მარჯვენა და მარცხენა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარჯვენა და მარცხენა

თავის ირგვლივ არსებულ სივრცეს ადამიანი მხედველობის, სმენისა და შეხების კომპლექსური ურთიერთქმედების შედეგად აღიქვამს. ახალშობილისთვის თავის ტვინის სტრუქტრების მოუმწიფებლობის გამო მსგავსი ურთიერთქმედება მიუწვდომელია. მას ისიც კი არ შეუძლია, საწოლზე გაჭიმულ რეზინზე მიმაგრებულ ჩხრიალას შეეხოს. ეს მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეეძლება.

ექვსი თვის პატარა უკვე დედისკენ მიცოცავს და ცდილობს, გზაზე არსებულ დაბრკოლებას აუაროს გვერდი. საგნებთან მანიპულაციებს ის ორივე ხელით ახორციელებს - მარჯვენასა და მარცხენას ჯერ კიდევ არ განასხვავებს ერთმანეთისგან. ბავშვი იზრდება და მის ირგვლივ სივრცეც ფართოვდება, ჯერ - ცოცვა, ხოლო შემდეგ - სიარული აჩენს ზედას და ქვედას, მარჯვენას და მარცხენას, წინას და უკანას ცნებებს.

  • პრობლემის არსი

დაახლოებით 2 წლის ასაკიდან დგება პერიოდი, როცა ბავშვს უკვე შეიძლება ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა სხეულის მარჯვენა და მარცხენა ნახევრების შესახებ. ეს პროცესი 6-7 წლისთვის - სასკოლო ასაკისთვის - სრულდება. თუ ასე არ მოხდა, ბავშვს დიდი სირთულეები ელის. უწინარეს ყოვლისა, გაუჭირდება სწავლა - წერის საფუძველი ხომ ასოს გრაფიკული ანალიზი და მასწავლებლის მითითებით მისი სინთეზია. ყველაფერი, რითაც იწყება პირველკლასელის ცხოვრება, ორგანიზაციულ მომენტს გულისხმობს - წყვილად სიარული, მარჯვენა ხელის აწევა, მასწავლებლის მითითების შესრულება, რომ მარცხნიდან ორი უჯრა გამოვტოვოთ, მოითხოვს, ბავშვს კარგად ჰქონდეს ჩამოყალიბებული სივრცეში ორიენტაციის უნარი. მოწაფე, რომელსაც ეს უმარტივესი უნარი არ გააჩნია, კარგავს თვითდაჯერებას, შფოთავს, უფრო მეტ დროს ხარჯავს დავალების შესასრულებლად, მის დასრულებას ვერ ასწრებს...

ვინაიდან ეს ყველაფერი თავს იჩენს სკოლასთან ადაპტაციის პერიოდში ანუ იმ დროს, როცა მომზადებული ბავშვიც კი სტრესულ მდგომარეობაშია, პატარას მდგომარეობა მეტად არასახარბიელო ხდება. ყველაფერი, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ერთი შეხედვით, სულაც არ არის პრობლემა - გვგონია, სკოლაში მისვლისას პატარებმა ყველაფერი იციან. სპეციალისტები კი გვარწმუნებენ, რომ მარტივი თხოვნა - ასწიონ მარჯვენა ხელი, შესაძლოა, 25 პირველკლასელიდან სამმა მაინც ვერ შეასრულოს, ხოლო მარჯვნივ მიბრუნებას, სულ მცირე, 5-7 მათგანი ვერ შეძლებს. საქმე ის არის, რომ მეორე დავალება ორკომპონენტიანია - ჯერ უნდა მოვძებნოთ მარჯვენა ხელი, ხოლო შემდეგ მისკენ მივტრიალდეთ. ესე იგი, მარჯვენა და მარცხენა სწორად რომ ავითვისოთ, საჭიროა მეტი შრომა.

  • ადრეული დასაწყისი

ძალიან პატარებთან მარჯვენასა და მარცხენას ასათვისებლად მუშაობა იოლია. ყველაფერი, რასაც პაწაწინას ეტყვით, "სასწავლო მასალაა". ასე რომ, საკმარისია, საგნებს თავიანთი სახელები ვუწოდოთ. ყველა დედამ იცის, რა ძნელია ტანსაცმლის სახელოებში ბავშვის პაწაწინა ხელების გაყრა. როცა "სამუშაოს" ნახევარს შეასრულებთ, შეგიძლიათ, კმაყოფილებით ამოიოხროთ და დასძინოთ, რომ "მარჯვენა ხელს ჩავაცვით". ახლა წარმოიდგინეთ, დღეში რამდენჯერ გექნებათ ამ ფრაზის გამეორების საშუალება! ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ დიალექტიკის კანონების შესაბამისად რაოდენობრიობა თვისებრიობაში გადავა და დადგება დღე, როცა ბავშვი თვითონვე გამოგიწვდით მარჯვენა და მარცხენა ხელს.

სიცოცხლის მეორე წელს პატარა აღმოაჩენს, რომ საგნებით მანიპულირება შეუძლია - სინათლის ჩამრთველი, ღილაკები, კალამი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რასაც მისწვდება, მის უდიდეს ინტერესს გამოიწვევს. თუ ოთახს თვალს მოავლებთ, ადვილად შეამჩნევთ, რომ ამ ობიექტთაგან ერთი მაინც მდებარეობს ისეთ ადგილას, რომ პატარა მხოლოდ ცალი ხელით სწვდება. გაამახვილეთ ბავშვის ყურადღება ასეთ საგნებზე, გაიმეორეთ, რომ მას მხოლოდ მარჯვენა ხელით თუ მისწვდები. ყოველივე ზემოთქმული მოსამზადებელი ეტაპია მარჯვენასა და მარცხენას ასათვისებლად. ამ ეტაპზე მხოლოდ მეხსიერებას ვერ ვენდობით - დასწავლის პროცესი რეფლექსურ დონემდე დაგვყავს. იქმნება ჯაჭვი "სიტყვა-ხელი", შემდგომში კი სერიოზული მუშაობა იწყება.

საუკეთესო პერიოდი იმისთვის, რომ ბავშვმა რამე აითვისოს, პერიოდი, როცა სწავლება მაქსიმალურად ეფექტურია - ეგრეთ წოდებული სენსიტიური პერიოდი - 2,5 წლიდან იწყება. ამ დროს უკვე შეიძლება გვქონდეს ყურადღების იმედი. ამასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვი ჯერ საკუთარი ხელების, ფეხების, ყურების და სხეულის სხვა ნაწილების გარჩევას იწყებს და მხოლოდ ამის შემდეგ ახდენს ამა თუ იმ ნიშნით საგნების დიფერენცირებას თავის ირგვლივ. ეს თავისებურება 2-4 წლის ბავშვების კონკრეტული აზროვნებით არის განპირობებული.

ადამიანს ორი ხელი აქვს - მარჯვენა და მარცხენა. ბავშვისათვის უფრო ბუნებრივი და ადვილია, დაიმახსოვროს მხოლოდ ერთი რამ: უმეტესად - მარჯვენა ხელი. შემდგომში კი უნდა ვიხელმძღვანელოთ პრინციპით: თუ ერთი ხელი მარჯვენაა, ესე იგი მეორე მარცხენაა. ბანალური, მაგრამ გამოცდილი მეთოდი: რომელი ხელითაც კოვზი გვიჭირავს, ის არის მარჯვენა. ნუ გეწყინებათ, თუ 3 წლის პატარას ნეგატივიზმი შემოუტევს და კოვზს სასწრაფოდ მეორე ხელში გადაიტანს.

დამახსოვრებისთვის საათს ვერ გამოვიყენებთ - ის მუდმივი ნიშანი არ არის, ვინაიდან ზოგიერთი მას მარჯვენა მაჯაზე იკეთებს. უმჯობესია, პატარას სამაჯური ვუყიდოთ და მარჯვენა ხელის ჩვენება დავაკისროთ. შეიძლება, მარჯვენას დასამახსოვრებლად ალტერნატიული ვარიანტი - ბავშვებისათვის ესოდენ საყვარელი ფერადი ტატუც გამოვიყენოთ, ოღონდ ის უნდა შესრულდეს მხოლოდ ერთ, უმჯობესია, მარჯვენა ხელზე. არ გირჩევთ მარჯვენაზე ყვავილის და მარცხენაზე ვარსკვლავის დახატვას - მრავალფეროვნებამ ბავშვი შესაძლოა დააბნიოს.

როცა პატარა კარგად დაიმახსოვრებს, რომელია მარჯვენა ხელი, ჰორიზონტის გაფართოებაზე უნდა გადავიდეთ. ვთხოვოთ ბავშვს, მარჯვენა ხელით გვიჩვენოს ყური, რომელიც ხელის მხარესაა და გავუმეოროთ, რომ ეს მარჯვენა ყურია. თანდათან ბავშვი დაასკვნის, რომ ყველაფერი, რაც მარჯვენა ხელისკენაა, მარჯვენაა. შემდეგ შეიძლება დინამიკურ ვარჯიშზეც გადავიდეთ და პატარას მარჯვენა-მარცხენას თაობაზე მითითებები მივცეთ.

უნდა გავითვალისწინოთ ერთი მნიშვნელოვანი რამ: როცა გვინდა, პატარა ბავშვს მარჯვენა-მარცხენასთან დაკავშირებული ვარჯიშები ან, უბრალოდ, მარჯვენა მხარე ვუჩვენოთ, მისკენ ზურგით უნდა ვიდგეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თავს იჩენს სარკისებური ასახვის ეფექტი და როცა თქვენ მარჯვენა ხელს ასწევთ, ბავშვი იმავე მოძრაობას მარცხენით გაიმეორებს, თანაც ვერ მიხვდება, რომ შეცდა. ეს პრობლემა საკმაოდ დიდხანს, თითქმის მთელი უმცროსი სასკოლო ასაკის განმავლობაში გაგრძელდება.

ბავშვს ძალიან მოეწონება, თუ კოსმეტიკური ფანქრით სახეზე ვერტიკალურ ხაზს გაავლებთ და აუხსნით, რა არის მარჯვნივ და რა - მარცხნივ. უნდა აღნიშნოთ, რომ ცხვირი შუაშია, ასეთივე მდებარეობა აქვს პირს, ხოლო კბილები მარჯვენად და მარცხენად იყოფა. პატარა კიდევ უფრო გამხიარულდება, თუ ხაზს მურაბით გაავლებთ.

  • სამყარო ცვალებადია

როცა ბავშვი საკუთარ სხეულზე მარჯვენას და მარცხენას კარგად შეისწავლის, შეიძლება, გარესამყაროს გაცნობაზეც გადავიდეთ. ყველაზე მოხერხებული ვარიანტია, ვუთხრათ, რომ რაც მარჯვენა ხელთანაა, ის მარცხნივ მდებარეობს და პირიქით. თავდაპირველად ეს ცნებები პატარას ისე უნდა გავაცნოთ, რომ თავად პოზიციას არ იცვლიდეს. შემდეგ შეიძლება ამოცანა გავართულოთ. მაგალითად, მჯდომარე ბავშვს ვთხოვოთ, დაასახელოს მის მარჯვნივ მდებარე საგნები, შემდეგ იგივე ვთხოვოთ მარცხნივ მდებარე ნივთებზე. ამის მერე დავავალოთ, ადგეს, იმ ადგილისკენ, სადაც იჯდა, პირისახით შებრუნდეს და იგივე ამოცანა შეასრულოს.

წინასწარ შეეგუეთ, რომ ამგვარი დავალებების უშეცდომოდ შესრულების უნარი საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ გამომუშავდება. ჰკითხეთ ბავშვს: "როგორ მოვიქცეთ, რომ მაგიდა, რომელიც მარჯვნივ დგას, მარცხნივ აღმოჩნდეს?" ყურადღება მიაქციეთ, რომ საგნის ადგილმდებარეობა შეიძლება დავახასიათოთ სიტყვებით "მარჯვენა", "მარცხენა". ამასთანავე, ხაზი გავუსვათ, რის მიმართ არის საგანი მარჯვნივ ან მარცხნივ. სათამაშოები ერთ რიგში "დასვით" და ბავშვს რამდენჯერმე აუხსენით, რომ დათუნია კურდღლის მარჯვნივ ზის, თოჯინას კი მარცხენა მხარს უმშვენებს. მსგავსი ფარდობითობა პატარას საგნების მაგალითზეც უჩვენეთ. გაიარეთ მასთან ერთად ოთახში და აღნიშნეთ, რომ მაგიდა გაზქურის მარცხნივ, მაგრამ მაცივრის მარჯვნივ დგას. აიღეთ სათამაშო მანქანა და სთხოვეთ ბავშვს, ატაროს თქვენ მიერ მითითებული მარშრუტით მარჯვნივ და მარცხნივ.

შემდეგ ამოცანა გაართულეთ - დაუსვით ბავშვს შეკითხვა: "სად მოხვდება მანქანა, თუ ის წავა მარჯვნივ, კიდევ მარჯვნივ, მერე კი მარცხნივ მოუხვევს?" ქუჩაში მრავალი, მათ შორის მოძრავი საგანია. მათი დათვალიერება ბავშვს ძალიან უყვარს. აი, ავტობუსი მარცხნივ იყო, მაგრამ უცებ მარჯვნივ აღმოჩნდა! სცადეთ, პატარას აღუწეროთ თქვენი ადგილმდებარეობის ცვლილება.

4 წლის ბავშვს უკვე შეიძლება გრაფიკული კარნახიც შევთავაზოთ. თავდაპირველად ის ძალიან მარტივი უნდა იყოს. უჯრებიანი ფურცლის ცენტრში დიდი კვადრატი შემოხაზეთ და დაშტრიხეთ. შემდეგ ფურცელი ბავშვს მიეცით და სთხოვეთ, მის მარცხნივ მდებარე კვადრატი წითლად გააფერადოს, ხოლო მარჯვნივ მდებარე - ლურჯად. შემდეგ შეიძლება 2-3 უჯრის გადათვლა და მიმართულების შეცვლაც ვცადოთ. ყურადღება მივაქციოთ, რას ნიშნავს "მარჯვნიდან მარცხნივ" და პირიქით. ბავშვს შევთავაზოთ, ამ მიმართულებების აღმნიშვნელი ისრები დახატოს.

  • თუ ბავშვი ცაციაა

ბავშვებს, რომლებსაც მარცხენა ხელი აქვთ წამყვანი, განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ. ერთ-ერთი ხელის წამყვანი როლი დაბადებიდანვე, უფრო ზუსტად, მუცლადყოფნის პერიოდიდანვეა განსაზღვრული. შესაძლოა, ტენდენციებს აკვირდებოდეთ, მაგრამ არამც და არამც არ სცადოთ, ცაცია გადააჩვიოთ მარცხენა ხელის უპირატეს გამოყენებას. ეს სავალალო შედეგს გამოიღებს - თავის ტვინის ნახევარსფეროთა შორის კავშირი დაირღვევა. თუნდაც მიგაჩნდეთ, რომ თქვენი შვილი ცაციაა, დასკვნის გამოტანას ნუ იჩქარებთ.

გაითვალისწინეთ: ასეთი დასკვნის გაკეთება მხოლოდ 5-6 წლისთვის შეიძლება. მანამდე უმჯობესია, ბავშვს ფანქრის ორივე ხელში დაჭერა შევთავაზოთ. ნუ აიძულებთ, საგნები აუცილებლად მარჯვენა ხელით აიღოს. მიეცით საშუალება, გადაწყვეტილება თვითონვე მიიღოს.

რა თქმა უნდა, ცაციებს სივრცეში ორიენტირება უფრო მეტად უჭირთ, თუმცა ინტელექტის მქონე ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. როგორც ვხედავთ, სივრცეში ორიენტირება სულაც არ არის ისეთი იოლი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანს. განსაკუთრებულ სირთულეს ის ქმნის, რომ მარჯვენა და მარცხენა ფარდობითია, ისინი მუდმივად იცვლება. ბავშვმა ეს ცნებები კარგად რომ აითვისოს, დედას მოთმინება, გულმოდგინება, ყურადღება და ფანტაზიის უნარი სჭირდება. არ დაგავიწყდეთ: მუდმივი ვარჯიში წარმატების საწინდარია. თუ ვარჯიშს არ დაიზარებთ, თქვენს პატარას კარგად ჩამოუყალიბდება ორიენტირების უნარი და მოგვიანებით, როცა სკოლაში მივა, სირთულეები აღარ შეექმნება.