როგორ მივაჩვიოთ ბავშვი საკუთარი ხელით ჭამას
როგორ მოვიქცეთ, რომ დამოუკიდებლად ჭამას მივაჩვიოთ? საერთოდ, რა ასაკიდან უნდა დაიწყოს პატარამ დამოუკიდებლად ჭამა?
როდის დაიწყებს ბავშვი საკუთარი ხელით ჭამას, ეს უფროსებზეა დამოკიდებული. ზოგი წლისაც არ არის და კოვზს მარჯვედ ხმარობს, ზოგი კი მეტისმეტად მზრუნველი დედიკოს წყალობით ორი და სამი წლისაც სხვისი შემყურეა. მიეცით ბავშვს საშუალება, გამოსცადოს საკუთარი თავი.
ბავშვების უმრავლესობა დაახლოებით ერთი წლის ასაკში გამოთქვამს კოვზით ჭამის სურვილს და თუ ხელი არ შეუშალეს, წლინახევრისა უკვე თავად სადილობს და ვახშმობს. რა თქმა უნდა, იატაკისა და მაგიდის სისუფთავეზე მშობლებს თავდაპირველად პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ, მერე და მერე კი პატარა ფაქიზად ჭამას მიეჩვევა.
დამოუკიდებლად ჭამისთვის სამზადისი ჯერ კიდევ 6 თვის ასაკში იწყება, როცა ბავშვს პურის ან ორცხობილას ნატეხს ვაწვდით. 9 თვის ასაკში პატარას უკვე ჩანგლით დასრესილი და არა ბლენდერში ათქვეფილი საკვები უნდა შევთავაზოთ. ის ეცდება, პატარ-პატარა ნაჭრები თავად აიღოს და პირში ჩაიდოს. როცა პაწიას დამოუკიდებლად ჭამის მოთხოვნილება გაუჩნდება და ეცდება, დედიკოს კოვზი ხელიდან გამოსტაცოს, ნუ დაუშლით, მიეცით, თქვენ კი მეორე აიღეთ, თან აჩვენეთ, როგორ დაიჭიროს კოვზი და როგორ ჩაიდოს პირში. ბავშვი მალე მიხვდება, რომ კოვზის ხელში დაჭერა არაფერს ნიშნავს - რამდენიმე კვირა დასჭირდება, ვიდრე კოვზით საჭმელს აიღებდეს და პირთან ისე მიიტანდეს, რომ გზაში არ დაეღვაროს. ამ დროს თვითონაც მოითხუპნება და ირგვლივაც ყველაფერს დასვრის, მაგრამ მეტი გზა არ არის, ამას უნდა შეურიგდეთ და მოთმინებით დაელოდოთ, როდის ისწავლის ჭამას. თქვენი ხელით კი აღარ აჭამოთ. არც დატუქსოთ, თორემ დამოუკიდებლად ჭამის ინტერესს დაკარგავს.
ყოველი ჭამის წინ რამდენიმე წუთით დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მიეცით. ამან ჭამის პროცესი შესაძლოა გაახანგრძლივოს, მაგრამ საბოლოო შედეგით თქვენც კმაყოფილი დარჩებით და თქვენი პატარაც.
რატომ თამაშობს ბავშვი ჭამის დროს
ვიდრე ბავშვი საჭმლის კოვზით აღებას და პირთან მიტანას ისწავლიდეს, საკმაო ხანი, ზოგჯერ კვირებიც გადის, პატარას მალე ბეზრდება უშედეგო ცდები და საჭმლით თამაშს იწყებს. გართობის მიზეზი ისიც არის, რომ ბავშვს უწინდელივით აღარ შია. მას ახლა ცოცვა, ნივთების იატაკზე გადაყრა, ჭიქის გადაბრუნება, კოვზით ან საჭმლით თამაში უფრო მოსწონს. მაგიდასთან თამაში იმას ნიშნავს, რომ ბავშვი გაიზარდა. დედა კი წუხს, ნერვიულობს, ცდილობს, ძალით აჭამოს, რამაც შესაძლოა ბავშვს მადაც კი დაუკარგოს.
თუ კარგად დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ ბავშვი ჭამის დროს თამაშს მაშინ იწყებს, როცა შიმშილს ნაწილობრივ ან მთლიანად იკმაყოფილებს და არა მაშინ, როცა ძალიან შია. ასე რომ, თუ პაწია საჭმელს ყურადღებას აღარ აქცევს, ჩათვალეთ, რომ მან უკვე საკმარისად მიირთვა, იატაკზე ჩამოსვით და მაგიდა აალაგეთ.
თუ მეორე ჭამამდე ძალიან მოშივდა, შეგიძლიათ ცოტა ადრე აჭამოთ, მაინცდამაინც საათს ნუ დაუწყებთ ყურებას, დრო მოვიდესო. როგორც კი ბავშვი საჭმლისადმი ინტერესს დაკარგავს, თეფში ააცალეთ. ის თანდათან მიხვდება, რომ ხვეწნას არავინ დაუწყებს, მეტი ყურადღებით მოეკიდება ჭამას და ვიდრე კარგად არ დანაყრდება, თამაშს არ დაიწყებს.
ერთი რამ გახსოვდეთ: ერთი წლის ბავშვს უსაზღვროდ სიამოვნებს ბოსტნეულის პიურეში ხელის ჩაყოფა ან ფაფით ცხვირ-პირის მოთხუპნა. ნუ დაუშლით - ეს მისთვის გარესამყაროს შეცნობის ერთ-ერთი ხერხია. თუ თეფშის გადაპირქვავება სცადა, თეფშს ხელი ჩასჭიდეთ, გვერდზე გასწიეთ ან ჭამა სულაც შეაწყვეტინეთ.
წლინახევრის-ორი წლის ასაკში პატარა დიდ ყურადღებას აქცევს, როგორი თეფში, ჭიქა, ჩანგალი თუ კოვზი აქვს ან როგორი წინსაფარი უკეთია. ეცადეთ, მიმზიდველი გარემო შეუქმნათ, გაუფორმეთ საკვებიც.
ფრთხილად იყავით: ამ ასაკში ბავშვები ხშირად იწვებიან ცხელი საკვებით, მდუღარე წყლით. პატარას დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა არ დაუშალოთ, მაგრამ ნურც ყურადღებას მოადუნებთ, რათა მსგავსი უსიამოვნება არ შეგემთხვეთ.