რატომ არ თამაშობენ ბავშვები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არ თამაშობენ ბავშვები

სიუხვის მიზეზები

ნებისმიერ თანამედროვე ბავშვს, განურჩევლად ოჯახის შესაძლებლობებისა, გაცილებით მეტი სათამაშო აქვს, ვიდრე მისი განვითარებისათვის არის საჭირო. ასეთ უაზრო სიუხვეს მრავალი მიზეზი აქვს. დედ-მამის ოცნებები - ოჯახში ბავშვის გაჩენის შემდეგ მშობლები იწყებენ იმ სათამაშოების ყიდვას, რომლებზეც თავად ოცნებობდნენ ბავშვობაში. დედები სიამოვნებით ყიდულობენ თოჯინის სერვიზებსა და საწოლებს, ეტლებს და თავად თოჯინებს, მამები კი - რკინიგზას, მანქანებს, კონსტრუქტორებს და თოფებს. მშობლების ეს სურვილი გასაკიცხი არ არის, მაგრამ შეიძლება მისი გაცნობიერება და გაკონტროლება. საჩუქრები - ეს ბავშვის ოთახის საწყობად ქცევის მეორე მიზეზია. ბებიებს, ბაბუებს და სხვა სტუმრებს ბავშვისთვის უამრავი სათამაშო მოაქვთ. უბრალოდ, იმ სახლში, სადაც ბავშვია, ხელცარიელი მისვლა ცუდ ტონად ითვლება. ზოგჯერ მშობლები ბრაზობენ კიდეც: “ასეთი სათამაშოები მე რომ მქონოდა ბავშვობისას, გავგიჟდებოდი, ეს კი ზედაც არ უყურებს!” სამწუხაროდ, ეს ის შემთხვევაა, როცა სათამაშოების რაოდენობა და თამაშის ხარისხი ერთმანეთის უკუპროპორციულია ანუ რაც მეტია სათამაშო, მით ნაკლებად საინტერესოა თამაში. ადრეული განვითარების სურვილი - თანამედროვე სათამაშოების მნიშვნელოვანი ნაწილი ბავშვის განვითარებასა და სწავლებას ემსახურება. ზოგჯერ მშობლები მათ ისე დაუფიქრებლად იძენენ, რომ არც კი კითხულობენ, რა ასაკის ბავშვებისთვისაა განკუთვნილი სათამაშო. რა თქმა უნდა, ბავშვს უნდა ჰქონდეს სათამაშო, რომელიც მის განვითარებას შეუწყობს ხელს, მაგრამ მნიშვნელოვანია რაოდენობა, ხარისხი და გამოყენების გზები. განმავითარებელი სათამაშო ბავშვმა სათანადოდ მხოლოდ მაშინ შეიძლება გამოიყენოს, როცა მის გვერდით დაინტერესებული უფროსია. სწორედ ის უნდა ხელმძღვანელობდეს ასეთი სათამაშოებით თამაშს. თუ ამ ტიპის სათამაშო ბავშვს იმდენი აქვს, რომ თამაშსაც ვერ ასწრებს, რასაკვირველია, სასურველ ეფექტს ვერ მივიღებთ. უაზრო მრავალფეროვნება - მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, ჩვენს დახლებზე სათამაშოების დიდი არჩევანია, ამას მაინც ვერ შევჩვევივართ. არ ვიცით არჩევა და ხშირად შენაძენი უაზრო გამოგვდის. გვგონია, რომ რაც მეტია სათამაშო, მით უკეთესია. რეალურად კი აღზრდის საკითხებში საქმე სულ სხვაგვარადაა. სათამაშოების სიმრავლეს მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ სათამაშო სივრცე სწორადაა ორგანიზებული.

სათამაშო სივრცის შექმნა და ორგანიზება

ბავშვის ოთახის მოწყობისას უნდა გახსოვდეთ, რომ სათამაშოები, რომლებიც პატარა ბავშვს გარს ახვევია, მთელი სამყაროა მისთვის. სწორედ ამ სამყაროში უნდა ისწავლოს პატარამ ყველაფერი, აქ უნდა გაიზარდოს.

წესრიგი და უწესრიგობა

თუ ბავშვი უკვე დაცოცავს ან დადის, სათამაშოების უბრალოდ ყუთში ჩაყრა აღარ გამოგვადგება. ფსიქოლოგებსა და პედაგოგებს მიაჩნიათ, რომ ოპტიმალურია სათამაშოების მოთავსება ბავშვის თვალების დონეზე, ღია, არცთუ ძალიან ღრმა თაროებზე. ყველაზე შესაფერისია კედელზე კარგად დამაგრებული სტელაჟი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა აგვერიოს ასეთი სტელაჟი სათამაშოების “შენახვის სისტემასთან”, რომლის თანახმადაც, სათამაშოები ბავშვისთვის მიუწვდომელ ადგილზე უნდა იყოს შენახული, თანაც დახარისხებული და გაუმჭვირვალე ყუთში ჩაწყობილი. დაიმახსოვრეთ, 3 წლამდე ასაკის ბავშვი გაცილებით უკეთ თამაშობს, როცა სათამაშოების წესრიგს დედა უზრუნველყოფს. საქმე ის არის, რომ ამ ასაკში ბავშვს არ შეუძლია სათამაშოებისათვის წესრიგის შექმნა. უფრო მარტივად თუ ვიტყვით, ბავშვი მანამდე თამაშობს, სანამ შეუძლია არსებული წესრიგის დარღვევა, დედის მიერ აშენებული კონსტრუქციების დაშლა. როცა ეს “საქმე” დამთავრებულია, სათამაშოებისა და თამაშის მიმართ ინტერესი იკარგება.

სად ცხოვრობენ სათამაშოები?

იდეალურია, როცა ბავშვის ოთახში არის სათამაშო ზონა და ყველა სათამაშო იქ “ცხოვრობს”. უფრო მოზრდილი ბავშვისთვის მთავარი მაორგანიზებელი სივრცე შეიძლება იყოს სათამაშო სახლი. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის კარგია, როცა ცხოველები ერთად “ცხოვრობენ”, მანქანები კი - ერთად, არც კონსტრუქტორები ერევა ერთმანეთს. ასე ბავშვი უფრო ადვილად ეჩვევა თამაშს და არა ირგვლივ ქაოსის შექმნას. პატარებს ძალიან უყვართ, როცა სათამაშოები სხვადასხვა ყუთში, კალათში ან სკივრშია მოთავსებული. ასე პატარები ადვილად იგებენ, რომ ყველა სათამაშოს თავისი “სახლი” აქვს.

რა ვუყოთ მრავალფეროვნებას?

ერთ-ერთი უმარტივესი გზა სათამაშოს “გასაახლებლად” არის მისი გადამალვა გარკვეული ხნით. ამ ხერხის წყალობით უფრო ნაკლები ახალი სათამაშოს ყიდვა მოგვიწევს. თუ მთელ სათამაშოებს 3 ან 4 ტოლ ნაწილად დაყოფთ, შეინახავთ და “ექსპოზიციას” კვირაში ერთხელ შეცვლით, პატარა ბავშვი თავის სათამაშოებს აღიქვამს როგორც თითქმის ახალს.

შევქმნათ პოზიტიური გარემო

თუ მართლაც გსურთ, ბავშვი ლაღად თამაშობდეს, უნდა მოახერხოთ, რაც შეიძლება იშვიათად თქვათ “არა”. ეს აკრძალვებისა და შეზღუდვების გაუქმებას არ ნიშნავს. უბრალოდ, თამაშის პერიოდი ნამდვილად არ არის აკრძალვებისთვის საუკეთესო დრო. ბავშვისთვის თამაში უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა. თამაშისას იგი ეცნობა ადამიანური ურთიერთობების სამყაროს და, საზოგადოდ, სამყაროს მოწყობას. ადამიანი, რომელსაც ბავშვობისას თამაშს უკრძალავენ, სრულფასოვან პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. თამაში ბავშვის თავისუფალი შემოქმედების სივრცეა. დედის ან ძიძის მიერ უხეშად ნათქვამი “არა” ამ სივრცეს არღვევს, თამაშის ძაფს წყვეტს, პატარა თამაშს ძველებური შთაგონებით ვეღარ აგრძელებს. შეზღუდვები უნდა იყოს მარტივი, გასაგები და მინიმალური, მაგრამ მუდმივი. მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ, რა არ შეიძლება. სათამაშოები, რომლებიც გაშფოთებთ, ჯობს, დამალოთ. საქმე ის არის, რომ როდესაც აკრძალვა ხშირად მეორდება, ბავშვი სწავლობს მის იგნორირებას ან გამოუმუშავდება ზედმეტი სიჯიუტე ყოველდღიური წინააღმდეგობის გამო.


სათამაშოს არჩევის ხელოვნება

სათამაშოები, ისევე როგორც წიგნის ილუსტრაციები და მთლიანად ბავშვის ოთახი, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ბავშვის ესთეტიკურ სამყაროსა და გემოვნებას. აირჩიეთ იმ ესთეტიკური მიმართულების სათამაშოები, რომელიც თქვენთვის, მშობლებისთვის არის ახლობელი, აირჩიეთ ის სათამაშო, რომელიც ლამაზად მიგაჩნიათ.

დავიწყოთ რაოდენობით

აქ ყველაფერი მარტივადაა - ბავშვისთვის მისაწვდომი უნდა იყოს იმდენი სათამაშო, რამდენსაც ის უფროსის დახმარებით შედარებით ადვილად დაალაგებს. ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ უნდა გავიხსენოთ პატარა ბავშვის ყურადღების განვითარების თავისებურებები. სიცოცხლის პირველი წლის დასასრულს პატარა ყურადღების განვითარების “ველის სტადიაზეა”. ეს ნიშნავს, რომ თუ პატარა ბავშვმა დაიწყო თამაში ერთი სათამაშოთი, მაგრამ მხედველობის ველში აღმოჩნდა მეორე, ის დიდი ალბათობით მიატოვებს პირველ სათამაშოს და მეორეს წაეტანება. ასე გაგრძელდება, სანამ პატარა ყველა სათამაშოს არ “მოსინჯავს”. თუ ისე მოხდა, რომ თქვენს პატარას რომელიმე სათამაშო დიდი ხანია უჭირავს ხელში, ნუ შეეცდებით, თამაშის გამრავალფეროვნებისთვის მას მეორე მიაჩეჩოთ. ამ ასაკში ძალზე დასაფასებელია ყურადღების კონცენტრირების უნარი. ბავშვს, რომელიც თამაშით გაერთო, ხელი არ უნდა შევუშალოთ და გვიხაროდეს, რომ მას უვითარდება მიზანმიმართული ქმედებების უნარი. თუ ბავშვი სათამაშოების გროვაში ზის, დიდია ალბათობა, უბრალოდ მოისროლოს ისინი.

ურთიერთობის კვალი

არსებობს განვითარების ფსიქოლოგიის კლასიკური ექსპერიმენტი: დედას სთხოვენ, აირჩიოს სათამაშო, რომელიც მის შვილს ყველაზე ნაკლებად უყვარს და რომლითაც თითქმის არ თამაშობს. ორი კვირის განმავლობაში დედამ და შვილმა სწორედ ამ სათამაშოთი უნდა ითამაშონ. შედეგი მოლოდინს გადააჭარბებს - მოძულებული სათამაშო ყველაზე საყვარელ ნივთად გადაიქცევა. ამის შემდეგ ბავშვი დიდხანს ირჩევს სწორედ ამ სათამაშოს და დამოუკიდებლადაც კი თამაშობს. ეს ერთი შეხედვით უცნაური ეფექტი იმით არის გამოწვეული, რომ სწორედ ეს სათამაშო ასოცირდება დედასთან ერთად ყოფნასთან. სათამაშოს ხელში აღებისას პატარას სწორედ დედასთან ერთად თამაშის წუთები ახსენდება. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ამ სათამაშოს “ურთიერთობის დამღა” აქვს დასმული. აქედან - ლოგიკური დასკვნა: თუ გსურთ, თქვენმა შვილმა ყველა სათამაშოთი ითამაშოს, ყველა მათგანი ერთობლივი თამაშით უნდა “გააცოცხლოთ”. წინააღმდეგ შემთხვევაში ბავშვი “ითამაშებს” მხოლოდ დედის “სათამაშოებით” - სამზარეულოს ჭურჭლითა და მობილურით. მაშ ასე, თანამედროვე ბავშვები არ თამაშობენ იმიტომ, რომ მათ ბევრი სათამაშო აქვთ, შესაბამისად, ისინი მათთვის არ წარმოადგენს ფასეულობას. ბავშვები ვერ თამაშობენ იმიტომ, რომ თაობიდან თაობას არ გადაეცემა თამაშის კულტურა, ქალაქებში ბავშვებს არ აქვთ კონტაქტი ერთმანეთთან და ვერც თამაშს სწავლობენ ერთიმეორისგან. ეს დეფიციტი შეიძლება შეავსონ უფროსებმა, თუმცა ისინიც იშვიათად ეთამაშებიან პატარებს. ზოგიერთი სათამაშო კი სულაც შეცდომითაა შერჩეული.

როგორ ვიცნოთ არასწორად შერჩეული სათამაშო

არასწორად შერჩეული სათამაშო დამზადებულია არაბუნებრივი მასალისგან, შეღებილია ბუნებაში არარსებულ ფერად. გარდა ამისა, ის ძალიან ჰგავს რეალურ საგანს. მაგალითად, სათამაშო უთო, რომელიც ნამდვილის ასლია. ასეთი მსგავსება ადგილს აღარ უტოვებს ბავშვის ფანტაზიას. “არასწორ” სათამაშოებში ხშირად გამოიყენება ღილაკის პრინციპი: პატარა ბავშვი ხელს აჭერს ღილაკს და ამ მარტივი ქმედების პასუხად ინთება ნათურები, ტრიალებს ბორბლები... ერთი სიტყვით, შედეგი გაცილებით აჭარბებს ბავშვის ქმედებას, ამიტომ არ ყალიბდება მიზეზშედეგობრივი კავშირი და, შესაბამისად, ვერც ინტელექტი ვითარდება ისე, როგორც მარტივი სათამაშოთი თამაშისას. გასაგებია, რომ ჩვენ ღილაკის ცივილიზაციაში ვცხოვრობთ, მაგრამ რაც უფრო ხშირად ნახავს ბავშვი სკოლამდელ ასაკში საგნებს, რომელთა მუშაობის პრინციპიც მარტივია, მით უფრო უკეთ განუვითარდება ლოგიკური აზროვნება. ბავშვებს უსაზღვრო ინტერესი აქვთ ყველაფრისადმი, რაც ხელით კეთდება. დედა სადილს ამზადებს, ნამცხვარს აცხობს, მამა ლურსმანს აჭედებს ან კედელს ბურღავს... პატარები ყურადღებით ადევნებენ თვალს მშობლების საქმიანობას, უფროსების ცხოვრების შეცნობა მათთვის ნამდვილი დღესასწაულია. სამწუხაროდ, დღეს მშობლების საქმიანობა კომპიუტერის კლავიატურაზე თითების დაჭერით შემოიფარგლება, ამიტომ პატარა ბიჭების მამებს საგანგებოდ ვურჩევთ, ზოგჯერ მაინც აკეთონ ის საქმე, რაც საუკუნეების განმავლობაში კაცის მოვალეობად ითვლებოდა. ბავშვისთვის ეს გაცილებით განმავითარებელი იქნება, ვიდრე ნებისმიერი თამაში. სწორი სათამაშო მრავალფუნქციურია ანუ მისი გამოყენება შეიძლება სხვადასხვანაირად, სხვადასხვა თამაშისთვის. მრავალფუნქციური სათამაშოს კლასიკური მაგალითია ბურთი. ის შეიძლება გადავაგდოთ, ვაგორაოთ, “გადავაქციოთ” საზამთროდ ან დედამიწად. რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო მეტი მრავალფუნქციური სათამაშო უნდა ჰქონდეს მას. სწორი სათამაშო ეკოლოგიური, ნატურალური მასალისაა - ქსოვილისა, ხისა, ლითონისა, ტყავისა. რასაკვირველია, პლასტმასის სათამაშოების რაოდენობა მინიმალური უნდა იყოს. სათამაშოს მასალა უნდა იტანდეს მექანიკურ ზემოქმედებას, არ უნდა იყოს ტოქსიკური, შეღებილი იყოს უვნებელი და მდგრადი საღებავით. ეს იმიტომ, რომ პატარა ბავშვი შეეცდება, სათამაშო დაღრღნას, დაკბინოს, დააგდოს... სამწუხაროდ, ამ მოთხოვნებს ბევრი სათამაშო ვერ პასუხობს, პირველსავე კვირას ტყდება, ისე რომ, ბავშვი მასთან შეჩვევასაც ვერ ასწრებს.

დამოუკიდებლობის ჩვევები

თამაშთან ერთად ბავშვმა თანდათან უნდა ისწავლოს სათამაშოების დალაგებაც. ამაში დედა უნდა დაეხმაროს. ფსიქოლოგების უდიდესი ნაწილის აზრით, ბავშვის განვითარებისათვის სასარგებლოა, მას ოჯახში მინიმალური მოვალეობა მაინც დავაკისროთ. სწორედ ოჯახში ყოველდღიური საქმიანობისას ფორმირდება საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის, ყურადღების კონცენტრირების, დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის უნარი. თუ ბავშვს საშუალებას მისცემთ, თავი აარიდოს სათამაშოების ალაგების “არასასიამოვნო” პროცესს, თქვენ მას ხელს შეუშლით სამყაროს და ამ სამყაროში საკუთარი თავის შეცნობაში. რასაკვირველია, დედისა და ძიძისათვის გაცილებით ადვილია, სათამაშოები თავად აალაგონ, მაგრამ თუ დალაგებაში მონაწილეობის ჩვევა ბავშვს ადრე, სამ წლამდე არ გამოუმუშავდა, შემდეგ მისი ფორმირება გაცილებით რთული იქნება - ბავშვი აქტიურ წინააღმდეგობას გაგიწევთ. ეცადეთ, ყოველთვის გამონახოთ დრო, ძალა და ფანტაზია, რათა დალაგება არ იქცეს იძულებად, მოიგონოთ სხვადასხვა სიუჟეტი და ეს პროცესიც ერთგვარ თამაშად აქციოთ.

როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია

როცა ოჯახში რამდენიმე ბავშვია, სათამაშოების ძირითადი ნაწილი (დაახლოებით 80%) საერთო უნდა იყოს, ოღონდ ასწავლეთ ბავშვებს მათი განაწილება, გაცვლა. ამავე დროს, ორი წლიდან ყოველ ბავშვს უნდა ჰქონდეს პირადი, ხელშეუხებელი საკუთრება. ამგვარად ჩხუბის საფრთხეც ნაკლები იქნება და აღარც ბავშვი გაიზრდება ტიპურ მესაკუთრედ.