შესაფერისი სათამაშო

კუბები, თოჯინები, ბურთები, პლუშის უზარმაზარი სათამაშოები და პატარა ჯარისკაცები... ერთი სიტყვით, სათამაშოების არჩევანი დღეს ძალიან დიდია. ეს მრავალფეროვნება ხშირად აბნევს, ჩიხში აქცევს მშობლებს: რა უფრო შეეფერება ჩვენს პატარას? რომელი სათამაშო მოეწონება და რომელი - არა? რომელია მართლაც სასარგებლო და რომლის შეძენა არ არის აუცილებელი?..
სათამაშოები შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ:
- სათამაშოები, რომლებიც მოქმედებას მოითხოვს. ასეთია ყველანაირი მაგიდის სათამაშო, ბურთები, კონსტრუქტორები, კუბები, თოჯინები, საბავშვო თოჯინები, ავეჯი;
- გულის გასახარი სათამაშოები: პლუშის დათვები, კურდღლები, მუსიკალური სათამაშოები. მათ განსაკუთრებული დანიშნულება თითქოს არ აქვთ, მაგრამ თვალსა და გულს ახარებენ, სულს აამებენ;
- სუვენირები - თაბაშირის ფიგურები, ყულაბები, მაგნიტები, ხის ფიგურები. მათ ვუცქერით და ესა თუ ის ადგილი ან ის პიროვნება გვახსენდება, რომელმაც სათამაშო გვაჩუქა.
ბავშვს სამივე სახის სათამაშოები სჭირდება, თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს. უბრალოდ, დაფიქრდით, რა ტიპის სათამაშო გინდათ აჩუქოთ პატარას ამჯერად. როცა მიზანი გარკვეულია, საჩუქრის არჩევა გაცილებით ადვილია. მიუხედავად ამისა, განმავითარებელი სათამაშოების შერჩევა სახუმარო საქმე არ არის. მშობლებს ვერ გადაუწყვეტიათ, ნაადრევი ხომ არ არის ამა თუ იმ სათამაშოს ყიდვა, მართლაც საინტერესო იქნება თუ არა ის ბავშვისთვის.
მოდი, კონკრეტული მაგალითების მეშვეობით ვცადოთ სიტუაციაში გარკვევა.
ერთ წლამდე
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
ამ ასაკში განსაკუთრებით კარგია სათამაშოები, რომლებიც გრძნობის ორგანოთა (მხედველობა, სმენა, ტაქტილური შეგრძნება), წვრილი და მსხვილი მოტორიკის, ყურადღებისა და აზროვნების განვითარებისკენ არის მიმართული.
დაბადებიდან ერთი წლამდე პერიოდი სამყაროს განსაკურებით აქტიური შეცნობის ხანაა. მართალია, პატარას ჯერ არ შეუძლია, საგნებით განახორციელოს რთული ქმედებები, ითამაშოს საინტერესო (მშობლების აზრით) თამაშები, მაგრამ ის ყოველდღიურად კოლოსალურ ენერგიას ხარჯავს, როცა აქნევს ჩხაკუნას, ათვალიერებს ორნამენტებს ხალიჩაზე ან აშენებს პირამიდას. პატარა გიგანტური ნაბიჯებით ვითარდება, ყოველი ახალი სათამაშო მის ცხოვრებაში პირველად ჩნდება! სამყაროს აქტიურად ათვისებაში დასახმარებლად კარგი იქნება, თუ პატარას კაშკაშა პლასტიკის ან ქსოვილისგან დამზადებულ სათამაშოებს აჩუქებთ.
სათამაშო "ხალიჩები" - ალბათ შეგიმჩნევიათ ფერადი, ნახატებიანი ქსოვილი, რომელზეც სათამაშოებია მიმაგრებული. მათი მომხიბვლელობა სწორედ მრავალფუნქციურობაა. ისინი ააქტიურებენ შეგრძნებებს, ბიძგს აძლევენ სხვადასხვა ქმედებას. კაშკაშა "ხალიჩები" ლამაზი სურათებით, ზედ მიკერებული ჩხაკუნებით, რბილი რეზინებით, სხვადასხვა ფაქტურის ქსოვლებით დიდხანს მიიპყრობენ პატარა ბავშვის ყურადღებას.
ჩხაკუნები ისეა შექმნილი, რომ ადვილია მათი ხელში აღება. ამავე დროს, ისინი ძალიან ლამაზი, გამძლე და უსაფრთხოა. ახალშობილს ხომ სულაც არ სჭირდება წვრილი დეკორატიული ელემენტები. ისიც საკმარისია, რომ სათამაშოს აქვს კაშკაშა ფერი, შესაფერისი ზომა და სასიამოვნო ტექსტურა. ანალოგიური სათამაშოები ასწავლიან ბავშვს საგანზე კონცენტრირებას, იპყრობენ ყურადღებას, აღვიძებენ პირველ ქმედებებს - დაჭერას, შერხევას, სტიმულს აძლევენ პირველ არჩევანს.
მოძრავი დასაკიდებელი სათამაშოები - ეს არის გირლანდა, რომელსაც საწოლზე ვამაგრებთ. მარტივი მოწყობილობის წყალობით სათამაშო ლამაზი მელოდიის თანხლებით ტრიალებს. ნელა მოძრავ სათამაშოს ბავშვი ძალაუნებურად უყურებს, აკვირდება, ხელებით ეპოტინება. ამავე დროს ნაზი და სასიამოვნო მუსიკა პატარას აწყნარებს, ამშვიდებს.
სათამაშოები მარტივი მექანიზმით - ეს არის პლასტიკური მასალისგან დამზადებული ცხოველები, მანქანები, ადამიანები, რომლებსაც ლამაზი ღილაკი აქვთ. საკმარისია, ღილაკს თითი დავაჭიროთ და სათამაშოც "ცოცხლდება", მღერის, ცეკვავს... ამ ტიპის სათამაშოები შესანიშნავად წვრთნიან ბავშვებს, აჩვევენ თამაშის წესებს. ავითარებენ მსხვილ და წვრილ მოტორიკას, აზროვნებას, გვეხმარებიან ყურადღების კონცენტრირებაში და უამრავ დადებით ემოციას გვჩუქნიან.
პირამიდები და კუბები - კუბებისა და პირამიდების კაშკაშა ფერები და ნახატები სტიმულს აძლევენ მხედველობით აღქმას, მათ შორის - ფორმისას, რადგან მსგავს სათამაშოებში ფორმა მკაცრად არის შემოსაზღვრული და ადვილი ასათვისებელია. პირამიდებისა და კუბების ზომა და ფორმა მოხერხებულია ბავშვის ხელისთვის. ამ თამაშების წყალობით ცოტათი მოზრდილ ბავშვს თავად უჩნდება პირველი კონსტრუქტორული იდეები, სხვადასხვაგვარი სახლისა და კოშკის აგების სურვილი.
პირამიდა შეუცვლელი ტრენაჟორია სივრცითი და კონსტრუქციული აზროვნების განვითარებისთვის და საგნებით რთული მანიპულირების უნარის ჩამოყალიბებისთვის. კუბები ახალბედა მშენებელს ეხმარებიან სივრცითი კოორდინაციის ჩამოყალიბებაში და ხელებით ზუსტი მოძრაობების გამომუშავებაში, გარდა ამისა, კუბებისა და პირამიდების წყალობით ადვილად შეიძლება ავითვისოთ ფერის, რაოდენობის ცნებები და დათვლაც ვისწავლოთ.