ტელებავშვები - ვინ არიან ისინი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტელებავშვები - ვინ არიან ისინი?

რამდენი შეიძლება?

სპეციალისტები მიუთითებენ, რომ არ შეიძლება, ბავშვმა ტელევიზორთან გაატაროს განსაზღვრულზე მეტი დრო. 1 წლამდე, გვირჩევენ, საერთოდ არ მივაკაროთ ტელევიზორს, ან მხოლოდ მულტფილმებს ვაყურებინოთ არა უმეტეს 15 წუთის განმავლობაში. 1-დან 3 წლამდე ტელევიზორთან გატარებული დრო ნახევარ საათს არ უნდა აღემატებოდეს... თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო რთულდება დროის ლიმიტირება.

როგორ მოვიქცეთ?

უპირველეს ყოვლისა, ვეცადოთ, თავადაც ნაკლები ვუყუროთ ტელევიზორს. გვახსოვდეს, რომ ბავშვს განავითარებს არა ტელევიზორი, არამედ სუფთა ჰაერზე სეირნობა, აქტიური თამაში, ხატვა და ძერწვა.

ინფორმაცია  განსჯისათვის

გერმანელმა ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს - 2000 ოჯახი გამოკითხეს და ორ ჯგუფად დაყვეს. პირველი ჯგუფის პატარები ტელევიზორს თითქმის არ უყურებდნენ, ხოლო მეორენი ტელეგადაცემებით იყვნენ გატაცებულნი. შემდეგ პატარებმა დავალება მიიღეს - კაცუნა უნდა დაეხატათ. ბავშვებმა, რომლებიც ტელევიზორთან საათზე ნაკლებს ატარებდნენ, ადამიანი სხვადასხვაგვარად დახატეს. მათი ნახატები უფრო "ცოცხალი" იყო. კარგად ჩანდა დეტალები, სამოსი, ვარცხნილობა, სახის ნაკვთები. ბავშვებმა, რომლებიც სამ საათზე მეტი ხნის განმავლობაში უყურებდნენ ეკრანს, ადამიანები ხოჭოებს დაამსგავსეს, სახის ნაკვთები თითქმის არ უჩანდათ, თვალების ნაცვლად კი წერტილები ეხატათ. აშკარა გახდა, რომ ტელემანი პატარები ზოგიერთი უნარის ჩამოყალიბებით აშკარად ჩამორჩებოდნენ.

ჯობს ნაკლებად,  მაგრამ უკეთ

თუ თქვენი შვილი ჯერ პატარაა, ეცადეთ, დაიცვათ მარტივი წესი - ნუ ჩართავთ ტელევიზორს ჭამის დროს. ტელეგადაცემები ქვეცნობიერზე მოქმედებს, პატარა კი იტანჯება იმის გამო, რომ დედა სათანადო ყურადღებას არ აქცევს. ამასთან ერთად, ადრეული ასაკიდანვე ეყრება საფუძველი მავნე ჩვევას - რეალური ცხოვრების მისივე ერზაცთან (ტელევიზია) შეთავსებას. გასტროენტეროლოგები გვაფრთხილებენ, რომ ტელეგადაცემების ყურებისას ორგანიზმი კვებისთვის სათანადოდ ვერ განეწყობა, რასაც შეიძლება სავალალო შედეგი მოჰყვეს. ეცადეთ, ბავშვებმა უყურონ მხოლოდ მულტფილმებსა და საბავშვო გადაცემებს, რომლებიც მათი ასაკისთვისაა რეკომენდებული.


ინფორმაცია  განსჯისათვის

სამი წლის ბიჭის დედა ექიმთან მივიდა იმის გამო, რომ მისი შვილი თითქმის არ ლაპარაკობდა. ის მხოლოდ "დედას" და რამდენიმე მარცვალს წარმოთქვამდა. დედა ტყუილად როდი შფოთავდა - მეტყველების შეფერხება მართლაც აშკარა იყო. გაირკვა, რომ ბიჭი დიდხანს უყურებდა ტელევიზორს, უმეტესად - მულტფილმ "ტომსა და ჯერის". მოქმედება იქ საკმაოდ დინამიკურია და პატარა ბიჭის ყურადღებას სამართლიანად იპყრობს. თუმცა, მოგეხსენებათ, ამ მულტფილმის პერსონაჟები ერთ სიტყვასაც არ ამბობენ. როგორ ამოიდგამს პატარა ენას, როცა მას არც ეკრანიდან ესმის მეტყველება და არც მშობლები ესაუბრებიან?! აუცილებელია, მულტფილმის, ფილმისა თუ გადაცემის ყურების შემდეგ პატარას ვესაუბროთ, განვიხილოთ, რა ვნახეთ, რომელი პერსონაჟია დადებითი, რომელი - არა, რატომ ისჯება ის, ვინც ცუდად იქცევა.

რა შეიძლება და რა - არა

რასაკვირველია, ამ კითხვაზე ყველა ოჯახს თავისი პასუხი აქვს, თუმცა არსებობს საერთო პასუხებიც. ბევრ მულტფილმში ტექსტი თითქმის არ არის. თუ მას ბავშვთან ერთად უყურებთ და კომენტარებსაც გააკეთებთ, საშიში არაფერია. მთავარია, ასეთი მულტფილმების ყურებისას პატარა მარტო არ იყოს. შეარჩიეთ მულტფილმები, რომლებსაც ბავშვი ადვილად გაიგებს. ის, რაც ხუთი წლის ბავშვს ჭკუას სწავლის, ორი წლის პატარასთვის გაუგებარი იქნება. კარგად შერჩეული მულტფილმი ფასდაუდებელი მასალაა ძალდაუტანებელი აღზრდისათვის. ნახატი გმირების მაგალითზე ბავშვი შესანიშნავ გაკვეთილს იღებს - სიკეთე სძლევს ბოროტებას, სუსტ მეგობრებს ერთად შეუძლიათ ძლიერი მტერი დაამარცხონ. ცხოველების ამბებით პატარა საზოგადოებაში მოქცევას სწავლობს - არ შეიძლება ვინმეს გამოჯავრება, აუცილებელია, რაღაც მეგობრებსაც ვუწილადოთ... პატარებს ძალიან უყვართ რეკლამა: მარტივ და გასაგებ ისტორიებს თან ახლავს სასიამოვნო მუსიკა, კლიპი ხანმოკლეა, ხშირად მეორდება, რის გამოც მუშაობს გამოცნობის ეფექტი, პატარები ხშირად იმეორებენ რეკლამის გმირების სიტყვებსა და ქმედებებს. კარგია ეს თუ ცუდი? კლიპს გააჩნია. კეთილი იუმორი, რასაკვირველია, არ არის მიუღებელი, მაგრამ ისეთ კლიპებსაც ნახავთ, დაცინვაზე, ირონიაზე, გამოჯავრებაზე რომ არის დაფუძნებული, ზოგჯერ სატირულადაა ნაჩვენები ოჯახური ურთიერთობები. მოკლედ, რეკლამის ყურებისას ფრთხილად უნდა ვიყოთ. თანამედროვე პატარები ძალიან დინამიკურ სამყაროში ცხოვრობენ. თითქმის ყველას აქვს მობილური, ინტერნეტი, პასუხი ყველა შეკითხვაზე. ამიტომ ბავშვებისთვის ხშირად გაუგებარია ჩვენი საყვარელი მულტფილმების ხიბლი. ჩვენ კი წინასწარ მაინც უნდა ვნახოთ ის, რასაც პატარები უყურებენ. საზღვრები ღიაა და ჩვენი პატარები უმეტესად უცხოურ პროდუქციაზე იზრდებიან. სასკოლო ნივთებსა თუ სათამაშოებზეც გამუდმებით უცხოური მულტფილმების გმირებს ვხედავთ. პატარა ვერ ჩამორჩება იმას, რაც მის თანატოლებს მოსწონთ. საახალწლო ზეიმზეც კი ბიჭს ურჩევნია, ადამიანი-ობობა იყოს და არა დათუნია ან ძაღლი. მშობლებიც იძულებულნი არიან, მოდას არ ჩამორჩნენ. ჩვენ კი გირჩევთ, ბრმად არ მიჰყვეთ დინებას და ყოველთვის განიხილოთ მულტფილმების შინაარსი. ფსიქოლოგებს აშფოთებთ ის ფაქტი, რომ ბევრი მულტფილმი არ ამკვიდრებს მარადიულ ღირებულებებს, მხოლოდ აგრესიის წყაროა. ზოგიერთი ტელეგადაცემა აშკარად მავნეა, საბავშვოც კი. მაგალითად, "ტელეღიპუცების" ყველა სერია იმით მთავრდება, რომ გმირები ჭაში ხტებიან - ისინი იქ ცხოვრობენ. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, პატარამ მათ რომ მიბაძოს და საკანალიზაციო ჭაში ჩახტეს! მულტფილმ "ტომი და ჯერის" გმირების საქციელიც ხშირად მიუღებელია. პატარა აუცილებლად უნდა გავაფრთხილოთ, რომ რეალურ ცხოვრებაში ასე მოქცევა არ შეიძლება. ეცადეთ, ტელევიზორის ყურება ბუნებასთან კონტაქტით, სპორტით შეცვალოთ. ბავშვის აღზრდა ჩვენი საქმეა და ის ტელევიზორს არ უნდა გადავაბაროთ.

ტელევიზორის პლუსები და მინუსები

ბავშვს სამყაროს შეცნობა სწყურია, ტელესურათი წარმოგვიდგება როგორც გაცოცხლებული და გახმოვანებული ილუსტრაცია. აქ შეიძლება ვნახოთ სპილოები, ლომები ბუნებრივ გარემოში, ნამდვილი კოსმოსური ხომალდი და საკრუიზო ლაინერი... ტელეგადაცემები და მულტფილმები აფართოებენ თვალსაწიერს და ავითარებენ ფანტაზიას. ბავშვი იგებს არა მარტო იმას, რაც არსებობს და მოხდა, არამედ იმასაც, რაც მოხდება; ხედავს არა მარტო თანამედროვე ცხოველებს, არამედ დღეს უკვე გამქრალ სახეობებსაც; ეცნობა ფანტასტიკურ გმირებს და საკუთარი პერსონაჟის გამოგონებაც შეუძლია. შეიძლება პატარას წაქეზება ან დაყოლიება დაპირებით, რომ ტელევიზორის ყურების ნებას დავრთავთ. ტელევიზორის ყურებისას ნერვული სისტემა იძაბება და იღლება, იტვირთება ფსიქიკა და მხედველობა, თავს იჩენს შიში, შფოთვა, არ არის გამორიცხული ქცევის დარღვევა. ტელევიზია ხელს უწყობს განვითარებას, თუმცა გადაცემების აღქმა პასიურად ხდება. რამდენიმე ათეული წელია, ბავშვები უფრო და უფრო უარესად სწავლობენ - ტელევიზორი მათ დანახული ინფორმაციის აღქმას აჩვევს  და სკოლაში მასწავლებლის ზეპირი მონათხრობის აღქმა უძნელდებათ. ბავშვები ადვილად ეჩვევიან ტელევიზორს და შეიძლება, დამოკიდებულებაც კი ჩამოუყალიბდეთ. ყველაფერს, რასაც ტელეეკრანზე ხედავენ, პატარა ბავშვები ხშირად რეალობად აღიქვამენ. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ დიდია ბავშვის წარმოსახვით სამყაროში გადასვლის რისკი.