ბავშვობიდანვე მოხდენილი და ჯანმრთელი
როგორ მოვუაროთ პაწიას კანს, თმას, ფრჩხილებს?
შესახებ გვესაუბრება ბავშვთა 23-ე პოლიკლინიკის პედიატრი ლალი ქორიძე.
- როგორი უნდა იყოს პაწიას კანი?
- მოვარდისფრო, ელასტიკური, რბილი, თბილი, ერთგვაროვანი. მისი ცვლილება ხშირად არა ჯანმრთელობის გაუარესების, არამედ არასწორი მოვლის შედეგია. ასეთი ცვლილებებია, მაგალითად, გამოყელვა და ნასიცხი.
- გამოყელვა
გამოყელვა ანუ დაოდვილობა კანის ანთებითი დაზიანებაა, რომლის მიზეზია კანის მუდმივი გაღიზიანება განავლით, შარდით, ოფლით ან კანზე უხეში თეთრეულის ხახუნით. ზოგჯერ მას ექსუდაციური დიათეზი განაპირობებს. ის ნაწილობრივ ახალშობილის ფუნქციური და მორფოლოგიური აგებულების არასრულფასოვნებით არის გამოწვეული.
გამოყელვა ხშირია დუნდულებზე, მუცლის ქვედა ნაწილში და სასქესო ორგანოებზე.
გამოყელვის თავიდან ასაცილებლად ჩვილს დიდხანს ნუ დატოვებთ სველ საფენებში. მსუბუქი გამოყელვის დროს კანი დაამუშავეთ გვირილისა და ორკბილას სპირტიანი ნაყენით, საბავშვო ზეთით. საშუალო სიმძიმის დაზიანებისას ბავშვი რამდენიმე ხნით საფენების გარეშე დატოვეთ - ამ დროს ძალიან კარგია ჰაერის აბაზანები. უფრო მძიმე გამოყელვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ პედიატრს.
- ნასიცხი
ახალშობილთა და ჩვილთა კანის საკმაოდ გავრცელებული დაზიანებაა ნასიცხი, რომელიც ოთახში ჰაერის მაღალი ტემპერატურის, არაჰიგიენური ტანსაცმლის, ბავშვის ზედმეტი შეფუთვნისა და სველ პამპერსში დიდხანს დატოვების შედეგია. დასიცხვისას კისერზე, ზურგზე, დუნდულებსა და სხეულის სხვა არეებზე ჩნდება ღია წითელი ფერის წვრილწინწკლოვანი გამონაყარი. ხელის გადასმისას გამონაყარი შეიგრძნობა და კანის საფარს ოდნავ სცილდება. ბავშვის გახდისას ჰაერმოხვედრილი გამონაყარი სწრაფად უფერულდება, ბავშვის საერთო მდგომარეობა დარღვეული არ არის. მაგრამ ნასიცხი კანი შესაძლოა ინფექციების (სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკების) კარიბჭედ იქცეს.
ხშირად ჩაბანეთ ბავშვი თბილი წყლით. კვირაში ერთხელ გადაავლეთ კალიუმის პერმანგანატის სუსტი ხსნარი. დაბანის შემდეგ კანზე საბავშვო ტალკი მოაფრქვიეთ.
- მილია
ახალშობილთა უმრავლესობას სახეზე, უმთავრესად - ნესტოებსა და ცხვირის წვერზე, აქვს ქინისთავისოდენა მოთეთრო-მოყვითალო, მრგვალი წერტილოვანი წარმონაქმნები, რომლებიც კანის ზედაპირს არ სცილდება. ეს ცხიმოვანი ჯირკვლების თანდაყოლილი ცისტებია, რომლებშიც დროებით გროვდება სეკრეტი. იგი ცხიმოვანი ჯირკვლების მიერ ცხიმის გაძლიერებული სეკრეციის შედეგია. ცხიმოვანი ცისტა მკურნალობას არ საჭიროებს. ის უმეტესად სიცოცხლის მეორე კვირისთვის ქრება.
- რას გვეტყვით კანის ისეთ ცვლილებებზე, რომლებიც არა მოუვლელობით, არამედ დაავადებით არის გამოწვეული?
- ჩვილ ბავშვებში რამდენიმე ასეთი დაავადებაა გავრცელებული.
- ტოქსიკური ერითემა
ეს დაავადება ხშირია ახალშობილობის პერიოდში. მისთვის დამახასიათებელია პოლიმორფული გამონაყარი, დისპეფსია (ნაწლავთა გახშირებული მოქმედება) და ეოზინოფილია (სისხლში ეოზინოფილების რაოდენობის მომატება). თავდაპირველად კანზე ჩნდება ღია წითელი ინფილტრირებული ლაქები, რომლებიც გვერდიგვერდ ან ცალ-ცალკეა განლაგებული და ჭინჭრის ნასუსხს წააგავს. ამ მოწითალო ლაქებთან ერთად წარმოიქმნება მოთეთრო ან მოყვითალო პატარა მკვრივი ბურთულები - პაპულები. ისინი ქავილს არ იწვევს. ზოგჯერ გამონაყარი მთელ ტანს მოედება, განსაკუთრებით ხშირია სახესა და თავის თმიან არეზე. არასოდეს გადადის ლორწოვან გარსებზე, ხელისგულებსა და ფეხისგულებზე. ბავშვის საერთო მდგომარეობა არ იცვლება.
ერითემა ვითრდება სიცოცხლის პირველი 4-5 დღის განმავლობაში და 2-3 დღეს გრძელდება. ავადდებიან როგორც დროული, ისე დღენაკლული ახალშობილები, უფრო მეტად - ბუნებრივი კვების დროს.
ტოქსიკური ერითემა ექსუდაციური დიათეზის ადრეული გამოვლინებაა. მას განიხილავენ არა ახალშობილობის პერიოდის პათოლოგიად, არამედ ორგანიზმის დროებით სენსიბილიზაციად. ტოქსიკური ერითემა მკურნალობას არ საჭიროებს.
- ექსფოლიაციური დერმატიტი
2-3 კვირის ბავშვს კანი მკვეთრად უწითლდება, განსაკუთრებით - ცხვირ-პირის გარშემო. პროცესი სწრაფად ვრცელდება ტანსა და კიდურებზე. კანის ზედაპირული შრე იქერცლება და წარმოიქმნება სხვადასხვა ზომის ბუშტუკები. ისინი ერთმანეთს უერთდება და დამწვრობას ემსგავსება, შემდეგ კი სკდება და აშიშვლებს წითელი ფერის კანს. ამ პერიოდს თან სდევს ტემპერატურული რეაქცია. საჭიროა პედიატრის დროული ჩართვა.
- დესკვამაციური ერითროდერმია
ავადდებიან ბუნებრივ კვებაზე მყოფი სამ თვემდე ასაკის ბავშვები. დაავადება იწყება თავისა და დუნდულების კანის გაწითლებით. შესაძლოა, სიწითლე თანდათან მთელ სხეულს, მათ შორის კიდურებსაც მოედოს. გაწითლებულ უბანზე იწყება კანის აქერცვლა - დესკვამაცია. ქერცლი მორუხო-მოთეთრო, ცხიმოვანი და მბრწყინავია, კანს ადვილად სცილდება და მის ადგილას წარმოიქმნება ახალი ქერცლი. დამახასიათებელია დისპეფსიური მოვლენებიც. მიუხედავად სწორი ბუნებრივი კვებისა, დაავადების პერიოდში განავალი თხიერი, მწვანე, არცთუ იშვიათად ლორწოვანია. თავის თმიანი ნაწილის კანის დაზიანება სებორეული ეგზემისგან ძნელი გასარჩევია, მაგრამ ერითროდერმიის დროს კანის სიწითლე უფრო მკვეთრად არის გამოხატული.
ახალშობილისთვის დაავადების თავიდან ასაცილებლად ორსულმა, განსაკუთრებით - ბოლო თვეებში, ზედმიწევნით უნდა დაიცვას ჰიგიენა და კვების რეჟიმი. მისი საკვები უნდა იყოს სრულფასოვანი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია B ჯგუფის ვიტამინების მიღება. ბავშვს ასევე აძლევენ A ვიტამინს, წესისამებრ, თევზის ქონის სახით. უსვამენ კანზეც.
ადგილობრივი მკურნალობისთვის გამოიყენება სადეზინფექციო, სტეროიდული მალამოები. კანის ფართო უბნების დაზიანების შემთხვევაში გართულებების თავიდან ასაცილებლად მკურნალობა გრძელდება სტაციონარში.
- ჩვილებს თავის კანი ხშირად მოყვითალო ქერქით აქვთ დაფარული. რა აჩენს მას?
- პირველ ექვს თვეს ჩვილს თავზე შეიძლება ყვითელი ან თეთრი ქერქი გაუჩნდეს. მისი წარმოშობის მთავარი მიზეზი თავის ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეციაა. ამ ქერქს გნეისს ვუწოდებთ. ის შეიძლება არასწორად შერჩეულმა კოსმეტიკურმა საშუალებამ გამოიწვიოს. შეიძლება, ალერგიული რეაქციებისადმი მიდრეკილებითაც აიხსნას. ქერქი უპირატესად თხემზე ჩნდება, შედარებით იშვიათად - ყიფლიბანდისა და შუბლის არეში. თუ ბავშვს ყოველდღე აბანავებთ, კარგად ამშრალებთ, თავზე ნატურალური ქსოვილის ქუდს ახურავთ, მაგრამ ყვითელი ქერქი მაინც უჩნდება, მიმართეთ პედიატრს, მაგრამ მანამდე კარგად დაფიქრდით:
- იქნებ ჩვილს თავი უოფლიანდება, თქვენ გეშინიათ, არ გაცივდეს და სახლშიც ქუდით დაგყავთ?
- იქნებ პატარას სურნელოვანი შამპუნით აბანავებთ, მისი არომატული დანამატები კი ნაზ კანს აღიზიანებს? ბავშვს არ მიაკაროთ მოზრდილებისთვის განკუთვნილი შამპუნი. გამოიყენეთ მხოლოდ საბავშვო, ანტიალერგიული საშუალებები.
- იქნებ თავს ყოველდღე ბანთ? ტანის ყოველდღე დაბანა მართლაც აუცილებელია, თავისა კი - არა, თორემ კანი გამოშრება და სებორეული დერმატიტი უფრო გაღრმავდება.
- იქნებ ბავშვი ალერგიისკენ არის მიდრეკილი და იმუნიტეტი აქვს დაქვეითებული? ასეთ დროს ქერქი უფრო ხშირად წარმოიქმნება და დიდხანს არ ქრება.
- როგორ მოვაშოროთ გნეისი პატარას? საერთოდ, შეიძლება კი მისი მოცილება?
- გნეისის მოცილებისას სიფრთხილეა საჭირო, რათა კანი არ გაიკაწროს. ჭრილობაში ინფექციის შეჭრა გაცილებით მეტ პრობლემას გამოიწვევს, ვიდრე თვით ქერქი. თავის დასაზღვევად დაბანამდე ერთი საათით ადრე ბავშვს კანში კარგად შეაზილეთ საბავშვო ზეთი, გადადუღებული ზეთი ან თხევადი ვაზელინი, ჩამოაცვით ბამბის ქუდი და 15-20 წუთით ასე დატოვეთ, რომ ქერქი დარბილდეს, შემდეგ დავარცხნეთ, ბოლოს კი დაბანეთ. თავი კარგად ჩამობანეთ წყლითა და შამპუნით. გაამშრალეთ რბილი პირსახოცით, დარჩენილი ქერქი კი საბავშვო სავარცხლით მოაცილეთ. ეს არის სპეციალური სავარცხელი ბურთულებიანი ბოლოებით, რომელიც მასაჟორის ფუნქციასაც ასრულებს, ამშვიდებს პატარას და თმის ძირების სტიმულირებასაც ახდენს. სათუთად მოაცილეთ ყიფლიბანდის მიდამოში არსებული ქერქი.
გირჩევთ, ვიდრე ჩვილს თავზე მხოლოდ ღინღლი აქვს, დაბანოთ სუფთა წყლით, ყოველგვარი კოსმეტიკური საშუალებების გარეშე. როცა თმა გაუხშირდება გამოიყენეთ შამპუნი ან საპონი კვირაში ერთხელ ან ორჯერ. დაბანამდე და დაბანის შემდეგ ჩვილს თმა დავარცხნეთ სპეციალური საბავშვო სავარცხელ-მასაჟორით, ერთმანეთში ჩახლართული ღერები კი მოაჭერით.
- ჩვილი ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, არა მხოლოდ თმას, არამედ ფრჩხილებსაც სჭირდება მოვლა. რა უსიამოვნება შეიძლება მოუტანოს პატარას მოუვლელმა ფრჩხილებმა?
- ბავშვებს ფრჩხილები ძალიან სწრაფად ეზრდებათ და თუ დროზე არ დავაჭერით, მათ ქვეშ ჭუჭყი დაგროვდება. ეს უკანასკნელი კი ინფექციისა და ჭიების წყაროა - პატარებს ხომ ძალიან უყვართ თითების პირში ჩაყოფა. გარდა ამისა, შესაძლოა, ფრჩხილებით სახე დაიკაწრონ, ეს კი ინფიცირების კიდევ ერთი მიზეზია.
- რამდენ ხანში ერთხელ უნდა დავაჭრათ პატარას ფრჩხილები და როგორ?
-ჩვილ ბავშვებს ხელის თითებზე ფრჩხილები კვირაში 1-2-ჯერ უნდა დავაჭრათ, ხოლო ფეხებზე - კვირაში ერთხელ, რადგან ფეხის ფრჩხილები უფრო ნელა იზრდება, ვიდრე ხელისა. ზოგიერთი ახალშობილი ძალიან გრძელი ფრჩხილებით იბადება. ისინი მაშინვე უნდა დავაჭრათ, რათა სხეული არ დაიკაწროს. არსებობს რამდენიმე წესი, რომლებიც ფრჩხილების დაჭრისას უნდა დავიცვათ:
- ჩვილს ფრჩხილები უნდა დავაჭრათ ღრმა ძილის დროს - ამ დროს მას ხელები მოდუნებული აქვს, თითები - გაშლილი.
- ფრჩხილების დაჭრა იოლია ბანაობის შემდეგ - ცხელი წყალი მათ არბილებს.
- დასაჭრელად უნდა გამოიყენოთ მომრგვალებული, გლუვპირიანი პატარა მაკრატელი, რომელიც მხოლოდ ბავშვისთვის იქნება განკუთვნილი და სხვა არავინ გამოიყენებს.
- კანი რომ არ დაუზიანდეს, პატარას თითის ბალიშებზე ქვემოდან თითი მივაჭიროთ - ასე ფრჩხილი უკეთ გამოჩნდება.
- თუ ბავშვისთვის ფრჩხილების დაჭრა დამოუკიდებლად გიჭირთ, დაიხმარეთ ოჯახის წევრები, სთხოვეთ, ბავშვის ხელი დაგიჭირონ.
- ფეხის ფრჩხილების მოვლა უფრო ძნელია, მაგრამ ნუ აღელდებით, თუ ამ პროცედურის ჩატარება დროულად ვერ მოახერხეთ - ჩვილებს ფრჩხილები კანში არ ჩაეზრდებათ.
თუ პატარას წვეთი სისხლი მაინც გამოუვიდა, ეს იმას ნიშნავს, რომ პროცედურა არასწორად ჩაატარეთ. არ დაიბნეთ, სუფთა სტერილური ბამბა მაგრად მიაჭირეთ სისხლმდინარ ადგილზე, მერე კი იოდი დააწვეთეთ. რამდენიმე დღე დააკვირდით, რომ ანთება არ განვითარდეს. კანის შეწითლების შემთხვევაში მარილიანი აბაზანები მდგომარეობიდან თავის დაღწევაში დაგვეხმარება.
- არ შეიძლება, უყურადღებოდ დავტოვოთ ჭიპის ირგვლივ კანის შეწითლება და გამონადენი. როგორ დავამუშაოთ ჭიპი და როდის არის საჭირო ექიმის ჩარევა?
- თუ ჭიპის ჭრილობა შეხორცებულია, გამონადენი არ უნდა იყოს. ჭრილობის ინფიცირებისას შეხორცების პროცესი შედარებით მეტხანს გასტანს, ჭრილობის სველი, შეუხორცებელი ზედაპირიდან სეროზული სითხე დის, აღიზიანებს ირგვლივ მდებარე ქსოვილებს. მოგვიანებით სისველე შრება და რჩება ფუფხი, რომლის მოვარდნისას შესაძლოა დარჩეს სისხლმდინარე წყლული. ამ დროს ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სხეულის ტემპერატურა - ნორმალური, პერიფერიულ სისხლში გადახრა არ ვლინდება. მაგრამ სველი ჭიპი სეფსისის ერთ-ერთი წინამორბედია.
ჭიპის დამუშავება საჭიროა ჯერ 3%-იანი წყალბადის ზეჟანგის ხსნარით, შემდეგ - 2%-იანი ბრილიანტის მწვანით. რეკომენდებულია ულტრაიისფერი სხივებით დასხივებაც. გადახვევა მიზანშეწონილი არ არის, რადგან იგი ხელს უშლის სითხის გამოყოფას და ანთების განვითარების საშიშროებას ქმნის.
თუ შეუხორცებელი ჭიპი დაინფიცირდა, ვითარდება ომფალიტი - ანთებითი პროცესი. ჭრილობიდან გამოიყოფა სეროზული, სეროზულ-ჩირქოვანი გამონადენი. ზოგჯერ ჭიპის ცენტრალური ნაწილი იფარება გამხმარი ფუფხით. ფუფხის ქვეშ ჩირქია. თვით ჭიპის არე წყლულდება, ანთებითი პროცესი ჭიპიდან ირგვლივ მდებარე ქსოვილებზე გადადის, ჭრილობის მიდამო წითლდება, შუპდება, ჭიპის არე კონუსისებურად იწევს მაღლა. ჭიპის ირგვლივ წითელი ზონარებივით მოჩანს გაფართოებული ვენები. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესში ლიმფური სადინარებია ჩართული და ვითარდება ლიმფანგიტი. ამ დროს ბავშვის საერთო მდგომარეობა შეცვლილია. პატარა ჭირვეულობს, წრიალებს, ცუდად სძინავს, სუნთქვა ზერელე და ხშირი აქვს, ცუდად წოვს, ხშირად წამოაქაფებს, აქვს პირღებინებაც. ასეთ დროს საჭიროა, ექიმს მიმართოთ. ჭიპის დამუშავებასთან ერთად აუცილებელია ანტიბიოტიკებით მკურნალობაც.
- გარეგნული იერსახის ცვლილებას იწვევს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დეფორმაციაც. მისი ერთ-ერთი გამოხატულებაა კისერმრუდობა. რა იწვევს მას და როგორ მკურნალობენ?
- კისერმრუდობა თავის არასწორი დგომაა. ეს პათოლოგია უმეტესად კისრის რბილი ქსოვილის დაზიანებით არის განპირობებული, გაცილებით იშვიათად კი ხერხემლისა და ნერვული სისტემის დაზიანების შედეგია. განასხვავებენ კისერმრუდობის თანდაყოლილ და შეძენილ ფორმებს. თანდაყოლილი კისერმრუდობა უპირველესად კუნთოვანი ხასიათისაა და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის განვითარების ანომალია (სიმოკლე) განაპირობებს. თანდაყოლილი კისერმრუდობა, ჩვეულებრივ, სამშობიაროშივე ან სიცოცხლის პირველსავე თვეს ვლინდება. თუ დიაგნოზი დროულად არ დაისვა, 5-6 წლისთვის ამ ანომალიის ფონზე სახისა და თავის ძვლების ასიმეტრია ჩამოყალიბდება.
შეძენილი კისერმრუდობა კომპენსატორული ხასიათისაა და მხედველობის დარღვევის (სიელმის ან ასტიგმატიზმის) შედეგია. კისრის დეფორმაცია თანდათანობით ყალიბდება, უპირატესად - 3-5 წლის ასაკში. თანდაყოლილი კისერმრუდობისგან განსხვავებით, მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის ორგანული ცვლილებები ამ დროს გამოხატული არ არის. ბავშვი თავს თავისუფლად ატრიალებს ორივე მხარეს და მისი სწორად დაჭერაც შეუძლია.
შეძენილი კისერმრუდობის პროფილაქტიკა და მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, ითვალისწინებს მხედველობის კორექციას, კისრის კუნთების მასაჟსა და სამკურნალო ფიზკულტურას.
- უფრო მოზრდილ ასაკში გარეგნული იერსახის საგრძნობ ცვლილებას იწვევს ტანდეგობის დარღვევა. რა სახის დარღვევები გვხვდება?
- ტანდეგობას დგომისას სხეულის ჩვეულ მდებარეობას უწოდებენ. მისი ჩამოყალიბება ადრეული ბავშვობიდან იწყება და სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით არის განპირობებული. ტანდეგობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ თავისა და მხრის სარტყლის მდებარეობა, ხერხემლის კონფიგურაცია, მენჯის დახრისა და ქვედა კიდურების ღერძით შექმნილი კუთხის სიფართე.
ტანდეგობის შეფასებისას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ხერხემლის მდებარეობას წინა-უკანა სიბრტყეში. როგორც ცნობილია, ხერხემალს აქვს ოთხი ფიზიოლოგიური ნადრეკი: კისრის ლორდოზი, გულმკერდის კიფოზი, წელის ლორდოზი და გავის კიფოზი. ხერხემლის ასეთი ფორმა სხეულს მოქნილობასა და სიმტკიცეს ანიჭებს და წონასწორობას უნარჩუნებს.
გამოყოფენ ტანადობის 5 ძირითად სახეს. ესენია:
- ნორმალური ტანადობა;
- ბრტყელი ზურგი;
- მრგვალი ზურგი;
- წელში მცირედი მოხრილობა;
- ტანადობის დარღვევა ფრონტალურ სიბრტყეში.
ტანადობის სხვადასხვა სახის დარღვევის გამოსწორება შესაძლებელია დროული ჩარევის, მასაჟის, სამკურნალო ფიზკულტურის საშუალებით.
ჩონჩხის განვითარების ანომალია კი ხერხემლის დეფორმაციას იწვევს. ეს ანომალიები იზოლირებულიც შეიძლება იყოს და ნერვულ-კუნთოვანი ქსოვილების არასწორ განვითარებასაც უკავშირდებოდეს. რა ასაკში გამოვლინდება დეფორმაცია, ეს ერთი მხრივ ანომალიის სახეზეა დამოკიდებული, მეორე მხრივ კი პათოლოგიური პროცესის ინტენსივობაზე. იშვიათად ის წლამდე ვლინება, უმეტესად კი უფრო გვიან იჩენს თავს და თანდათანობით ძლიერდება. ხერხემლის ყველაზე გავრცელებული დეფორმაციაა სკოლიოზი. ხერხემლის გვერდითი გამრუდება.
- როგორ უნდა გაისინჯოს ბავშვი და რას უნდა მიაქციოს მშობელმა ყურადღება, რომ ხერხემლის დეფორმაცია არ გამოეპაროს?
- ბავშვი ისინჯება ფეხზე მდგომი, წინიდან, გვერდიდან და უკნიდან. შემდეგ სთხოვენ, მაქსიმალურად გადაიხაროს წინ და ნიკაპი გულმკერდს მიაბჯინოს, ხელები თავისუფლად დაუშვას დაბლა, მუხლებში არ მოიხაროს. ამ პოზიციაში ვლინდება ნეკნოვანი კუზი ტორსის დაზიანებით. წოლისას, როცა ხელები დაშვებულია გულმკერდის გაწვრივ, ფასდება ხერხემლის მდგომარეობა დატვირთვის გარეშე, წინიდან კი ლავიწების სწორი, სიმეტრიული დგომა და გულმკერდის ანომალიები (ე.წ. ქათმისებრი გულმკერდი, მეწაღის გულმკერდი და სხვა). ხერხემლის დეფორმაციისა და მისი დაზიანების ხარისხის შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს შემდეგ ნიშნებს:
- მხრების დგომას;
- თავის მდგომარეობას (ყურის ნიჟარების სიმეტრიულობა ჰორიზონტალური ხაზის მიმართ);
- ბეჭის ქვედა და ზედა კიდურების სიმეტრიულობას;
- ბეჭების შიდა კიდეების პარალელურობას;
- მენჯის გადახრას;
- ქვედა კდურების სხვადასხვა სიგრძეს;
- გულმკერდის დეფორმაციებს;
- წელის სამკუთხედის სიმეტრიულობას;
- ხერხემლის მალების მახვილისებური მორჩების შემაერთებელი ხაზის დეფორმაციას.
დიაგნოზის დასაზუსტებლად საჭიროა რენტგენოლოგიური გამოკვლევა.
- ვიცით, რომ სკოლიოზის პრევენცია ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სწორ ტანადობას მხოლოდ კოსმეტიკური მნიშვნელობა კი არ აქვს, არამედ შინაგანი ორგანოების ნორმალურ ფუნქციობასაც განაპირობებს. როგორ დავიცვათ ბავშვი ხერხემლის დეფორმაციებისგან?
- ჯანსაღი ტანადობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელია დღის ოპტიმალური რეჟიმი, ძილი, მუშაობისა და დასვენების სწორი გადანაწილება, რაციონალური კვება, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი რაციონი. პატარაობიდანვე მიაჩვიეთ ბავშვი დილის გამამხნევებელ ვარჯიშს, სუფთა ჰაერზე სეირნობასა და თამაშს, გააკაჟეთ (სველი ტილოთი დაზელა, მზისა და წყლის აბაზანები). მოზარდმა, რომელსაც ტანადობის დარღვევა და მით უფრო სკოლიოზი აქვს, დღეში 1,5-2 საათი მაინც უნდა დაისვენოს ზურგზე ან მუცელზე დაწოლილმა სპეციალური მოწყობილობის გამოყენებით. ამავე მდგომარეობაში უნდა იმეცადინოს. აუცილებელია სამკურნალო ფიზკულტურა, მასაჟი, ფიზიოპროცედურები.
დაავადების პროგნოზი დამოკიდებულია დეფორმაციის ფორმასა და ხარისხზე. ზოგჯერ დგება ოპერაციული ჩარევის საკითხიც. ნებისმიერ შემთხვევაში, ტანადობის დარღვევა იქნება ეს თუ სკოლიოზი, სამკურნალო ღონისძიებები მხოლოდ ორთოპედთან შეთანხმებითა და მისი მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.