ბავშვი და ზაფხული
იქ, რა მოვიფიქრო მისი გონებრივი განვითარებისთვის?
ზაფხულობით ქალაქგარეთ ცხოვრება აკაჟებს ჯანმრთელობას და აფართოებს თვალსაწიერს, ავითარებს აზროვნებას, ამდიდრებს მეტყველებას, ხვეწს გემოვნებას, წარმოშობს ახალ ინტერესებსა და მოთხოვნილებებს. მაინც რით გავართოთ ბავშვი აგარაკზე?
როგორ მოვახერხოთ, რომ იქ მაინც მოვწყვიტოთ კომპიუტერსა და ტელევიზორს? აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ტელევიზორიცა და კომპიუტერიც საჭიროა და ზოგჯერ ძალიანაც გამოგვადგება - ხომ არის ზაფხულობით წვიმიანი დღეებიც, როცა შინიდან გასვლა შეუძლებელია. კარგ ამინდში კი...
მხიარული ბურთი
აგარაკზე დასვენების მთავარი სიკეთე ის არის, რომ ბავშვი კაჟდება. აუცილებლად უნდა შევუქმნათ ამისთვის საჭირო ყველა პირობა. უპირველეს ყოვლისა, გამოვძებნოთ თავისუფალი ადგილი, სადაც ისე ირბენს და იხტუნებს, რომ ნარგავებს არ დააზიანებს. პატარა ბავშვები სიამოვნებით ითამაშებენ ქვიშაში ან იჭყუმპალავებენ გასაბერ აუზში; უფრო დიდებს გამოადგებათ ველოსიპედი, სახტუნაო, საქანელა, ჰამაკი, ბადმინტონი, პინგ-პონგი, კეგლი. ბიჭუნები დიდი გატაცებით ითამაშებენ ფეხბურთს, წრეში ბურთს, კალათბურთს (საკმარისია, ჩავასოთ მიწაში ბოძი და ზედ კალათა დავკიდოთ). ასეთ გართობაზე არც გოგონები იტყვიან უარს. მაგრამ... ბურთის სათამაშოდ აუცილებელია გუნდი. რაც უფრო დიდია ბავშვი, მით უფრო მნიშვნელოვანია მისთვის სხვა ბავშვებთან მეგობრობა. თუ თქვენი აგარაკის ახლომახლო შესაფერისი ასაკის ბავშვები არ არიან, შეგიძლიათ, სტუმრად მოიპატიჟოთ მეგობრები ქალაქიდან, რათა ბავშვს საშუალება ჰქონდეს, ზაფხული თანატოლთა საზოგადოებაში სასიამოვნოდ გაატაროს.
მოვძებნოთ განძი
ყველაფერი, რაც კი გარს ახვევია ქალაქიდან ჩამოსულ ბავშვს აგარაკზე, შეიძლება მისთვის შემეცნებისა და განვითარების წყაროდ იქცეს. ბავშვს უდავოდ გაიტაცებს ისეთი მარტივი გასართობი, როგორიც არის წყალში ქვების სროლა ან მუხლუხოზე დაკვირვება. რაც შეეხება ქვიშაში თამაშს, წყალში ჭყუმპალაობას ან ძერწვას, რაც ქალაქში მიუწვდომელია - ეს ყველაფერი არა მხოლოდ გაართობს პატარას, არამედ ყურადღებას, მოტორიკასა და წარმოსახვასაც განუვითარებს.
თუ გსურთ, ბავშვს რაიმე უჩვეულო გასართობი შესთავაზოთ, ითამაშეთ მასთან ერთად "განძის მაძიებლობანა" - რაიმე ნივთი ლითონის ქილაში ჩადეთ და აგარაკის რომელიმე კუნჭულში ჩაფალით. მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება ქილაში - კანფეტები თუ წერილი; ბავშვისათვის თვითონ ძიების პროცესია საინტერესო. დაუხატეთ ნაკვეთის გეგმა, რუკა, განძის ადგილსამყოფელი ჯვრით აღნიშნეთ... ბავშვს ეს ორმაგ სარგებლობას მოუტანს - მხოლოდ კი არ გაერთობა, არამედ რუკის დახმარებით ორიენტირებასაც ისწავლის.
ქებათა ქება შრომას
თუ ბავშვს საინტერესო და მისი ასაკის შესაფერის დავალებას მისცემთ, ის სიამოვნებით შეიტანს წვლილს სააგარაკო სამუშაოებში. სკოლამდელი ასაკის ბავშვს შეუძლია, მოაწყოს ალპური გორაკი, შეკრას მინდვრის ყვავილების თაიგული მაგიდის მოსართავად, შეაგროვოს ღამით ხეებიდან ჩამოცვენილი ვაშლი თუ მსხალი. მთავარია, არავითარ შემთხვევაში არ დაგავიწყდეთ, ქებით მოიხსენიოთ ბავშვის გარჯა და მადლობა გადაუხადოთ მუყაითობისთვის. ეს მისთვის სამომავლო სტიმული იქნება.
ძველი ჰობი ახალ ყაიდაზე
- მოსწავლეებს სკოლაში ხშირად აძლევენ იმ ლიტერატურული ნაწარმოებების სიას, რომლებიც ზაფხულში უნდა წაიკითხონ. ლიტერატურას, ბუნებრივია, ასაკის შესაბამისად არჩევენ, მაგრამ ბავშვების უმეტესობა არცთუ ისე დიდი ხალისით ეკიდება ამ დავალებას. ჩვენ შეგვიძლია, ეს პროცესი საინტერესო, სახალისო და მიმზიდველი გავხადოთ. წიგნების საკითხავად მოვკალათდეთ არა მაგიდასთან, არამედ ჰამაკში, ფართოტოტებიანი ხის ჩრდილქვეშ, სიგრილეში, ან საგანგებოდ აგებულ კარავში. ასეთ გარემოში წიგნი ბავშვს უფრო საინტერესო მოეჩვენება.
- ერთად შეაგროვეთ გირჩები, წაბლი, რკო - მათგან ათასგვარი სამშვენისის გაკეთება შეიძლება, რომლებიც ზამთრის დღეებს გაგვილამაზებს და ჩვენში ზაფხულის სასიამოვნო მოგონებებს გააღვიძებს.
- ბავშვს ფოტოხელოვნება იტაცებს? შეიძლება აგარაკზე საზაფხულო ფოტოსესიის მოწყობა ნათესავების, მეზობლების მონაწილეობით, შემდეგ კი შეადგინეთ ფოტოალბომი - ის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების წყაროდ იქცევა.