განვავითაროთ ხელები
ეს სავსებით ბუნებრივია - წვრილი მოტორიკის განვითარება აუცილებელია, რათა პატარას შემდგომ წერის სწავლა გაუადვილდეს. ბავშვები, რომელთა მშობლებიც თითების განვითარებაზე ზრუნავენ, წერას იოლად სწავლობენ და კარგი კალიგრაფიით გამოირჩევიან.
ვარჯიში გაზეთის ბურთებით
აიღეთ გაზეთი და რამდენიმე ზოლი ჩამოახიეთ. თუ პატარა უკვე წლინახევრისაა, თავადაც სიამოვნებით აგყვებათ. თუმცა თქვენი მიზანია არა უბრალოდ გაზეთის დახევა, არამედ შეძლებისდაგვარად სწორი ზოლების მოხევა. უნდა ვუჩვენოთ ბავშვს, როგორ გვიჭირავს მარცხენა ხელით გაზეთის ზემო კიდე, ხოლო მარჯვენათი მეორე კიდეს დაბლა ვწევთ. ახლა მოხეული ზოლებისგან პატარა ბურთები გავაკეთოთ. 2-3 წლის პატარები არაჩვეულებრივ ბურთებს ამზადებენ. ისინი შეიძლება სურათებისა და აპლიკაციების დასამზადებლად გამოვიყენოთ. მაგალითად, შეგვიძლია დავხატოთ ცხვარი, რომლის ტანსაც ამ ბურთებისგან შევქმნით. შესანიშნავი "ბეწვი" ექნება ჩვენს ცხვარს! ყურადღება! შეარჩიეთ ისეთი გაზეთი, რომლიდანაც საღებავი ხელებზე არ გადადის!
ვარჯიში პიპეტით
პატარა ჭურჭელში წყალი ჩაასხით. შეგიძლიათ, წყალი უვნებელი საღებავით შეაფერადოთ. აჩვენეთ ბავშვს, როგორ უნდა გვეჭიროს პიპეტი - ორ თითს მის რეზინს უნდა ვუჭერდეთ. ახლა პიპეტი წყლიან ჭურჭელში ჩაყავით, რეზინს ხელი შეუშვით, მაგრამ ბოლომდე არ გაუშვათ. ახლა პიპეტი ამოიღეთ და წყალი ცარიელ ჭურჭელში ჩაასხით. პატარები უმალვე აითვისებენ ასეთ თამაშს.
ვარჯიში პლასტილინით
შვილისთვის პლასტილინის ყიდვას ბევრი არ ჩქარობს, მაგრამ ეს პოზიცია არ არის სწორი. ჯობს, პლასტილინი დროულად შეიძინოთ, მაგიდაზე ცელოფანი გადააფაროთ და საქმეს შეუდგეთ. პლასტილინისგან რამდენიმე ფერადი ბურთი გამოძერწეთ და პატარას შესთავაზეთ, "ბლინები გამოაცხოს". თეთრ ფურცელზე პლასტილინის ბურთი დადეთ და ხელებით მის გაბრტყელებას შეუდექით. რა თქმა უნდა, ბავშვი აგყვებათ. ეს შესანიშნავი ვარჯიშია თითების კუნთებისთვის.
უფროსი ასაკის ბავშვებს შეიძლება უფრო რთული დავალება მივცეთ, მაგალითად, გამოძერწონ ნაძვის ხე, რომელსაც ფურცელზე დავაწებებთ და მოვრთავთ. რასაკვირველია, მოსართავადაც პლასტილინის ბურთები უნდა გამოვიყენოთ.
შეიძლება, სულაც არ დავისახოთ კონკრეტული მიზანი და პლასტილინის ბურთები უბრალოდ გავაბრტყელოთ ფურცელზე. მივიღებთ მრავალფეროვან და უცნაურ ორნამენტებს. ახლა შეიძლება ფანტაზია მოვიშველიოთ და მიღებული გამოსახულებები სხვადასხვა საგანსა თუ არსებას მივამსგავსოთ. შეგვიძლია, პლასტილინი თხელ, თანაბარ ფენად გავანაწილოთ ფურცელზე, ავიღოთ ძველი პასტა ან ფანქარი და პლასტილინზე ვხატოთ. თუ ბავშვი დიდია, შეგიძლიათ ციფრები ან ასოები გამოსახოთ.
ვარჯიში ჭიკარტებით
პატარებს ძალიან უყვართ ჭიკარტების ჩარჭობა. აიღეთ პენოპლასტის ნაჭერი და ბავშვს უფლება მიეცით, მასში ჭიკარტები ჩაარჭოს. რა თქმა უნდა, ჭიკარტებით თამაში მხოლოდ უფროსების თანდასწრებით შეიძლება. სპეციალისტების აზრით, ასეთი თამაშის შემდეგ აღარ უნდა გვეშინოდეს, რომ პატარა რაიმეს დაიშავებს, რადგან ბავშვი გაეცნობა ჭიკარტის რეალურ დანიშნულებას და მას მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენებს.
ვარჯიში ფანქრებით
თითების განსავითარებლად შესანიშნავი რამაა ჩვეულებრივი ფანქარი. ბავშვს შეიძლება ვასწავლოთ, როგორ ატრიალოს ის ხელისგულებს შორის. ერთი შეხედვით მარტივია, არა? აბა სცადეთ, ოღონდ წარმოიდგინეთ, რომ ხელები არ გემორჩილებათ და ფანქარი წამდაუწუმ ეცემა იატაკზე. ფანქრის კიდეები ააქტიურებენ მტევნების ნერვულ დაბოლოებებს, ათბობენ ხელებს, ამზადებენ მათ შემდგომი ნატიფი მუშაობისთვის.
ფანქარი შეიძლება ხელით ვასრიალოთ მაგიდაზე ან იატაკზე. ბავშვისთვის არც ეს არის ადვილი. თუ პატარა ამ დავალებებს წარმატებით გაართმევს თავს, შესთავაზეთ, ფანქარს თითების წვერები დაადოს და ისე აგორაოს, მერე ფანქარი ბოლოებით აიღოს და ხელში დაიჭიროს. შეგიძლიათ შეჯიბრება გამართოთ და გამარჯვებულად ის გამოაცხადოთ, ვინც უფრო მეტხანს დაიჭერს ფანქარს.