ქალასშიდა წნევა
რომელ დაავადებაზე მიუთითებს მისი მომატება ან როგორ ვუმკურნალოთ? ამ და სხვა კითხვებზე მოგვიგებს ბავშვთა ნევროლოგი რუსუდან გაჩეჩილაძე:
-
რას წარმოადგენს ქალასშიდა წნევა?
- ქალასშიდა წნევა შეიძლება არტერიულ წნევას შევადაროთ. იგი ყველა ადამიანს აქვს და დროდადრო მცირე ხნით იმატებს კიდეც, თანაც სავსებით ბუნებრივი მიზეზით: დეფეკაციის, ტირილის ან ფსიქოემოციური სტრესის შედეგად, თქვენ წარმოიდგინეთ, ძუძუს წოვის დროსაც კი - ჩვილისთვის ეს სერიოზული ფიზიკური დატვირთვაა. წნევის ასეთი ხანმოკლე მომატება, რა თქმა უნდა, პათოლოგია არ არის და არც სპეციალურ მკურნალობას საჭიროებს.
ქალასშიდა წნევა ცერებროსპინალური სითხის - ლიქვორის წნევაა. ლიქვორით ამოვსებულია თავის ტვინის პარკუჭები და ზურგის ტვინის არხი. ტვინის ქსოვილის კვებას სწორედ ეს სითხე უზრუნველყოფს. გარდა ამისა, იგი ავსებს სივრცეებს თავისა და ზურგის ტვინს შორის, ტვინსა და ქალას ძვლებს შორის, ხერხემლის სივრცეებს. ტვინში არის ხვრელები, საიდანაც ლიქვორი გაედინება. პათოლოგიური პროცესი ლიქვორის გადინებას აფერხებს, სითხე თავის ტვინის პარკუჭებში რჩება და ბუნებრივია, მისი წნევაც იმატებს.
ლიქვორის მოცულობა ადამიანის ასაკზეა დამოკიდებული და ამის კვალობაზე უმნიშვნელოდ ვარირებს. ყოველ საათში მისი დაახლოებით 15% განახლდება.
-
რა იწვევს ქალასშიდა წნევის პათოლოგიურ მომატებას?
- ქალასშიდა წნევის პათოლოგიურ მომატებას სხვადასხვა მიზეზი განაპირობებს. ჩვილ ასაკში ის შეიძლება თავის ტვინის განვითარების მანკს, სიმსივნეს, ქალას ძვლების ნაადრევ შეხორცებას (ყიფლიბანდის დროზე ადრე დახურვას) უკავშირდებოდეს. წნევა იმატებს თავის ტვინისა და მისი გარსების ანთებითი დაავადებების (მენინგიტის, ენცეფალიტის, მენინგოენცეფალიტის), ტრავმის შედეგადაც. ამრიგად, ქალასშიდა წნევის მომატება სიმპტომია და არა დაავადება. გასარკვევი ის არის, რომელი პათოლოგიის მაუწყებელია ეს ნიშანი.
-
როდის და როგორ იზომება წნევა?
- ქალასშიდა წნევის მომატებაზე მრავალი სიმპტომი მიუთითებს, მაგრამ დიაგნოზის დასაზუსტებლად და პათოლოგიის მიზეზის დასადგენად აუცილებელია გამოკვლევების ჩატარება. ჩვილ ბავშვებს თავის ქალას ულტრაბგერით გამოკვლევას - ნეიროსონოსკოპიას უტარებენ, მაგრამ მისი ჩატარება მხოლოდ მანამდეა შესაძლებელი, ვიდრე დიდი ყიფლიბანდი დაიხურება. უფრო მოზრდილებისთვის კი კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და თვალის ფსკერის გამოკვლევას მიმართავენ. სხვათა შორის, ამ ასაკში ქალასშიდა წნევის მომატების ერთ-ერთი სარწმუნო ნიშანი მხედველობის ნერვთა დისკების შეშუპებაა, რომელიც მხოლოდ თვალის ექიმმა შეიძლება აღმოაჩინოს, ამიტომ თვალის ექიმთან ვიზიტზე უარს ნუ იტყვით. შესაძლოა, მისი სიტყვა დიაგნოზისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
უშუალოდ ცერებროსპინალური სითხის წნევის გაზომვა შეიძლება მხოლოდ ქირურგიული მანიპულაციის - ლუმბალური ან პარკუჭთაშიგა პუნქციის დროს. რაც შეეხება დღემდე პოპულარულ ექოენცეფალოგრაფიას, ის მაინცდამაინც ზუსტ პასუხს ვერ იძლევა.
-
რა ჩივილები აქვს პატარას?
- ქალასშიდა წნევის მომატება სხვადასხვა ასაკის ბავშვებში შეიძლება სრულიად სხვადასხვა ნიშნით გამოვლინდეს, მაგრამ თითოეული ეს სიმპტომი მაინც მეტად დამახასიათებელია ამ დაავადებისთვის.
ჩვილებს, წესისამებრ, აღენიშნებათ:
-
- თავის გარშემოწერილობის მეტისმეტად სწრაფი ზრდა;
- თვალის კაკლების გადმოკარკვლა;
- ჩამავალი მზის სინდრომი- თავის დახრისა და უკან გადაწევის დროს თვალის კაკლები თვალბუდეში მზესავით ჩაესვენება;
- პერიოდული ღებინება და ხშირი ამოქაფება;
- დიდი ყიფლიბანდის ამობურცვა და დაჭიმვა;
- ქალას ნაკერების დახსნა;
- სიელმე.
უფროსი ასაკის ბავშვებს ხშირად აქვთ:
-
- ღებინება;
- შეუპოვარი თავის ტკივილი;
- ახსიათებთ განწყობის სწრაფი და თითქოს უმიზეზო ცვალებადობა;
- შეფერხებული აქვთ გონებრივი განვითარება;
- ეცვლებათ მოძრაობითი უნარ-ჩვევები;
- უჩნდებათ კრუნჩხვისადმი მიდრეკილება;
- სიელმე.
-
როდის იმატებს ქალასშიდა წნევა?
- ხშირად პატარას ჰიპერტენზიულ-ჰიდროცეფალური სინდრომის დიაგნოზს უსვამენ. ეს საერთო სახელწოდებაა იმ კლინიკური ნიშნების ერთობლიობისა, რომლებიც ქალასშიდა წნევის მომატებასა და თავის ტვინის პარკუჭების გაფართოებას სდევს თან.
ჰიპერტენზიულ-ჰიდროცეფალური სინდრომი მრავალ დაავადებას შეიძლება ახლდეს. მშობლები აღნიშნავენ, რომ მათ პატარას დარღვეული აქვს ძილი და მადა, აწუხებს ხშირი ამოქაფება, ხელ-ფეხისა და ნიკაპის კანკალი, რომელიც განსაკუთრებით შესამჩნევია ტირილის დროს, გასინჯვისას (განსაკუთრებით მაშინ, როცა ბავშვი დღენაკლულია ან აქვს რომელიმე თანდაყოლილი მანკი) ვლინდება ქალასშიდა წნევის დროებითი მომატების ნიშნები. ამას ერთვის თავის ტვინის პარკუჭოვანი სისტემის გაფართოება. ყოველივე ეს პერინატალური ენცეფალოპათიის სავარაუდო გამოვლინება გახლავთ. იგი პატარას დაბადებამდე და დაბადებიდან 28 დღის განმავლობაში არახელსაყრელი ფაქტორების ზემოქმედების შედეგად უვითარდება.
გვიანი ტოქსიკოზები, ინფექციები, რომელთა შესახებ დედას ზოგჯერ წარმოდგენაც არ აქვს (ციტომეგალოვირუსი, ტოქსოპლაზმოზი და სხვა), არახელსაყრელი ეკოლოგიური პირობები - ყოველივე ამის გამო ნაყოფს ჟანგბადოვანი შიმშილი ეწყება. ჟანგბადის ქრონიკული უკმარისობის - საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსიის - გამო პაწიას განვითარება ფერხდება და ტვინის ზოგიერთი სტრუქტურა დაბადების მომენტისთვის საკმარისად მომწიფებული არ არის.
იმისათვის, რომ პერინატალური ენცეფალოპათიის დიაგნოზი დაისვას და პათოლოგიას სწორად ვუმკურნალოთ, აუცილებელია დამატებითი გამოკვლევები, ნევროპათოლოგის, ზოგ შემთხვევაში - ნეიროქირურგის განმეორებითი კონსულტაცია. თუ ბავშვს ცერებროსპინალური სითხის მოცულობა ინტენსიურად ეზრდება, ეს უკვე ჰიდროცეფალიაა და მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვს.
-
რა ჩივილები აქვს ბავშვს ჰიდროცეფალურ-ჰიპერტენზიული სინდრომის დროს?
- ჰიდროცეფალურ-ჰიპერტენზიული სინდრომის დროს ბავშვები ექიმთან მიჰყავთ შემდეგი ჩივილებით: დიდხანს ვერ ჩერდება ერთ ადგილზე; ემოციურად ლაბილურია; ადვილად ეფანტება ყურადღება; იმპულსურია; სწრაფად იღლება; აწუხებს თავის ტკივილი, რომელსაც ზოგჯერ პირღებინებაც ერთვის; ცუდად სძინავს. ეს სიმპტომები მიუთითებს ისეთ გავრცელებულ მდგომარეობაზე, როგორიც არის მცირე ტვინოვანი დისფუნქცია და მისი სხვადასხვა კლინიკური ვარიანტი.
-
როგორ ვუშველოთ პატარას?
- როგორც კი შეამჩნევთ, რომ პატარას ისეთი ჩივილები აქვს, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ნევროპათოლოგს. პერინატალური ენცეფალოპათიის მკურნალობისას, თუკი მას ლიქვორის მოცულობის მყარი მატება არ სდევს თან, შარდმდენ საშუალებებს არ ვიყენებთ. ბავშვებს უტარდებათ თერაპია, რომელიც თავის ტვინის სისხლის მიმოქცევასა და კვებას აუმჯობესებს. პერინატალური ენცეფალოპათიის შედეგების სამკურნალოდ კი მედიკამენტებთან ერთად მიმართავენ სხვა მეთოდებსაც: სარელაქსაციო მასაჟს, სამკურნალო ფიზკულტურას, ცურვას.
პატარებს, რომელთაც ახალშობილობისა და ჩვილობის პერიოდში პერინატალური ენცეფალოპათიის დიაგნოზს უსვამენ, მოგვიანებით ხშირად უვითარდებათ მცირე ტვინოვანი დისფუნქცია (რომლის სიმპტომებზეც უკვე ვისაუბრეთ). ასეთ შემთხვევაში სამკურნალოდ თავის ტვინის კვების გამაუმჯობესებელი პრეპარატები - ნოოტროპები გამოიყენება. აუცილებლობისას ინიშნება დამამშვიდებელი მედიკამენტები, ვიტამინები.
მკურნალობა ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ბავშვს დაავადება სხვადასხვაგვარად უვლინდება. ხშირად ინიშნება მასაჟი, სამკურნალო ფიზკულტურა, რეფლექსოთერაპია, ფიზიოთერაპიული პროცედურები - ლაზერი, ელექტროფორეზი. კარგი თერაპიული ეფექტი აქვს ნევროპათოლოგისა და ფსიქოლოგის (ან ნეიროფსიქოლოგის) ერთობლივ მუშაობას.
პატარა პაციენტებს განსაკუთრებით სჭირდებათ გარშემო მყოფთა სითბო, ყურადღება და მზრუნველობა. ეს უმნიშვნელოვანესი პირობა გახლავთ, რომლის გარეშეც საეჭვოა, მკურნალობამ შედეგი გამოიღოს.
დაიხსომეთ: ქალასშიდა წნევის მომატება დიაგნოზი არ არის, იგი მხოლოდ და მხოლოდ შედეგია, ერთ-ერთი დიაგნოსტიკური ნიშანია სხვა დაავადებისა, რომლის დროული გამოვლენა და სწორი მკურნალობა ბავშვის სრულფასოვანი მომავლის საწინდარია.