თავნებობა თუ თავისუფალი ნება?
დიახ, ასეთი აზრებიც მოსდით მშობლებს. მათ მყარი “არგუმენტი” აქვთ - სწორედ ეკოლოგიაა დამნაშავე, ეს სადღაც ეწერა კიდეც. აბა, სხვა რითი უნდა აიხსნას, რომ ასე უცნაურად იქცევა გარდატეხის ასაკში მათი შვილის თითქმის ყველა თანატოლი?! ზრდიან შვილს, არ იშურებენ ძალ-ღონეს, სახსრებს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი წყალში ეყრებათ... მერე კი უცებ აღმოჩნდება, რომ ბავშვები, რომელთა მშობლებიც ეკოლოგიის მავნე გავლენაზე საუბრობენ, სკოლაში სულაც არ იქცევიან ასე ცუდად - სწავლობენ, ცდილობენ, წარმატებას მიაღწიონ, არც ზრდილობის ნორმებს არღვევენ. ეკოლოგიური სიტუაცია კი იგივეა!
ბავშვების თავნებობის მიზეზებზე ქვემოთ ვისაუბრებთ, მანამდე კი ყურადღება მივაპყროთ “თავნება” ბავშვების ერთ საინტერესო თავისებურებას. ეს თავისებურება ზედაპირული და იოლად შესამჩნევი არ არის, მაგრამ თუ ბავშვის ხასიათს ოდნავ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ თავნება პატარები სინამდვილეში ძალზე დამოუკიდებლები არიან. ერთი შეხედვით, უცნაურია, მაგრამ მათ ბუნებრივ მოთხოვნილებას, ყველაფერი თავისებურად აკეთონ, უფროსები ხშირად თავნებობად აღიქვამენ. სიტუაციის მთელი სირთულე კი ის არის, რომ ასეთ პატარებს რეალურად ჯერ სულაც არ შესწევთ დამოუკიდებლობის უნარი. ვეცდებით, ეს უცნაური ახსნა მაგალითით გავხადოთ გასაგები. ექვსი წლის ლუკა ვერ იტანს უფროსების “ზეწოლას” (ახლა ასე უწოდებენ მითითებას). უფრო მეტიც - აქვს პრეტენზია, ოჯახის უფროსი იყოს: ბრძანების კილოთი ლაპარაკობს, თუ რამე არ მოსწონს, მუშტებს უღერებს უფროსებს. უნდა ვაღიაროთ, რომ პატარა ბიჭი აღწევს კიდეც საწადელს - მთელი ოჯახი მის გარშემო ბრუნავს. ამავე დროს, ყოველდღიურ ცხოვრებაში ლუკა სრულიად უსუსურია. საკუთარი ხელით ჩაცმაც კი არ შეუძლია, ოჯახში რაიმე ფუნქციის შესრულებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. მარტო ვერც თამაშობს, ძილითაც დედასთან ერთად იძინებს, რადგანაც მარტოს ოთახში დარჩენისა ეშინია.
როცა სკოლაში წასვლის დრო მოვა, ლუკა გაჭირვებით ისწავლის პერანგის ჩაცმას, ფეხსაცმელებზე თასმების შეკვრას, მაგრამ, თანატოლებისგან განსხვავებით, დავალებას დამოუკიდებლად ვერ მოამზადებს და ვერც ჩანთას ჩაალაგებს თავისი ხელით. დედას ყოველდღე მოუწევს გაკვეთილების გაგება ტელეფონით სხვა ბავშვებისგან, რადგან ლუკას ვერ ენდობა. როცა თანატოლები სკოლაში დამოუკიდებლად ივლიან, ლუკას დედა იძულებული იქნება ბიჭი თავად ატაროს, რათა რისკი თავიდან აიცილოს. გარდატეხის ასაკში ლუკამ შესაძლოა ხშირად გააცდინოს სკოლა. მისი უპასუხისმგებლობა იმდენად თვალში საცემი გახდება, რომ შესაძლოა, დაიბადოს კითხვა, აქვს თუ არა ბიჭს სათანადო ინტელექტუალური მონაცემები. მაშ, სხვას რას დავაბრალოთ, რომ, მიუხედავად მრავალჯერადი ახსნა-განმარტებისა, ლუკას ვერაფერს გააგებინებ?! სინამდვილეში ინტელექტი არაფერ შუაშია. უბრალოდ, ლუკას სათანადოდ არასოდეს უგია პასუხი თავისი გამოხტომების გამო. პირიქით, ბიჭმა კარგად აითვისა, რომ ამ გზით ყველაფერს შეიძლება მიაღწიო. თუ ასეა, რატომ უნდა შეიწუხოს თავი? - მშობლები დაემუქრებიან, მაგრამ მერე დავალებასაც დააწერინებენ, სკოლაშიც წაიყვანენ, საჭირო დროს დაეხმარებიან კიდეც. ერთი სიტყვით, ყველაფერს მოიფიქრებენ, რადგან უკვე მიჩვეულები არიან!
გაივლის ხანი, ლუკა გაიზრდება, მაგრამ მშობლებზე დამოკიდებულ, თუმცა, ერთი შეხედვით, თავნება ადამიანად დარჩება. როგორი ოჯახი ექნება ასეთ პიროვნებას? შეძლებს კი, სხვის ბედზე პასუხისმგებლობა იკისროს? ასეთმა ადამიანმა რაც უნდა ჩაიდინოს, დამნაშავედ სხვას მიიჩნევს. წარუმატებლობას, რომელიც ასეთ პიროვნებებს ხშირად სდევს თან, დააბრალებს არა საკუთარ სიზარმაცეს, მოუწესრიგებლობას და წინდაუხედავობას, არამედ მტრებს და ფატალურ გარემოებებს. ასეთ ვითარებაში დიდია რისკი, ადამიანი ლოთობის, ნარკომანიის, თაღლითობის ან სულაც ქურდობისკენ გადაიხაროს. როგორც ექიმები ამბობენ, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა. რასაკვირველია, ასეთ პიროვნებას შეიძლება ცხოვრებამ ასწავლოს ჭკუა, მაგრამ ეს თავად მას ძალიან ძვირად დაუჯდება. ამრიგად, თავნებობას ინფანტილურობამდე, პირად ცხოვრებაში წარუმატებლობამდე, პროფესიულ არარეალიზებულობამდე, ასოციალურ ქცევამდე მივაყავართ. გარდა ამისა, ხაზი უნდა გავუსვათ იმ ზიანს, რაც თავნებობას მოაქვს ბავშვის განვითარებისთვის. ეს ზიანი ზოგჯერ ფიზიკურია, რადგანაც თავნება ბავშვი ყოველთვის შეიძლება უსიამოვნებაში გაეხვიოს, ტრავმა ან სხეულის დაზიანება მიიღოს. ამასთან ერთად, აშკარაა ინტელექტუალური და ემოციური განვითარების დაზიანებაც.
ეს სიტყვები შესაძლოა უცნაური მოგეჩვენოთ: როგორ, თავნება ბავშვი ხომ უფრო დამოუკიდებელია, ექსპერიმენტები, სიახლეები, მიღწევები იზიდავს... ეს მოჩვენებითი კანონზომიერებაა. თავნება პატარებს არ შესწევთ სირთულეთა გადალახვის უნარი, რის გამოც გაკვალული გზით სიარულს არჩევენ და მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც ძალისხმევის გარეშე მიიღწევა. ეს კი უმეტესად გართობაა. ამასთან, პიროვნება მაშინ ვითარდება, როცა ჰყავს მისაბაძი მაგალითი, იდეალი, რომელსაც უნდა გაუტოლდეს, ვისზეც სწორებას იღებს. თუ ადამიანი საკუთარი თავის გარდა ვერავის მოიწონებს, არ ეყოლება იდეალი, ის ვერც განვითარდება. მართლაც, რატომ უნდა ისწრაფოდეს ის რამისკენ, როცა უკვე ყველაფერი აქვს, რატომ უნდა იზრუნოს თვითსრულყოფაზე, როცა თავადაა სრულყოფილება?
რასაკვირველია, იდეალების სრული უარყოფაც მითია. ადამიანი ისეა განწყობილი, რომ იდეალის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. თავნება პატარასაც ჰყავს იდეალები, უფრო სწორად, კუმირები. ჩვეულებრივ, ესენი არიან ლიტერატურული და კინოგმირები, რომლებიც ყოველგვარ ცხოვრებისეულ პრობლემას მუშტებით ან იარაღის ჯერით წყვეტენ, პოპულარული მსახიობები და ესტრადის მომღერლები, რომელთა ინტელექტუალურ მონაცემებზეც ბევრი არაფერია ცნობილი... რას გვაძლევს ასეთი კუმირების მიბაძვა? ისინი ხომ კიდევ უფრო თავნებები არიან, ვიდრე თავად ბავშვი. ესე იგი ჩვენ გვაქვს არა განვითარების, არამედ დეგრადაციის პერსპექტივა.
თავნება ბავშვი ერთგვარ ხაფანგში ებმება - მას სჯერა თავისი ორიგინალურობისა და დამოუკიდებლობის, რეალურად კი უფრო და უფრო მეტად ჩამორჩება თანატოლებს. დრო გადის და ის უფრო და უფრო ნაკლებსაინტერესო, შაბლონურ ტიპაჟად გადაიქცევა, რომელსაც სტანდარტული თვისებები აქვს. აბა, დააკვირდით ეზოში უსაქმოდ მდგომ მოზარდებს. ერთმანეთისგან ვერც კი გაარჩევთ, მიუხედავად იმისა, რომ თითოეული მათგანი ცდილობს, განსაკუთრებული, გამორჩეული იყოს. ამ მიზნით ზოგიერთს საყურე უკეთია, ზოგს თმა აქვს დაუვარცხნელი ან უცნაურად გაზრდილი. რატომ არ უშლიან მშობლები, ასე გამოიყურებოდნენ? რატომ არ ზღუდავს შვილს მშობელი, რომელიც კარგად ხვდება, რა საბედისწერო შედეგი შეიძლება მოჰყვეს ბავშვის ანარქიას?
შესაძლოა, მშობლების უმწეობის საიდუმლო ორი რამ იყოს. პირველი - ის, რომ თავნებობას ხშირად ურევენ თავისუფლებაში, დამოუკიდებლობაში, ღიაობაში. ამის გამოძახილია, რომ პატარების უმართავობაზე წუწუნისას მშობელთა მეტყველებაში ხშირად გამოკრთება სიამაყე: თავისუფლებისმოყვარეა, დამოუკიდებელი, ჩვენ კი არ გვგავს, ჩვენსავით შებოჭილი, დაჩაგრული კი არ არის... ჩვენი შვილები დაბადებიდანვე გრძნობენ, რომ უნიკალურები, განუმეორებლები, თავისუფლები არიან. ხშირად საქმე სრულ უმსგავსობამდე მიდის. მაგალითად, ხუთი წლის “თავისუფლებისმოყვარე” აშკარად უზრდელად ექცევა მოხუც ქალს, ხოლო დედა იქვეა და თავისი პირმშოთი ტკბება.
მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ხშირად მშობლებსაც უყვართ იოლი გზით სიარული. ესე იგი სულაც არ განსხვავდებიან საკუთარი შვილებისგან. ბავშვისთვის სკანდალის მოწყობა უფრო ადვილია, ვიდრე სათამაშოების ალაგება, ხოლო მშობლისთვის გაცილებით იოლია, სულაც არ გამოამჟღავნოს ამ დროს აუცილებელი სიმტკიცე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მშობლებს არ ჰყოფნით ნებისყოფა და ნამდვილი, მოზრდილისთვის დამახასიათებელი დამოუკიდებლობა. ისინიც ადვილად იცილებენ თავიდან პასუხისმგებლობას და მას სხვას - პედაგოგებს, ფსიქოლოგებს, ექიმებს, პოლიციას - აკისრებენ.
ალბათ ნათელია, რომ ბავშვების უპასუხისმგებლობა მშობელთა დამსახურებაა, მათგან მემკვიდრეობად მიღებული თვისება. თუ მშობლებს ნამდვილად სურთ ვითარების შეცვლა, საკუთარი თავიდან უნდა დაიწყონ. ერთი შეხედვით, ყველაფერი მარტივია, რეალურად კი ეს არის ყველაზე რთული. დიახ, საკუთარი თავის შეცვლა ძალიან ძნელია, რადგან ადამიანები სხვის თვალში ბეწვსაც ხედავენ, ხოლო საკუთარში - დირესაც ვერა.