დავამსხვრიოთ მითები
თუ პატარა ბევრს ტირის, კარგად უნდა შევფუთოთო, შეკრულობისას სწორ ნაწლავში საპნის პატარა ნაჭერი უნდა ჩავუდოთო, მატყუარა საწოვარას რომ გადავაჩვიოთ, მას პილპილი უნდა წავუსვათო... შევეცდებით, მოვიყვანოთ არგუმენტები ზოგიერთი უსაფუძვლო შეხედულების წინააღმდეგ.
პატარა აუცილებლად უნდა ვატაროთ ვარჯიშზე
ცნობილია, რომ სწორად შერჩეული ვარჯიშები ხელს უწყობს კუნთების, მყესების, სახსრების განვითარებას. სიცოცხლის პირველი 6-8 თვის განმავლობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოძრაობის ჩვევების (გადაბრუნება მუცლიდან ზურგზე და პირიქით), სწორი ჯდომის, მოგვიანებით კი წამოდგომის ათვისება. გარდა ამისა, პატარა ბავშვისთვის ეს ყოველივე სამყაროს შემეცნების საშუალებაა. მასაჟი ხელს უწყობს ორგანიზმის გაკაჟებასაც - ამ დროს პატარა ფაქტობრივად ჰაერის აბაზანებს იღებს.
მიუხედავად ამისა, მასაჟი და ვარჯიში "სასიცოცხლოდ აუცილებელი" მხოლოდ მაშინ არის, როცა ბავშვს ნევროლოგიური პრობლემები აქვს. ამ შემთხვევაში მეცადინეობა აუცილებლად სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ვარჯიშისა და მასაჟის სამედიცინო ჩვენებებია კუნთების ტონუსის დარღვევა, მოძრაობის ჩვევების ჩამოყალიბების დარღვევა.
პამპერსი მავნეა
დედებს ხშირად აშინებენ, რომ პამპერსის გამოყენება ბიჭუნებისთვის საშიშია - შესაძლოა, გადახურების, მომავალში კი უნაყოფობის მიზეზად იქცეს. ეს მოსაზრება სრულიად უსაფუძვლოა. ჯერ ერთი, სასქესო ჯირკვლები ჩვილს ჩამოუყალიბებელი აქვს, მათზე სითბური ზემოქმედება მხოლოდ გარდატეხის ასაკიდან არის საშიში. მეორე, პამპერსის ხშირი გამოცვლისა და ბავშვის სწორი მოვლის შემთხვევაში გადახურების საშიშროება არ არსებობს. გარდა ამისა, პამპერსებს აქვს შემავსებელი, რომლის წყალობითაც მომატებული ტენიანობა საერთოდ არ იგრძნობა. სწორედ ტენის შთანთქმა და პატარას კანის დაცვაა პამპერსების უდავო ღირსება. პამპერსებს აქვთ თვისება, სითხე და ტენი ერთი მიმართულებით გაატარონ - შეიწოვონ და არ დაუშვან მისი შეხება ბავშვის კანთან. ასე რომ, პამპერსი კი არ ვნებს, არამედ დედისა და შვილის ყოველდღიურ ცხოვრებას აადვილებს, ოღონდ უნდა შეგახსენოთ, რომ პამპერსი ერთჯერადია, მისი გახსნა და შემავსებლის შეცვლა ბამბით ან დოლბანდით დაუშვებელია! კიდევ ერთი მითი ამტკიცებს, რომ პამპერსი კანს აღიზიანებს. მართლაც, არ არის გამორიცხული, ბავშვს ჰქონდეს ალერგია მისი რომელიმე კომპონენტის (ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ფაქტორის) მიმართ, ამიტომ არ არის მიზანშეწონილი ერთად რამდენიმე შეკვრის შეძენა. ჯობს, რამდენიმე ცალი იყიდოთ და კანის რეაქციას დააკვირდეთ. საბედნიეროდ, პამპერსის მიმართ ალერგია იშვიათია, კანი კი უმეტესად იმიტომ წითლდება, რომ პატარას საფენებს დროულად არ უცვლიან, არასწორად ბანენ ან სათანადო საცხს არ იყენებენ. გარდა ამისა, აუცილებელია პამპერსის ხშირი გახსნა და ჰაერის აბაზანები.
ჩვილი ბალახის ნაყენში უნდა ვაბანაოთ
ადამიანის კანი თავისი სტრუქტურის წყალობით მიკრობებისთვის შეუღწეველია, ზოგიერთი სამკურნალწამლო საშუალება კი ამ ბარიერს ადვილად გადის, განსაკუთრებით - როცა საქმე პატარა ბავშვის ნაზ კანს ეხება, ამიტომ ყველაფერი, რასაც ბავშვის კანთან აქვს კონტაქტი, უპირველეს ყოვლისა, მედიკამენტები, კარგად უნდა მოწმდებოდეს. სამკურნალო ბალახების მოყვარულთა გასაგონად ვიტყვით, რომ უვნებელი მცენარეები არ არსებობენ, ნებისმიერი მათგანის ზემოქმედებას შესაძლოა არასასურველი რეაქცია მოჰყვეს, ამიტომ ბავშვის დაბანისას მცენარეების გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ არის სასურველი.
საჭირო წამალს ბავშვი დედის რძესთან ერთად იღებს
დადგენილია, რომ სამედიცინო პრეპარატების ნაწილი დედის რძეში არააქტიური ფორმით გადადის, ნაწილი კი იშლება, თუმცა არსებობს ისეთი საშუალებებიც, რომლებიც რძეში ისეთი მაღალი კონცენტრაციით ხვდება, რომ პატარას ორგანიზმზეც კი მოქმედებს, ამიტომ მეძუძურმა დედამ ნებისმიერი მედიკამენტი დიდი სიფრთხილით, მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოს. ამავე დროს, ამ პრეპარატების სამკურნალო ეფექტი ბავშვის ორგანიზმში უმნიშვნელოა და დაავადებას ვერ შეაჩერებს, ამიტომ თუ პატარა ავად გახდა, დედის რძესთან ერთად მიღებული მედიკამენტების სამკურნალო ეფექტის იმედად ვერ დავრჩებით, ბავშვს ტრადიციული გზით უნდა ვუმკურნალოთ. დედა ვალდებულია, მიიღოს ინფორმაცია წამლების ეფექტების შესახებ და ზუსტად შეასრულოს მკურნალი ექიმის დანიშნულება.
ხელოვნურ ნარევებს ძროხის რძე სჯობს
ზოგიერთი ამჯობინებს, ბავშვი ძროხის რძით გამოზარდოს, აქაოდა, ძროხის რძით გაზრდილი ბავშვები უფრო ჯანმრთელები იყვნენო. სინამდვილეში ჩვილისთვის, 6-8 თვემდე მაინც, უნიკალური საკვებია დედის რძე. ის შეიცავს ფერმენტ ლიპაზას, რომელიც ცხიმის მონელებას უწყობს ხელს, ნივთიერებებს, რომლებიც საჭმლის მომნელებელი სისტემის ფერმენტებს ააქტიურებენ. ჩვილი ბავშვის ნაწლავი გაცილებით უკეთ არის ადაპტირებული დედის რძის მოსანელებლად. მისი ცილები უცვლელი სახითაც აღწევენ ნაწლავის კედელში და საჭმლის მონელების პროცესს აადვილებენ. დედის რძის შემადგენლობა ძროხის რძის შემადგენლობისგან მკვეთრად განსხვავდება. უკანასკნელში ნაკლებია რკინა, თუთია, იოდი, C და E ვიტამინები, ნივთიერებები, რომლებიც ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს, ცილა კი სამჯერ მეტია, ამიტომ ძროხის რძე ძნელი მოსანელებელია. გარდა ამისა, ის ოცზე მეტ ალერგენს შეიცავს. არცთუ იშვიათად ალერგიული რეაქცია ბავშვს სწორედ მაშინ უვლინდება, როცა დამატებით ძროხის რძისგან მომზადებულ ფაფას აძლევენ. თუ ბავშვმა ასეთი საკვები მიიღო და მალე ლოყები გაუწითლდა, ხოლო კანი გამოუშრა, უნდა ვივარუდოთ, რომ ეს არის პირველი რეაქცია ძროხის რძეზე. საუკეთესო საშუალება ამ დროს რაციონიდან ძროხის რძის ამოღებაა, დიეტის ხანგრძლივობა კი ინდივიდუალურია - 1-2 თვიდან წლამდე და ზოგჯერ მეტხანსაც.
პატარას სიცხემ აუწია - როგორც ჩანს, კბილები ამოსდის...
ბავშვების უმრავლესობას 6-8 თვის ასაკში ეწყება სარძევე კბილების ამოჭრა. ამ მოვლენას ყოველთვის თან სდევს მდგომარეობის ცვლილება: ბავშვი ჭირვეულობს, ღიზიანდება, ერღვევა ძილი, დასიებული ღრძილებით ყველა საგანს ენერგიულად კბენს. ამ პერიოდში კბილებს მიეწერება ბავშვის ქცევისა და ჯანმრთელობის ყველა თავისებურება - უმიზეზო ტირილიც, ტემპერატურის მომატებაც, ფაღარათიც, სურდოც... უდავოა, რომ კბილების ამოჭრა ნამდვილად აისახება პატარას მდგომარეობაზე, ითრგუნება იმუნური სისტემა და იქმნება პირობები ინფექციის განვითარებისთვის. სწორედ ამის ბრალია სურდოც, დიარეაც, ტემპერატურის მომატებაც. მიუხედავად ამისა, შეცდომაა, სიცოცხლის პირველი წლის მეორე ნახევრის ყველა პრობლემა სარძევე კბილების ამოჭრას მივაწეროთ. ასეთი მიდგომა ხელს გვიშლის, დავადგინოთ ბავშვის მდგომარეობის ნამდვილი მიზეზი, ამიტომ ტემპერატურის მომატების ან ფაღარათის შემთხვევაში ჯობს ექიმს მივმართოთ. როცა ბავშვს ატოპიური (ალერგიული) დერმატიტი აქვს, სარძევე კბილების ამოჭრას თან ახლავს კანზე გამონაყარის მატება. ამის გამო ახალი საკვები ექიმთან შეთანხმებით უნდა მივცეთ პატარას.
თუ ბავშვს საკვები არ ჰყოფნის, ესე იგი დედას ცუდი რძე აქვს
პედიატრებისთვის ცნობილია შემთხვევები, როცა გაუმართლებელი რჩევების, ათასგვარი დიეტის, საკუთარი რძის უხარისხობის თაობაზე ეჭვის გამო დედას რძის გამოყოფა დაერღვა. უნდა ვიცოდეთ, რომ დედის რძეში ცილის შემცველობა პრაქტიკულად არ არის დამოკიდებული მიღებულ ცილაზე, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით ცხიმსა და ვიტამინზე, ასე რომ, მეძუძური დედა უნდა ერიდოს როგორც ცხიმიან, ასევე უცხიმო საკვებს.