პატარა ძაღლმა შეაშინა
ბიჭს ის კარგად ახსოვს. როცა სასეირნოდ მიჰყავთ, კითხულობს, "აუა" კიდევ ხომ არ შეხვდებათ, ხოლო თუ შემთხვევით ძაღლი დაინახა, ტირილს იწყებს და ხელში აყვანას ითხოვს.
მდგომარეობა გაუარესდა, როცა კარის მეზობლებმა პატარა ფინია იყიდეს. ის ჯერ ლეკვია, მაგრამ ბიჭს ეშინია და შინიდან გასვლის წინ ყოველთვის ითხოვს შეამოწმონ, ძაღლი კართან ხომ არ დგას, ყეფის გაგონებისას კი დედასთან მირბის და ეხუტება.
დედა იძულებული გახდა, მოშორებით შეენახა ყველა სათამაშო ძაღლი, რადგან ბავშვი მათ აღარ ეკარებოდა. დედამ სცადა, ბიჭუნას თამაშის მეშვეობით დახმარებოდა შიშის დაძლევაში, ეჩვენებინა, რომ ძაღლი სულაც არ არის საშიში.
ერთხელ თამაშის დროს ბავშვს ბიძამ დაუყეფა. ბიჭი ატირდა და დედას ჩაეხუტა. დედა შფოთავს, ეშინია, პატარა ნერვიულ და მფრთხალ პიროვნებად არ ჩამოყალიბდეს, სამუდამოდ არ გაჰყვეს ძაღლის შიში. შეიძლება თუ არა, ვუშველოთ პატარას?
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ მშობლებს ხშირად აწუხებთ ძაღლის, სიბნელის, მარტოობისა თუ სხვა შიშების პრობლემა. პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია გავიგოთ მისი არსი.
შიში ერთხელ მაინც ყველას გამოუცდია. ის ისეთივე ბუნებრივი და ჩვენი ცხოვრებისგან განუყოფელი ემოციური განცდაა, როგორებიც არის სიხარული, აღფრთოვანება, გაოცება თუ დარდი. შიშების უმეტესობა განპირობებულია ასაკობრივი თავისებურებებით და, რასაკვირველია, დროებითია. ბავშვის შიში, თუ მას სწორად მივუდგებით და წარმოშობის მიზეზს გავიგებთ, უკვალოდ გაქრება. თუ შიშმა დიდხანს არ გაიარა, ეს შეიძლება ბავშვის ფსიქიკური წარუმატებლობის ნიშანი იყოს. ეს მშობლების არასწორ ტაქტიკაზე ან ფარულ შინაგან კონფლიქტებზე მეტყველებს.
ერთიდან სამ წლამდე ასაკის ბავშვებს ხშირად ეშინიათ მოულოდნელი მკვეთრი ხმების. ეს ტიპური შიშია და ამ ასაკის თითქმის ყველა ბავშვს ახასიათებს. ზემოთ აღწერილ სიტუაციაშიც პატარა ბიჭი სწორედ ძაღლის ყეფამ შეაშინა. ესე იგი მას შეეშინდა არა ძაღლის, არამედ ყეფის. მოულოდნელი მკვეთრი ხმა, ამ შემთხვევაში - ყეფა, გახდა გამშვები მექანიზმი იმ შიშის ფორმირებისა, რომელიც უფროსი ასაკისთვის არის დამახასიათებელი.
ცხოველების შიში, ჩვეულებრივ, 3-დან 6 წლამდე ჩნდება. მეზობლების ძაღლიც ხმაურიანია. ბავშვს ეშინია, როცა ის ყეფს ანუ ხმაურობს, ბიძამაც დაიყეფა და სწორედ ამან შეაშინა ბავშვი... ამ შემთხვევაში შიში მეორეულია, თუმცა ის ასაკთან ერთად შეიძლება გაღრმავდეს.
აუცილებელია დავაკვირდეთ ბავშვს. არ არის გამორიცხული, მას მხოლოდ ძაღლის ყეფა კი არ აშინებდეს, არამედ მანქანის სიგნალიზაცია, საყვირის ხმა და სხვა, უბრალოდ, თქვენ ამას ყურადღებას არ აქცევდეთ. ამ შემთხვევაში თამაშის დროს ყეფამ შეიძლება ბავშვს უფრო ძლიერი ტრავმა მიაყენოს. ასე რომ, ეს სახუმარო არ არის.
როგორ მოვიქცეთ?
- ნაბიჯი პირველი. მაღალი ხმის შიშის დასაძლევად თავად ბავშვს ვასწავლოთ ასეთი ხმების გამოცემა. მნიშვნელოვანია, რომ ხმები გავზარდოთ თანდათან, ბავშვის სურვილის გათვალისწინებით. ეს შეიძლება თამაშით, შეჯიბრებით. წადით ტყეში ან პარკში და გამართეთ შეჯიბრება ყვირილში, მიეცით ბავშვს გამარჯვების საშუალება; ითამაშეთ "ექო", გამართეთ ხმაურიანი დღესასწაული დოლით, საყვირით, სალამურით... ერთი სიტყვით, ეცადეთ, მაღალი ხმები ბავშვისთვის გართობასთან, მხიარულებასთან ასოცირდებოდეს.
- ნაბიჯი მეორე. თანდათან მიაჩვიეთ ბავშვი მაღალ ხმებს საყოფაცხოვრებო სიტუაციებში. მიეცით საშუალება, თავად დაარეგულიროს ტელევიზორის, მაგნიტოფონის, რადიოს ხმა. თანდათან ამ საქმიანობისადმი ინტერესი გაუნელდება, მაგრამ პირველ დღეებში მისი ექსპერიმენტების მოთმენა მოგიწევთ. როცა შემთხვევა მოგეცემათ, ბავშვის ყურადღება მაღალ ხმებს მიაპყარით და აუხსენით მათი წარმოშობა და მნიშვნელობა.
- ნაბიჯი მესამე. მოახდინეთ ბგერების იმიტირება. ამ ეტაპზე ეცადეთ აუხსნათ ბავშვს, რა არის "ხმამაღლა" და "ხმადაბლა". ასწავლეთ ბგერების მართვა. გამოეცით სხვადასხვა ცხოველის მსგავსი ხმა და ამ დროს ყურადღებით დააკვირდით ბავშვის რეაქციას. როცა დარწმუნდებით, რომ ბავშვს ხმებისა აღარ ეშინია, სთხოვეთ, ძაღლის ყეფასაც მიბაძოს.
- ნაბიჯი მეოთხე. იმისთვის, რომ ბავშვმა დაძლიოს ძაღლის შიში, აჩვენეთ მულტფილმები ძაღლებზე და თანდათან დაიწყეთ ძაღლის ხმის იმიტაცია. როცა შეამჩნევთ, რომ ბავშვმა ხმების შიში დაძლია, გადადით ყეფის შიშის დაძლევაზე.
გააცანით ბავშვს წყნარი, მშვიდი და მოსიყვარულე ფისო. კატა ძაღლზე პატარაა, მაგრამ ძაღლივით მასაც აქვს ბეწვი, თათები, ბრჭყალები, კბილები... მიაპყარით ბავშვის ყურადღება მათ მსგავსებას.
წაიყვანეთ ზოოპარკში, წაიკითხეთ წიგნები ცხოველებზე, უყურეთ მულტფილმებსა და ფილმებს, სადაც ძაღლები დადებით პერსონაჟებად გვევლინებიან. ამის მიზანია, ბავშვის ცნობიერებაში ჩამოვაყალიბოთ კავშირი: კატა კარგია, უწყინარია, ძაღლი კატას ჰგავს, ესე იგი ისიც კარგი და უწყინარია.
ხშირად ესტუმრეთ ზოოპარკს, იარეთ ზოომაღაზიაში, დააკვირდით ცხოველების ქცევას, გადაუღეთ სურათები. გააცანით ბავშვს უწყინარი ძაღლი, რომელიც მას არ დაუყეფს. თუ ბავშვმა თავად არ მოინდომა, ძალას ნუ დაატანთ, მაგრამ თუ სურვილი გაუჩნდა, მიეცით საშუალება, მოეფეროს ძაღლს. ისეთი რადიკალური მეთოდი, როგორიცაა ძაღლის ან კატის ყიდვა, მართალია, ეფექტურია, მაგრამ ყოველთვის როდია შესაძლებელი. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, ეცადეთ, ხშირად იაროთ იმ მეგობრებთან, რომელთაც მშვიდი ძაღლი ჰყავთ.
ასწავლეთ ბავშვს, როგორ მართოს ცხოველის ქცევა. აჩვენეთ, როგორ უბრძანოს, აუხსენით, რომელი ბრძანების შესრულება შეუძლია ძაღლს. აგრძნობინეთ, რომ ცხოველის ქცევის მართვა შესაძლებელია. "არ მიეკარო, გიკბენს!" - ხშირად აფრთხილებენ შვილებს მშობლები, რომელთაც თავად ეშინიათ ძაღლის. შესაძლოა, ბავშვის შიშის მიზეზი სწორედ მშობლის შიში იყოს. ამ შემთხვევაში მშობელმა უნდა სძლიოს საკუთარ თავს და მოახდინოს ძაღლების მიმართ საკუთარი თუნდაც ნეიტრალური პოზიციის დემონსტრირება.
რაც უფრო მეტად შეშინდება დედა, მით უფრო ძნელი იქნება პრობლემის მოგვარება. თუ, მიუხედავად ძალისხმევისა, პრობლემა არ მოგვარდა, კონსულტაციისთვის მიმართეთ სპეციალისტს.