ზრდაზე მოქმედი ფაქტორები
სიმაღლეში ზრდაზე ასევე მოქმედებს ზოგიერთი დაავადება:
- ინფექციური სნეულებები;
- გულის მანკები;
- ძვლების ქრონიკული პათოლოგიები.
განსაკუთრებით მავნე გავლენას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების: ჰიპოფიზის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების - დაავადებები. უკანასკნელ ხანს საგრძნობლად იმატა საკუთარი სიმაღლით უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვმა, რომლებიც სიმაღლის მოსამატებლად არაფერს იშურებენ და პრობლემის მოგვარებას ფიზიკურ, ქირურგიულ და მედიკამენტურ საშუალებათა დახმარებით ცდილობენ.
ფიზიკური მეთოდები
სიმაღლეში ზრდის ფიზიკური მეთოდები ვარჯიშთა მთელ კომპლექსს, ფიზიოთერაპიულ პროცედურებს და დაბალანსებულ კვებას მოიცავს.
ფიზიკური ვარჯიში. ნორმირებული ფიზიკური დატვირთვა აჩქარებს ორგანიზმის ზრდა-განვითარების ტემპს და ზრდის სისხლში სომატოტროპული ჰორმონის დონეს, ააქტიურებს ლულოვანი ძვლების ხრტილოვან ქსოვილს და ზრდის ზონებს.
მასაჟი. სპეციალური მოწყობილობებით განხორციელებული პრესული და ვიბრაციული მასაჟი ასევე დადებითად მოქმედებს ზრდის ტემპზე. მისი მთავარი მიზანი სხეულზე არსებული ფუნქციურად აქტიური, ზრდის პროცესზე მოქმედი წერტილების გააქტიურებაა. ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ მისი ჩატარება ყოველთვის არ არის რეკომენდებული. ფიზიკური ვარჯიშისგან თავის შეკავება გმართებთ გადაღლისა და ქრონიკული დაავადებების გამწვავების დროს. პრესული მასაჟი უკუნაჩვენებია კანის, ინფექციური სნეულებების, ვარიკოზული დაავადებების დროს, ვიბრაციული კი ეკრძალებათ ცენტრალური ნერვული სისტემით, შარდსასქესო და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებს. ფიზიკური ვარჯიშისა და მასაჟის ტექნიკა, ხანგრძლივობა და დოზირება მკაცრად განსაზღვრულია, ამიტომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილი მეთოდისტისა და მასაჟისტის დახმარებითა და მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.
კვება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვების ფაქტორი. დადგენილია, რომ რაციონალური კვებით სიმაღლეში 10%-ით გაზრდაა შესაძლებელი. რაციონალურია კვება, როდესაც ადამიანი სქესის, ასაკის, გადატანილი თუ არსებული დაავადებების შესაბამისად იკვებება. ეს, უპირველეს ყოვლისა, ცილებით, ცხიმებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებითა და მინერალური მარილებით დაბალანსებულ რეჟიმს გულისხმობს. ზრდის სტიმულაციისთვის სპეციალისტები წვნიან კერძებს, ხილისა და ბოსტნეულის ცოცხალი წვენს, რძესა და რძის ნაწარმს, ბურღულეულს და მცენარეული უჯრედისით მდიდარ პროდუქტებს გვირჩევენ. რაც შეეხება სტაფილოსა და ჭარხალს, ისინი დღემდე რჩებიან სიმაღლეში მატების ხელშემწყობ საუკეთესო პროდუქტებად, ამიტომ შეგიძლიათ, რამდენიც გენებოთ, იმდენი მიირთვათ, ოღონდ ნურც A ვიტამინით მდიდარ სხვა პროდუქტებს დაივიწყებთ.
ქირურგიული მეთოდი
ქირურგიული მეთოდი მიზნად ისახავს სიმაღლეში მატებას ქვედა კიდურების ძვლების დაგრძელების ხარჯზე. ოპერაცია ზოგადი გაუტკივარებით ტარდება. 2-3 დღის შემდეგ პაციენტს ყავარჯნების დახმარებით სიარული შეუძლია. 8-11 თვის განმავლობაში ოპერაციის შედეგად საშუალოდ 5-6 სმ-ს იმატებენ. მაქსიმალური შედეგი 8-9 სმ-ია. ოპერაცია თანამიმდევრულად, ორივე კიდურზე სამ ეტაპად ტარდება:
I. კიდურზე იდება სპეციალური ორთოპედიული აპარატი, რის შემდეგაც ტარდება ოსტეოტომია (ძვლის გაკვეთა), ძვლების ფრაგმენტები აპარატის დახმარებით ფიქსირდება.
II. ხდება დისტრაქცია -კიდურთა თანდათანობითი დაგრძელება, რაც ოპერაციიდან 1 კვირის შემდეგ ხდება. დისტრაქციის ანუ კიდურთა დაგრძელების სიჩქარე დღეში საშუალოდ 0,75-1 მმ-ს შეადგენს და დამოკიდებულია პაციენტის მიერ პროცედურის ინდივიდუალურ ამტანობაზე. საზოგადოდ, ეს ეტაპი 50-70 დღე გრძელდება და კიდურს 5 სმ-ით აგრძელებს.
III ფიქსაციაა, რომელიც დაახლოებით 100-140 დღე გრძელდება.
სპეციალისტები აპარატის წვრილ ლითონის ჩხირებსა და მომჭერებს ჯერ პაციენტის კანში, რბილ ქსოვილებში, ძვალში და მეორე ზედაპირზე ატარებენ, შემდეგ კვლავ აპარატს ამაგრებენ და მიღწეულ შედეგს აფიქსირებენ. ამ პერიოდში პაციენტი მცირე დისტანციებზე ყავარჯნების საშუალებით გადაადგილდება. როგორც კი ის ერთი კიდურის დატვირთვას შეძლებს, მაშინვე შეიძლება ოპერაციის მეორე ფეხზე ჩატარება. ჩვეულებრივ, ეს ფიქსაციის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ ხდება. ფიქსაციის პერიოდში აპარატი პაციენტს სერიოზულ დისკომფორტს არ უქმნის. ფიქსაციის ეტაპის დასრულების შემდეგ იწყება პოსტოპერაციული რეაბილიტაცია, რომლის დროსაც რეკომენდებულია დოზირებული სიარული, ცურვა, 24 თვის შემდეგ კი დატვირთვის გაზრდა. ოპერაციის შემდეგ კიდურებზე მხოლოდ მცირე ზომის ნაწიბურები რჩება, რომლებიც მალე პრაქტიკულად შეუმჩნეველნი ხდება, თუმცა ოპერაციის შემდეგ თავს იჩენს რამდენიმე უსიამოვნო მომენტი, რომელთა შესახებაც ინფორმაცია პაციენტებმა ოპერაციამდე უნდა მიიღონ:
- ტკივილი - მთელი მანიპულაციის განმავლობაში მათ ტკივილი აწუხებთ, რომელსაც განსაკუთრებით აძლიერებს დისტრაქციის ნორმალური ტემპების დაუცველობა და ნებადართული მოძრაობითი აქტივობის რეჟიმის დარღვევა. ტკივილის ხარისხი ინდივიდუალური და არაპროგნოზირებადია. იგი ადვილად ითრგუნება ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატებით.
- კიდურთა დაგრძელების მიზნით ჩატარებული ოპერაციის აპარატული მკურნალობის დასრულების შემდეგ აუცილებელია აღდგენითი მკურნალობის ჩატარება, რათა თავიდან იქნეს აცილებული სახსრებში მოძრაობის შეზღუდვით გამოწვეული კუნთების ატროფია (განლევა). აღდგენითი თერაპია ინდივიდუალურია და 1-დან 4-5 თვემდე ვარირებს. იგი ითვალისწინებს სამკურნალო ფიზკულტურას და ფიზიოთერაპიულ პროცედურებს.
- ჩხირებისა და მომჭერების ადგილს სჭირდება განსაკუთრებული მოვლა - ანტისეპტიკური ხსნარებით დამუშავება და სუფთა ნახვევების დადება, რადგან ჩხირების კანში შეყვანისას ზოგჯერ ვითარდება ინფექციური პროცესი, რომელიც შესაძლოა ოსტეომიელიტით (ძვლოვანი ქსოვილის ანთებით) გართულდეს. კიდურების დაგრძელების ოპერაცია საკმაოდ რთული ქირურგიული მანიპულაციაა, ამიტომ მისი ჩატარება სპეციალიზებულ კლინიკაში, გამოცდილ სპეციალისტებთან სჯობს.
მედიკამენტური საშუალებები
სიმაღლეში მედიკამენტების დახმარებით ზრდა ეფუძნება ზრდის ანუ სომატოტროპული ჰორმონის სინთეზური ანალოგის შემცველ პრეპარატთა გამოყენებას. სომატოტროპული ჰორმონი ზრდაზე უშუალოდ არ მოქმედებს. იგი აძლიერებს ღვიძლის მიერ ინსულინისმაგვარი ზრდის ფაქტორების გამომუშავებას, რომლებიც ორგანიზმზე რამდენიმე მიმართულებით მოქმედებენ:
- ხელოვნური ზრდის ჰორმონის ინექციები ზრდიან ადამიანის სასიცოცხლო ტონუსს, აუმჯობესებენ ცხიმოვან ცვლას, ძვლოვანი ქსოვილის სტრუქტურას, აღდგენით პროცესებს.
- პრეპარატები, რომლებიც ზრდის სინთეზურ ჰორმონებს შეიცავენ, ზრდას განსაკუთრებით - 5-10 სმ-ით - ასტიმულირებენ მკურნალობის პირველ წელს. მეორე წელს ტემპი ნელდება, თუმცა სიმაღლეში ზრდა რამდენიმე ხანს მაინც გრძელდება.
- სომატოტროპული ჰორმონის სინთეზურ ანალოგს აქვს ძლიერი ანაბოლური ეფექტი, ხელს უწყობს ცილების სინთეზს, რაც კუნთების ზრდითა და რაოდენობრივი მატებით გამოიხატება.
- სომატოტროპული ჰორმონის პრეპარატები განამტკიცებენ შემაერთებელ ქსოვილს, მყესებს, ძვლებსა და ხრტილებს.
- ხელს უწყობენ ორგანიზმში ნატრიუმის, კალიუმისა და ფოსფორის შეკავებას, რითაც აღადგენენ ძვლის მინერალურ შემადგენლობას და სიმტკიცეს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, ის მძიმე გართულებებიც, რომლებიც პრეპარატების გამოყენებას ახლავს თან. ყველაზე ხშირად ეს არის:
- თავის ტკივილი;
- ქალასშიდა წნევის მატება.
გარდა ამისა, მოსალოდნელია:
- შეშუპება;
- სახსრებისა და კუნთების ტკივილი;
- შაქრიანი დიაბეტი;
- წყალმარილოვანი ცვლის გაძლიერება;
- შაქრის უკმარისობა;
- ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია;
- გაცხიმოვნება;
- ალერგიული რეაქციები;
- აკნე;
- თმის ცვენა;
- ქალებში თმიანობის გაძლიერება;
- მრავალი სხვა გართულება, რომლებიც უმთავრესად დოზის არასწორი შერჩევით არის განპირობებული.
პრეპარატების ეფექტს დიდწილად განსაზღვრავს პაციენტის ინდივიდუალური თავისებურებანი და თანმხლები დაავადებების არსებობა, ამიტომ მათი მიღება მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით არის ნებადართული.