საკუთარ ასაკზე უმცროსი
მხედველობაში გვყავს მოზრდილი ადამიანები ან მოზარდები. გამოთქმა "ბავშვთა ინფანტილიზმი" ტავტოლოგიაა, ისეთივე, როგორიც, მაგალითად, "კუჭის გასტრიტი" ან "გულის კარდიოგრამა". მაგრამ სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ბავშვიც შეიძლება ინფანტილური იყოს. ასეთი პატარა ყალიბდება ადამიანად, რომელსაც არ სურს, დამოუკიდებელი პიროვნება გახდეს.
მაშ, რისი ბრალია, რომ ზოგიერთ ბავშვზე დაკვირვებისას გვიჩნდება განცდა, თითქოს ისინი თავიანთ ასაკზე უმცროსები იყვნენ?
-
ჩამოყალიბებული პიროვნება
ბავშვი ინფანტილურია, თუ მისი ქცევა არ შეესაბამება ასაკს, მაგალითად, თუ 6 წლის პატარა ტირის და ჭირვეულობს ისეთ სიტუაციებში, როგორშიც დისკომფორტს მხოლოდ 1 წლის ბავშვები განიცდიან, გაურკვევლად ლაპარაკობს ან ბაღში დედასთან განშორებისას ისევ ტირის. უფრო მოზრდილ ასაკში ინფანტილურობის გამოვლინება შეიძლება იყოს ასაკისთვის შესაბამისი ჩვევების უქონლობა. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც 5-6 წლის ბავშვი ვერ იყენებს კოვზს, ვერ იკრავს ფეხსაცმელებს, ვერ იხეხავს კბილებს, ვერ იხდის და იცვამს ტანსაცმელს, კვლავ იმ ზღაპრების წაკითხვას ითხოვს, რომლებსაც 3-4 წლის ასაკში უკითხავდნენ, არ სურს, წაიკითხოს ისეთი წიგნები და უყუროს ისეთ მულტფილმებს, რომლებიც მის ასაკს შეეფერება.
ყოველივე ეს შეიძლება ინფანტილური ქცევის გამოვლინებად ჩავთვალოთ. თუ ექიმი გეტყვით, რომ პატარას ფიზიკური განვითარება ნორმალურია, რჩევისთვის ბავშვთა ფსიქოლოგს მიმართეთ. სპეციალისტმა შეიძლება დაადგინოს თქვენი შვილის უცნაური ქცევის მიზეზი და კორექციაში დაგეხმაროთ. თუ ბავშვის განვითარების პროცესში ეს საყურადღებო სიმპტომები ვერ შეამჩნიეთ, დიდია რისკი, თქვენი შვილი ჩამოყალიბდეს უსუსურ პიროვნებად, რომელიც პრობლემებს შეუქმნის ირგვლივ მყოფებსაც და საკუთარ თავსაც.
ზოგჯერ მომთხოვნი და კრიტიკულად განწყობილი მშობლები შვილს უსაფუძვლოდ აბრალებენ ინფანტილურობას. ეს მაშინ, როცა ბავშვის განვითარების ტემპი მშობლების მოლოდინს არ ემთხვევა. დედები და მამები ხშირად აჩქარებენ მოვლენებს. მათ სურთ, შვილი არათუ არ ჩამორჩებოდეს თანატოლებს, არამედ უსწრებდეს კიდეც მათ. "წარმოგიდგენიათ, ამისა და ამის შვილი უკვე დადის, ამისა და ამისა ლაპარაკობს!" - იწყება ჯერ კიდევ წლამდე და შემდგომაც გრძელდება. ასეთი მშობლების მოსმენისას გვეუფლება განცდა, რომ მათი შვილი ასმეტრიან დისტანციაზე დარბის და დედ-მამას ეშინია, არ ჩამორჩეს...
მოზრდილების უკმაყოფილება იმას არ ნიშნავს, რომ პატარა ინფანტილურია. ყველა ბავშვს ხომ განვითარების საკუთარი რეჟიმი აქვს. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ზედმეტი ყურადღება თვითონვე ახდენს ინფანტლურობის პროვოცირებას.
-
რატომ ეშინიათ "გმირებს"?
ხშირად მშობლები ინფანტილიზმის გამოვლინებად თვლიან ბავშვის ისეთ საქციელს, რომელიც სინამდვილეში მისი განვითარების ორგანული ეტაპი და წინ გადადგმული ნაბიჯია. მაგალითად, ხუთი წლის ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს შიში, რომელიც ადრე არ ჰქონდა - შეეშინდეს სიბნელის, ბოროტმოქმედების, იმისა, რომ მშობლებს არაფერი დაემართოთ, წაქცევისა და სისხლის დანახვისას პანიკაში ვარდებიან, თუმცა ადრე ასეთ ტრავმებს მშვიდად იტანდნენ. უმალვე გაისმის მშობლების საყვედური: "პატარას არაფრისა გეშინოდა, ახლა რა დაგემართა?!" საქმე ის არის, რომ ხუთი წლიდან ბავშვები აცნობიერებენ, რომ ცხოვრებაში უამრავი რეალური საფრთხეა, მათ შორის კი ყველაზე საშიში სიკვდილია. შესაძლოა, მსგავს საკითხებზე მშობლებს მასთან სიტყვაც კი არ უთქვამთ. ეს არაფერს ნიშნავს - ბავშვი ყოველივე ამის შესახებ მუდმივად იღებს ინფორმაციას უფროსი და-ძმებისგან, უფროსების საუბრებიდან... ასე რომ, თუ ხუთი წლის ბავშვს ბნელ ოთახში შესვლისა ეშინია, ნუ შეშფოთდებით - ის იქცევა არა პატარასავით, არამედ დიდივით! შემდგომში, თუ მშობლები სწორად მოიქცევიან და შვილს შიშს არ განუმტკიცებენ, პატარა გაიგებს, რომ არც ბნელ ოთახში ცხოვრობს კუდიანი დედაბერი და ნატკენი მუხლიც მალე რჩება.
თუ პატარას საქციელი ინფანტილური გეჩვენებათ, დააკვირდით, როდის იქცევა ასე - რეგულარულად თუ მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციებში, რა არის მისი ასეთი ქცევის საფუძველი - წყენა, უმცროსი და-ძმების მიმართ ეჭვიანობა, თამაშის აკრძალვა თუ სხვა რამ.
- მშობლებს სურთ, მათი შვილი მალე გაიზარდოს - აჩქარებენ, ასწავლიან იმას, რისი დამახსოვრებაც ჯერ არ შეუძლია, რისთვისაც ჯერ არ არის მზად, სთხოვენ დამოუკიდებლობას ისეთ სიტუაციებში, სადაც მას ჯერ კიდევ თანადგომა სჭირდება. ბავშვი კი თავისი ქცევით გვაძლევს სიგნალს, რომ ჯერ პატარაა. გარდა ამისა, თუ მას მუდამ ისეთი ამოცანის გადაჭრას მოვთხოვთ, რომელიც მისთვის მეტისმეტად რთულია, ის წარუმატებლობას მიეჩვევა და ელემენტარული დავალებების შესრულების სურვილსაც დაკარგავს.
- როცა ოჯახში პატარა ბავშვია და უფროსი შვილისადმი ყურადღება ნელდება, ის ცდილობს, ახალშობილს მიბაძოს, რათა მშობლების ყურადღება დაიმსახუროს.
- დედას ენატრება ჩვილთან ურთიერთობა, ამიტომ მოზრდილ შვილს პატარასავით ექცევა. ბავშვიც პატარას ქცევის იმიტაციას ახდენს, რადგან დედას ასე სურს.
- ბავშვი მეტისმეტად მზრუნველ გარემოშია, მის ყველა ინიციატივას ახშობენ, არაფერს ავალებენ, არაფერს ანდობენ. ასეთი პატარა, რა თქმა უნდა, ინფანტილური გახდება.
- ბავშვი, რომელიც დედის ყურადღების დეფიციტს განიცდის, ცდილობს, "პატარობანა" ითამაშოს.
ნებისმიერი პატარა შეიძლება "ბავშვურად" იქცეოდეს, როცა ნაწყენია ან მოზრდილთა დახმარება სჭირდება.
-
სწრაფი ზრდა
- ბავშვს ინფანტილური ქცევის სურვილი რომ არ გაუჩნდეს, ეცადეთ, თავი ისე გეჭიროთ, როგორც მის ასაკსა და განვითარების ტემპს შეეფერება. ნუ მოსთხოვთ, გააკეთოს, გაიგოს ან ისწავლოს იმაზე მეტი, ვიდრე მისი ასაკის ბავშვს მოეთხოვება. თუმცა ნურც მის ინიციატივას დათრგუნავთ, როცა ის ეცდება, ფეხსაცმელი ჩაიცვას, ოთახი "დაგავოს" ან ასოები ისწავლოს.
- თუ ბავშვს არ სურს რამის სწავლა, - ეშინია, რომ არ გამოუვა, - ისე ითამაშეთ, რომ პატარას შეუქმნათ ილუზია, თითქოს ამა თუ იმ დავალებას თავად გაუმკლავდა. მაგალითად, უთხარით, რომ დაეხმარებით, თავისი ხელით ჩაიცვას შარვალი, მოჰკიდეთ ხელი მის პაწაწინა ხელებს და ჩაცმაში დაეხმარეთ, შემდეგ კი სიყოჩაღისთვის შეაქეთ.
- თუ ფიქრობთ, რომ ინფანტილური ქცევა დაკავშირებულია უმცროს და-ძმასთან, უფროს ბავშვს მიეცით საშუალება, თავისი მზრუნველობა გამოავლინოს, ეთამაშოს პატარას, შეასრულოს მარტივი დავალებები. დიდ შეცდომას დაუშვებთ, თუ უსაფრთხოების მოტივით უფროსი ბავშვის ახალშობილისგან იზოლირებას ეცდებით - კარადიდან ტანსაცმლის მოტანა ან სამზარეულოდან წყლიანი ბოთლის გამოტანა ხომ არავითარ საფრთხეს არ შეიცავს! სეირნობის დროს პატარას შეიძლება ვთხოვოთ დახმარება ეტლის წაყვანაში.
- ჯერ კიდევ არ არის ცნობილი, ვინ არის ეჭვის ობიექტი - დედა თუ ახალშობილი. ჩვეულებრივ, 3-5 წლის ბავშვის ეჭვიანობის მიზეზი ის ურთიერთობაა, რომელიც "მის" დედასა და ჩვილს შორის ყალიბდება და რომელშიც თავად ვერ მონაწილეობს. როცა ოჯახში ჩვილია, უფროს ბავშვს უჩნდება სურვილი, მანაც სხვების მსგავსად ხელში აიყვანოს პატარა, ჩააცვას, აჭამოს, აბანაოს... შეუქმენით ილუზია, თითქოს უმცროსი ხელში უჭირავს ან კალთაში უზის, სასეირნოდ წასვლის წინ შესთავაზეთ, პატარას "ჩააცვას". არც ბაიას "კვება" უნდა იყოს მისთვის უცხო. ყოველივე ეს ჩამოუყალიბებს აზრს, რომ ძალიან საჭირო ადამიანი და "ოჯახური ტრიოს" სრულუფლებიანი წევრია და აღარ მოუნდება, დედის ყურადღების მიპყრობის მიზნით "პატარობანა" ითამაშოს.
- ეცადეთ, ბავშვს ყურადღება არ მოაკლოთ. თუ დედას დრო არ ჰყოფნის, უფროს შვილზე მზრუნველობა ბებიამ ან ბიძამ უნდა იტვირთონ. მთავარია, ეს იყოს ადამიანი, რომელიც არასდროს დარჩება გულგრილი ბავშვისა და მისი სურვილების მიმართ.
-
რას ნიშნავს ეს?
სიტყვა "ინფანტილური" წარმოდგება ლათინური სიტყვიდან "ინფანტილის", რაც "საბავშვოს" ნიშნავს. როცა ვამბობთ, რომ ადამიანი ინფანტილურია, ვგულისხმობთ, რომ ის განვითარებით ბავშვის დონეზეა, ამ სიტყვის სამედიცინო მნიშვნელობა კი გულისხმობს ორგანიზმის ფიზიკურ და ფსიქიკურ განუვითარებლობას, რაც ხშირად ფარისებრი ჯირკვლის არასაკმარისი ფუნქციონირების შედეგია.
თუ ბავშვს ინფანტილურობის ნიშნები აქვს, პირველ რიგში ჯანმრთელობის პრობლემები უნდა გამოირიცხოს. თუ ყველა ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებს, იოდისა და სხვა მიკროელემენტების დეფიციტი არ აღინიშნება, ინფანტილურობის სხვა მიზეზი უნდა ვეძებოთ.
თუ მაგალითი არ მივეცით, ბავშვი ქცევას ვერ გამოიმუშავებს. თუ არ ვუთხარით, რომ ფეხსაცმელი უნდა ჩაიცვას, რამდენჯერმე არ ვაჩვენეთ, როგორ ხდება ეს, მას არასოდეს მოუნდება ფეხსაცმლის ჩაცმა; თუ არ ავუხსენით, რომ საზოგადოებაში ემოცია უნდა შეიკავოს, მოზრდილ ასაკშიც უკმაყოფილების ნიშნად ხმამაღლა აღრიალდება, ნაცვლად იმისა, რომ აგვიხსნას, რა სურს.
ზოგჯერ ინფანტილურ ქცევას ბიძგს აძლევენ მშობლები. მაგალითად, თუ ბავშვი მოზრდილი ადამიანის მსგავსად მოიქცა, მაგრამ სათანადო ყურადღება ვერ მიიღო, ინფანტილური ქცევის ხერხს მიმართავს: გაჭირვეულდება, ფეხებს დააბაკუნებს, იატაკზე გაგორდება - ამ დროს მას ყველა შეამჩნევს.
შესაძლოა, პატარა ბუნებით თანატოლებზე სენტიმენტალური იყოს და ამიტომ უფრო მეტად ჭირვეულობდეს, უფრო ხშირად ტიროდეს. ამ შემთხვევაში დაუშვებელია საყვედური და წყრომა - იქნებ საქმე გაქვთ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულ პიროვნებასთან, რომელსაც ადვილად ეცვლება განწყობა.
მთავარია, გახსოვდეთ, რომ ინფანტილურობის შეფასება ძალიან სუბიექტურია. ზოგი თვლის, რომ უცხო კაცის დანახვისას ტირილი უადგილოა, ზოგს კი ეს ნორმალურად მიაჩნია. რაც შეეხება სპეციალისტებს, ისინი თვლიან, რომ ბავშვს ნამდვილად აქვს უფლება, თავის ასაკზე უმცროსს ჰგავდეს, ოღონდ მხოლოდ დროდადრო.