საბავშვო ფიტნეს-კლუბი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საბავშვო ფიტნეს-კლუბი

აქტიური მოძრაობა ხელს უწყობს კუნთოვანი და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სწორ განვითარებასა და ზრდას, ჟანგბადითა და საკვები ნივთიერებებით უჯრედების მომარაგებას. ვიდრე ბავშვი პატარაა, ეს აქტიური მოძრაობები - ვარჯიშები - უფროსის დახმარებით უნდა შეასრულოს. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება პედიატრი ქეთევან გავაშელი.

- რა ასაკიდან არის მიზანშეწონილი, პატარას ვარჯიში დავაწყებინოთ?

- თუ ბავშვი ჯანმრთელია, "აერობიკა" ახალშობილობის პერიოდიდანვე დაიწყეთ. შემუშავებულია, აპრობირებულია და ფართოდ გამოიყენება ორმოცამდე სახეობის ვარჯიში ჩვილებისთვის. სასურველია, ვარჯიში და მასაჟი პაწიას თავდაპირველად კვალიფიციურმა სპეციალისტმა ჩაუტაროს დედის თანდასწრებით, რათა შემდეგ დედამ თვითონვე, დამოუკიდებლად შეძლოს იმავე პროცედურების ჩატარება. ახალშობილობის პერიოდში საჭიროა, მშობელმა დაიცვას შემდეგი მითითებები:

  • ახალშობილი ხშირად დააწვინოს მუცელზე, გვერდზე;
  • საფენის გამოცვლისას რამდენიმე წუთით დატოვოს ჩაუცმელი, შიშველი, რათა პატარამ თავისუფლად ამოძრაოს ხელ-ფეხი.

სამი კვირიდან რეკომენდებულია მსუბუქი მასაჟი.

- რა უნდა გაითვალისწინოს დედამ მასაჟის კეთების დროს?

- პაწიას კანი ძალიან ნაზია, ადვილად ზიანდება, ამიტომ მან, ვინც მასაჟს აკეთებს, უნდა შეასრულოს შემდეგი მითითებები:

  • ფრჩხილები დაიჭრას ძირში;
  • დაიბანოს ხელები პროცედურის წინ საპნითა და თბილი წყლით;
  • დაუშვებელია მასაჟის კეთება ცივი ხელებით;
  • ოთახის ტემპერატურა უნდა იყოს არანაკლებ 21-22 გრადუსისა.

მასაჟის დროს პაწიას კანმა თავისუფლად რომ ისუნთქოს, ნუ წაუსვამთ ტალკს, ზეთებსა და კრემებს. უმჯობესია, ისინი თქვენ თვითონ შეიზილოთ ხელზე და ისე ჩაატაროთ პროცედურა. მასაჟი ტარდება კვებიდან 40-45 წუთის შემდეგ, დღის პირველ ნახევარში. მასაჟის დროს ესაუბრეთ, მოეფერეთ პატარას, რომ ეს პროცედურა მისთვის სასიამოვნო იყოს. ტირილი, მოუსვენრობა, აგზნება სიგნალია იმისა, რომ მასაჟი შევწყვიტოთ.

- როგორ ტარდება მასაჟი?

- ხელსმა უნდა შესრულდეს მსუბუქად, ნაზად და მიმართული უნდა იყოს პერიფერიიდან ცენტრისკენ, ემთხვეოდეს ლიმფისა და ვენური სისხლის მიმოქცევის მიმართულებას, ფეხის ტერფიდან საზარდულის ღარამდე მუხლის კვირისტავის შემოვლით, ქუსლიდან - ფეხის თითების მიმართულებით. მუცლის მასირებისას მოძრაობა უნდა ემთხვეოდეს საათის ისრის მიმართულებას. მასაჟის დროს უნდა ვერიდოთ სახსრების მიდამოში ბიძგისებრ მოძრაობებს. ზურგის მასაჟის დროს სიფრთხილეა საჭირო. წელის მიდამოში აქტიური მოძრაობებისგან თავი შეიკავეთ. სამ თვემდე ასაკის ბავშვებში ძირითადად გამოიყენება ხელსმა. მასაჟი უნდა გრძელდებოდეს 7-8 წუთს. შემდეგ გადავდივართ აქტიურ მოძრაობებზე - ვარჯიშებზე.

- რა სახის ვარჯიშებია რეკომენდებული ჩვილებისთვის?

- ბავშვის ზრდის კვალდაკვალ ვარჯიშები იცვლება - უფრო ხანგრძლივი და ინტენსიური ხდება. 1,5-3 თვის ასაკში თითოეული ვარჯიში გრძელდება 5-6 წუთი. თავიდან ვიწყებთ 1-2 წუთის ხანგრძლივობით, შემდეგ ვზრდით დროს. კომპლექსი იწყება მასაჟით, შემდეგი თანმიმდევრობით: ხელსმა ხელების, ფეხების, ტერფების, მუცლის, ზურგის არეში. ამის შემდეგ იწყება ვარჯიში - "ცეკვის ილეთები", "ნაბიჯები", ხოხვა, ცურვა. ვარჯიშთა შემოთავაზებული კომპლექსი უნდა ჩატარდეს ყოველდღე ან დღეგამოშვებით. უფრო ხანგრძლივი ინტერვალი საბოლოო შედეგზე უარყოფითად იმოქმედებს. აუცილებელია დატვირთვის თანდათანობითი გაძლიერება და შესუსტება. დატვირთვა სხეულის ყველა ნაწილზე თანაბრად რომ გადანაწილდეს, სასურველია დაიცვათ შემოთავაზებული თანმიმდევრობა. მასაჟისა და ვარჯიშის შემდეგ პაწიას ჩააცვით, შეახვიეთ თბილ საბანში და დააწვინეთ ოთახში, მშვიდ, წყნარ ვითარებაში.

სამიდან ოთხ თვემდე

სიცოცხლის პირველი სამი თვის განმავლობაში პაწიას ზემო და ქვემო კიდურების მომხრელი კუნთები უფრო აქტიური აქვს, ვიდრე გამშლელი. ასაკთან ერთად მომხრელი და გამშლელი კუნთების აქტიურობა თანაბრდება. სამი თვისთვის ბავშვის ნორმალური განვითარების ერთ-ერთი მაჩვენებელია ფიზიოლოგიური ჰიპერტონუსის გაქრობა ზემო კიდურების მომხრელებში, მაგრამ შენარჩუნებულია ფეხის კუნთების ჰიპერტონუსი. ვარჯიშებისა და მასაჟის შერჩევისას სწორედ ეს ფაქტორებია გასათვალისწინებელი. ამ ასაკში შეიძლება ჩატარდეს ხელების პასიური მოძრაობები, კისრის კუნთები თანდათან მაგრდება და ამიტომ ჩნდება მდებარეობის თანდაყოლილი რეფლექსები. თუ პატარა ცდილობს მდებარეობის შეცვლას, ვარჯიშით უნდა დავეხმაროთ. სამი თვისთვის ქრება ხოხვის ფენომენი და შეიძლება უკვე ჩავრთოთ ქვემო კიდურების ვარჯიშები. თუ ვარჯიშის დროს ბავშვმა უნებურად ტირილი დაიწყო, ეცადეთ, დაამშვიდოთ იგი სათამაშოთი ან სხვა მეთოდით. თუ ჭირვეულობა 15-20 წუთს გაგრძელდა, ვარჯიშს ნუღარ გააგრძელებთ, მეორე დღეს კი უფრო ნაკლებ ხანს ავარჯიშეთ. გარდა ვარჯიშისა, ზემო და ქვემო კიდურების თანაბარზომიერი განვითარებისთვის საჭიროა, ბავშვს სათამაშოები საწოლში, ისეთ სიმაღლეზე ჩამოვუკიდოთ, რომ მათთვის ხელების ჩასაჭიდებლად ხელების მაქსიმალურად გაშლა და მაღლა აწევა სჭირდებოდეს. სათამაშო ისეთი ზომისა უნდა იყოს, რომ ბავშვი თავისი პაწია თითებით ადვილად ჩაეჭიდოს.


ოთხიდან ექვს თვემდე

ოთხი თვიდან ქვემო კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთების გაწონასწორება იწყება, ამიტომ ვარჯიშთა კომპლექსში უნდა შევიტანოთ ქვედა კიდურების პასიური მოძრაობები - ფეხების აწევა, მონაცვლეობითი მოხრა. ვარჯიშის დროს რიტმული მოძრაობისთვის აუცილებელია ხმამაღლა დათვლა: ერთი, ორი, სამი, ოთხი. ვარჯიშისა და მასაჟის დროს პატარას უნდა ვესაუბროთ. 3-6 თვის ბავშვები საპასუხო რეაქციას ამჟღავნებენ, ხოლო 6-12 თვისანი საპასუხო ბგერებსა და სიტყვებს წარმოთქვამენ. 4-5 თვის ასაკიდან ბავშვს ყოველი მოძრაობის წინ უნდა მიუთითოთ: "გადაბრუნდი გვერდზე", "აიღე სათამაშო", "მომეცი ხელი" და ა. შ. თუ ვარჯიშთა კომპლექსი სწორად ტარდება, ბავშვი მხიარულია, იცინის და ღუღუნებს. პატარას მოძრაობის ჩვევები რომ ჩამოუყალიბდეს, საჭიროა მასთან ერთად ვითამაშოთ. ამით მას ვაიძულებთ, რომ ივარჯიშოს. თუმცა დაუშვებელია ზედმეტი ვარჯიშიც, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს აღგზნება. მშობლის ამოცანაა, ბავშვს განუვითაროს მოძრაობის აქტიურობა, ასწავლოს არა ჯდომა, არამედ დაჯდომა; არა დგომა, არამედ დამოუკიდებლად ადგომა; ბავშვი უნდა მოეჭიდოს საყრდენს, წაეპოტინოს და აიღოს საგანი, თვითონ აიღოს, რაც უნდა და არ ელოდოს, როდის მიაწვდის მას უფროსი. მოძრაობა მას შემდეგი თანმიმდევრობით უნდა გამოუმუშავდეს: თავის დაჭერა, საგნის ჩაჭიდება, დაჭერა და აღება, გადაბრუნება ზურგიდან მუცელზე და პირიქით, ხოხვა, დაჯდომა, ადგომა და სიარული.

ცხრიდან თორმეტ თვემდე

ამ პერიოდში პაწიას უყალიბდება დამოუკიდებლად, საყრდენის გარეშე დგომა და სიარული, ჩაჯდომა ფეხის წვერებზე. მისი ყოველი მოძრაობა უკავშირდება გარკვეულ საგნებს - ცდილობს აიღოს ძირს დავარდნილი ბურთი და ა.შ. ცდილობს იყოს დამოუკიდებელი ჩაცმაში, მიიღოს მონაწილეობა ჭამაში, ყურადღებით აკვირდება ცხოველებს, მიიწევს მოძრავი საგნებისა და სათამაშოებისაკენ. რაც შეიძლება მეტხანს ესაუბრეთ ამ პერიოდში, განსაკუთრებით - ვარჯიშის დროს, მიეცით სიტყვიერი მითითებები, დაითვალეთ ხმამაღლა და ა. შ. ვარჯიშთა კომპლექსი უფრო რთული და მრავალფეროვანია. თუ პატარა ჭირვეულობს, აუცილებლად აჩვენეთ პედიატრს და მხოლოდ მისი რეკომენდაციის შემდეგ განაგრძეთ ვარჯიში. იმისათვის, რომ პროცედურები უფრო სასიამოვნო გახადოთ, შეგიძლიათ ვარჯიში ჩაატაროთ მსუბუქი, სასიამოვნო მუსიკის თანხლებით.

ერთიდან სამ წლამდე

ამ ასაკში ვარჯიშები ძირითადად დაკავშირებულია საბავშვო თამაშებთან. ყველაზე ხელსაყრელი დრო ვარჯისშითვის არის ჰაერზე სეირნობისას, პირველი მნიშვნელოვანი ვარჯიში კი - სიარული. თუ პატარა ჯერ ვერ დადის დამოუკიდებლად, შესთავაზეთ გაატაროს თავისი ეტლი, უბიძგოს წინ ხელით ან მიუთითეთ სიტყვიერად: "მოდი, მივიდეთ აი იმ ხესთან". ნუ მიაჩვევთ პატარას სეირნობისას ეტლში ჯდომას: ასე უფრო სწრაფად და ადვილად ისწავლის სიარულსა და სირბილს. თუ პატარა კარგად დადის თავისით - ეს შეესაბამება 1,5 წელს. მას უკვე ურჩევნია სირბილით სიარული. ხშირი დაცემა მიწაზე მისთვის წინააღმდეგობას აღარ წარმოადგენს. 1,5-3 წლამდე შეგიძლიათ ასწავლოთ ხტომა. არსებობს ხტომის ორი სახეობა: პირველი - შიშის დასამარცხებლად ასწავლეთ ხტომა სიმაღლიდან პირდაპირ თქვენს ხელში; მეორე - შედარებით დაბალი ზედაპირიდან ჩამოხტომა მიწაზე. ხტომა რომ ასწავლოთ, ამისთვის გამოიყენეთ კიბის საფეხურები. ჯერ თქვენ აჩვენეთ, როგორ უნდა ჩამოხტეს და შემდეგ თვითონ დააყენეთ საფეხურზე, ჩასჭიდეთ ხელი და ისე ჩამოახტუნეთ. შემდეგ კი დამოუკიდებლად ჩამოხტეს. ასევე უნდა ასწავლოთ ადგილზე ხტუნვა - ჯერ ორივე, შემდეგ ცალ ფეხზე. როცა სიარულსა და სირბილს კარგად ისწავლის, უნდა მიაჩვიოთ სიარულის სხვადასხვა სახეობას - ფეხის წვერებსა და ქუსლებზე, ტერფის გარეთა და შიგნითა ზედაპირებზე. ეს ვარჯიშები სასარგებლოა ბრტყელტერფიანობის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ. 2-დან 3 წლამდე ასაკში პატარები სიამოვნებით ბაძავენ ცხოველებს ხმით, ქცევით, ამიტომ ვარჯიშებს დაარქვით შესაბამისი სახელები. მაგალითად:

  • კურდღელი - ბავშვი ხტუნაობს ორ ფეხზე, ხელები მიბჯენილი აქვს ყურებზე, თითები ზევით აქვს აშვერილი;
  • ცხენი - სირბილი ჩორთით;
  • დათვი - სიარული ტერფების გარეთა ზედაპირებით;
  • ბაყაყი - ბავშვი ჩაცუცქულია და ხელები იატაკზე უწყვია. შემდეგ ამბობს: "ყი-ყი-ყი" - და ხტება, ხელებსაც მაღლა სწევს, შემდეგ ისევ ჩაიცუცქება;
  • წერო - სიარული მუხლების რაც შეიძლება მაღლა აწევით.

შესთავაზეთ სეირნობისას ბურთით თამაში. ასწავლეთ ჯერ ბურთის გადაგდება მაღლა აწეული ხელებით, შემდეგ - ცალი ხელით. შემდეგ - ბურთის დაჭერა: თავდაპირველად ბურთი პირდაპირ ხელებში მიაწოდეთ, თანდათან მანძილი გაზარდეთ. 2-2,5 წლიდან შეგიძლიათ ასწავლოთ თხილამურებზე დგომა. საზოგადოდ, 2,5 წლის შემდეგ ბავშვს სპორტის ნებისმიერი სახეობა შეგიძლიათ შეასწავლოთ, ოღონდ გახსოვდეთ: ის სარგებლობას მხოლოდ მაშინ მოუტანს ბავშვს, თუ სიამოვნებასა და სიხარულს ანიჭებს.


- ბავშვებისთვის მასაჟსა და ვარჯიშს არა მხოლოდ ზოგადგამაჯანსაღებელი, არამედ სამკურნალო დანიშნულებაც აქვს. ყველაზე ხშირად რა პათოლოგიების დროს ინიშნება იგი ჩვილ ბავშვებში?

- ჩვილ ბავშვებში სამკურნალო მიზნით მასაჟი და ვარჯიში ინიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების, თანდაყოლილი პათოლოგიების დროს. არცთუ იშვიათად ახალშობილებში გვხვდება თანდაყოლილი კისერმრუდობის შემთხვევები. ამის მიზეზი ბევრია: იგი შეიძლება გამოიწვიოს მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთის მოუმწიფებლობამ ან მშობიარობის დროს სხვადასხვა ტრავმამ და ა.შ. მას უფრო ხშირად მშობლები ამჩნევენ 2 კვირიდან 3 თვის ასაკში. რაც უფრო ადრეა გამოვლენილი, შესაბამისად მკურნალობაც უფრო შედეგიანია. მისი შემჩნევისთანავე აჩვენეთ ჩვილი ორთოპედს. არსებობს სპეციალური ვარჯიშებისა და მასაჟის კომპლექსი.

  • ბავშვი წევს ზურგზე. მასაჟისტი დგას ბავშვის უკან, აფიქსირებს ხელებით მის თავს, მსუბუქად მიიზიდავს თავისკენ და დაზიანებულ მხარეს აბრუნებს. ამის შემდეგ თავს ატრიალებს საწინააღმდეგო მიმართულებით ანუ ჯანმრთელ მხარეს და ნიკაპით ეწევა ზევით.

თავის ასეთი მოძრაობები ავარჯიშებს კუნთებს დაზიანებულ მხარეს. თუ ბავშვი იწყებს ტირილს და არ სიამოვნებს თავის ტრიალი, უმჯობესია შეასვენოთ მცირე ხნით.

  • ბავშვი დააწვინეთ დაზიანებულ გვერდზე. ხელი ამოუდეთ თავქვეშ. თანდათან გამოაცალეთ ხელი, რომ თავი თვითონვე დაიჭიროს.

ვარჯიშები გაიმეორეთ 5-10-ჯერ. ვარჯიშის შემდეგ კეთდება მასაჟი - ბავშვი წევს ზურგზე, მასაჟისტი უდგას დაზიანებულ მხარეს. კისრის მიდამოს შემდეგ კეთდება ხელების, ფეხების, მუცლის მასაჟი. პროცედურა გრძელდება 10-15 წუთს. მკურნალობის კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს. უმჯობესია, მასაჟთან ერთად ჩატარდეს ფიზიოპროცედურებიც. გარდა ამისა, გირჩევთ:

  • დააწვინოთ პაწია ჯანმრთელი მხარით კედლისკენ;
  • შეუკეროთ სპეციალური კისრის დამჭერი, რომ თავი ეჭიროს სწორად. კისრის დამჭერი დაზიანებულ მხარეს უფრო მაღალი უნდა იყოს და ჯანმრთელ მხარეს იკვრებოდეს.

ყოველივე ეს აიძულებს პაწიას, თავი დაზიანებულ მხარეს აბრუნოს და არ დაზოგოს დაზიანებული კუნთი. ამით იგი თვითონვე ავარჯიშებს მას. ბრტყელტერფიანობის დროს მასაჟის მიზანია:

  • ხელი შეუწყოს ტერფის კუნთების გაძლიერებას;
  • მოხსნას კუნთების განსაზღვრული ჯგუფის დაძაბულობა;
  • შეამციროს ტკივილის სინდრომი;
  • აღადგინოს ტერფის ფუნქცია.

მასაჟი ასე კეთდება: პაციენტი წევს ჯერ მუცელზე, შემდეგ ზურგზე. მასაჟი იწყება ზემოდან - ბარძაყიდან, გრძელდება მუხლის მიდამოში და სრულდება ტერფზე. გამოიყენება მასაჟის თითქმის ყველა სახეობა - ხელსმა, ვიბრაცია, ჭყლეტა, ზეწოლა... განსაკუთრებული ყურადღებით კეთდება თვით ტერფის მასაჟი. მასაჟი შერწყმული უნდა იყოს ვარჯიშთან. რეკომენდებულია სიარული ველოსიპედით, რომელსაც სპეციალური ამობურცული, მრგვალი პედლები აქვს. სასარგებლოა ცურვა, ქვიშაზე ფეხშიშველა სიარული, იატაკიდან პატარა სათამაშოების აღება შიშველი ფეხებით, სპეციალურ ამობურცულზედაპირიან ხალიჩაზე სიარული. თუ დროულად არ მივაქციეთ ყურადღება, ბრტყელტერფიანობა პროგრესირებს. ბავშვებში იგი თანდათანობით ვლინდება. მისი ძირითადი ჩივილია ადვილად დაღლა და ფეხების ტკივილი. როგორც კი ბავშვი ფეხს აიდგამს, უნდა აჩვენოთ პედიატრს, ორთოპედს, რათა დროულად გამოვლინდეს დეფორმაცია და მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები. გირჩევთ, დროზე ადრე ნუ დააყენებთ პატარას ფეხზე, თუ თვითონვე არ ცდილობს. განსაკუთრებით ფრთხილად იყავით, თუ ბავშვი ნორმაზე მეტი წონისაა (პარატროფიკია), ასაკის კვალობაზე მძიმეა - მის ჩამოუყალიბებელ ძვლოვან სისტემას ზედმეტ დატვირთვას ნუ მიაყენებთ.

ძილის დროს ბავშვი არ იწვეს ერთსა და იმავე გვერდზე. სეირნობისას ხელი მოჰკიდეთ ხან მარჯვენა, ხან მარცხენა ხელზე, რათა თავიდან აიცილოთ ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემის არათანაბარი განვითარება და ისეთი დეფექტი, როგორიც არის ხერხემლის გამრუდება.

გახსოვდეთ: მასაჟსა და ვარჯიშს შეუძლია როგორც სარგებლობის, ასევე ზიანის მოტანა, თუ არასწორად, არათანმიმდევრულად და არასისტემატურად ჩატარდა, ამიტომ აუცილებელია, კომპლექსი ჩაატაროს კვალიფიციურმა სპეციალისტმა პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ.