ცხოველები სახლში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ცხოველები სახლში

ისინი თამაშობენ, ერთობიან მათთან, ამავდროულად სწავლობენ სხვაზე ზრუნვას და მათ კეთილდღეობაზე პასუხისმგებლობას გრძნობენ. შინ ცხოველის გაჩენამდე აუცილებელია კარგად ავწონოთ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე, რომელიც ამას თან ახლავს. საჭიროა ბინის პირობების გათვალისწინება, თავისუფალი დროის განსაზღვრა და რაც მთავარია, გასათვალისწინებელია ცხოველებთან თანაცხოვრებაზე ოჯახის თითოეული წევრის შეხედულება. უკანასკნელ წლებში მთელ მსოფლიოში შინ ცხოველების ყოლის სურვილი სულ უფრო იზრდება, მაღლდება და იხვეწება მათზე ზრუნვისა და მოვლა-პატრონობის ხარისხიც.

სად რომელი ცხოველი უყვართ?

ყველაზე მეტად ოჯახებში ძაღლები, კატები და დეკორატიული ფრინველები ჰყავთ.

იმ ქვეყნების ტოპ-10, სადაც ოჯახებში ყველაზე მეტი ძაღლი ცხოვრობს:

1. აშშ – 70 მილიონი;2. ჩინეთი – 27 მილიონი;3. რუსეთი – 12,5 მილიონი;4. იაპონია – 12 მილიონი;5. ფილიპინები – 11,6 მილიონი;6. ინდოეთი – 10,2 მილიონი;7. არგენტინა – 9,2 მილიონი;8. დიდი ბრიტანეთი – 9 მილიონი;9. საფრანგეთი – 7,6 მილიონი;10. სამხრეთ აფრიკა – 7,4 მილიონი;

ქვეყნების ტოპ-10, სადაც ოჯახებში ყველაზე მეტი კატა ჰყავთ, ასე გამოიყურება:

1. აშშ – 74 მილიონი;2. ჩინეთი – 53 მილიონი;3. რუსეთი – 17,8 მილიონი;4. ბრაზილია – 12,5 მილიონი;5. საფრანგეთი – 11,5 მილიონი;6. გერმანია – 8,2 მილიონი;7. დიდი ბრიტანეთი – 8 მილიონი;8. იტალია – 7,4 მილიონი;9. უკრაინა – 7,4 მილიონი;10. იაპონია – 7,3 მილიონი;

ტოპ-10 ქვეყნებისა, სადაც ოჯახებში ყველაზე მეტი დეკორატიული ფრინველი ცხოვრობს:

1. ბრაზილია – 19 მილიონი;2. იტალია – 13 მილიონი;3. აშშ – 8,3 მილიონი;4. ავსტრალია – 7,8 მილიონი;5. საფრანგეთი – 6,2 მილიონი;6. ჰოლანდია – 4,5 მილიონი;7. ესპანეთი – 3,7 მილიონი;8. გერმანია – 3,5 მილიონი;9. რუსეთი – 2,8 მილიონი;10. ბელგია – 2,7 მილიონი.

კატები

შინაური ცხოველების რეიტინგში პირველები კატები არიან, რაც, რა თქმა უნდა, დიდი მიღწევაა ასეთი მცირე ზომის ცხოველისთვის.

რატომ უყვართ კატები?

  • საკმაოდ ბევრს მოსწონს მათი ჩუმი კრუტუნი, რადგან ეს იმის ნიშანია, რომ მასაც ძლიერ უყვარხართ. მოწყენილ ადამიანს კატის რიტმული კრუტუნი ამშვიდებს და განწყობას უუმჯობესებს;
  • ბევრს ისინი მათი ლამაზი, ხავერდოვანი, ცნობისმოყვარე ცხვირის გამო მოსწონს, რომელსაც ყოველთვის ყველგან და ყველაფერში ყოფენ. არ არსებობს სახლში ადგილი, სადაც კატას თავისი ცნობისმოყვარე ცხვირი არ ჩაეყოს;
  • სასიამოვნოა მათი რბილი თათები, რომელთაც პატრონისთვის მსუბუქი მასაჟის გაკეთებაც კი შეუძლიათ;
  • ბევრი ჭკუიდან გადაჰყავს თბილი ენით მათ მოულოდნელ კოცნას;
  • გამაოგნებელია კატების ამაყი დამოუკიდებლობა, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის მუდამ თქვენ გვერდით ყოფნის ვალდებულებას;
  • შეუძლებელია გულგრილი დარჩე მათი სულსწრაფი კნავილის მიმართ, როდესაც ისინი პატრონისგან გემრიელ საკვებს ან გასეირნებას მოელიან, კალათების, ყუთების, ძაფის გორგლებისა და სახლის ფეხსაცმლისადმი მათ დაუძლეველ სიყვარულზე რომ არაფერი ვთქვათ;
  • ისინი ხომ ყოველთვის პოულობენ სახლში ყველაზე მზიან ადგილს და მას დაუყოვნებლივ იკავებენ;
  • შეუძლებელია მათი ლამაზად ჯდომის მანერა შეუმჩნეველი დარჩეს, ანტიკური ხანის ქანდაკებათა დარად, აკურატულად შემოიხვევენ კუდს სხეულზე და ნაზად თვლემენ;
  • მათ შეუძლიათ ლოყაზე თათი დაგადონ და დაუსრულებლად იმზირონ ფანჯარაში.
  • დაბოლოს, მათ გვერდით მარტოობა გაცილებით ადვილი ასატანია, ისინი ხომ ამას არ გაგრძნობინებენ.

აკვარიუმის თევზები

კატასა და ძაღლზე არანაკლებ უყვართ ოჯახში აკვარიუმის თევზები. საშუალო ზომის აკვარ­იუმში ხომ რამდენიმე ათ­ეული ეტევა. დღეისათვის ცნობილია დეკორატიული თევზების 28 ათასი სახეობა.

ისინი გაცილებით პოზიტიურად მოქმედებენ ადამიანის ფსიქოემოციურ განწყობებზე და აშკარად გამოხატული დამამშვიდებელი ეფექტი აქვთ.

შედარებით ადვილია მათი მოვლა, სწრაფად მრავლდებიან და პატრონები ამაშიც პოულობენ მათი ყოლის მოტივაციას.

ძაღლები

ძაღლების პოპულარობას განსაზღვრავს უპირობო ერთგულება პატრონისადმი და მათი მაღალ დონეზე გაწვრთნის შესაძლებლობა. ფასდაუდებელია მათი სამსახური სოციალურ სამსახურებში, მაშველ და სამართალდამცავ ღონისძიებათა განხორციელებაში. გარდა ამისა, საკმაოდ ბევრ ადამიანს ძაღლთან ურთიერთობა ეხმარება სტრესსა და დაღლილობასთან გამკლავებაში. მათთან აქტიური თამაშისას ნორმალიზდება არტერიული წნევა, უმჯობესდება ტვინის სისხლმომარაგება, რის შემდეგაც ადამიანი ემოციურ აღმასვლას განიცდის.

  • ძაღლების პატრონები გაცილებით ორგანიზებულნი არიან, მათ სხვებთან შედარებით უადვილდებათ ფსიქოლოგიური და ფიზიკური დატვირთვების ატანა. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ძაღლის პატრონები სხვებთან შედარებით დიდხანს ცოცხლობენ;
  • ძაღლის ყოლა ადამიანს მეტ მოძრაობას ავალდებულებს. მათ პატრონი არა მისი გარეგნობის, წარმატებისა და კარიერის გამო უყვართ, არამედ მათდამი უპირობო სიყვარული აქვთ, მათი უსაზღვრო სიყვარული კი პატრონისთვის უდიდესი სტიმულია, რომელიც მას აძლევს ძალას, ყოველ დილით ადრიანად ადგეს და გაასეირნოს იგი;
  • შეუძლებელია არ აღინიშნოს ზოგიერთი სახეობის ძაღლის დამოკიდებულება ბავშვებისადმი, დროთა განმავლობაში ისინი ბავშვების მზრუნველი და ყურადღებიანი ძიძები ხდებიან, რომლებიც დარაჯობენ მათ ძილს, თამაშობენ და ამშვიდებენ კიდეც მტირალს;
  • ძაღლი ოჯახში ხელს უწყობს ბავშვების პასუხისმგებლობისა და მზრუნველობის გრძნობის განვითარებას, რაც ზრდის თვითშეფასებას და საკუთარ თავში მეტად დარწმუნებულს ხდის;
  • როდესაც ადამიანს შეზღუდული შესაძლებლობების ან სამსახურებრივი საქმიანობის გამო არ ჰყავს მეგობრები, ძაღლი მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთგულ მეგზურად იქცევა ხოლმე. ისინი საკმაოდ ადვილად ერკვევიან ვითარებაში ძლიერი ინტუიციით და პატრონს ცხოვრებას უმრავალფეროვნებენ, ცხოვრების უკეთესი მხრიდან დანახვის სურვილს უჩენენ;
  • ძაღლები ერთგული თანამგზავრები არიან მოგზაურობისა და ნადირობისას. ისინი არა მხოლოდ გვიცავენ, მცირე ზომის ტვირთის ტარებაც კი შეუძლიათ;
  • მხარდაჭერა ნებისმიერ დროს – ოჯახში ოთხფეხა მეგობრის არსებობისას ადამიანები თავს გაცილებით დაცულად და მშვიდად გრძნობენ, მათთან ხშირი კონტაქტი ემოციური მხარდაჭერის ტოლფასია, ფსიქიკურ მდგომარეობას უმსუბუქებენ და სტრესთან გამკლავებას უადვილებენ. ზოგიერთ ქვეყანაში ძაღლები სპეციალურ სწავლებას გადიან და ენიჭებათ Eმოტიონალ შუპპორტ Dოგ-ის – ემოციური მხარდამჭერი ძაღლის კვალიფიკაცია. ასეთი კვალიფიკაციის ძაღლებს უფლება ეძლევათ, იფრინონ პატრონთან ერთად და ფრენისას არსებული სხვადასხვა ტიპის ფობიებთან გამკლავებაში დაეხმარონ.

ფრინველები

ფრინველები ოჯახში განსაკუთრებული პოპულარობით აზიის ქვეყნებში სარგებლობენ, ყველაზე მეტად მოსწონთ თუთიყუშები, ბულბულები, მომღერალი ფრი­ნველები. ბევრისთვის მოლაპარაკე თუთიყუში ოჯახის დამოუკიდებელი წევრია, ბევრს კი მგალობელი ფრინველის ჭიკჭიკი აწყნარებს და ამშვიდებს.

ბაჭიები და ბოცვრები

კურდღელს უფრო მეტად საკვებად აღიქვამენ, ვიდრე შინაურ ცხოველად, თუმცა ცნობილია დეკორატიული ბოცვრების რამდენიმე ათასეული სახეობა, რომელთაც განსაკუთრებული შეფერილობისა და ზომის ბეწვი აქვთ, მათი მოვლა სასიამოვნო და საკმაოდ ადვილია, ამიტომაც დეკორატიული ბოცვრები საკმაოდ ბევრი ოჯახის საყვარელი არსებები არიან.

კუები

ბევრი პატარას საყვარელ შინაურ ცხოველად იქცნენ პატარა დეკორატიული კუსალები. საზოგადოდ, ბუნებაში მათი 250-მდე სახეობა არსებობს, მაგრამ მათგან მხოლოდ ერთეულები ახერხებენ ბინაში ცხოვრებას, რადგან განსაკუთრებულ საარსებო პირობებს საჭიროებენ.

ზაზუნები

ამ პატარა, ფუმფულა, სასიამოვნო მღრღნელმა საკმოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა ბავშვთა შორის, ხელმისაწვდომი ფასისა და ადვილი მოვლის გამო ისინი საკმაოდ მომრავლდნენ ოჯახებში.

მათ, ძირითადად, ღამის ცხოვრების წესი აქვთ, სწორედ ამის გამო ნაკლებად აქტიურ არსებებად მიიჩნევენ, თუმცა სწორი მოვლითა და ალერსით ისინი საკმაოდ ადვილი მოსათვინიერებლები არიან და წვრთნასაც კარგად ემორჩილებიან.

ზღვის გოჭები

ამ მცირე ზომის ცხოველებს სამშობლოში, პერუში, საკვებად იყენებენ. არსებობს ზღვის გოჭების რამდენიმე სახეობა, რომლებიც, ძირითადად, ბეწვის სიგრძითა და სხეულის ზომით განსხვავდებიან. საინტერესოა, რომ ზღვის გოჭებს პატრონის გარემოსადმი ადაპტირების უნარი აქვთ. ისინი ფხიზლობენ, როდესაც პატრონი ფხიზლობს და იძინებენ მასთან ერთად.

სტატისტიკის თანახმად, ქალები უპირატესობას ძაღლებსა და კატებს ანიჭებენ, მამაკაცებს კი შინ აკვარიუმის თევზების ყოლა და მათი მოვლა ურჩევნიათ.

მიზეზები, თუ რატომ იკავებენ თავს ოჯახები შინაური ცხოველებისგან:

  • თავისუფალი დროის უქონლობა – 28%;
  • ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები – 15%;
  • საცხოვრებელი ფართის სიმცირე – 11%;
  • ცხოველებისადმი დიდი სიყვარულით არ გამოირჩევიან – 11%;
  • ჭუჭყის, ბეწვისა და სუნის აუტანლობა – 11%;
  • ცხოველს ვერავის დაუტოვებენ – 9%;
  • ფინანსური მდგომარეობა არ აძლევთ ამის საშუალებას – 6%.