მივდივართ საბავშვო ბაღში
იწყება ახალი პერიოდი ბავშვის აღზრდის პროცესში, როცა მშობლბის, ბებია-ბაბუების, და-ძმის გარდა, პატარას ცხოვრებაში შემოდიან და ერთვებიან ახალი ადამიანები: პედაგოგები, აღმზრდელები და რაც უმნიშვნელოვანესია, თანატოლთა საზოგადოება. იწყება ბავშვის ჩართვა ურთიერთობათა ახალ სისტემაში, ხდება კომუნიკაციის უნარების გამომუშავება და ცვლილებები მის ქცევებში.
ახალი სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, სამუშაო პროცესის გასაცნობად, ბავშვების ბაღთან შეგუების პროცესზე, აღზრდისა და განვითარების მეთოდებზე სასაუბროდ მივმართეთ ქ. თბილისის 72-ე საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორს, პროფესიით ფსიქოლოგს, ქალბატონ თინათინ ხუციშვილს.
– ქალბატონო თინათინ, რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ადაპტაციის ხანგრძლივობა ბავშვის ბაღში მიყვანის დროს და როგორ შევუმსუბუქოთ ეს პერიოდი?
– საუკეთესო ასაკი ადაპტირებისთვის და საზოგადოდ, ბაღში შესაყვანად, ინდივიდუალურია. თუმცა არის მოსაზრება, რომ 3 წელი ყველაზე კარგი ასაკია, რადგან ბავშვის იმუნური სისტემა მზადაა ავადმყოფობასთან შესაბრძოლებლად. მოგეხსენებათ, ბაღის პერიოდში ხშირია სხვადასხვა ვირუსთან შეხვედრა. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ პერიოდში არის 3 წლის ასაკობრივი კრიზისი და როდესაც ამას ემატება ადაპტაციის პერიოდი, ზოგ შემთხვევაში შეიძლება ადვილად გადაილახოს, ზოგში კი – ძალიან ძნელად.
– რა ასაკიდან იწყება კრიზისი და რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადაპტაციაზე?
– კრიზისი იწყება 2,5 წლიდან და გრძელდება დაახლოებით 5 წლამდე. თუკი კვლავ გაგრძელდა, შეიძლება ბავშვი უბრალოდ მანიპულირებდეს მშობლებზე.
არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებზეც დამოკიდებულია ადაპტაციის ხანგრძლივობა. ეს ფაქტორებია: ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და განვითარების დონე, ზრდასრულებსა და თანატოლებთან კომუნიკაციის უნარი, საგნებით თამაშის ფორმირებულობა და სახლის რეჟიმის მსგავსება (მიახლოებულობა) საბავშვო ბაღის რეჟიმთან.
– რა მოეთხოვებათ მშობლებს, რომ გაადვილდეს ბაღთან შეგუების პროცესი?
– მნიშვნელოვანია, მშობლებს გავუმეოროთ, რომ ნებისმიერი ბავშვის ქცევის დროს თავად ისინი არიან მაგალითები. დააკვირდნენ თავიანთ თავს, ქცევებს, თვისებებს, ოჯახში არსებულ სიტუაციას. ბავშვები ყოველთვის მოდელებით სწავლობენ. აგრესიის დროსაც მნიშვნელოვანია მშობლები დიდ დროს უთმობდნენ შვილს, ეთამაშებოდნენ, ელაპარაკებოდნენ, მასთან ჰქონდეთ კომუნიკაცია. მშობლებმა თამაშის დროსაც უნდა მისცენ მაგალითი, როგორ უნდა გაკეთდეს ეს ჯანსაღად – როლური თამაშები თოჯინების, ფუმფულა სათამაშოების, მანქანების მეშვეობით.
ამით ბავშვს ვასწავლით სწორ კომუნიკაციას და შესაბამისად, ქცევის დარღვევის პრობლემაც უკან დაიხევს.
კარგი პრაქტიკაა, ფსიქოლოგმა ადაპტაციის წინა პერიოდისთვის დაგეგმოს ჯგუფური მუშაობები – არტ-თერაპიული სამუშაოები, განმავითარებელი თამაშები, სახალისო აქტივობები. ამ ყველაფერში მონაწილეობა უნდა მიიღონ მშობლებმაც, ისინი პერიოდულად უნდა ჩამოშორდნენ ბავშვებს ამ აქტივობების დროს და თანდათან გაზარდონ დატოვების დრო. ასე ბავშვი ნელ-ნელა ეჩვევა დამოუკიდებლობას, ინტერესდება გარემოთი და იფართოებს საკომუნიკაციო არეალს, სანაცნობო წრეს.
რთული ადაპტაციის მიზეზები შეიძლება იყოს: სახლისა და ბაღის განსხვავებული რეჟიმი, ბავშვის თავისებური ჩვევები, სათამაშოებით თამაშის უნარის უქონლობა, ელემენტარული კულტურულ-ჰიგიენური უნარ-ჩვევების ჩამოუყალიბებლობა და უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის გამოუცდელობა.
ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლებს მოსწონდეთ საბავშვო ბაღი, თავდაპირველად ბავშვთან ერთად დაათვალიერონ იქაურობა, გაიცნონ კოლექტივი.
ასევე, ძალიან დიდი როლი აქვს იმას, რამდენად არიან თავად მშობლები მზად ბავშვის ბაღში გასაშვებად.
როდესაც ბავშვს ძალიან უჭირს დედასთან განშორება, შესაძლებელია შევთავაზოთ, რომ ბავშვი ბაღში მიიყვანოს მამამ, ბებიამ, ბაბუამ.
რთული ადაპტაციის დროს, სასურველია, თავდაპირველად მშობელი ახლოს იყოს ბავშვთან, შემდეგ ნელ-ნელა გაზარდოს დრო. თავიდან 2 საათით დატოვოს ბაღში და გაზარდოს დატოვების ხანგრძლივობა.
ბაღში შეყვანამდე კი სასურველია, მშობლებმა გარკვეული პერიოდულობით ბავშვი დაუტოვონ ხოლმე მათთვის ახლო და სანდო ადამიანებს, უთხრან ბავშვს, რომ დედიკო და მამიკო ცოტა ხნით საქმეზე წავლენ და აუცილებლად დაბრუნდებიან. აქაც თავდაპირველად შეიძლება 5 წუთით დატოვონ და მოაკითხონ, შემდეგ 15 წუთით და ა. შ. ამით ბავშვი დარწმუნდება, რომ მშობლები არ ატყუებენ და ისინი ყოველთვის ბრუნდებიან.
მშობლებს ვურჩევდი, ბაღში შეყვანამდე ბავშვები მაქსიმალურად მიაჩვიონ დამოუკიდებლობას და მათ ნაცვლად არ აკეთონ ყველაფერი.
– რა ძირითად მიდგომებს იყენებთ სწავლისა და აღზრდის პროცესში?
– ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით ვგეგმავთ კოგნიტური უნარების განმავითარებელ აქტივობებს, მაგალითად, 3-4 წლის ასაკში ბავშვებს ვურჩევთ, დააჯგუფონ საგნები ფერებისა და ფორმის მიხედვით, შემდეგ ვათამაშებთ კონსტრუქციებით. ასაკთან ერთად ეს მიდგომები იცვლება. აქტიურად ვმუშაობთ სამეტყველო უნარების განვითარებაზეც, ვიყენებთ ენის გასატეხებსა და გამოცანებს. სოციალური უნარების განსავითარებლად ვგეგმავთ როლურ თამაშებს. ეს ყოველივე ძალიან სახალისო და ამავდროულად, საჭიროა პატარებისთვის.
– როგორ ქმნით ბავშვის თავდაპირველ ფსიქოტიპს?
– ძირითადად ჯგუფურად ვმუშაობთ, ვაკვირდებით თითოეული ბავშვის ქცევასა და თანატოლებთან ურთიერთობას. პატარების ნაწილი ჰიპერაქტიური, გამორჩეულად ენერგიულია, ზოგი შეიძლება უფრო მშვიდი და მელანქოლიური იყოს. საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალურ მიდგომებს ვიყენებთ და აუცილებლად ვესაუბრებით მათ მშობლებს, ვარკვევთ სახლის პირობებში ბავშვების ქცევასა და ურთიერთობების ხარისხს.
– როგორია საბავშვო ბაღის როლი ბავშვის ფსიქიკურ, გონებრივ და ფიზიკურ განვითარებაში?
– პატარები ბაღში დღის უმეტეს ნაწილს ატარებენ, საინტერესო აქტივობებით მრავალმხრივ ვითარდებიან და აღზრდის პროცესში მათთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა აუცილებელია. აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურა და ფიზიკური ინვენტარი ბავშვების ასაკობრივ ჯგუფსა და საჭიროებებზე იყოს მორგებული. მნიშვნელოვანია, რომ ბაღს გარე სივრცე აქვს და ბავშვებს სუფთა ჰაერზე, ეზოს აქტივობებში ჩართვა შეუძლიათ, რაც ჩემთვის პრიორიტეტულია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პატარებზე პროფესიონალი და მოსიყვარულე მასწავლებლები ზრუნავენ.
– რა სჭირდებათ ბავშვებს, რომ ემოციურად თუ ფიზიკურად სწორად და კარგად განვითარდნენ?
– ემოციური უნარების განვითარება ეხმარება ბავშვს გაიგოს, თუ რას გრძნობს, რას განიცდის თავად ან მისი თანატოლი. ხელს უწყობს ქცევების, აზრების, ყურადღების რეგულირებაში. შეიძლება ითქვას, რომ ეს უნარები შეუცვლელია, რადგან საფუძველს ქმნის ბავშვის განვითარებისათვის და გავლენას ახდენს მის კეთილდღეობაზე როგორც ახლა, ისე სამომავლოდ. ამ უნარების განვითარებისთვის ბავშვს სჭირდება თანატოლებთან ურთიერთობა და ასევე აღმზრდელი, რომელიც ამ პროცესებს უძღვება. ბავშვთან, რომელსაც ჰქონდა ქცევის დარღვევა, ურთიერთობას და საერთო ენის გამონახვას ზუსტად ამ ემოციური ურთიერთობებით ვახერხებთ.
– საბავშო ბაღის აღმზრდელებისთვის რა მითითებები გაქვთ და როგორია ის აქტივობები, რასაც სააღმზრდელო დაწესებულებებში ახორციელებთ?
– ჩვენს ბაღში საოცრად თბილი ოჯახური გარემოა. ვცდილობთ, ბავშვებს გავუღვივოთ სიყვარული, მეგობრობა, ერთმანეთის პატივისცემა. ჩემს თანამშრომლებს პირდაპირ ვეუბნები, რომ ბავშვებთან მთელი გულითა და სულით უნდა იმუშაონ. ბავშვებს უნდა ასწავლონ ემპათია – სხვისი ემოციების გაგების უნარი, პრობლემის გადაჭრა, ბრაზის მართვა და სხვა. მოტივირებულები ვართ იმისთვის, რომ ბავშვები იყვნენ ლაღები, ბედნიერები, თამაშით ისწავლონ ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც სკოლამდელი ასაკის ბავშვს მოეთხოვება. ჩვენთან ყოველი დღე იწყება მხიარულებით, სიყვარულითა და მზრუნველობით.
აღმზრდელის მოვალეობაა, იზრუნოს ბავშვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებაზე, გაუადვილოს ბავშვს მშობელთან განშორება. მისცეს ის სითბო და სიყვარული, რომელიც აუცილებელია ბავშვის აღზრდისთვის. დილას ვიწყებთ გამამხნევებელი ვარჯიშით. გვაქვს რიტმიკის საათი, რაც ბავშვს მუსიკის, ფიზიკური ვარჯიშის სიყვარულს უღვივებს. გვაქვს სხვადასხვა აქტივობა და ამ აქტივობებისთვის მნიშვნელოვანია, ბავშვს მიეცეს საშუალება, ისიამოვნოს.
– თქვენი ბაღის აღსაზრდელები და მათი მშობლები რა განსაკუთრებულ სიახლეებს უნდა ელოდონ თქვენგან?
– ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წელი მრავალი სიახლით დატვირთული იქნება. კერძოდ, იგეგმება საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის სურსათის უვნებლობის პროცედურების, საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის დანერგვა, ბაგა-ბაღების ავტორიზაცია და კიდევ მრავალი სხვა. ყოველივე ამის განხორციელებაში დიდი წვლილი მიუძღვის ქ. თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. ყველა ეს სიახლე მიმართული იქნება ჩვენი პატარების საკეთილდღეოდ.
– დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებებს თქვენს ძალიან მნიშვნელოვან სააღმზრდელო საქმიანობაში.