ეს - დედიკოს ხათრით, ეს - მამიკოს ხათრით...
მეორე - დამატებითი საკვები შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც რძეში ან ცოტაა, ან საერთოდ არ არის.
ბავშვები, რომლებსაც არასოდეს გაუსინჯავთ "ნამდვილი" საჭმელი, რძეს მოელიან და იმედი რომ გაუცრუვდებათ, ჭამაზე უარს ამბობენ, ამიტომ პირველ ხანებში დამატებითი საკვები ან რძემდე, ან შუა ჭამაში გაასინჯეთ. როცა ბავშვი მიხვდება, რომ ეს უცხო ფიაც ისევე კლავს შიმშილს, როგორც რძე, მასაც სიამოვნებით შეექცევა.
-
როგორი უნდა იყოს კოვზი
ჩაის კოვზი მეტისმეტად პატარაა, საჩაროზე და სადილისა კი - მეტისმეტად დიდი. სჯობს, პაწია დამატებით კერძს ყავის კოვზით შეექცეს, რომელიც უფრო ფართო და ბრტყელია.
-
რომელი საკვებით დავიწყოთ
პირველად ბოსტნეულის პიურე გაასინჯოთ თუ ბურღულის ფაფა, ამას პირადი პედიატრი გირჩევთ.
დამატებით საკვებს ბავშვები გასინჯვისთანავე როდი იღებენ. გირჩევთ, თავდაპირველად ერთი ჩაის კოვზი მისცეთ. თუ მოეწონა და არც მონელება გასჭირვებია, ულუფა თანდათან 2-3 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ.
როცა პატარა პირველად გასინჯავს დამატებით საჭმელს, შესაძლოა, ცხვირი აიბზუოს. არ გაუბრაზდეთ, ამ კერძს ხომ მისთვის უცხო გემო და კონსისტენცია აქვს. გარდა ამისა, ჯერ კოვზსაც არ შესჩვევია. ძუძუს წოვისას რძე თავისთავად გადასდის ყელში, მაგრამ როცა საჭმელს კოვზით უდებენ პირში, მან არ იცის, რა უყოს ლუკმას, ენით ისეთ მოძრაობას აკეთებს, თითქოს წოვდეს, ამიტომ ფაფა პირიდან გადმოსდის და ნიკაპზე ეღვრება. თქვენ ხელახლა უნდა ჩაუდოთ პირში ფაფით სავსე კოვზი და ასე გაიმეოროთ მრავალგზის.
დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ჭამისას მისცემთ ფაფას ან პიურეს, მაგრამ მაინც სჯობს, მაშინ აჭამოთ, როცა უფრო მეტად შია. თავდაპირველად კერძი თხელი, თითქმის რძის სისქისა მოამზადეთ. მას ბავშვი ადვილად გადაყლაპავს და ისე უცნაურიც არ მოეჩვენება.
ორიოდე დღეში გეცოდინებათ, მოსწონს თუ არა თქვენს შვილს ფაფა. ზოგიერთი მას მაშინვე ეგუება და კოვზის დანახვისას პირს ბარტყივით აღებს, ზოგს კი მისი დანახვაც არ უნდა. თუ ძალით აჭმევთ, პატარა გააფთრებულ წინააღმდეგობას გაგიწევთ, ერთ-ორ კვირაში კი შეიძლება რძესაც აღარ მიეკაროს. პედიატრთან კონსულტაციის შემდეგ სატყუარად გახეხილი ხილი გამოიყენეთ. ეს არ გაგიჭირდებათ - ხილი ყველა ბავშვს მოსწონს, ორიოდე კვირის შემდეგ კი პატარას მოეჩვენება, რომ ყველაფერი, რასაც კოვზით მიართმევენ, გემრიელია. ჰოდა, სწორედ ამ დროს შესთავაზეთ ფაფა.
ბავშვი ყოველგვარ ხილს ნელ-ნელა მიაჩვიეთ. ჩვილების უმრავლესობას ერთ ჯერზე 50-60 გრამი ჰყოფნის.
-
ხილი
შავმა ქლიავმა შესაძლოა კუჭის მოქმედება გაახშიროს, სხვა ხილი კი ასეთ ზემოქმედებას თითქმის არ ახდენს. შავი ქლიავი სუსტი საფაღარათო საშუალებაა, ამიტომ ორმაგად ფასობს იმ ბავშვებისთვის, რომელთაც ქრონიკული შეკრულობა აქვთ. ასეთ პატარებს გახეხილი შავი ქლიავი შეგიძლიათ ყოველდღე მისცეთ, ოღონდ მხოლოდ ერთხელ, დანარჩენი კვებისას კი სხვა ხილი - ვაშლი, ატამი, ბანანი - შესთავაზეთ.
თუ თქვენს პატარას კუჭი ადვილად ეშლება, სჯობს, ხილი დღეში ერთხელ აჭამოთ, ხოლო შავი ქლიავი მენიუდან საერთოდ ამოიღოთ.
-
ბოსტნეული
პატარა ბავშვებს უმთავრესად რამდენიმე ბოსტნეულის ფაფას აძლევენ. ესენია კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, გოგრა, ყვავილოვანი კომბოსტო.
თავდაპირველად ბავშვის განავალში მოუნელებელ ბოსტნეულს შეამჩნევთ. ეს ნორმალური მოვლენაა, თუ განავალი თხელი არ არის და არც ლორწო ურევია. ვიდრე ბავშვის კუჭი ბოსტნეულს არ შეეჩვევა, ულუფას ნუ გაზრდით.
ჭარხალი ბავშვის შარდსა და განავალს აწითლებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ და როცა პატარას ჭარხალს აჭმევთ, ნუღარ აგაღელვებთ უჩვეულოდ წითელი განავლისა და შარდის დანახვა.
ბოსტნეულის ფაფა მწვანილით - ოხრახუშით, კამით, ნიახურით, ცოტაოდენი მარილითაც შეკაზმეთ, კარაქი კი თეფშზე გადმოღებულ კერძში ჩაუდეთ.
გოგრის ფაფა რძითაც შეგიძლიათ მოამზადოთ.
კარტოფილი სახამებელთან ერთად შეიცავს რკინას, მინერალურ მარილებს (განსაკუთრებით - კალიუმს) და ჩ ვიტამინს. ბავშვის რაციონში ეს ბოსტნეული 6 თვის შემდეგ შეაქვთ.
ბავშვმა კარტოფილი ადვილად რომ გადაყლაპოს, ბლომად რძე დაასხით და პატარ-პატარა ულუფებით აძლიეთ.
-
რჩევები
- 6-7 თვის ბავშვს შეუძლია, საკვები ხელში დაიჭიროს. ამ ასაკში მას ღეჭვის სურვილი ებადება. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი ჭამის ჩვევის გამომუშავებას. თუ ბავშვს ხელით ჭამის საშუალებას არ მისცემთ, არც კოვზით ჭამის სურვილი გაუჩნდება.
- თავდაპირველად პატარას პურის ქერქს, ორცხობილას აძლევენ. ის ღრძილებით ღეჭავს და წუწნის საკვებს. თუ ეს კბილების ამოჭრის დროს დაემთხვა, ღეჭვა უფრო მეტ სიამოვნებას მოჰგვრის. ოღონდ უმეთვალყურეოდ ნუ დატოვებთ, რათა დიდი ლუკმა არ გადასცდეს.
- 9 თვის შემდეგ საკვები აღარც გახეხოთ, აღარც ბლენდერით დააქუცმაცოთ - ჩანგლით დასრისეთ, ოღონდ რამდენიმე ნაჭერი კი მთელი დატოვეთ, რათა თვითონვე აიღოს ხელით.
- ბავშვს კბილები დაახლოებით 7 თვისას ამოსდის. ნუ გეგონებათ, რომ მანამდე მკვრივ საკვებს ვერ მოერევა, - ღრძილებითა და ენით პატარები შესანიშნავად "ღეჭავენ" მოხარშულ ბოსტნეულს, ხილს, ორცხობილას.
- გახეხილიდან მკვრივ საკვებზე გადასვლისას აუცილებლად უნდა გვახსოვდეს ორი რამ:
- თავდაპირველად საჭმელი კარგად დასრისეთ ჩანგლით და ბავშვს პატარა ლუკმები მიაწოდეთ. თანდათან ნაჭრების მოცულობა უფრო და უფრო გაზარდეთ და ბავშვი ნელ-ნელა შეაჩვიეთ საჭმლის ახალ კონსისტენციას.
- მიეცით ნება, თავისი ხელით აიღოს ხილის ან ბოსტნეულის ნაჭერი და პირში ჩაიდოს.
- 9-დან 12 თვემდე ასაკის ბავშვს ხილ-ბოსტნეული დაუჭერით, ხორცი კი ისევ გატარებული ან ბლენდერში ათქვეფილი შესთავაზეთ - მთელი ნაჭრის დაღეჭვა გაუჭირდება.
გახსოვდეთ: გახეხილიდან გაუხეხავ საკვებზე გადასვლა ბავშვის რეაქციის შესაბამისად უნდა მოხდეს. ზოგჯერ ბავშვს გახეხილი საჭმელიც კი ყელზე ადგება, ვინაიდან კერძი მეტისმეტად სქელია. ასეთი კერძი ცოტაოდენი წყლით ან რძით გაათხიერეთ, ოღონდ სულმთლად ფაფად ნუ აქცევთ.