დავეხმაროთ პატარას სხეულს - კომპლექსური ვარჯიშები 4-6 თვემდე ასაკის ბავშვებისთვის
მასში ერთვება მოძრაობები, რომლებიც პატარას აქტიური ცხოვრებისთვის ამზადებს, ეხმარება დაეუფლოს ცოცვას, ჯდომას, დგომას, სიარულს. ვარჯიშისა და მასაჟის დროს პატარას ალერსიანად უნდა ვესაუბროთ. 3-6 თვის პატარებში ეს საპასუხო რეაქციას იწვევს, ხოლო 6-12 თვის ბავშვები პასუხად ბგერებსა და ცალკეულ მარცვლებს წარმოთქვამენ.
4-5 თვიდან ბავშვს ყოველი მოძრაობის წინ უნდა მივუთითოთ: "გადაბრუნდი გვერდზე", "აიღე სათამაშო", "მომკიდე ხელი" და ა.შ. რიტმული მოძრაობისას ხმამაღლა ვითვალოთ: "ერთი, ორი, სამი..." როცა ვარჯიშთა კომპლექსი სწორად ტარდება, ბავშვი კარგ გუნებაზეა, იცინის, ღუღუნებს.
4-5 თვის ასაკში იწყება ქვედა კიდურების მომხრელი და გამშლელი კუნთების გაწონასწორება, ამიტომ ვარჯიშთა კომპლექსში უნდა შევიტანოთ ფეხების პასიური მოძრაობები - აწევა, მონაცვლეობით მოხრა; ასევე - ქვედა კიდურების, ზურგის, მუცლისა და ტერფების მასაჟი. თუ ბავშვი მშვიდად წევს და არ წუხს, შეგვიძლია, ამას ზედა კიდურების მასაჟიც დავუმატოთ.
მაშ ასე, მაგიდას თბილი და რბილი ქსოვილი გადავაფაროთ და დავიწყოთ.
1. ბავშვს ვაწვენთ ზურგზე და ვიწყებთ ხელების მასაჟს: მისი მარჯვენა ხელი მარცხენით გვიჭირავს, ხოლო მარჯვენა ხელით ვასრულებთ ხელსმას მტევნიდან მხრის სახსრამდე. მოძრაობას ვიმეორებთ 8-10-ჯერ.
2. პატარას ხელისგულებში ვუდებთ ცერა თითებს, რომ კარგად ჩაეჭიდოს; ხელებს ჯერ მკერდზე გადავუჯვარედინებთ, შემდეგ აქეთ-იქით გადავაშლევინებთ. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
3. საათის ისრის მიმართულებით მსუბუქად ვუზელთ მუცელს. მოძრაობას ვიმეორებთ 8-10-ჯერ.
4. ფეხების მასაჟი. გამოიყენება მასაჟის ყველა ილეთი: ხელსმა 8-10-ჯერ, სრესა 4-6-ჯერ, წრიული სრესა 4-6-ჯერ; მასაჟს ვიწყებთ მსუბუქად და თანდათან ვაძლიერებთ. ამის შემდეგ სრულდება ვარჯიში: ბავშვს ორივე ხელს ვკიდებთ წვივებზე, გამართულ ფეხებს რიგრიგობით ავაწევინებთ სწორი კუთხით და დავაშვებინებთ. ვიმეორებთ 5-6-ჯერ.
5. პატარას ხელები წვივებში ჩავკიდოთ და ფეხები მონაცვლეობით ისე გავაშლევინოთ და მოვახრევინოთ, თითქოს ველოსიპედის პედლებს ატრიალებს. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
6. მივცეთ საშუალება ზურგზე მწოლიარე ბავშვს, მარცხენა ხელით ჩაეჭიდოს ჩვენი მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს. მარჯვენა კი წვივებზე ისე მოვკიდოთ, რომ საჩვენებელი თითი ფეხებს შორის მოხვდეს. ფეხები გავუმართოთ და მარჯვნიდან მსუბუქად გადავაბრუნოთ მენჯით. იმავდროულად გავჭიმოთ იდაყვში მოღუნული მარცხენა ხელით - ვაიძულოთ, მუცელზე გადაბრუნებამდე შემოაბრუნოს მხრის სარტყელი, ტანი და თავი. ვიმეორებთ თითოეულ მხარეს 1-2-ჯერ. იმავე ვარჯიშის შესრულება სხვაგვარადაც შეიძლება: მეორე ხელს წვივებზე კი არ ვკიდებთ, არამედ წელს ქვემოთ ვადებთ და წელის არეში თითებით ვაკავებთ.
7. ბავშვი წევს მუცელზე. ორივე ხელისგულით ვუკეთებთ ზურგის კუნთების მასაჟს წელიდან კისრამდე. ვიყენებთ დაზელას, ხელსმას. არ უნდა შევეხოთ ხერხემლის მალებს; წელის მიდამოში მასაჟი მსუბუქად კეთდება, რათა თირკმელებზე ზედმეტი ზეწოლა არ მოხდეს. ვიმეორებთ 4-6-ჯერ.
8. ბავშვი წევს მუცელზე. ორივე ხელისგულს მუცელქვეშ შევუცოცებთ და ნელ-ნელა ავწევთ მაგიდიდან. ამ დროს პატარა რეფლექსურად ჭიმავს ფეხებსა და ზურგს, ხოლო თავს უკან სწევს.
9. ბავშვი წევს მუცელზე. ორივე ხელს ვკიდებთ იდაყვიდან მტევნამდე და ნელ-ნელა წამოვაყენებთ. ბავშვი ცდილობს, მუხლებზე დადგეს და გაცოცდეს.
10. ბავშვი წევს ზურგზე. ვიყენებთ მასაჟის ყველა ილეთს ზემოთ-ქვემოთ მსუბუქი ვიბრაციით. ყველა ილეთს ხელსმით ვასრულებთ.