დავუბრუნდეთ წარსულს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დავუბრუნდეთ წარსულს

.

სათამაშო, ჩვენი ბავშვობის აუცილებელი ატრიბუტი, მოწიფულ ასაკშიც სიამოვნებას გვგვრის, მისი შეძენა დღესაც დადებითი ემოციით გვავსებს, თუმცა საბავშვო სექციაში ვიბნევით და არჩევანის გაკეთება გვიჭირს: ყველაფერი ლამაზია, ყველაფერი მოგვწონს, მაგრამ შეძენა ვერა და ვერ გადაგვიწყვეტია. "რას მისცემს ის ბავშვს, გარდა იმისა, რომ რამდენიმე წუთით გაართობს?" - არ გვასვენებს შეკითხვა.

წინათ, როცა სინთეზური მასალები არ არსებობდა, ბავშვებს თვითნაკეთი სათამაშოებით უხარებდნენ გულს. დღეს, რა თქმა უნდა, სათამაშოს შეძენა ძნელი არ არის, მაგრამ აუცილებელია, მათ შორის ნატურალური, "რევოლუციამდელი ეპოქის სათამაშოებიც იყოს - ისინი ხომ დედის ხელების სითბოს გადასცემენ პატარებს. სამყარო ბავშვის თვალით ყველაფერი, რასაც ბავშვი პირადი გამოცდილებით შეიტყობს, მის მიერ ეტალონად აღიქმება, ყოველივე ის კი, რასაც ახსნა სჭირდება, იკრიბება, ბავშვის გონებაში ილექება და ასობით, ათასობით კითხვას ბადებს. ამიტომ უმჯობესია, პატარას სამყაროს შესწავლისთვის ის საგნები და მოვლენები შევთავაზოთ, რომელთა გაგებისა და მიღების უნარიც აქვს მოცემული მომენტისთვის. ამოსავალი წერტილი მისი ფიზიოლოგიური შესაძლებლობები და ასაკობრივი მოთხოვნილებები უნდა იყოს.

  • პირველი ორი თვე

ამ პერიოდში ბავშვს სათამაშო ფაქტობრივად არ სჭირდება. ყველაფერი, რაც მის ირგვლივ არის, საკმარისია. პატარა ყურადღებით აკვირდება დედას, იმახსოვრებს, რა უძღვის წინ მის გამოჩენას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ყოველდღიური რეჟიმი უმნიშვნელოდ იცვლებოდეს ან საერთოდ უცვლელი იყოს. ამ ასაკში ბავშვი უკვე ხვდება, რომ კარი გაღებისას გარკვეულ ხმას გამოსცემს, დედის გავლისას ჰაერი მოძრაობს, სარკმელი თუ გაიღება, ფარდა ამოძრავდება...

ამ მოვლენების აღქმის გამოა, რომ მობილი (ფრანგული სიტყვიდან "მობილე" - მოძრაობა) ყველა დროისა და ასაკის საუკეთესო სათამაშოდ მიიჩნევა. ის ქარხნულად დამზადებულიც შეიძლება იყოს და კუსტარულიც. ეს უკანასკნელი ზემოთ აღწერილ მოვლენებს ემყარება და ბავშვისთვის გაცილებით იოლად გასაგებია. თითებზე ან პატარა ჯოხებზე დამაგრებული სიგარეტის ქაღალდი ან ფოლგა, ხის ტოტზე მიმაგრებული მშრალი ფოთლები ან აბრეშუმის ქსოვილის ნაჭრები სულის შებერვითაც შეიძლება ავამოძრაოთ. ყოველივე ამას ისევე უსასრულოდ შეიძლება ვადევნოთ თვალი, როგორც წყლის ნაკადს ან ცეცხლის ენებს...

  • 2-2,5 თვე

პატარა უკვე ხვდება, რომ ხელი მას ემორჩილება, ის შეიძლება ავწიოთ და იმ ლამაზ სათამაშოს მივწვდეთ, რომელიც დედამ სწორედ ჩვენი ხელის სიმაღლეზე დაკიდა. რა შეიძლება შევთავაზოთ პატარას მსგავსი მცდელობისას?

  1. პირველი - იმ მასალის შეგრძნება, რომლისგანაც სათამაშოა დამზადებული,
  2. მეორე - ხმა.

შეგვიძლია, ვაიძულოთ საგნები, შეხებისას ხმა გამოსცენ. ალბათ დაგვეთანხმებით, რომ თუ ამ ასაკში ბავშვი მხოლოდ პლასტმასის ან პლუშის სათამაშოთი თამაშობს, სამყარო ერთფეროვანი მოეჩვენება. მშობლის ფანტაზია ახალ-ახალ იდეებს ბადებს, რათა ბავშვისთვის შემეცნების პროცესი საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოს. შეიძლება, პაწაწინა მონაცვლეობით შეეხოს მაგარსა და რბილს, თბილსა და ცივს, გლუვსა და ხაოიანს. ამისთვის მას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ხის, ქვის, ლითონის, ნაქსოვ, აბრეშუმით შემოსილ საგნებზე. ისინი შეიძლება "ავახმიანოთ" კიდეც, თუ შიგ ლობიოს, წიწიბურას, ხორბალს, მარილს, მონეტებს ჩავყრით. ერთი სიტყვით, შეგვიძლია, საოცარი მრავალფეროვნება შევქმნათ და ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი, ძვირად ღირებული სათამაშოებით სავსე დიდი ყუთი გვქონდეს. როგორც ყოველთვის, ამ დროსაც ზომიერებაა საჭირო. საკმარისია, პაწაწინას დავუკიდოთ 2-3 სათამაშო, რომლებაც გარკვეული ხნის შემდეგ შევცვლით.

  • 3-3,5 თვე

ბავშვის მოძრაობებში რევოლუციური ცვლილებების პერიოდი დგება. მას უკვე შეუძლია, არა მარტო აიღოს სათამაშო, არამედ მუცელზე წოლისას ხელი გასწიოს და "მოიპოვოს" ის. ამ ასაკში პატარას უნდა მივცეთ სათამაშო, რომელიც ადვილი დასაკავებელი და უსაფრთხოა.

თუ მაღაზიის ჩხრიალებს ტრადიციულ ხალხურ ჩხაკუნებსაც დავუმატებთ, ამოუწურავ მრავალფეროვნებას მივიღებთ. ხის, მოწნული, ნაქსოვი თუ შეკერილი საჩხაკუნოები სხვადასხვა ხმას გამოსცემენ და ბავშვიც მათ განსხვავებულად აღიქვამს. თანაც პატარა უკვე ცდილობს, ყველაფერს გემო გაუსინჯოს, ამდენად, ნატურალური მასალისგან დამზადებული სათამაშოების ბუნებრივი ანტისეპტიკური თვისებები მეტად მნიშვნელოვანია.

გაითვალისწინეთ: თუ სათამაშოს საკუთარი ხელით ამზადებთ, ის ისე უნდა შეიკეროს, რომ მისი მთლიანობა არ დაირღვეს და პატარას საფრთხე არ შეუქმნას.

მიტაცების უნარის შეძენასთან ერთად ბავშვი ფორმების გარჩევასაც იწყებს. მართალია, სათამაშოს ან სხვა საგნის ერთი ხელიდან მეორეში გადატანის უნარი მოგვიანებით ვითარდება, მაგრამ თუ ამ ასაკის ბავშვს ხელში რგოლს მივცემთ, პატარა მალე აღმოაჩენს, რომ ის შეიძლება ორივე ხელითაც დაიჭიროს და მარტო ერთითაც, მარჯვენათიც და მარცხენათიც.

  • 4-4,5 თვე

დადგა საგნების ფიზიკური თვისებების შესწავლის დრო. ბავშვი ეცნობა, რა როგორ ეცემა, ხმაურობს და ხტის. შეიძლება, დავუბრუნოთ ბურთები, რომლებიც საწოლთან ეკიდა. პატარა მალე ხვდება, რომ რეზინის ბურთი დაცემისას ხტის, შალისა გაგორდება, ხოლო ლობიოთი გატენილი უძრავი რჩება.

მნიშვნელობა აქვს ფორმასაც - კუბი სულ სხვანაირად ეცემა, ხოლო ბურთი ხტის... ეს ყველაფერი პაწაწინამ საკუთარი გამოცდილების საფუძველზე უნდა შეიტყოს. ძალიან საინტერესოა ბავშვისთვის კალათი, რომელშიც ბურთები "ცხოვრობენ". პატარას მოსწონს ბურთების ამოღება და უკან ჩაწყობა, თანაც ასეთი კალათის მეშვეობით მისი ხასიათიც შეგვიძლია შევიტყოთ - მომთმენი ბურთებს სათითაოდ იღებს, ხოლო სულსწრაფი უცებ გადააბრუნებს კალათს. ამ ასაკისთვის პოპულარულია სათამაშოები, რომლებიც შეიძლება გავწელოთ.

  • 5-6 თვე

განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს დიდი საგნები. ეს შეიძლება იყოს საკუთარი ჯამი და კოვზი, ასევე - ორი ჯამი, რომელთაგან ერთი უფრო დიდია, ხოლო მეორე - პატარა. დიდ-პატარა ჯამები ბავშვს ზომის შეგრძნებას უჩენს. რაკი 6 თვისთვის ბავშვი ცოცვას იწყებს, შეგვიძლია, ისეთი სათამაშოები ვუყიდოთ, რომლებიც "გარბიან - ბურთები, ხის რგოლები, მგორავი ჩხაკუნები. მალე კბილების ამოჭრაც იწყება, ამიტომ აქტუალურია ყველაფერი, რისი ღრღნაც უსაფრთხოა.

  • 6 თვიდან

პატარამ ცოცვა დაიწყო და სახლი თავდაყირა დადგა. ყველაფერი, რაც აკრძალულია, ზედა თაროზე უნდა გადასახლდეს. თუმცა ვერც ერთი დედა ვერ ახერხებს, ბავშვს ყველაფერი დაუმალოს. ეს განსაკუთრებით რთულია, თუ მეორე შვილსაც არანაკლები ყურადღება სჭირდება. ასეთ დროს უებარი საშუალებაა პერსონალური უსაფრთხო კუთხე, რომლის შექმნაც მანეჟის მეშვეობით არის შესაძლებელი.

პატარამ რომ არ მოიწყინოს, შეგვიძლია, მისი ასაკისთვის საინტერესო სათამაშოებით "მოვამარაგოთ". კბილების ამოჭრისას დაგვეხმარება სპეციალური რგოლები და ხის შეუღებავი სათამაშოები. ბავშვების ინტერესს იწვევს სათამაშო, რომელიც რეზინით შეერთებული რამდენიმე დეტალისგან შედგება და ფორმას იცვლის, ბურთი, რომელიც ხმას გამოსცემს. ვერც ერთი თამაში ვერ შეედრება ბანაობისას მიღებულ სიამოვნებას. ვინაიდან ბავშვი უკვე ზის, აბაზანაში თამაში სულ უფრო აქტუალური ხდება. რა თქმა უნდა, ამ მიზნით მხოლოდ რეზინისა და პლასტმასის სათამაშოები შეიძლება გამოვიყენოთ. გამოგვადგება პოლიეთილენის ცარიელი ბოთლებიც, რომლებიც სხვადასხვა სიღრმეზე ეშვება. ღრუბელი, რომელიც წყალს ისრუტავს და ხელის მოჭერისას გამოასხამს, არანაკლები გასართობია.

  • 8 თვისთვის

სათამაშოების ზომა იზრდება - ბავშვს უკვე მოზრდილთათვის განკუთვნილი ქვაბები და ჯამები ხიბლავს. საკუთარი თეფში, რომელიც ერთხელ უკვე გადააბრუნა, აღარ აინტერესებს. საერთოდ, ყველა წვრილმანს აღარ თვლის ყურადღების ღირსად და იმ საგნებისკენ მიისწრაფვის, რომლებითაც მშობლები სარგებლობენ. რას იზამთ, მოგიწევთ, შვილის სურვილს ხის ან პლასტმასის ჯამი და კოვზი შესწიროთ...

პატარებს ხიბლავთ სათამაშოების დამალვის უნარი, ამიტომ აჩვენეთ, როგორ იმალება საჩხაკუნო ნაჭრის ქვეშ. კარგი გასართობია სხვადასხვა ფერის ქსოვილის ნაჭრებიც, ოღონდ არა იმდენად უხეში, რომ პატარამ კანი დაიზიანოს და არც ისეთი ნაზი, რომ მისი დანაკუწება და გადაყლაპვა შეძლოს.

8 თვისთვის ზოგიერთი ბავშვი დგომას სწავლობს. უნდა მოვახერხოთ, რომ მის ახლოს მხოლოდ მყარად მდგარი ავეჯი მოხვდეს, ვინაიდან პატარა ფეხზე დგომისას სწორედ მათ ეყრდნობა. ამისთვის კი დეკორაციის შეცვლა დაგჭირდებათ. როგორც ვთქვით, ბავშვს განსაკუთრებით იზიდავს მოზრდილთათვის განკუთვნილი საგნები. მცდელობა, წიგნის ნაცვლად სათამაშო შევთავაზოთ, ხოლო კომპიუტერის კლავიატურა გაფუჭებული კომპიუტერით შევცვალოთ, აუცილებლად კრახით დამთავრდება. უმჯობესია, ვთქვათ ორი სიტყვა: "არ შეიძლება". ცხოვრების ამ ეტაპზე ჩვეულებრივი სათამაშოები პატარებს, სამწუხაროდ, სულ არ აინტერესებთ.

  • 10 თვისთვის

ბავშვი სწავლობს ერთი საგნის მეორეზე მოთავსებას, ბოთლისა და საცობის, ქილისა და თავსახურის შეერთებას. ეს დროებითი ხსნაა მშობლებისთვის, თუმცა მათი საგნები კვლავ გაცილებით საინტერესოა, ვიდრე სათამაშოები. მადლობა ღმერთს, შეიძლება, პატარას ყურადღება კუბებით, პირამიდებით და სხვადასხვა ზომის ყუთებით მივიპყროთ. ამ ასაკისთვის ვითარდება წვრილი მოტორიკაც და ორი თითით (პინცეტისებურად) საგნების აღების უნარიც, ამიტომ შეგვიძლია, პატარას მცირე ზომის სათამაშოებიც შევთავაზოთ, მაგრამ არც ისე მცირე, რომ გადაეყლაპოს.

  • 1 წლისთვის

პატარა ფეხს იდგამს. ამ ასაკიდან სათამაშო მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. გარესამყაროს გაცნობა დამთავრებულია. ახლა ადამიანისა და მისი საქმიანობის შემეცნება იწყება, რისთვისაც აუცილებელია თოჯინა. აუცილებელი როდია, ის ძვირფასი და ულტრათანამედროვე იყოს. მრავალი ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ თოჯინის პრიმიტიულობა მისი უდავო ღირსებაა, რადგანაც ეს ბავშვის ფანტაზიას ავითარებს. პატარა გოგონებს თოჯინების დაძინება ძალიან უყვართ, თუმცა ამ თამაშში ხშირად ვაჟებიც მონაწილეობენ და მანქანებსა და ჯოხის ცხენს მცირე ხნით ივიწყებენ.