, როგორც ამას ზოგიერთი დედა აკეთებს, არ შეიძლება. ამ ნატიფ საკითხთან მიმართებით დაშვებული შეცდომები შესაძლოა მრავალ პრობლემას დაედოს საფუძვლად.
-
ათვლის წერტილი
მეცნიერები ბავშვის ფსიქოსექსუალური განვითარების რამენიმე ეტაპს გამოყოფენ. პირველს ის ჩვილ ასაკში გაივლის, დედის მკერდთან ურთერთობისას. პატარა ბავშვისთვის ის არა მარტო რძის, არამედ ადამიანური სითბოს წყაროცაა, მისდამი სიყვარულის ხორცშესხმა. თუ პატარას ადრე გადააჩვევენ ძუძუს და ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანენ, ის ვერ მიიღებს საკმარისი რაოდენობის სითბოს. ბუნების ჩანაფიქრი სწორედ ისაა, რომ პაწია დედას დიდხანს ეჭიროს ხელში და ლოყა შეახოს დედის მკერდს. ამიტომაც გვირჩევენ მეცნიერები, უარი ვთქვათ აღზრდის სპარტანულ მეთოდებზე, რომლის თანახმადაც პატარა არ უნდა მივაჩვიოთ ხელში აყვანას. პირიქით, ისინი აღნიშნავენ, რომ ბავშვი, განსაკუთრებით - ხელოვნურ კვებაზე მყოფი, ხშირად უნდა ავიყვანოთ ხელში. ურიგო არ იქნება, ბოთლით კვების დროს ბავშვი მკერდზე მივიწვინოთ. კვება პატარა ბავშვისთვის სიამოვნებაა არა მარტო იმიტომ, რომ ნაყრდება, არამედ იმიტომაც, რომ დედის შეხებას გრძნობს.
დადებით ემოციებს იწვევს ჩვილის მსუბუქი მასაჟიც, რადგან ეს არის კონტაქტის ერთ-ერთი სახე. შეხების მოთხოვნილების დაკმაყოფილებაში გვეხმარება რბილი სათამაშო, წყლის პროცედურები. ამ დროს ბავშვს ვასწავლით, მიიღოს სიამოვნება შეხებისას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი შემდგომი განვითარებისთვის.
-
ერთი ქოთანი პრობლემა
-
-
წლიდან ორ წლამდე
-
იმაზე, თუ როგორ მივაჩვევთ ბავშვს ქოთანს, დამოკიდებულია მისი სექსუალობის განვითარების მეორე ეტაპის წარმატებული დასასრული. ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ამ პროცესებს ერთმანეთთან არაფერი აკავშირებს. ასე არ არის. ძალიან მნიშვნელოვანია, საკუთარი ფიზიოლოგიის გაცნობა, საკუთარი სხეულის ბუნებრივი მოთხოვნილებების გაგება ბავშვში უარყოფით ემოციებს არ იწვევდეს.
ცხადზე უცხადესია, რომ დედისთვის ძალზე მოხერხებულია, ბავშვი სამ წლამდე პამპერსში ჰყავდეს, მაგრამ ასეთი მიდგომა საშარდე ბუშტისა და სწორი ნაწლავის ფუნქციათა კონტროლის ფორმირებას აფერხებს და ღამით შარდისა და განავლის შეუკავებლობის - ენურეზისა და ენკოპრეზის - შემთხვევების გახშირებას უწყობს ხელს. ამ მოშლილობებთან დაკავშირებული შეგრძნებები, სირცხვილის გრძნობა და მუდმივი შფოთვა განმტკიცდება ბავშვის ქვეცნობიერში და ნამდვილად არ მოახდენს დადებით გავლენას მისი სექსუალობის განვითარებაზე.
ფსიქოლოგებმა, რომლებიც გამოკითხვას უტარებდნენ ბავშვობისას ენურეზის მქონე მოზრდილებს, აღმოაჩინეს, რომ მათ 98%-ში სიტყვა "საწოლი" ასოცირდებოდა ზედსართავთან "სველი". გამოკითხვის მონაწილეთა უდიდეს ნაწილს მოზრდილ ასაკშიც ეშინოდა, რომ შეიძლებოდა, პრობლემას კვლავ შეეხსენებინა თავი. რა სექსუალობაზე შეიძლება საუბარი ასეთ დროს? თუნდაც შარდის კონტროლის უნარი დროულად გამომუშავდეს, პრობლემა ბოლომდე არ აღმოიფხვრება; 3-4 წლის ასაკში ამ ჩვევის ფორმირება უფრო ძნელია, ვიდრე მანამდე. ამ ასაკის ზოგიერთ პატარას ქოთანში გამოყოფილი მასების დანახვისას შიშიც კი ეუფლება.
3-4 წლის თითქმის ყველა ბავშვი განიცდის უხერხულობას იმის გამო, რომ მათ არსებული სტერეოტიპის დამსხვრევას აიძულებენ. ბავშვები მიჩვეულნი არიან პამპერსებს და არ სურთ მათთან განშორება. მშობლები აძალებენ, ბავშვი მათ წინააღმდეგობას უწევს... რასაკვირველია, უფროსებთან ომს ის ვერ მოიგებს და დაგროვილ ნეგატიურ განწყობას საკუთარი თავისკენ მიმართავს. მას სძულდება ქოთანი და ყველაფერი, რაც კი მასთანაა დაკავშირებული, ჰგონია, რომ თავადაც ცუდია, უარყოფს საკუთარ სხეულს, მერე კი სექსუალობას. ასე რომ არ მოხდეს, ეცადეთ, ბავშვი თანდათან მიაჩვიოთ ქოთანს, როგორც კი დისკომფორტს შეატყობთ, დასვით ქოთანზე. მართალია, დედისთვის მოხერხებულია, ბავშვი შინ ტრუსით ან რეიტუზით და მაისურით დარბოდეს, მაგრამ აუცილებელია, პატარას სქესის შესაბამისად ჩავაცვათ. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ პატარამ გააცნობიეროს საკუთარი სქესობრივი კუთვნილება. გოგონას კაბა უნდა ეცვას, ბიჭს - შარვალი ან შორტი. სტიმული უნდა მივცეთ გოგონას სინაზეს და ქალურობას, ბიჭის სიმამაცეს და უშიშრობას. ერთი წლიდან პატარებს მომატებული მიჯაჭვულობა უყალიბდებათ. ბავშვი დედას ერთი წუთითაც არ იცილებს. ასეთ ქცევას გაგებით უნდა მოვეკიდოთ.
უპირველეს ყოვლისა, მიზეზი ისაა, რომ ამ ასაკისთვის პატარას მკერდიდან ვიცილებთ, ვწყვეტთ ძუძუს, ეს კი სულაც არ არის იოლი ასატანი. მეორეც, ბავშვმა ფეხი აიდგა, მისთვის სამყაროს საზღვრები გაფართოვდა და ის პატარას უფრო საშიში და უზარმაზარი ჰგონია. სწორედ ამიტომ ეკვრის ბავშვი დედას და დაცვასა და ნაზ შეხებას ითხოვს. არ შეიძლება ამ მოთხოვნილების უგულებელყოფა, რათა ფსიქოლოგიური განვითარება არ დაირღვეს.
-
-
ორიდან ხუთამდე - ცნობისმოყვარეობის პერიოდი
-
შეშფოთებული მშობლები სხვადასხვა ისტორიას ჰყვებიან. სტუმრად მისულმა 5 წლის გოგონამ მისივე თანატოლ მასპინძელ ბიჭს და მის მშობლებს განუცხადა, რომ დიდი და ლამაზი მკერდი აქვს, ოთხი წლის გოგონამ კი სტუმრად მოსული 5 წლის ბიჭი პირდაპირ საძინებლისკენ წაიყვანა, მოდი ცოლქმრობანა ვითამაშოთო... ანალოგიურ სიტუაციებზე მშობლები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ: ერთნი იცინიან, მეორენი ბრაზობენ, ზოგჯერ ბავშვებს "უზნეოებსაც" კი უწოდებენ და მკაცრად სჯიან. ეს დაუშვებელია. სინამდვილეში პატარას ცუდი არაფერი უგულისხმია; თამაში მისთვის სამყაროს ათვისების ხერხია. ის სწავლობს ამ სამყაროში ცხოვრებას და სხვადასხვა როლს ირგებს. ზოგჯერ ეს პროფესიული როლია - პატარა გამყიდველს ან ექიმს ბაძავს, ზოგჯერ კი საყოფაცხოვრებო - პატარები თამაშობენ დედაშვილობანას ან ცოლქმრობანას.
რასაკვირველია, ეს თამაშები, ისევე როგორც სწავლის პროცესი, თვითდინებაზე არ უნდა მივუშვათ, მაგრამ მონაწილეთა ქცევა ნაზად და ძალდაუტანებლად უნდა შევცვალოთ. მაგალითად, თუ პატარა თამაშის დროს შარვლის ჩაწევას ითხოვს ნემსის გასაკეთებლად, მას შეიძლება შევთავაზოთ ნემსის ხელზე გაკეთება, "ქმართან" ერთად საწოლში დაწოლის იდეა კი შეიძლება იმ მოტივით უარყოთ, რომ ოჯახში "ქმარს" ბევრი საქმე აქვს და დასაწოლად და დასასვენებლად არ სცალია.
როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ სხვადასხვა სქესის პატარებს ერთმანეთის თვალიერებისას მივუსწარით? ბავშვთა ფსიქოლოგების აზრით, ეს არის შემეცნებითი ინტერესი ადამიანის სხეულის აგებულების მიმართ. ადრე თუ გვიან ბავშვი ამჩნევს განსხვავებას და ცდილობს, მისთვის საინტერესო კითხვებზე ზუსტი პასუხი იპოვოს. ბავშვებს სულაც არ მიაჩნიათ ეს შეკითხვები "უზრდელურად". როცა პატარა ბავშვი უფროსს კითხვას უსვამს, ის ამით მისდამი უდიდეს ნდობას ამჟღავნებს. თუ თავი ავარიდეთ პასუხს ან ბავშვი შევარცხვინეთ, შეკითხვა არ გაქრება, უბრალოდ, ბავშვი პასუხის ძებნას სხვაგან დაიწყებს. ამ დროს ამოქმედდება "აკრძალული ხილის" ეფექტიც, განმტკიცდება ინტერესი საგულდაგულოდ დაფარული ინფორმაციის მიმართ. ამასთან ერთად, ყველაფერი, რაც სქესს ეხება, აღიქმება როგორც სამარცხვინო და დანაშაულის გრძნობას იწვევს.
ასე რომ არ მოხდეს, ჯობს ბავშვს ვუყიდოთ საბავშვო ენციკლოპედია, რომელიც პატარებისთვის გასაგები ენით მოგვითხრობს, როგორაა მოწყობილი ადამიანის სხეული. თუ ამ ინფორმაციას საიდუმლოდ არ ვაქცევთ, ბავშვი მას მშვიდად და ბუნებრივად მიიღებს. სწორად უნდა აღიქვათ ბავშვის ინტერესი სასქესო ორგანოების მიმართ. ეს არის საკუთარი სხეულის კვლევის პროცესის ნაწილი. თუმცა მან ზედმეტად რომ არ გაიტაცოს პატარა, გარკვეული წესებიც უნდა შემოიღოთ. მაგალითად, შესთავაზეთ, ხელები საბნის ზემოთ დააწყოს, რადგან ასე უკეთ დაეძინება. ნუ გააჩერებთ დიდხანს საწოლში გაღვიძების შემდეგ.
-
-
ხუთი წლიდან - მწვავე კითხვები
-
როგორ გავჩნდი ამქვეყნად? - აი, რა კითხვა ჩნდება ამ ასაკში. მოვუყვეთ ბავშვს კომბოსტოსა და წეროს ამბავს თუ შინაური ცხოველები ან მცენარეები მოვიყვანოთ მაგალითად? ხომ არ აჯობებს, საერთოდ არ მივაქციოთ ყურადღება ამ კითხვას? არა, ეს არ არის გამოსავალი.
თუ პატარა ბავშვი "უხერხულ" კითხვებს სვამს, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას სურს, ის ინფორმაცია გამოგტყუოთ, რაც თქვენ გგონიათ. შესაძლოა ბავშვის ინტერესი გარე სამყაროზე დაკვირვებიდან მომდინარეობდეს. წიწილა ხომ კვერცხიდან იჩეკება, ვაშლი ყვავილიდან იზრდება, ძროხამ ხბო მოიგო; საიდან ჩნდება ადამიანი? ამ კითხვაზე პასუხად სულაც არ არის საჭირო პატარა ბავშვს ლექცია წავუკითხოთ კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შესახებ. საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ადამიანის სხეული გაცილებით რთული აგებულებისაა და ის წიწილის ან ვაშლის მსგავსად არ ჩნდება. თემა, რასაკვირველია, საკმაოდ სერიოზულია და ძალზე მნიშვნელოვანია, მასზე საუბარი ნაადრევად ადრე არ წამოვიწყოთ.
მეორე მხრივ, არც დაგვიანებაა რეკომენდებული. ბავშვმა ინფორმაცია აუცილებლად კომპეტენტური წყაროდან და დელიკატური ფორმით უნდა მიიღოს და არა იმ თანატოლებისგან, რომლებმაც თავადაც არაფერი იციან და მხოლოდ არაჯანსაღ ინტერესს გაუღვიძებენ, რამაც შესაძლოა დააბრკოლოს პატარას ფსიქოსექსუალური განვითარება და ფსიქოლოგიური ტრავმის ან გადახრების მიზეზადაც კი იქცეს.
მაინც როდის ჯობს ბავშვს ინფორმაცია მივაწოდოთ? გააჩნია თავად ბავშვს. ზოგიერთს ასეთი კითხვები 7 წლის ასაკშიც არ ებადება, ზოგისთვის კი 5 წელიც გვიანია. ფსიქოლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ ბუნების საიდუმლო პატარა ბავშვს თანდათან უნდა გავუმხილოთ და ეს პროცესი ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყოს. ამავე დროს, უნდა მოვიქცეთ გარემოებათა მიხედვით და მოვლენები არ უნდა დავაჩქაროთ. თუ ქვიშის მოედანზე ჩაცუცქული ორი პატარა პასკების ცხობის ნაცვლად დავას იწყებს იმის თაობაზე, ვის მოჰყავს პატარა ბავშვები, წეროს თუ ანგელოზს, აჩქარება არ ღირს. მათ შეიძლება ვუთხრათ, რომ ზოგი პატარა ანგელოზს თავად მოჰყავს, ზოგს კი წეროს ატანს...
საზოგადოდ, საუკეთესო გზა ინტერესის აღმოცენებისთანავე დაკმაყოფილებაა, თუმცა არც ის არის საჭირო, აუცილებელზე მეტი ინფორმაცია გავცეთ. შეძლებისდაგვარად ამომწურავად უპასუხეთ ბავშვის შეკითხვას ისე, რომ ახალი კითხვები აღარ გამოიწვიოთ. უმჯობესია ჭეშმარიტებასთან ახლოს იყოთ და წეროსა და კომბოსტოს შესახებ ზღაპრებს არ მოუყვეთ. თქვენ ბავშვს ეუბნებით, რომ ის მაღაზიაში იყიდეთ, პატარა კი ტელევიზორში ისმენს, რომ ვიღაცამ შვილი გააჩინა. გამოდის, რომ თავად ნაყიდია და არა თქვენი! წარმოიდგინეთ, როგორი ფსიქოლოგიური ტრავმა შეიძლება მიაყენოთ პატარას! ეცადეთ, სიმართლე იმ ფორმით მიაწოდოთ ბავშვს, რომ მასში დასამალი არაფერი იყოს.