გაჯეტების ზემოქმედება ბავშვის ფსიქიკაზე
სინამდვილეში კი პრობლემის საწყისები ძალიან ხშირად თავად მშობლები არიან. ამიტომ სწორედ მათი შეცდომების გამოსწორება არის გზა, რომელიც ბავშვების პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოგვადგება.
კომპიუტერები და სხვა გაჯეტები ისე შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში, რომ მათ გარეშე წარმოუდგენელია. კომპიუტერის გარეშე არ ხდება სამედიცინო დიაგნოსტიკა, არ წარმოებს სამხედრო თუ სამეცნიერო საქმიანობა და ა.შ. თუმცა გადაჭარბებული დოზით გამოყენების შემთხვევაში მასაც ექნება გვერდითი მოვლენები.
კომპიუტერი თანამედროვე ბავშვის განვითარების პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია. ის გავლენას ახდენს განვითარების როგორც ფიზიკურ, ასევე კოგნიტურ და სოციალურ სფეროებზე.
დღესდღეობით ყოველ მეორე ბავშვს, რომელთა მშობლებიც მიმართავენ ფსიქოლოგებს, აქვს შემდეგი სახის პრობლემები: ზოგიერთი სულ თითს წოვს 5-6 წლის ასაკამდე, ზოგს ძალიან შეზღუდული კვება აქვს, არ ჭამენ ყველანაირ საკვებს, ჭამენ, მაგალითად, მხოლოდ ვაშლს და ბანანს. აქვთ მეტყველების პრობლემა, გვიან იწყებენ ლაპარაკს, აქვთ მოტორული პრობლემები, მოქნილობისა და სირბილის. ერთი შეხედვით რთულია ეს პრობლემები ადრეულ ასაკში კომპიუტერსა და მის მოხმარებას დავუკავშიროთ, თუმცა ამ ბავშვების მშობლებთან საუბრის შემდგომ აღმოჩნდა, რომ მათი შვილები ძალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან. ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი რაოდენობით კვლევა ტარდება 2003 წლიდან, განსაკუთრებით აშშ-ში, კანადასა და გერმანიაში. ამ კველევებში საუბარია ამ პრობლემებსა და ბავშვების მიერ კომპიუტერის მოხმარების კავშირზე, თუმცა მიზეზშედეგობრივი კავშირის შესახებ არაფერია ნათქვამი. როდესაც ბავშვი რვა თვის ასაკიდან ძალიან დიდ დროს ატარებს კომპიუტერთან და შემდგომ გვიან იწყებს მეტყველებას, ასევე აქვს მოტორული პროცესების განვითარების პრობლემები, ეს მოვლენები უკავშირდება ჭარბ კომპიუტერულ და მედიასტიმულაციას. ისეთი ძლიერი ჰიპერსტიმულაციები, როგორიცაა ტელევიზორი, რომელიც მთელი დღის განმავლობაშია ჩართული, და მასთან ერთად სხვა გაჯეტები, არის ფონი, რომელიც ზემოქმედებს ბავშვის ფსიქიკურ, ფიზიკურ და სოციალურ განვითარებაზე.
ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც შეიძლება შევხვდეთ კომპიუტერის მოხმარებისას, არის ის, რომ კომპიუტერი იწვევს მიჯაჭვულობას. ის მოქმედებს რამდენიმე სფეროზე: ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
აღმოჩნდა, რომ არსებობს კომპიუტერსა და ჭარბ წონას შორის კავშირი. ბავშვების 30%-ს, რომლებიც იყენებენ კომპიუტერს, აქვთ ჭარბი წონა, იზრდება რადიაციული დასხივებისა და მისგან მომდინარე პრობლემების მაჩვენებელი. ძილის პრობლემები აღენიშნება ბავშვების 75%-ს, ასევე მხედველობასთან დაკავშირებული სირთულეები, ზიანი ძვალ-სახსროვან სისტემაზე და ხერხემლის გამრუდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ყველაფერი გამოწვეულია კომპიუტერული საშუალებების ჭარბი გამოყენებით.
რას ნიშნავს ჭარბი გამოყენება? რამდენი საათი შეიძლება გაატაროს ბავშვმა კომპიუტერთან ან ტელევიზორთან?
ამერიკელ და კანადელ პედიატრთა ასოციაციებმა მიიღეს სახელმძღვანელო დებულება, რომლის მიხედვითაც აღმოჩნდა, რომ ორ წლამდე ბავშვმა არც ერთი წუთი არ უნდა გაატაროს კომპიუტერსა თუ ტელევიზორთან. რატომ მიიღეს მსგავსი გადაწყვეტილება? აღმოჩნდა, რომ თავის ტვინის ის ნეირონები, რომლებიც პასუხს აგებენ ქცევის დაგეგმვაზე, იმპულსის შეკავებაზე, არის შუბლის წილის ნეირონები, რომლებიც კარგად არ იტოტებიან და კარგად არ ქმნიან იმ ჯაჭვებს, რომლებიც შემდგომში აუცილებელია ქცევის რეგულაციისთვის. ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ ორ წლამდე ასაკის ბავშვის ტვინი გადავტვირთოთ გაჯეტებით, პირიქით, მას უნდა შევასრულებინოთ მისი ჭეშმარიტი დანიშნულება, რაც გულისხმობს გარემოსთან ურთიერთობასა და მოძრაობას. ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს კი შეუძლიათ კომპიუტერთან 1 საათი, საათი და 30 წუთი გაატარონ, მაგრამ არა ძილის წინ.
კომპიუტერი რეალურად არის სოციალური მიკუთვნებულობის ნაწილი. ფსიქოლოგები და სხვა მეცნიერები არ ურჩევენ მშობლებს, რომ ბავშვები საერთოდ მოაშორონ კომპიუტერულ ტექნიკას.
ერთ-ერთი მწვავე პრობლემა, რომელიც გამოწვეულია ბავშვთა მიერ გაჯეტების ჭარბი მოხმარებით, არის კომუნიკაბელურობის განვითარების პრობლემა. კომუნიკაციის უნარი, სხვა უნარების მსგავსად, ისწავლება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს ეს უნარები მშობლებმა ასწავლონ. სამწუხაროდ, თანამედროვე მშობელს ძალიან ცოტა დრო რჩება შვილთან საურთიერთოდ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ შვილთან თუნდაც ნახევარსაათიანი ურთიერთობა, საკუთარი შთაბეჭდილებებისა და ემოციების მისთვის გაზიარება ძალზე მნიშვნელოვანია. ამ დროს ბავშვი უფრო გახსნილი ხდება და უჩნდება სურვილი, თვითონაც გაუზიაროს მშობლებს თავისი შთაბეჭდილებები. მშობლების უმრავლესობა აღიარებს, რომ საკუთარ შვილებთან საუბარი და თამაში, დამღლელი სამუშაო დღის შემდეგაც კი, ძალიან დიდი ფსიქოთერაპიაა მათთვის.
ალბათ, ყველას გაუჩნდება კითხვა – რით შეიძლება ჩავანაცვლოთ გაჯეტებთან ურთიერთობა?
ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა, ვინც კი მონაწილეობს ბავშვის აღზრდაში: მშობლები, ძიძა, მასწავლებლები, დიდი როლი ენიჭება გარემოს. თუკი მშობელს აქვს შესაძლებლობა, შვილთან ერთად გაატაროს რაც შეიძლება მეტი დრო, მაშინ მან არ უნდა დაიზაროს მასთან საუბარი, თამაში, სეირნობა. ამ გზით ის მოახერხებს, „დაიცვას“ შვილი კომპიუტერის მავნე ზეგავლენისაგან. დაუშვებელია, ბავშვის თავიდან მოსაშორებლად ან გასაჩუმებლად მას გაჯეტი მივცეთ. თუკი ძიძა ბავშვთან დღის უდიდეს ნაწილს ატარებს, მან უნდა შეასრულოს ყველა აღნიშნული წესი. ამ საკითხში დიდი როლი აქვს სკოლასაც. ბავშვებმა რომ ერთმანეთთან ურთიერთობა ისწავლონ, მათ არ უნდა ჰქონდეთ სკოლაში ტელეფონების გამოყენების უფლება, რათა დასვენების დროს ყველა თავის ტელეფონს არ ჩასცქეროდეს.
საბოლოოდ კი, იმის თქმა მსურს, რომ მშობლებს დიდი როლი აქვთ შვილების სწორად აღზრდაში. სანამ შვილს გავკიცხავთ, უმჯობესია დავფიქრდეთ იმაზე, რომ ჩვენი შვილების პრობლემები იქნებ ჩვენი უყურადღებობის ბრალია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, მათ უფრო მეტი დრო დავუთმოთ და ვასწავლოთ, ამ შემთხვევაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების სწორი და რაციონალური გამოყენება.
სიუჟეტის გავლენა ფერების არჩევაზე
21-ე საუკუნეში, ინტერნეტის ეპოქასთან ერთად, გაჩნდა უამრავი კომპიუტერული თამაში, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად მზარდია. მათი შინაარსი ძალიან ფართოა და მოიცავს როგორც სათავგადასავლო, ისე მძაფრსიუჟეტიან და საბავშვო თამაშებს. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით მოიმატა საბავშვო თამაშებმა, რომელთა მომხმარებელთა 80%-ზე მეტი 8-11 წლამდე ბავშვები არიან. საბავშვო თამაშებიც, თავის მხრივ, აერთიანებს თოჯინობანას, სამზარეულოს, ლაბირინთებში ძრომასა და შეჯიბრებებს. ამ უკანასკნელში კი ძალიან ხშირად უწევთ ბავშვებს მეტოქესთან ჩხუბი, როგორც ფიზიკური (შიშველი ხელებით ჩხუბი), ასევე შეიარაღებული.
შინაარსის მრავალფეროვნების მხრივ არც მულტფილმები ჩამოუვარდებიან ინტერნეტთამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მულტფილმი არ იყოს კრიმინალური ჟანრის და იყოს, მაგალითად, სათავგადასავლო, იქ მაინც ვხვდებით, სულ მცირე, ერთ ძალადობრივ სცენას (თუნდაც მაშინ, როცა პრინცი პრინცესას გასათავისუფლებლად ბოროტ გოლიათს ებრძვის).
უამრავი კვლევაა ჩატარებული იმაზე, თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მომატებულ აგრესიულ სიუჟეტებს ბავშვების ფსიქიკასა და ქცევებზე (კილაძე, ი., 2017). ეს ზოგადი კვლევებია, მაგრამ თუ უფრო ვიწროდ მივუდგებით საკითხს და ბავშვის ფსიქიკასა და კოგნიტურ პროცესებში გამოვყოფთ აღქმას, მაშინ სხვა ბევრი კითხვა ჩნდება. მაგალითად, როგორ აღიქვამენ ისინი აგრესიული და ნეიტრალური შინაარსის მქონე სიუჟეტებში ფერებს და რა მნიშვნელობა აქვს მათ. ეს საკითხი ფერის ფსიქოლოგიის სფეროა.
ფერის ფსიქოლოგია იკვლევს ფერის გავლენას ადამიანის ქცევასა და გრძნობებზე. ფერის სიმბოლიზმი ძალიან მნიშვნელოვანია ხელოვნებასა და ანთროპოლოგიაში, რადგან ის ცვალებადია დროსა და კულტურაში. ეს იმდენად მრავლისმომცველია, რომ მისი კვლევა და შესწავლა ბოლომდე ვერასდროს ხერხდება. საზოგადოდ, ფერები იყოფა ცივ, თბილ და შერეულ ფერებად. ამ კლასიფიკაციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, თბილი ფერები ადამიანთა უმრავლესობას სასიამოვნო გრძნობებს აღუძრავს, როგორიცაა – სითბო, სიყვარული, მხიარულება, ცივი ფერები კი, პირიქით, ასოცირდება მოწყენილობასთან, სევდასთან, სიბრაზესთან. თუმცა ყველა ფერს თავისი დატვირთვა და შინაარსი აქვს. მაგალითად, განვიხილოთ ცისარტყელას შვიდი ფერის, თეთრისა და შავის სიმბოლიზმი.
თეთრი გამოხატავს სისუფთავეს, სიფაქიზეს, სინაზეს, ნეიტრალიტეტს, სტერილურობასა და ახალგაზრდობას. ექიმებს აცვიათ თეთრი ხალათები, რადგან თეთრი სტერილურობასთან, სისუფთავესთან არის ასოცირებული. ანგელოზები უმრავლესად სწორედ ამ ფერში არიან გამოსახულნი ხატებსა და ფრესკებზე. თეთრი აღნიშნავს ნეიტრალიტეტს – როდესაც მტერს ბარდებიან, ადამიანები, ნიშნად მათი ნეიტრალური პოზიციისა მოცემულ მომენტში, აღმართავენ თეთრი ფერის დროშებს. ქართულ კულტურაში ის უკავშირდება ასევე სიცოცხლეს, ბედნიერებასა და ქორწინებას.
შავ ფერს მრავალი სიმბოლური დატვირთვა აქვს. თუმცა უფრო ხშირად ის ავბედითი ხასიათის მატარებელია და მოასწავებს სიკვდილს. შავი ფერი ასოცირდება აჯანყებასა და წინააღმდეგობასთან, ასევე კრიმინალთან, ბნელთან, გამოუცნობთან, მისტიკასა და ბოროტებასთან. თუმცა, ამავდროულად, უკავშირდება ჭკუას, გონებას, საზრიანობას, ელეგანტურობას მოდის სფეროში.
წითელი ინტენსიური, ვნების აღმძვრელი ფერია. ის უკავშირდება ვნებას, სიყვარულს, რომანტიკას, აღტაცებას, ასევე ცეცხლს, ღალატს, მტრობას, საშიშროებას. ყველაზე ხშირად მას სისხლთან აიგივებენ, ამიტომაც იწვევს ძალადობასა და საფრთხესთან დაკავშირებულ გრძნობებს. გამოხატავს ადამიანის ძალაუფლებასა და ამბიციას.
ნარინჯისფერი გარდამავალი, ერთგვარად „მოსაზღვრე“ ფერია, როგორც შემოდგომა ცივ ზამთარსა და ცხელ ზაფხულს შორის. თუ ნარინჯისფერი ძალიან „კაშკაშა“ და „აბრდღვიალებულია“, მაშინ ის ზაფხულს, ქვიშასა და მწველ მზეს მოგვაგონებს. ის ადამიანს ენერგიითა და ენთუზიაზმით ავსებს. რადგან ნარინჯისფერი ციტრუსის ფერია, ის ხშირად ჩ ვიტამინსა და ჯანმრთელობას უკავშირდება.
ყვითელი თბილი ფერია და, ამდენად, ორმხრივი სიმბოლური დატვირთვა აქვს. ერთი მხრივ, ის სიხარულისა და მხიარულების ფერია, მეორე მხრივ კი, ლაჩრობას, სიმხდალეს, ცბიერებას, ტყუილს, სიხარბეს უკავშირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ასოციაცია კი, ალბათ, ღმერთთანაა. ყვითელი მზის ფერიცაა, რაც ადამიანს სიცოცხლის მომნიჭებელ გრძნობებს აღუძრავს.
მწვანე – ეს სიცოცხლეა, ბუნებაა. ის უკავშირდება ენერგიას, იმედს, სულიერებას, უკვდავებას, განახლებას, ხელახლა დაბადებას, ნაყოფიერებას, სიმდიდრეს. მწვანე ფერი სიგრილესა და სითბოს აერთიანებს. არის ბალანსორი, ჰარმონიული და სტაბილური ფერი. ის ხშირად ფულთან და მასთან არსებულ უარყოფით ემოციებთან ასოცირდება.
ლურჯი არის სტაბილური, ნდობის აღმძვრელი ფერი. თუმცა ის ხშირად დეპრესიასა და კაეშანსაც უკავშირდება. საზოგადოდ კი ასოცირდება ზღვასთან, მამაკაცურ საწყისთან, პროდუქტიულობასთან, მშვიდობასთან, ერთიანობასთან, ჰარმონიასთან, სიმშვიდესთან, სიწყნარესთან. რელიგიურ ჭრილში ლურჯი უგუნურების, ავი სულებისა და წარუმატებლობისაგან გვიცავს.
ცისფერი, პირველ რიგში, დამამშვიდებელი ფერია, ის ხელს უწყობს ფიზიკურ და მენტალურ მოდუნებას, ქმნის უსაფრთხოებისა და ნდობის ატმოსფეროს. ის მიჩნეულია კრეატიულობის ფერად. გამოხატავს ლოიალურობას, ნდობას, საიმედოობასა და მთლიანობას. ის ასოცირებულია სიმშიდესა და ჰარმონიასთან.
იისფერი მიიღება წითლისა და ლურჯის კომბინაციით და მიიჩნევა განსხვავებულობის სიმბოლოდ. ამ ორი ფერის შერწყმით ვიღებთ ქალური და მამაკაცური საწყისების შერწყმასა და აღრევას. ფსიქოლოგიური ტესტებით დადგენილია, რომ 75% ბავშვებისა, რომლებიც ჯერ არ არიან სქესობრივად ჩამოყალიბებულნი, ირჩევენ იასამნისფერს, ხოლო გონებრივად ჩამორჩენილ ბავშვებს შორის ეს მაჩვენებელი 80%-მდე იზრდება. ის უკავშირდება არტისტიზმს, დიდ იდეებს, ინტუიციასა და მისტიკას, ხელს უწყობს შთაგონებას, თანაგრძნობას, მგრძნობიარობას.
ფერების მნიშვნელობის გაგებასთან ერთად აუცილებელია იმის ცოდნაც, რა ობიექტის „გასაფერადებლად“ ვიყენებთ კონკრეტულ ფერს. ეს გვეხმარება უფრო ღრმად გავიგოთ როგორც ავტორის მიზანი, ასევე მისი შინაგანი მდგომარეობა თუ გრძნობები.
თანამედროვე მსოფლიოში არსებობს ფართოდ გავრცელებული ფსიქოთერაპიის სახეობა – „არტ-თერაპია“, რომელიც სწორედ ფერებისა და ნივთების კავშირზე საუბრობს. მისთვის ყველა სიუჟეტში ყველა ობიექტს თავისი ალტერნატიული, გადატანითი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად, ობიექტის გასაფერადებლად გამოყენებული ფერი მეტყველებს ამ ობიექტით გამოხატული გრძნობისა თუ მდგომარეობის სიმძაფრეზე ადამიანის შინაგან სამყაროში. მაგალითად, არტთერაპიის ერთ-ერთ ტექნიკაში „ზღვა, გემი, ამინდი“ ზღვა ადამიანის ემოციებს გამოხატავს და თუ ის აბობოქრებული, მუქი ლურჯის, შავისა და მუქი მწვანის ნაზავია, სტრესსა და შფოთვებთან ასოცირდება.
ბავშვებთან ძირითადად ასოცირდება ფერები, რომლებიც იწვევენ მხიარულების, ბედნიერების, სიკაშკაშისა და სიცოცხლის ასოციაციას, მაგალითად, ყვითელი და ნარინჯისფერი ძალიან ხშირად გამოიყენება მულტფილმებში. ბევრი მულტფილმის გმირი გვხვდება ამ ფერებში (მაგ.: სპანჯ ბობი, მინიონები, სიმპსონები). მწვანე ფერით ხშირად ძლიერი პერსონაჟები გვევლინებიან, რომლებიც ადამიანის ალტერ-ეგოს გამოხატულებაა (მაგ.: ჰალკი). წითლით კი, თავისი ორგვარი ბუნების გამო, ვხვდებით როგორც კეთილ და ძლიერ სუპერგმირებს, ასევე ეშმაკებს. ამდენად, ანიმაციური ფილმები თუ ინტერნეტთამაშები ერთგვარ შთაბეჭდილებას უქმნიან ბავშვებს, რა ფერისაა „ბოროტება და სიკეთე“.
თემის აქტუალობის გამო საკვლევად ავირჩიე თემა და ჩამოვაყალიბე შემდეგი ჰიპოთეზა:
აგრესიული სიუჟეტის მქონე გასაფერადებელს ბავშვები უფრო მუქ ტონებში გააფერადებენ, ვიდრე ნეიტრალური სიუჟეტის მქონეს.
ექსპერიმენტი ჩავატარე შიდაჯგუფური სქემით. ცდაში მონაწილეობდა უმცროსი სასკოლო ასაკის (6-11 წლის) 30 ბავშვი. საკონტროლო პირობაში მონაწილეები აფერადებდნენ ნეიტრალური შინაარსის მქონე გასაფერადებელს, ექსპერიმენტულში კი – აგრესიულს. მონაწილეებს გასაფერადებლებთან ერთად მიეწოდებოდათ წინასწარ შერჩეული ფანქრები 15 ფერით (7 ცისარტყელას ფერი და მათი მუქი ტონები).
ექსპერიმენტის შედეგად დადასტურდა ჩემ მიერ წამოყენებული ჰიპოთეზა. გამოიკვეთა, რომ ბავშვების შედარებით უარყოფით შეგრძნებებს იწვევს აგრესია და ძალადობა (შესავალში განხილული ფერების მიხედვით, ფერის სხვადასხვა ტონი სხვადასხვა ემოციას გამოხატავს).
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კვლევის საგანი არ იყო, ექსპერიმენტის დასაწყისში დავუშვი, რომ აგრესიულ სიუჟეტებში ჭარბად იქნებოდა ცივი ფერებისა და წითლის კომბინაცია, ნეიტრალურში კი – თბილი ფერებისა (შესავალში ნახსენები ფერების სიმბოლიზმზე დაყრდნობით). ნეიტრალურის შემთხვევაში მართლაც ასე მოხდა, თუმცა აგრესიულ შინაარსებში კვლავ თბილი ფერები ჭარბობდა. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს რამდენიმე მიზეზით: პირველ რიგში, ბავშვები სამყაროს აღიქვამენ თბილ და კაშკაშა ფერებში, უყვართ ასეთი ფერები, ხშირად აცვიათ ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი ტანისამოსი, ასეთივე ფერები ჭარბობს მათ სათამაშოებშიც, მათი თვალთახედვის არეში ძირითადად ასეთი ფერებია, რაც, რა თქმა უნდა, თავდაპირველად უფროსების გავლენაა – ადრეულ ბავშვობაში ისინი არჩევენ ტანსაცმელს, სათამაშოებს, ოთახის კედლის ფერებს. ამდენად, მათთვის ნებისმიერი შინაარსი თბილი და კაშკაშაა.
შესავალში ნახსენები ინტერნეტთამაშები და მულტფილმებიც ახდენენ დიდ გავლენას. როგორც აღვნიშნე, ნებისმიერი სახის მულტფილმში არის ერთი სცენა მაინც ძალადობის შემცველი, ასევე მომრავლებულია ასეთივე შინაარსის ინტერნეტთამაშებიც. ორივე შემთხვევაში კი „ბოროტი“ გმირები სწორედ თბილი და ბრჭყვიალა ფერისები არიან, რაც ეწინააღმდეგება ფერების სიმბოლიზმს, ანუ მათთვის ძალადობა არ განიცდება ცუდ მოვლენად. ძალადობის შემცველი კადრების სიმრავლის გამო კი თითქოს ბუნებრივ მოვლენად იქცა აგრესიის გამოვლენა (ამას სხვა კვლევებიც ადასტურებს). ამის მიზეზად შეიძლება დასახელდეს საქართველოს სოციალური მდგომარეობაც, როცა ძალიან ხშირადაა ძალადობის ფაქტები და ასევე ხშირად შუქდება ტელევიზიებში. ბავშვებისთვის ძალადობა გამორჩეულ ფაქტად აღარ აღიქმება და ამიტომ აფერადებენ ისეთ ფერებში, რომლებსაც ცხოვრებაში ხშირად ხვდებიან და იყენებენ.
თუმცა გასათვალისწინებელია საქართველოს კულტურული და ისტორიული კონტექსტიც, როგორია ფერების ჩვენებური სიმბოლიზმი. რადგან ასეთი კვლევა არ ჩატარებულა, ამიტომ ჩემი კვლევის შედეგები საერთაშორისოდ აღიარებულ სიმბოლიზმს ეფუძნება.