საახალწლო ტრადიციები საქართველოში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო ტრადიციები საქართველოში

წელი სიკეთე-სათნოებისა, მშვიდობისა, ბარაქისა, სიყვარულისა, გამრავლებისა! ღმერთმა დაგლოცოთ კაც-დიაცით, თქვენი შვილებით, აკვნების სიმრავლით, პურ-ღვინის დაძველებით, ზვარ-ყანების სიდიდით, ცხვარ-ძროხის სიმრავლით, კარგი სტუმრითა და ყველა მოკეთით! მრავალ ახალ წელს!" საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, მიუხედავად საახალწლო ტრადიციების მრავალფეროვნებისა, თითქმის ყველგან ასე ულოცავს მეკვლე ახალ წელს ოჯახს. მეკვლე - ზოგან მას მეფეხეს, მეფეხურსაც უწოდებენ - ის ადამიანია, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ პირველი შეაღებს ოჯახის კარს. მეკვლეობის ტრადიცია საქართველოში ოდითგანვე არსებობდა და მას ერთხანს საკრალურ მნიშვნელობასაც კი ანიჭებდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ სწორედ პირველი სტუმრის ფეხზე იყო დამოკიდებული მომავალი წლის ავკარგიანობა.

ქართლ-კახეთი

აღმოსავლეთ საქართველოში ახალი წლის წინა დღით ოჯახში აუცილებლად მოიტანდნენ წყაროს უმძრახ წყალს და ეზოში მოასხამდნენ. მეკვლე ოჯახის უფროსი ან მოწვეული სტუმარი იყო, რომელიც ახალი წლის დადგომის შემდეგ ოჯახში ხელდამშვენებული შედიოდა: მიჰქონდა დედას პურები, ყველი, ხორცი, ღვინო, გოზინაყი, ხილი, ჩურჩხელა და მარცვლეული. ზოგჯერ ცოცხალი ქათამიც მიჰყავდა. გადააბიჯებდა თუ არა მეკვლე ზღურბლს, მიმოაბნევდა ხორბლის, სიმინდის ან ქერის მარცვალს, რათა ახალი წელი ხვავიანი და ბარაქიანი ყოფილიყო.

იმერეთი

მეკვლის მოსვლამდე ოჯახის უფროსს ევალებოდა, ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოევლო სახლისთვის და უფლისთვის გამრავლება, ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა ეთხოვა. ხონჩაზე ღორის თავი, მწვადი, მოხარშული დედალი, ხაჭაპური, ლობიანი, ღერღილის პური და ტკბილი კვერები ელაგა. სახლისთვის სამჯერ შემოვლის შემდეგ ოჯახის უფროსი კერიაში შედიოდა ოჯახის ყველაზე ხნიერ წევრთან ერთად, რომელიც მოგიზგიზე კუნძს რამდენჯერმე დაჰკრავდა ჯოხს და აშლილ ნაპერწკლებს ასეთ ლოცვას დაადევნებდა: ამდენი ოქრო ჩვენს ოჯახში, ამდენი პური და ღვინო, ამდენი მარილი, ამდენი ძროხა, ამდენი ქათამი; დაე, ეს წელი ამ ნაპერწკლებივით უხვი იყოსო.

გურია

კალანდობა - ასე უწოდებდნენ გურიაში შობა-ახალ წელს. კალანდობა დეკემბრის ბოლოს იწყებოდა, იკვლებოდა ღორი, ცხვებოდა გურული კვერები ყველითა და კვერცხით, ნაზუქები, მზადდებოდა კუპატი და საცივი. კალანდობის მთავარი ატრიბუტი კი ჩიჩილაკი იყო, რომელიც აუცილებლად უნდა მორთულიყო. ახალი წლის მილოცვა აქაც ოჯახის უფროსის პრეროგატივა გახლდათ. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებდა, შემდეგ შევიდოდა სახლში, წითელი ღვინით და დალოცავდა ქვეყანასა და ოჯახს. ახალი წლის ღამეს გურიაში მეალილოეები დადიოდნენ და მღეროდნენ, აგროვებდნენ ტკბილეულს, ფულსა და ხილს.

სამეგრელო

სამეგრელოში თხილისგან გამოთლილ ჩიჩილაკს ბამბითა და სათამაშოებით რთავდნენ, მის სიახლოვეს კი აუცილებლად ეწყო ხილი და ტკბილეული, მოხარშული გოგრა, ხაჭაპური, ფელამუში და ღვინო. სამეგრელოში მეკვლეს - მეკუჩხურს - დიდი სიფრთხილით წინასწარ ირჩევდნენ და ოჯახიც საგულდაგულოდ ემზადებოდა მის დასახვედრად.

რაჭა

"გფარავდეთ მრავალძალის წმინდა გიორგი! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ხოტევი და ნიკორწმინდა! აგარა და უღეში, ღმერთმა მოგცეთ ნუგეში", - ამ სიტყვებით ლოცავდა რაჭაში მეფეხე ოჯახს. თუ წინა წელს მის ფეხს ოჯახი კარგად დასცდიდა, მას კიდევ სამი წლით ირჩევდნენ. ამ სამი წლის განმავლობაში მეკვლე ოჯახს პირველი მიულოცავდა ახალი წლის დადგომას ღვინის დოქით, მოხარშული ლორით, შემწვარი წიწილით, ვაშლში ჩარჭობილი ხურდა ფულით, ჩიჩილაკითა და სანთლით ხელში; დალოცავდა ოჯახს, საბძელს, ნალიას, მერე კი იწყებოდა ლხინი. რაჭულ საახალწლო სუფრას ამშვენებდა ლობიანები, ღვინო, ლორი, თაფლი, კაკალი, ტყლაპი, ჩირი და ვაშლი.

ლეჩხუმი

აქ ახალი წლის შემობრძანებას ოჯახის უფროსი გობით ხელში ელოდა. ლეჩხუმში ბაბუა მიიჩნეოდა მეკვლედ. დადგებოდა თუ არა ახალი წელი, იგი ღვინით სავსე დოქით ხელში უმცროს ვაჟთან ერთად გავიდოდა ვენახში, სადაც ჯერ თავად ლოცავდა ზვრებს, შემდეგ პატარას დაალოცვინებდა; მოაპკურებდნენ იქაურობას ღვინოს, მერე მივიდოდნენ ბეღელთან, ნალიასთან, ჭურებთან, ამის შემდეგ შედიოდნენ სადგომში (სახლში) და ლოცავდნენ გვარს.

სვანეთი

სვანეთში განსაკუთრებით ერიდებოდნენ ახალი წლის წინა დღეებში სტუმრად სიარულს, კლავდნენ საახალწლოდ გასუქებულ ღორს, რომელსაც მეისარაი ერქვა, აცხობდნენ პურებს ჯვრების გამოსახულებით და ტკბილ კვერებს. როგორი ამინდიც არ უნდა ყოფილიყო, მეფეხეს ღამე გარეთ უნდა გაეთია, რათა ოჯახში განწმენდილი შესულიყო და კარგი ფეხი შეეტანა. ოჯახის უფროსს აქაც თავისი საქმე ჰქონდა: ალიონზე უნდა ამდგარიყო, საქონლისთვის მიეხედა, მერე კი სანთლებით ხელში შესულიყო შინ და ოჯახი დაელოცა.


ხევი და მთიულეთი

ახალი წელი ხევისბერების სარიტუალო მსვლელობით იწყებოდა - ისინი დროშას ააბრძანებდნენ წმინდა გიორგის ხატში. როგორც კი ზარები ახალი წლის დადგომას აუწყებდნენ, ტაძრიდან გამოსული ხევისბერები ჯერ ერთმანეთს, მერე კი თემს მიულოცავდნენ ახალ წელს, მშვიდობასა და ბარაქას უსურვებდნენ. ამის შემდეგ წმინდა გიორგისა და მთავარდიდმოწამის სახელის სადიდებლად იკვლებოდა საკლავი და იწყებოდა ზეიმი და განთქმული შაირობა.

თუშეთი

ახალი წლის დადგომამდე თუშ ქალებს აუცილებლად უნდა დაებრუნებინათ, თუკი რამ ჰქონდათ განათხოვრებული; იმარაგებდნენ ტკბილეულს და აცხობდნენ სამეკვლეო კვერს, რომელსაც "ხარის გოგას" ეძახდნენ. აქ მეკვლედ ისეთ კაცს იწვევდნენ, რომელსაც კეთილი გული, კარგი ფეხი და დიდი გამოცდილება ჰქონდა. ზუსტად თორმეტ საათზე მეკვლე ოჯახში შემობრძანდებოდა, ოჯახის უფროსი კი მას სამეკვლეო კვერს მიართმევდა. მეკვლე მას კერიასთან დააგორებდა ისე, რომ კვერი წაღმა დამდგარიყო, რათა ახალ წელს ოჯახის ბედი სულ წაღმა დატრიალებულიყო. ხდებოდა ისეც, რომ მეკვლეობას თუშები მეცხვარის ძაღლს ანდობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ მასაც "კარგი კვალი" ჰქონდა. ახალი წლისთვის ოჯახის ყოველი წევრის სახელზე ცხვებოდა სათავნო და ბედის კვერები სხვადასხვა გამოსახულებით. დილით ადრე ოჯახის უფროსის ჯერი დგებოდა. იგი უნდა გასულიყო გარეთ, შემოეტანა თოვლი და სახლში მიმოებნია. ოჯახის უფროსის დალოცვის შემდგომ საახალწლო მხიარულება იწყებოდა.

ფშავი და ხევსურეთი

აქ საუკუნეების მანძილზე არსებობდა ერთი საინტერესო ტრადიცია: ახალი წლის ღამეს ხევისბერები და დასტურები სალოცავში წაიღებდნენ ქადებს, ერბოიან პურებს და სანთლებს, თან წაიყვანდნენ სოფლის ყმაწვილებს და წინ წაიმძღვარებდნენ საკლავს. ქვით გადახურულ ხატში ისინი ლოცვაში ათენებდნენ. ახალი წლის დამდეგს ხევისბერი დალოცავდა მლოცველთ, კუთხეს, გვარსა და ოჯახებს, გარიჟრაჟზე კი გამოვიდოდა ჯვარიდან და იკვლებოდა ცხვარი, რომლის სისხლში ამოვლებული თოვლის გუნდებსაც ეშმაკისა და ბოროტის განსადევნად ხატიონის კედელს ესროდნენ. შემდგომ ყმაწვილები ქუდებს იხდიდნენ და ერთად აწყობდნენ ნაბდის ქვეშ. ერთ-ერთი მათგანი ბრმად იღებდა ქუდს და სწორედ მის პატრონს ერგებოდა წილად მთელი სოფლის მეკვლეობის პატივი. დალოცვის შემდეგ სოფელში იწყებოდა დღესასწაული, იხარშებოდა ლუდი, იხარშებოდა ხინკალი და ისმებოდა ჟიპიტაური. საახალწლო სუფრის აუცილებელი ატრიბუტები იყო პური, ერბო, ხორცი, დამწნილებული სატაცური და ტკბილი ქადები.

აფხაზეთი

აქ ახალ წელს ხიჩხუამას ეძახდნენ. მთელი ოჯახი საგვარეულო სახლში იკრიბებოდა, საგანგებოდ იხსნებოდა ქვევრი, ცხვებოდა თაფლიანი და ნიგვზიანი ქადები, აფხაზურა პურები. ოჯახის უფროსი საკლავის დაკვლის შემდეგ დაკლული საქონლის ღვიძლით, ფილტვითა და თირკმლით ხელში მიდიოდა სალოცავში, ასხურებდა ღვინოს, მერე კი ოჯახში დაბრუნებული ახალ წელს ულოცავდა ახლობლებს.

სამაჩაბლო

აქ მეკვლე აუცილებლად პატარა ბავშვი უნდა ყოფილიყო, რათა სუფთა გულითა და ხელებით სიკეთე შეეტანა ოჯახში. მეკვლეს ხელში ლანგარი ეჭირა, რომელზეც ტკბილეული და კარტოფილის ხინკლები ეწყო. აქაურ საახალწლო სუფრას ამშვენებდა ხაჭაპურები, ხაბიზგინები, გოზინაყი, მოხარშული დედალი.

საინგილო

საინგილოში ახალი წლის სუფრა არ გაიშლებოდა ჰალვის, თაფლის, ნაზუქების, გოზინაყისა და ბრინჯის ფლავის გარეშე. აქ მეკვლე აუცილებლად ძაღლი უნდა ყოფილიყო, რადგან იგი იყო ფეხბედნიერი, ოჯახის ერთგული და გულშემატკივარი. მეორე დღეს ოჯახში მოდიოდა ნამდვილი მეკვლე, რომელსაც ფეხებთან დაუყრიდნენ ბრინჯს ან ხორბალს, დასვამდნენ სკამზე, რათა ოჯახში ქალიშვილები გაუთხოვარნი არ დარჩენილიყვნენ, შემდეგ მეკვლე ყველას დალოცავდა და ლხინიც იწყებოდა.

სამცხე-ჯავახეთი

აქ უმძრახ წყალს დიასახლისი ეზოში, სასიმინდესა და ნალიაში ასხურებდა; საახალწლო სუფრაზე, გარდა ტკბილეულისა, ეწყო კარაქი, ხავიწიანი კვერები, კარტოფილის ხინკალი და ღვინო. ოჯახის თითოეული წევრის სახელზე ცხვებოდა საბედო, ბანის, სამეკვლეო და ხარის ქედის კვერები, რომლებსაც ოჯახის უფროსი ყრიდა ერდოდან და თან ლოცვასაც აყოლებდა. თუ კვერი კერიაზე დაეცემოდა, იმ წელს ოჯახი სიხარულში, მატებასა და ბარაქაში გაატარებდა, თუ კართან - წელი მოუსავლიანი ან უსიამოვნო იქნებოდა და ამას წინასწარ ეგუებოდნენ. შემდგომ კი იწყებოდა მეზობლებისთვის ახალი წლის მილოცვა გადაძახილითა და "მუმლი-მუხასაოს" მღერით.

აჭარა

ახალი წლის ღამეს მთელი ოჯახი სუფრასთან იკრიბებოდა. ოჯახის უფროსის ნებართვით, ყველას უმცროსი ვაჟი ულოცავდა ახალ წელს. დიასახლისი ირგვლივ უმძრახ წყალს მოაპკურებდა, შემდეგ კი გახსნიდა წინასწარ მომზადებულ ყაურმას. სუფრაზე ეწყო აჭარული ხაჭაპურები, ჰალვა, ხარჩო, ბურმე - თაფლიანი და ნიგვზიანი ნამცხვარი, სანთლის არაყი. ქალებს აუცილებლად უნდა სცმოდათ წითელი კაბა და გულზე ჰკიდებოდათ ბებიის ნაჩუქარი ჯვარი. დაილოცებოდნენ აჭარლები და ისვრიდნენ თოფს, ნიშნად იმისა, რომ ოჯახი ხარობდა და სიცოცხლე გრძელდებოდა.