დღის რეჟიმი
არჩევანის თავისუფლება
ადრე ჩვილ ბავშვებს საათობრივად აჭმევდნენ, პირველად - დილის ექვსზე, ბოლოს - ღამით. შემდეგ პედიატრებმა დაადგინეს, რომ ასეთი მკაცრი განრიგი სულაც არ არის ჯანმრთელობისთვის სასარგებლო და ყველა ბავშვს თავისუფალი რეჟიმით კვების უფლება მისცეს. რასაკვირველია, პატარა ბავშვმა ზოგჯერ შეიძლება ნორმაზე ნაკლები რძე მიირთვას და ამის გამო უფრო ადრე მოშივდეს. შეიძლება პირიქითაც მოხდეს. ამიტომ მიზანშეწონილად ჩაითვლება ბავშვისთვის კვების თავისუფალი რეჟიმის მინიჭება ძილისა და ღვიძილის ინდივიდუალური ბიორიტმის შესაბამისად. ეს არის თავისუფალი რეჟიმით კვების მთავარი პირობა. ვინაიდან კვების გრაფიკის განმსაზღვრელი ფაქტორია ბავშვის ცხოვრების რიტმი, გამოდის, რომ ბავშვს არავითარი რეჟიმი არ აქვს. ის ჭამს, იძინებს და თამაშობს, როცა სურს. სინამდვილეში ასე არ არის. ტყუილად კი არ ამბობენ, რომ თავისუფლება გაცნობიერებული აუცილებლობაა. არჩევანის თავისუფლება ამ შემთხვევაში მართლაც ფარდობითი ცნებაა. ერთი მხრივ, არ შეიძლება ბავშვს თავს მოვახვიოთ მისთვის უჩვეულო ცხოვრების რეჟიმი და დავამსხვრიოთ მისთვის ჩვეული სტერეოტიპები, მეორე მხრივ კი არ უნდა დავუშვათ ქაოსი, როცა ბავშვი ჭამს, იძინებს და იღვიძებს, როცა უნდა და ზოგჯერ დღესა და ღამესაც კი ურევს ერთმანეთში. პერიოდი ჩასახვიდან 3 წლამდე ბავშვის ცხოვრების ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია, ვინაიდან სწორედ ამ დროს ხდება მისი ბიორიტმების ფორმირება. ბიორიტმი ბავშვის ცალკეული ორგანოებისა თუ სისტემების და მთელი ორგანიზმის ცხოველმყოფელობის ერთგვარი პროგრამაა. ყველაზე ხანმოკლე სადღეღამისო ბიორიტმია. გარდა ამისა, არსებობს კვირეული, თვიური, სეზონური, წლიური და მრავალწლიური ციკლები, რომლებიც განსაზღვრავენ ბავშვის ზრდის სისწრაფეს, მისი ფიზიოლოგიური გაჭიმვის, ორგანოებისა და სისტემების მომწიფების პროცესს. ბიოლოგიური საათის რიტმი რომ არ დავარღვიოთ, ძალზე მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ კვებათა საერთო რაოდენობა და დღე-ღამის განმავლობაში მიღებული რძის რაოდენობა საერთო ნორმას შეესაბამებოდეს. ცხოვრების პირველი 3 თვის განმავლობაში ბავშვს დღე-ღამეში 6-7-ჯერ აჭმევენ 3-3,5-საათიანი ინტერვალებითა და ღამის 6-საათიანი შესვენებით. თუ ბავშვი ძუძუთი იკვებება და მისთვის ეს ინტერვალი დიდია, რასაკვირველია, შეიძლება უფრო ადრე კვებაც. ჩვეულებრივ, პირველი თვის ბოლოსთვის უკვე ყალიბდება გარკვეული რეჟიმი, რომელიც მეტ-ნაკლებად შეესაბამება ბავშვის კვების საათობრივ განრიგს. შეიძლება, პატარას ოდნავ ადრე ან გვიან ვაჭამოთ, მაგრამ, რასაკვირველია, გონიერების ფარგლებში. დასაშვებია ცვლილება ნახევარი, მაქსიმუმ ერთი საათით, მაგრამ თუ ასეთი მონაცვლეობა ყველა კვებისას ხდება, ეს დედისთვისაც და ბავშვისთვისაც მოუხერხებელია. 3-4 თვის შემდეგ ბავშვი 5-ჯერ ჭამს, ყოველ 4 საათში ერთხელ და ღამის 8-საათიანი ინტერვალით. თუ პატარა უფრო ხშირად ითხოვს ძუძუს, შეუსრულეთ თხოვნა. ადრე თუ გვიან ის ასაკისთვის შესაფერის რეჟიმზე გადავა. 9 თვის შესრულებამდე ბავშვები დღისით სამჯერ იძინებენ, მე-10 თვიდან კი ორჯერად ძილზე გადადიან. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია პატარას მოთხოვნებიც. ნუ გამოაფხიზლებთ, როცა ეძინება და პირიქით, ნუ დააძალებთ ძილს, როცა ის მხნედ გამოიყურება და თამაშის გუნებაზეა. ორიენტირი თავად ბავშვის მდგომარეობა უნდა იყოს. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ვარიანტები მისაღებია მხოლოდ დღის პირველ ნახევარში.
რამდენი საკვებია საჭირო
არსებობს საკვების ჩვილისთვის საჭირო ოდენობის გამოანგარიშების რამდენიმე მეთოდი. როცა ბავშვის წონა 3200 გრამზე ნაკლებია, დღის განმავლობაში მიღებული საკვების რაოდენობის გამოსათვლელად სიცოცხლის დღეები უნდა გავამრავლოთ 70-ზე, ხოლო თუ წონა 3200 გრამზე მეტია, 80-ზე. ამ ფორმულით სარგებლობა შეიძლება პირველი 7-8 დღის განმავლობაში. 8-10 დღის პატარა დღე-ღამეში 500 მლ რძეს უნდა იღებდეს, 2 თვისა - 800 მლ-ს. უფრო მცირე ასაკში ამ რაოდენობას თითო კვირაზე აკლდება 50 მლ, ხოლო უფროს ასაკში, პირიქით, ემატება. საკვების ზღვრული რაოდენობა 1 ლიტრია. პირველი წლის განმავლობაში ამ რაოდენობის გადაჭარბება სასურველი არ არის. შეიძლება ვისარგებლოთ მოცულობითი მეთოდით, რომელიც ბავშვის წონას ითვალისწინებს. 2-დან 6 კვირამდე მისაღები საკვების ოდენობა მასის 1/6-ს უდრის, 6 კვირიდან 4 თვემდე - 1/7-ს, ხოლო 6-დან 9 თვემდე - 1/8-ს. ერთი წლის შემდეგ ბავშვის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება: ის დადის, უფრო მეტად აქტიურობს, უფრო ემოციურია. ეს ყოველივე კი დედისგან უფრო მეტ ორგანიზებულობასა და დღის რეჟიმის მიმართ მუდმივ ყურადღებას მოითხოვს. ძილის სადღეღამისო ხანგრძლივობა ამ პერიოდში 13-14 საათია. დილით ბავშვების დიდი ნაწილი რვის ნახევრისთვის ან რვა საათისთვის იღვიძებს. უფროსები უნდა მიესალმონ ბავშვის ასეთ რეჟიმს. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდისთვის ჯერ არ არსებობენ ტოროლები და ბუები, ბიორიტმის აღნიშნული თავისებურება 7-8 წლისათვის ყალიბდება. წლინახევრის ასაკამდე ბავშვი დღისით ორჯერ უნდა იძინებდეს საათ-ნახევრით. უფრო ხანგრძლივი ძილი არ არის რეკომენდებული, თორემ პატარა უგუნებოდ გამოიღვიძებს, იჭირვეულებს, ხოლო საღამოს არ დაიძინებს. ინტერვალი ამ ორ ძილს შორის 4-5 საათზე მეტი არ უნდა იყოს, რადგან პატარა ბავშვის ნერვულ სისტემას უფრო ხანგრძლივი სიფხიზლის უნარი უბრალოდ არ შესწევს. ამ დროს მშობლები უნდა ვერიდოთ რეჟიმის დარღვევას განსაკუთრებული აუცილებლობის გარეშე. სეირნობის ან ზედმეტი აგზნების შემდეგ ბავშვმა შესაძლოა გამოტოვოს ძილი. საძილე განწყობის შექმნაში გვეხმარება რიტუალი - პიჟამას ჩაცმა, ქოთანზე დაჯდომა, საყვარელი სათამაშო, იავნანა, ზღაპარი. ნუ დაანებებთ გამოღვიძებულ ბავშვს საწოლში ნებივრობასა და თამაშს. უფროსებს უყვართ უქმე დღეებში გვიანობამდე ძილი და ამიტომ ხშირად არღვევენ ბავშვის განრიგს. ეს არასწორია! საწოლი მხოლოდ საძილე ადგილი უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძილის პირობითი რეფლექსი ადვილად დაიმსხვრევა. უფროსებმა აუცილებლად უნდა გააცნობიერონ ერთი რამ - განრიგით უნდა ცხოვრობდეს არა მარტო ბავშვი, არამედ მისი ოჯახის ყველა წევრი. ამ შემთხვევაში მუშაობს იძულებითი სინქრონიზაციის მოდელი - ბავშვის ბიორიტმი `უთანხმდება~ უფროსებისას, ყალიბდება ფიზიოლოგიური თანხმოვანება, ეს კი დადებითად მოქმედებს ბავშვზე და ხელს უწყობს მისი და უფროსების დაახლოებას. ბავშვთან ერთად ერთ ტალღაზე, ერთი ბიორიტმით ცხოვრება, მისი სურვილების გათვალისწინება - სწორედ ესაა ოჯახი. რასაკვირველია, დედას არ სჭირდება დღეში ორჯერ ძილი და საღამოს 9 საათზე დაძინება, მაგრამ დილით ადგომა მაინც ერთად ჯობს. წლინახევრის შემდეგ რეჟიმი კვლავ იცვლება იმის გამო, რომ ბავშვი დღისით ერთჯერად ძილზე გადადის. ხშირად ასეთი ცვლილება სულაც არ არის იოლი და უმტკივნეულო, მაგრამ ეს დროებითი სირთულეა. ბავშვი თავად გვკარნახობს დაძინების მისაღებ მეთოდებს. ამ პერიოდში პატარა ყოველთვის ერთსა და იმავე დროს, ჩვეულ გარემოში დააძინეთ და ნუ დაარღვევთ უკვე არსებულ სტერეოტიპს. მოიკრიბეთ მოთმინება, რადგან 1,5-3 წლის ბავშვს ჩაძინებისთვის შესაძლოა მთელი საათიც კი დასჭირდეს. ერთი წლის შემდეგ და მთელი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში კვება ოთხჯერადია - საუზმე, სადილი, სამხარი და ვახშამი განსაზღვრულ დროს. ასეთი პუნქტუალობა ბავშვს დროის შეგრძნების ჩამოყალიბებაში დაეხმარება და თავიდან აგვაცილებს საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ბავშვმა ჭამიდან ჭამამდე არ მიირთვას ტკბილეული. შუალედებში რეკომენდებულია ხილი, კენკრა, წვენი. ყველაფერს სჯობია მათი მიღება საუზმიდან 1 საათის შემდეგ. სადილამდე ნახევარი საათით ადრე რეკომენდებულია ვაშლი - ის მადას აუმჯობესებს. მიაჩვიეთ ბავშვი ქოთანზე ერთსა და იმავე დროს დაჯდომას. ესეც რეჟიმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. დღისა და ღამის ძილის შემდეგ შეასრულეთ მსუბუქი ვარჯიში. საკმარისია რამდენიმე მარტივი მოძრაობა - შეხტომა, სათამაშოს აღება, ხელების აწევა-დაშვება. ეს პატარას ორგანიზმს გამოღვიძებასა და ცხოვრების ჩვეული რიტმის აღდგენაში დაეხმარება. რეჟიმის ჩამოყალიბება აუცილებელია, როცა ბავშვის ბაგაში მიყვანას აპირებთ. გაითვალისწინეთ, რომ ბავშვებს ხშირად იქაურ რეჟიმთან შეგუება უფრო უჭირთ, ვიდრე დედასთან განშორება. ეს მათი ნერვული სისტემის ასაკობრივი თავისებურებებით აიხსნება. შინ დედა ყველაფერს პატარას მოთხოვნით არეგულირებდა - აჭმევდა, როცა შიოდა, აძინებდა, როცა იღლებოდა, ბაღში კი სულ სხვაგვარადაა, ყველაფერი წინასწარაა განსაზღვრული. ბაგაში წასვლამდე 2-3 თვით ადრე უნდა დავაზუსტოთ, როგორი რეჟიმი მოქმედებს იქ და ჩვენი დღის განრიგი ამის მიხედვით შევცვალოთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საღამოს დროული დაძინება, რათა დილით ბავშვს დროზე ადგომა არ გაუჭირდეს. 4-6 წლის ასაკში რეჟიმი ისეთივეა, როგორიც 3 წლის ასაკში. მთავარი განსხვავება ის არის, რომ ამ ასაკის პატარებს დღისით ძილი აღარ სურთ, თუმცა სპეციალისტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ დღისით საათნახევრიანი, ორსაათიანი ძილი ენერგიის აღსადგენად აუცილებელია.