წარუმატებლობის განცდა
არანორმალურია ის, თუ ბავშვი დამარცხების შემთხვევაში დიდხანს გრძნობს თავს დათრგუნვილად. სიხარულის განცდა აღარ აქვს და ეს ხელს უშლის მის განვითარებას. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, მოიპოვოს სოციალური აღიარება, მიიპყროს ყურადღება, თავი მოიწონოს თავისი ქცევით, ქება დაიმსახუროს. ბევრი ბავშვი თავის მიღწევებს გარშემო მყოფთა მისდამი დამოკიდებულებას უკავშირებს. ეს უფრო მეტად ჩვენი, მშობლების დამსახურებაა: ხშირად ჩვენ თვითონ შთავაგონებთ ბავშვს იმ აზრს, რომ დამარცხება ცუდია, რომ სხვამ არ უნდა აჯობოს, მაშინ როდესაც მარცხიც გაკვეთილია და, შესაძლოა, უფრო ფასეულიც კი. თუ ბავშვი პატარაა, ყურადღებას ნუ გაუმახვილებთ მარცხზე, ნუ აფიქრებინებთ, რომ თუ მარცხი განიცადა, ე.ი. სხვაზე უარესია. მიაწოდეთ ინფორმაცია ასე: ყველა, ვინც ბოლომდე იბრძოლა, გამარჯვებულია! მოზრდილ ბავშვებთან საქმე უფრო რთულადაა: მათ უკვე ესმით, რა არის გამარჯვება და რა - დამარცხება. ნუ დააძალებთ თამაშის დამთავრებას, თუ არ სურთ; უმჯობესია გარედან დააკვირდნენ, თვალყური ადევნონ, როგორ თამაშობენ დანარჩენები. გარკვეული ხნის შემდეგ გაესაუბრეთ ბავშვს იმის შესახებ, რა მოხდა, სად დაუშვა მან შეცდომა, რა არ გააკეთა სწორად. შეეცადეთ, ერთად შეიმუშაოთ ახალი სტრატეგია. და კიდევ ერთი: აუცილებლად აღნიშნეთ, რა გააკეთა კარგად და სწორად. ნუ მისცემთ შენიშვნას იმის გამო, რომ დამარცხებამ გაანაწყენა. დროთა განმავლობაში პატარა მიხვდება, რომ დამარცხება ტრაგედია არ არის, მაგრამ ეს მისთვის მტკივნეულია, მშობლისგან კი გაგებას, თანაგრძნობას მოელის და ის აუცილებლად უნდა იგრძნოს. ნუ ეცდებით ბავშვის მეშვეობით თქვენი სურვილების რეალიზაციას. ის, რაც თქვენთვის წარუმატებლობას ნიშნავს, პატარამ შესაძლოა სხვაგვარად აღიქვას. მიეცით ბავშვს მოქმედების თავისუფლება. იმისთვის, რომ თქვენმა შვილმა მარცხი გამოუსწორებელ უბედურებად არ წარმოიდგინოს, წინასწარ დაფიქრდით მისი შედეგების შერბილების შესაძლო ვარიანტებზე. ითამაშეთ თანასწორად. ეცადეთ, ბავშვი მოხვდეს თანასწორთა წრეში. თუ თამაშში მონაწილეობენ უფროსი ბავშვებიც, მათ არ უნდა აჩვენონ თავიანთი უპირატესობა, თუმცა არც დათმობა ვარგა - თამაში თანასწორობის პრონციპის დაცვით უნდა წარიმართოს. სასურველია რთული და მარტივი თამაშების მონაცვლეობა, რათა მარცხის სიმწარის შემდეგ ბავშვმა იგრძნოს გამარჯვების სიხარულიც. ეს მას სტიმულს მისცემს ახალი მიღწევებისთვის. ეცადეთ, ბავშვმა ხშირად მიიღოს მონაწილეობა კოლექტიურ თამაშებში. ასეთ დროს მარცხდება მთელი გუნდი, ერთად კი მარცხის გადატანა გაცილებით ადვილია. ბავშვები ერთმანეთს ამხნევებენ ხოლმე და მწუხარებაც ნაკლებია. აუხსენით ბავშვს, რომ სხვებთან გაჯიბრება კი არ არის მთავარი, არამედ საკუთარ თავთან, როცა ყოველ ჯერზე უფრო და უფრო უკეთეს შედეგს აღწევ. მნიშვნელოვანია, ბავშვი გრძნობდეს პირად პასუხისმგებლობას, თორემ შესაძლოა, მარცხში დაადანაშაულოს ყველა, გარდა საკუთარი თავისა. პირადი მაგალითით უჩვენეთ ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს დამარცხების შემთხვევაში: “დღეს დავმარცხდი, შემდეგში გამიმართლებს. მე გავითვალისწინებ ჩემს შეცდომებს, რათა მომავალში ასეთი რამ აღარ მომივიდეს”. უამბეთ, რომ ბავშვობაში თქვენც წაგიგიათ, თქვენც დაგწყვეტიათ გული ამის გამო, მაგრამ ამან ვერ შეგაჩერათ - მაინც განაგრძეთ თამაშებსა და შეჯიბრებებში მონაწილეობა და ბევრსაც მიაღწიეთ. ასეთი ისტორიები ბავშვს საკუთარი თავის რწმენას შემატებს. გადაიტანო მარცხი ღირსეულად - ეს ხელოვნებაა, რომელიც თავად შეგიძლიათ ასწავლოთ თქვენს შვილს. ეს მნიშვნელოვანი სოციალური ჩვევაა, რომელიც მას არაერთხელ გამოადგება მომავალში.