კარგი კომპიუტერი

ის მყარად შემოიჭრა ჩვენს ცხოვრებაში და მისი ზემოქმედება ყველაზე უფრო საგრძნობი პატარებისთვის გახდა. ვიდრე უფროსები ფრთხილად და გულისყურით ითვისებდნენ ყოველდღიური ცხოვრების ამ ახალ კომპონენტს და ეცნობოდნენ მისი მუშაობის პრინციპებს, ბავშვებმა თვალის დახამხამებაში ისწავლეს მისი მართვა... დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ კომპიუტერი ჩვეულებრივი სასწავლო ან სამუშაო მოწყობილობა კი არა, ნამდვილი მონათმფლობელია - ის უსიტყვოდ იმორჩილებს ჩვენი და ჩვენი შვილების გრძნობასა და გონებას.
პირველი ნაცნობობა
სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ ფაქტია - ბავშვები კომპიუტერს დაბადებისთანავე ეცნობიან. პატარას ჯერ წესიერად ფეხიც არ აუდგამს, მაგრამ მისი ჭოჭინა ყველაზე ხშირად იმ მაგიდისკენ მიგორავს, რომელზეც კომპიუტერი დგას. მის ყურადღებას უმალვე იპყრობს ლამაზი სურათი, რომელიც მონიტორის ეკრანზე ჩანს და ის საგანი, რომელსაც ასეთი ინტერესით მისჩერებიან დედა თუ მამა. მოზრდილი ბავშვები კომპიუტერს დამოუკიდებლად ეცნობიან. თუ სახლში არ არის ასეთი საოცარი სათამაშო, ბავშვს აუცილებლად ეყოლება მეგობარი, რომელიც მას ადრე თუ გვიან კომპიუტერზე სათამაშოდ დაპატიჟებს. ცდუნება მართლაც დიდია, შეუძლებელია, პატარა ვირტუალურმა სამყარომ არ აღაფრთოვანოს. ბავშვების საყოველთაო გატაცება კომპიუტერული თამაშებით თანდათან მავნე ჩვევის სახეს იღებს და მშობლებიც ცდილობენ, მას ებრძოლონ, მაგრამ ამ დროს ისეთივე მეთოდებს იყენებენ, როგორსაც მაგალითად ფრჩხილების კვნეტის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, როცა კომპიუტერი მშობელს სამუშაოდ სჭირდება, ბავშვსაც ნაკლები საშუალება აქვს, დროის დიდი პერიოდის მის ეკრანთან გატარებისა. სხვა შემთხვევებში, როცა კომპიუტერი სპეციალურად ბავშვის გართობისათვის ან სასწავლო მიზნებითაა შეძენილი, საქმე სერიოზულადაა! არცთუ იშვიათად მშობლები, რომლებიც თავად ნაკლებად არიან გარკვეულნი კომპიუტერული სამყაროს თავისებურებებში, თვლიან, რომ დისკები, რომლებზეც მუსიკა, მულტიპლიკაციური ფილმები და თამაშებია ჩაწერილი, საკმარისია საიმისოდ, რომ ბავშვმა მიიღოს ყველაფერი, რაც მისი განვითარებისთვისაა აუცილებელი. ასეთ შემთხვევებში კომპიუტერით მანიაკალური გატაცების რისკი ძალიან მაღალია. მშობლებს, რომლებიც ცდილობენ ბავშვი თანამედროვე ტექნიკის იმ საოცრებით უზრუნველყონ, რომელსაც კომპიუტერი ჰქვია, ნამდვილად ვერ ვუსაყვედურებთ. ისინი ხომ შვილის განვითარებაზე ზრუნავენ. თუმცა ზოგჯერ ასეთი მცდელობა შეიძლება შევაფასოთ, როგორც შვილზე ზრუნვისაგან საკუთარი თავის განთავისუფლებისა და ამ საქმეში "დამხმარეს" მოძებნის ქვეცნობიერი სურვილი. ყოველივე ამის გათვალისწინებით, სპეციალისტები გვირჩევენ, სანამ კომპიუტერს შევიძენდეთ, საკუთარ თავს დავუსვათ შეკითხვა - რატომ ვყიდულობთ კომპიუტერს? იმისათვის, რომ ასეთი ძვირფასი საჩუქარი მართლაც პატარას განვითარებას ემსახურებოდეს და სასარგებლო იყოს მისი გონებისათვის, ბავშვი სათანადოდ უნდა იყოს მომწიფებული. კომპიუტერი, რომელიც მხოლოდ სათამაშოა, პატარას არავითარ სარგებლობას არ მოუტანს.
კომპიუტერის ნაკლი
მოდით, შევეცადოთ გავარკვიოთ, რა ზიანის მოტანა შეუძლია კომპიუტერს. უპირველეს ყოვლისა, ეს არის პატარა ბავშვის მჯდომარე მდგომარეობა. ადამიანის, მით უფრო ბავშვის ხანგრძლივი ჯდომა სკამზე და მაგიდასთან არ არის ბუნებრივი მდგომარეობა. ამასთან ერთად, მონიტორის ეკრანზე ცქერისას ძალიან იძაბება კისერი, თავის კუნთები, ხელები, მხრები. ეს კი თანდათანობით ტანდეგობის დარღვევას იწვევს. არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ ერთ, შედარებით ნაკლებად შესამჩნევ არასასურველ ფაქტორს. ეს არის მენჯის ორგანოებში სისხლის მიმოქცევის შეფერხება. უმოძრაობა, რომელიც კომპიუტერთან დიდი ხნის განმავლობაში ჯდომას მოსდევს, სიმსუქნის ხელშემწყობი ფაქტორია. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც თვალზე არასასურველი ზემოქმედებაა. ადამიანის თვალი ყოველთვის რეაგირებს ტექსტის უმნიშვნელო ვიბრაციაზე და ეკრანის ციმციმზე. ფერისა და შრიფტის არასწორი არჩევა, ეკრანის არასწორი მდებარეობა შეიძლება მხედველობის გაუარესების მიზეზი გახდეს. მართლაც, იმ მშობლებმა, რომელთა შვილებიც ძალიან დიდ დროს ატარებენ კომპიუტერთან, კარგად იციან, რომ ხშირად ბავშვს შეიძლება აღენიშნებოდეს კონიუნქტივის გაწითლება, ცრემლდენა, ქუთუთოების წვა და ქავილი. ხშირად აღნიშნული დარღვევები თავისთავად გაივლის, თუმცა როცა სიმპტომები ხშირია, საჭირო ხდება სპეციალისტის დახმარება.
ნუ დავუშვებთ გართულებებს
ვერავინ იკამათებს იმაზე, რომ გაცილებით ადვილია თავიდან ავიცილოთ პრობლემები მხედველობის თუ ტანდეგობის მხრივ, ვიდრე მათ ვუმკურნალოთ. მხედველობის ორგანოს დაზიანების პროფილაქტიკისათვის სპეციალისტები გვირჩევენ სპეციალური ვარჯიშების შესრულებას.
- თვალებით შევასრულოთ წრიული მოძრაობები;
- ავიხედით ზემოთ, ქვემოთ, მარჯვნივ, მარცხნივ;
- მზერა გადავიტანოთ ახლოს მდებარე საგნებიდან შორს და პირიქით;
- ყოველი მოძრაობა 10-ჯერ გავიმეოროთ.
სწორად მოაწყვეთ სამუშაო ადგილი. კომპიუტერთან უნდა გამოიყენოთ სკამი, რომლის სიმაღლეც და ზურგის მდებარეობაც რეგულირდება. მისი სათანადოდ აწყობით შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ზურგისა და მტევნის გადატვირთვა. ეკრანი თვალისაგან 50 სანტიმეტრით უნდა იყოს დაცილებული და ბავშვიც მუშაობისას მას ოდნავ ზემოდან უნდა უცქერდეს. ეკრანს პირდაპირ არ უნდა ეცემოდეს სინათლის სხივი. საღამოს საათებში კი ისევეა აუცილებელი დამატებითი სინათლის წყარო, როგორც კითხვის ან წერის დროს. უკანასკნელ წლებში საკმაოდ აქტუალური გახდა საყოფაცხოვრებო ტექნიკის ელექტრომაგნიტური გამოსხივების საკითხი. რა თქმა უნდა, თანამედროვე მონიტორები გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე მათი არცთუ ისე შორეული წინამორბედები, მაგრამ საფრთხე მაინც არსებობს. ეს განსაკუთრებით დაბალი ხარისხის მოდელებს ეხება. სწორედ ამიტომ გვირჩევენ სპეციალისტები, კომპიუტერის შეძენისას შევამოწმოთ მისი ხარისხი და ნუ გაგვიტაცებს იაფი ტექნიკა.