ზრდის შეფერხება - მიზეზები და მკურნალობის მეთოდები
თავიანთ სიმაღლეს განსაკუთრებულ ყურადღებას არ აქცევენ, მოზარდებს, იმის გამო, რომ მათი სიმაღლე არ შეესაბამება ეტალონს, ხშირად უჩნდებათ საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების გრძნობა და უყალიბდებათ კომპლექსები. ბავშვების ზრდაში ჩამორჩენის პრობლემა (განსაკუთრებით - ადრეულ ასაკში) ხშირად მშობლებსაც აშფოთებთ. უპირველეს ყოვლისა, აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რისი ბრალია გადახრა. მიზეზების სია საკმაოდ ვრცელია.
სიმაღლეში ზრდის შეფერხების მიზეზებსა და გამოსავალზე სასაუბროდ ვეწვიეთ ს/ს “ვერე XXI”-ის კლინიკა “მედსის” ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური და სქესობრივი განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელს მაია რეხვიაშვილს
- ქალბატონო მაია, რამ შეიძლება გამოიწვიოს მოზარდის სიმაღლეში ზრდის შეფერხება?
- სიმაღლეში ზრდა ბავშვთა და მოზარდთა ნორმალური ფიზიკური განვითარების ინდიკატორია. ბავშვთა ფიზიკური ზრდა-განვითარების შეფერხება საკმაოდ ხშირად გვხვდება ენდოკრინოლოგიურ პრაქტიკაში. ზრდაში ჩამორჩენა ასევე სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მნიშვნელოვანი გამოვლინებაა. ასეთებია:
- საკვების მონელება-შეწოვის დარღვევებით მიმდინარე დაავადებები;
- გენეტიკური დარღვევები;
- სხვადასხვა ორგანოთა სისტემის ქრონიკული უკმარისობა და სხვა.
ამრიგად, ზრდის შეფერხება იმაზე მიუთითებს, რომ ორგანიზმი იმყოფებოდა ან იმყოფება არახელსაყრელ პირობებში ინდივიდუალური გავითარების რომელიღაც ეტაპზე დაწყებული ჯერ კიდევ საშვილოსნოსშიდა განვითარების პერიოდიდან. ეს პირობებია:
- დედის ქრონიკული დაავადებები;
- დედის არასრულფასოვანი კვება;
- დედის მიერ ალკოჰოლის ან ნიკოტინის მოხმარება ორსულობის დროს;
- ნაყოფის ტრავმული დაზიანებები სამშობიარო გზების გავლისას და ა.შ.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ფსიქოსოციალური პრობლემებით გამოწვეულ ზრდაში ჩამორჩენას. აქედან გამომდინარე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჯანსაღი იყოს ის გარემო და ურთიერთობები, რომელთა წიაღშიც ბავშვი იზრდება - დედისა და შვილის, ბავშვისა და ოჯახის და ა.შ.
- რა ასაკის ბავშვები მოჰყავთ თქვენთან უმეტესად ზრდაში ჩამორჩენით?
- თითქმის ყველა ასაკის, მაგრამ გამოვარჩევდი რამდენიმე ასაკობრივ ჯგუფს:
- 3-4 წლის ბავშვები, რომელებიც ახალშობილობის პერიოდიდანვე ჩამორჩებოდნენ თანატოლებს (დაბადების მასა - 2500 გ-ზე ნაკლები);
- 6 წლის ბავშვები. მათი ჩამორჩენა თვალში საცემია სკოლაში შესვლისას;
- სქესობრივი გარდატეხის პერიოდი, როდესაც იგვიანებს მეორეული სასქესო ნიშნების განვითარება. ეს არის 12-დან 14 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი.
- საშუალოდ რა ასაკამდე იზრდება გოგონა და რა ასაკამდე - ვაჟი?
- ადამიანის სიცოცხლის დაახლოებით მეოთხედი სჭირდება სიმაღლეში ზრდისა და სქესობრივი მომწიფების პროცესს. დროის ეს მნიშვნელოვანი მონაკვეთი, როგორც ნორმალური ვარიანტი ზრდისა და განვითარებისა, ინდივიდუალური თავისებურებით ხასიათდება. მასზე გავლენას ახდენს როგორც გარემო და გენეტიკური ფაქტორი, ასევე ორგანიზმის საკუთარი, ფენოტიპური განვითარების თავისებურებები. აქ შეიძლება გამოვიყენოთ ერთი მნიშვნელოვანი აუქსოლოგიური (აუქსოლოგია ბერძნული წარმოშობის სიტყვაა და ზრდასა და გამრავლებას ნიშნავს) ტერმინი - ძვლის ასაკი, რომელიც ძვლის სიმწიფის გამომხატველია და განისაზღვრება ძვლის ეპიფიზების (ე.წ. ზრდის ზონების) შეერთების რენტგენოგრაფიული გამოსახულების შედარებით ატლასებში მოცემულ ნორმებთან, რომლებიც გვიჩვენებს სხვადასხვა ასაკისათვის ძვლოვან მომწიფებას. იგი, თავის მხრივ, შეიძლება ჩამორჩებოდეს, უსწრებდეს ან ემთხვეოდეს ქრონოლოგიურ (საპასპორტო) ასაკს.
ძვლის ასაკის დადგენა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ მოზარდის ზრდის დარჩენილი შესაძლებლობები და გამოვთვალოთ მისი სავარაუდო სიმაღლე. თუმცა ძვლის ასაკი არ არის დეფინიციური დიაგნოზური ტესტი, ის სხვა ფაქტორებთან ერთად მხოლოდ გვეხმარება სწორი დიაგნოზის დასმაში. საზოგადოდ კი გოგონებში - 18 წლის ძვლოვანი ასაკით და ვაჟებში - 19 წლის ძვლოვანი ასაკით ხაზოვანი ზრდა წყდება.
- არსებობს ნიშნები, რომელთა არსებობის შემთხვევაში ბავშვის ენდოკრინოლოგთან მიყვანა აუცილებელია?
- მრავალი ისეთი სიმპტომი არსებობს, რომელთა შემჩნევისას ბავშვმა უნდა გაიაროს პედიატრის ან პედიატრ-ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და, საჭიროებისამებრ, სპეციალური ლაბორატორიული თუ სხვა პარაკლინიკური გამოკვლევები. ეს სიმპტომებია:
- ზრდის შეფერხება;
- ჭარბი წონა;
- მეორეული სასქესო ნიშნების განვითარების დაგვიანება.
უმჯობესია, აღნიშნულ სიმპტომებს გამოჩენისთანავე მიექცეს ყურადღება, რადგან დროული სამედიცინო ჩარევა ამცირებს პრობლემებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და საბოლოო შედეგისთვისაც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
- სიმაღლე გენეტიკურადაც ერგებათ ჩვენს შვილებს. არის შემთხვევები, როცა ბავშვს არ აღენიშნება არავითარი დარღვევა, მაგრამ ასაკთან შედარებით დაბალია.
- მართალი ბრძანდებით. გენეტიკური ფაქტორები უდავოდ ახდენს გავლენას საბოლოო სიმაღლეზე. დადგენილია კორელაცია მშობლების საშუალო სიმაღლესა და ბავშვის სიმაღლეს შორის. შექმნილია სპეციალური მრუდები და ცხრილები ამ ფენომენის ასახსნელად.
საბოლოო სიმაღლე უპირატესად გენეტიკურად არის დეტერმინირებული და მას სამიზნე სიმაღლე ეწოდება. აქედან გამომდინარე, ზრდაში ჩამორჩენა თავისთავად არ არის დიაგნოზი. საჭიროა, ექიმმა დაადგინოს ჩამორჩენის მიზეზი და შეაფასოს, პათოლოგიაა ეს თუ ნორმის ვარიანტს შეესაბამება.
- თუ არსებობს ისეთი საკვები, რომელიც ბავშვობის ასაკში ხელს შეუწყობს სიმაღლეში ზრდას?
- ვერც ერთ პროდუქტზე ვერ დავსვამ აქცენტს, ერთი რამ კი შემიძლია ვთქვა: სრულფასოვანი კვება და სწორი დღის რეჟიმი ნორმალური ზრდისა და განვითარების საწინდარია.
- ჩვენს ფარმაცევტულ ბაზარზე ბევრი ვიტამინური კომპლექსია. შეიძლება თუ არა ექიმთან შეუთანხმებლად მათი მიღება?
- ვფიქრობ, მკითხველმა უკვე დიდი ხანია იცის, რომ ექიმთან შეუთანხმებლად არავითარი სამკურნალო თუ პროფილაქტიკური საშუალების მიღება არ შეიძლება. უნდა განსაზღვროს დოზა და, საერთოდ, აუცილებელია თუ არა მისი მიღება. საზოგადოდ კი საქართველოში მცხოვრებ ბავშვს, თუ ის სრულფასოვნად იკვებება, ვიტამინოთერაპია არ უნდა დასჭირდეს.
- რას ურჩევდით მკითხველს?
- მინდა, თქვენი ჟურნალის მკითხველს რამდენიმე რჩევა მივცე:
- არ დააწვინოთ ბავშვი მაძღრისად ნაჭამი;
- ბავშვს უნდა ეძინოს მშვიდად არანაკლებ 10 საათისა;
- ეცადეთ, ფიზიკურად იაქტიუროს - ეს ნორმალური ზრდისა და განვითარების კარგი სტიმულატორია.